ბრძანება N 11692
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11692
29.05.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 28 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 მაისის სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №78660/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №094-118 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ კონტროლირებული რეალიზაციის ნაწილში საქონლის ღირებულების კორექტირებას უახლოესი შიდა შესადარებელი ოპერაციებით განსაზღვრული ფასის მიხედვით და შესაბამისად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ კომპანიას მომზადებული აქვს ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია („რეპორტი“ (წარმოდგენილია ასევე საჩივრის დანართად)), რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს, თუმცა აღნიშნული სრულად იქნა იგნორირებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ. საგადასახადო შემოწმების აქტში ზემოხსენებული რეპორტი არ არის ნახსენები და არ არის მოყვანილი კანონიერი არგუმენტაცია თუ რატომ არ მოხდა მისი გათვალისწინება.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებისას დაშვებულია მნიშვნელოვანი შეცდომა უშუალოდ გაანგარიშებით ნაწილში. კერძოდ, არ არის გაანალიზებული ოპერაციის/ოპერაციების ჯამური ეკონომიკური შედეგი კომპანიის და მისი ურთიერთდამოკიდებული პირის მიერ განხორციელებული რეალიზაციის ჭრილში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა უსაფუძვლოა და ექვემდებარება გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 25 მარტის №8703 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების დროს საწარმოს მიერ დადგენილი ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33383 ბრძანება და №094-118 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 133 250 ლარი, მათ შორის, გადასახადი 65 351 ლარი, ჯარიმა 32 675 ლარი, საურავი 35 224 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „----------“ მიერ 2019-2020 წლებში ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებულია საქონელი. შემოწმებით კონტროლირებულ ოპერაციაში არსებული ფასები შედარდა დამოუკიდებელ მხარეებთან განხორციელებულ რეალიზაციებში არსებულ ფასებს და გამოვლინდა სხვაობები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე - 129-ე მუხლების, ასევე 981 მუხლის შესაბამისად, შპს „----------“ მიერ კონტროლირებული რეალიზაციის ნაწილში საქონლის ღირებულება დაკორექტირდა და გაშლილი ხელის პრინციპით მისი ფასი განისაზღვრა უახლოესი შიდა შესადარებელი ოპერაციების მიხედვით განსაზღვრული ფასით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ორი პირი ურთიერთდამოკიდებულია, თუ: ა) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში; ბ) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ორი პირის მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ნებისმიერი ოპერაცია კონტროლირებულია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი დასაბეგრი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად.
2. საწარმოს, რომელიც ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, დასაბეგრი მოგების ოდენობა საბაზრო პრინციპის შესაბამისია, თუ ოპერაციის პირობები არ განსხვავდება დამოუკიდებელ საწარმოებს შორის შედარებად ვითარებაში განხორციელებული შედარებადი ოპერაციების დროს შესათანხმებელი პირობებისგან.
3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, ნებისმიერი ოდენობის მოგება, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა რომელიმე საწარმოს, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს დასაბეგრ მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.
4. დამოუკიდებელი ოპერაცია შედარებადია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციასთან, თუ:
ა) მათ შორის არ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა ფინანსურ მაჩვენებელზე, რომლის შემოწმებაც ხდება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესაბამისი მეთოდით;
ბ) მათ შორის ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული განსხვავების არსებობის შემთხვევაში, შედარებისას აღნიშნული განსხვავების შედეგების გამორიცხვის მიზნით, განხორციელდა დამოუკიდებელი ოპერაციის ფინანსური მაჩვენებლის გონივრულად ზუსტი შესწორება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დასაბეგრი მოგების ოდენობის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებისათვის მიღებულია შემდეგი მეთოდი, შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებული ფასი უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებულ ფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის საბაზრო პრინციპის შესაბამისი ფასი განისაზღვრება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის შეფასების შემთხვევის მიმართ ყველაზე უკეთ მისასადაგებელი მეთოდით.
„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423-ე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლი განსაზღვრავს ფაქტორებს, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნას იმის განსაზღვრისას შედარებადია თუ არა ორი ან რამდენიმე ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისათვის.
ამავე ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდებიდან ოპერაციების შეფასების ყველაზე მართებული მეთოდის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა კრიტერიუმი:
ა) ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდის შესაბამისი ძლიერი და სუსტი მხარეები;
ბ) კონტროლირებული ოპერაციის ტიპიდან გამომდინარე ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდის გამოყენების მართებულობა; კერძოდ: ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდის გამოყენების მართებულობა განისაზღვრება კონტროლირებულ ოპერაციაში თითოეული საწარმოს მიერ განხორციელებული ფუნქციების ანალიზის მეშვეობით (გამოყენებული აქტივების და ნაკისრი რისკების გათვალისწინებით);
გ) საიმედო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც საჭიროა არჩეული ოპერაციების შეფასების მეთოდის და/ან სხვა მეთოდების გამოსაყენებლად;
დ) შედარებადობის ხარისხი კონტროლირებულ და დამოუკიდებელ ოპერაციებს შორის, კონტროლირებულ და დამოუკიდებელ ოპერაციებს შორის არსებული განსხვავებების აღმოფხვრის მიზნით შეტანილი შედარებადობის შესწორებების საიმედოობის ჩათვლით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2. როცა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღწერილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოპერაციების შეფასების ერთი ან რამდენიმე მიღებული მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას თანაბარი საიმედოობით, საბაზრო პირობების განსაზღვრა უნდა განხორციელდეს შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდის გამოყენებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება კონტროლირებული ოპერაციის განხორციელება, თუ ამ ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის XVII თავით დადგენილი წესით გამოანგარიშებული კორექტირების თანხით.
„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423-ე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა კომპანიის მიმართ წარმოდგენილ იქნას განმარტება იმ საფუძვლის შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც საწარმო მიიჩნევს, რომ მისი მოგება საბაზრო პრინციპის შესაბამისია, დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, როცა:
ა) საქართველოს საწარმოს მომზადებული აქვს ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ამ მუხლის შესაბამისად და
ბ) ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურს მიეწოდება წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ 2015 წლის 8 მაისის №15609 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების 45-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად:
ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული სათანადო დოკუმენტაციის მომზადება მტკიცების ტვირთს იმის საჩვენებლად, რომ კონტროლირებული ოპერაციის (ოპერაციების) პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს გადაიტანს შემოსავლების სამსახურზე. მაშინ როცა, ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოუმზადებლობა და მიუწოდებლობა შემოსავლების სამსახურის მიერ შემოთავაზებული კორექტირებისას გამოიწვევს მტკიცების ტვირთის გადატანას საქართველოს საწარმოზე იმის საჩვენებლად, რომ პირობები შეესაბამებოდა საბაზრო პრინციპს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, უმთავრესი მიზეზი, რის გამოც შემოწმებამ არ მიიღო გადასახადის გადამხდელის მიერ მომზადებული ფასწარმოქმნის დასკვნა არის ის, რომ დასკვნაში გამოყენებულია გადაყიდვის ფასის მეთოდი, ხოლო შემოწმება საქართველოს ფინანსთა მინისტრის №423 ბრძანების მერვე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებით დაეყრდნო შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდს. შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი ასევე მიჩნეულია პრიორიტეტულ მეთოდად ეგთო-ს სახელმძღვანელოს და „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ მეთოდური მითითებების მიხედვით, როცა ოპერაცია ეხება ბაზარზე/ბირჟაზე გაყიდვადი (Commodity) პროდუქციით ვაჭრობას.
რაც შეეხება, მიწოდებული საქონლის მოცულობაში არსებული სხვაობის გამო შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდის გამოყენების არამართლზომიერების თაობაზე გადასახადის გადამხდელის არგუმენტს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „----------“ აქვს საქონლის მიწოდება, როგორც რეზიდენტ პირებზე, ასევე არარეზიდენტ პირებზე. შედარებადი დამოუკიდებელი ფასის გამოყენების მიზნებისთვის მხედველობაში იქნა მიღებული მხოლოდ არარეზიდენტ პირებზე განხორციელებული მიწოდებები, შეტანილ იქნა კორექტირებები შედარებადობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა კომპონენტებში, მაგრამ იმდენად რამდენადაც არაურთიერთდამოკიდებული პირებისთვის მიწოდებული პროდუქციის მოცულობაც საკმაოდ არსებითი იყო, მიწოდებული საქონლის მოცულობაში არსებული სხვაობის გამო ფასის დამატებითი კორექტირება არ განხორციელებულა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდის გამოყენებით, გამოვლენილი სხვაობის განაწილებულ მოგებად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ კონტროლირებული რეალიზაციის ნაწილში საქონლის ღირებულების კორექტირებას უახლოესი შიდა შესადარებელი ოპერაციებით განსაზღვრული ფასის მიხედვით და შესაბამისად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
უმთავრესი მიზეზი, რის გამოც შემოწმებამ არ მიიღო გადასახადის გადამხდელის მიერ მომზადებული ფასწარმოქმნის დასკვნა არის ის, რომ დასკვნაში გამოყენებულია გადაყიდვის ფასის მეთოდი, ხოლო შემოწმება საქართველოს ფინანსთა მინისტრის №423 ბრძანების მერვე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებით დაეყრდნო შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდს. შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი ასევე მიჩნეულია პრიორიტეტულ მეთოდად ეგთო-ს სახელმძღვანელოს და „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ მეთოდური მითითებების მიხედვით, როცა ოპერაცია ეხება ბაზარზე/ბირჟაზე გაყიდვადი (Commodity) პროდუქციით ვაჭრობას. რაც შეეხება, მიწოდებული საქონლის მოცულობაში არსებული სხვაობის გამო შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდის გამოყენების არამართლზომიერების თაობაზე გადასახადის გადამხდელის არგუმენტს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გადამხდელს აქვს საქონლის მიწოდება, როგორც რეზიდენტ პირებზე, ასევე არარეზიდენტ პირებზე. შედარებადი დამოუკიდებელი ფასის გამოყენების მიზნებისთვის მხედველობაში იქნა მიღებული მხოლოდ არარეზიდენტ პირებზე განხორციელებული მიწოდებები, შეტანილ იქნა კორექტირებები შედარებადობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა კომპონენტებში, მაგრამ იმდენად რამდენადაც არაურთიერთდამოკიდებული პირებისთვის მიწოდებული პროდუქციის მოცულობაც საკმაოდ არსებითი იყო, მიწოდებული საქონლის მოცულობაში არსებული სხვაობის გამო ფასის დამატებითი კორექტირება არ განხორციელებულა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდის გამოყენებით, გამოვლენილი სხვაობის განაწილებულ მოგებად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 981(4„ბ“); 127; 128(1, 2); 129(1).