სასაქონლო ზედნადების გამოწერა საქონლის ფაქტობრივი მფლობელის მიერ N 2529

2529 სასაქონლო ზედნადების გამოწერა საქონლის ფაქტობრივი მფლობელის მიერ 30.08.2016
№ დოკუმენტი 2529
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სასაქონლო ზედნადების გამოწერა საქონლის ფაქტობრივი მფლობელის მიერ N 2529

ფაქტობრივი გარემოებები

· დამკვეთს და კონტრაქტორს შორის გაფორმდა ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კონტრაქტორი წევს სატელეკომუნიკაციო ქსელის სამშენებლოსამონტაჟო მომსახურებას. აღნიშნული ხელშეკრულებით დამკვეთმა კონტრაქტორს სასაქონლო ზედნადების წარდგენით ფლობა/განკარგვის უფლებით გადასცა საქონელი, რომლის მესაკუთრედაც გადაცემის შემდეგ დარჩა დამკვეთი, ხოლო საქონლის შენახვაზე, გახარჯვის მიზნობრიობაზე და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელია კონტრაქტორი.

· ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, უზრუნველყოფს მისთვის გადაცემული საქონლის (საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით, საკუთარი სახელით და საკუთარი რისკით) ტრანსპორტირებას და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის მათ გახარჯვას. კონტრაქტორი აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირებისას წერს სასაქონლო ზედნადებს.

შეფასება

· სსკ-ის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ'' საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „გ'' ქვეპუნქტის შესაბამისად, მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი. ხოლო „დ.ა'' ქვეპუნქტის თანახმად, მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი(თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება), კერძოდ: შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება).

· ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად დამკვეთის მიერ კონტრაქტორისთვის ფლობა/განკარგვის უფლებით გადაცემისას მოხდა სასაქოლო ზედნადების წარდგენა. კონტრაქტორის მიერ, მისთვის გადაცემული საქონლის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფარგლებში) ტრანსპორტირების დროს, აღნიშნული საქონელი იმყოფება მის ფაქტობრივ მფლობელობაში (ოპერატიული კონტროლის ქვეშ). შესაბამისად, კონტრაქტორისთვის ფლობა/განკარგვის უფლებით გადაცემული საქონლის შიდა გადაზიდვის შემთხვევაში, კონტრაქტორი ვალდებულია გამოწეროს შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მატერიალური ფასეულობები არ წარმოადგენს კონტრაქტორის საკუთრებას.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება.

სიტუაციურ სახელმძღვანელოში მითითებული ხელშეკრულების საგანი (სატელეკომუნიკაციო ქსელის სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება) პირობითია