გადაწყვეტილება №27019/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.05.2026
№ დოკუმენტი 27019/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27019/2/2026

19 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------” (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 28.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27019/2/2026).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. არარეზიდენტი კომპანიის მიერ აუნაზღაურებელი დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №065-35 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6114 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 83 923,5 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 46 817,34

დღგ - 19 762,96

საშემოსავლო გადასახადი - 27 054,38

ჯარიმა - 23 131,1

საურავი - 13 975,06

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა ვაჭრობა ავტომობილების გაზის ბალონებით და მისი ნაწილებით (მანომეტრი, მილი, ფილტრი, ინჟექტორი, რედუქტორი, ვენტილი). საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა ქ. ---ში, -----ძის N--ში (----) მდებარე იჯარით აღებულ ფართში.

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №065-35 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6114 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს 707 842 ლარის ღირებულების საქონელი ----დან, ხოლო ექსპორტზე გატანილია 179 485 ლარის ხოლო ადგილობრივი რეალიზაციით გაყიდულია 370 836 ლარის ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით) საქონელი. საწარმო არ აწარმოებდა სმფ-ების საბუღალტრო აღრიცხვას, არ ხდებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის კონტროლი და საცალოდ რეალიზებული საქონლის ჩამოწერა-აღრიცხვა, შედეგად, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირის არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები რეალიზებულად ჩაითვალა საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასით საქონლის კატეგორიების მიხედვით.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგენდა 0 ლარს. სახეობრივ რაოდენობრივი კუთხით (იმპორტით, ექსპორტითა და ადგილობრივი რეალიზაციის მიხედვით) საქონლის მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის ოდენობა, რომელზეც გავრცელდა საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით. აღნიშნულის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაუდგინდა დეკლარირებულზე მეტი პროდუქციის საცალო რეალიზაციის ღირებულება. შემოწმების მიერ დამატებით დადგენილმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 112 173 ლარი. შედეგად, პირს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

აგრეთვე დადგინდა, რომ შპს „----ს“ გადახდილი ჰქონდა სატრანსპორტო მომსახურების ანაზღაურება ფიზიკურ პირზე, რომელიც არ ჰქონდა დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, მიღებული შემოსავალი, საწარმოს კაპიტალის გამოკლების შემდეგ, ჩათვლილ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენდა ავტომობილის ბუნებრივი გაზის ბალონებისა და მათი კომპლექტაციური ნაწილების იმპორტი და საბითუმო რეალიზაცია. სარეალიზაციო საქონელი მიღებული იყო იმპორტის გზით, რაც დასტურდება 2022 წლის აპრილის, ივნისის და ნოემბრის თვეებში გაფორმებული შესაბამისი საბაჟო დეკლარაციებით. პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდებოდა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავლები სრულად არის ასახული საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკებში, ხოლო მოთხოვნის შესაბამისად, კომპანიის მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები. ბაზარზე შექმნილი ობიექტური გარემოებების გამო, კომპანია იძულებული გახდა 2023 წლიდან შეეჩერებინა საქმიანობა. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა:

მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა თხევადი გაზის (LPG) სისტემებზე. მომხმარებელთა არჩევანი თხევადმა აირმა განაპირობა მისი უპირატესობების გამო (ძრავის რესურსის შენარჩუნება, ავტომობილის სისწრაფე, სიმსუბუქე და საბარგულში სივრცის დაზოგვა), რამაც მინიმუმამდე დაიყვანა ბუნებრივ აირზე მომუშავე ბალონების მონტაჟი.

გამოიწვია მოთხოვნის მკვეთრი შემცირება ავტომობილების ბენზინიდან ბუნებრივ აირზე გადაყვანასთან დაკავშირებით.

საქმიანობის პროცესში გამოიკვეთა რიგი ტექნიკური და ხარისხობრივი პრობლემები. კერძოდ, იმპორტირებული ბალონების ნაწილი აღმოჩნდა არასტანდარტული ზომის, რაც ართულებდა მათ განთავსებას ავტომობილის საბარგულში. ამასთანავე, დამაკავშირებელი ნაწილების (ინჟექტორი, რედუქტორი, მანომეტრი და სხვა) უმრავლესობა აღმოჩნდა წუნდებული (სრულად ან ნაწილობრივ), რის გამოც ვერ ხერხდებოდა სისტემის სრულყოფილი დამონტაჟება. აღნიშნულმა ფაქტორებმა გამოიწვია მომხმარებელთა უკმაყოფილება და პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის უვარგისობა ადგილობრივი ბაზრისთვის.

კომპანიამ ნაწილობრივი რეალიზაციის შენარჩუნება შეძლო იმ დამხმარე მასალების ხარჯზე, რომლებიც ასევე თავსებადია თხევადი გაზის ბალონებთან. თუმცა, სრული ასორტიმენტის არქონის გამო, აღნიშნული გაყიდვებიც ეტაპობრივად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ საბითუმო რეალიზაციის დაახლოებით 60-70% უკავშირდებოდა შპს „-----ს“ (ს/ნ --------). პროდუქციის წუნდებულობის გამო, კომპანიას არაერთხელ მოუწია მიწოდებული საქონლის უკან მიღება და მისი ჩანაცვლება ახალი პროდუქციით, სარეალიზაციო ფასის შემცირების ხარჯზე.

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად, 2022 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, კომპანიამ მოახერხა არასტანდარტული და წუნდებული ბალონებისა და ნაწილების ექსპორტზე გატანა სომხურ კომპანიასთან. შეთანხმების საფუძველზე, საქონლის ღირებულების ანაზღაურება მოხდებოდა ეტაპობრივად, ---ის ტერიტორიაზე მათი რეალიზაციის კვალდაკვალ.

ბაზარზე არსებული ობიექტური სირთულეების (თხევად გაზზე გადასვლა, ბუნებრივი აირის ფასის ზრდა) და პროდუქციის ხარისხობრივი წუნის ერთობლიობამ კომპანიის საქმიანობა არარენტაბელური გახადა. შესაბამისად, 2023 წლის მაისის თვიდან კომპანიამ ფაქტობრივად შეწყვიტა ფუნქციონირება და იძულებული გახდა დაეცალა იჯარით აღებული ფართი.

კომპანიისათვის საჭირო გახდა მცირე ზომის საწყობის (სასაწყობე კონტეინერი) იჯარით აღება, რათა მომხდარიყო გამოუსადეგარი ბალონებისა და მათი ნაწილების შენახვა. ერთი წლის განმავლობაში (2023 წლიდან 2024 წლამდე) კომპანია აწარმოებდა მოლაპარაკებებს სხვადასხვა სუბიექტთან, რათა მინიმალურ ფასად მაინც მოეხდინა სარეალიზაციოდ გამოუსადეგარი საქონლის რეალიზაცია. ამ პერიოდში საწარმო ყოველთვიურად ფარავდა საიჯარო ქირას, რაც უფუნქციო კომპანიისთვის მძიმე ფინანსურ ტვირთს წარმოადგენდა. 2024 წლის ნოემბერში მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და დარჩენილი საქონელი სრულად გავიდა ექსპორტზე, იმ პირობით, რომ ანაზღაურება ეტაპობრივად, საქონლის რეალიზაციის კვალდაკვალ განხორციელდება.

კომპანია არ ეთანხმება გამოყენებულ საშუალო შეწონილ ფასს შემდეგი მიზეზების გამო: საქონლის იმპორტის შემდგომ პირველი რეალიზაციები მაღალი ფასით განხორციელდა, რაზეც გამოიწერა შესაბამისი ზედნადებები, თუმცა მყიდველმა მხარემ პროდუქციის რეალიზება ვერ შეძლო და საქონლის 70-80% უკან დააბრუნა (რაც დადასტურებულია უკან დაბრუნების ზედნადებებით). აღნიშნული პროდუქცია შემდგომში გაცილებით დაბალ ფასად რეალიზდა. შემოწმების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი და საშუალო შეწონილ ფასში მხოლოდ პირველადი რეალიზაციის ზედნადებები აისახა. გარდა ამისა, ფასის განსაზღვრისას მხედველობაში არ იქნა მიღებული ექსპორტის დეკლარაციაში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები, რაც რეალურად ასახავდა საქონლის საბაზრო ღირებულებას და რის მიხედვითაც ხდებოდა პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე მიწოდება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საწარმო არ აწარმოებდა სმფ-ების საბუღალტრო აღრიცხვას, არ ხდებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის კონტროლი და საცალოდ რეალიზებული საქონლის ჩამოწერა-აღრიცხვა, შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამდენად, შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმების მიერ მოხდა საქონლის მოძრაობის ანალიზი სახეობრივ-რაოდენობრივი კუთხით, რის შედეგადაც დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობა, რომელზეც გავრცელდა საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, რის შედეგადაც განისაზღვრა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აგრეთვე, მიღებული შემოსავალი, საწარმოს კაპიტალის გამოკლების შემდეგ, ჩათვლილ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, საშუალო შეწონილი ფასის განსაზღვრისას ექსპორტის დეკლარაციაში დაფიქსირებული ფასების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან კომპანიის მიერ საქონლის რეალიზაცია ხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე შემოწმების მიერ არ მომხდარა ექსპორტის დეკლარაციაში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასების გამოყენება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. არარეზიდენტი კომპანიის მიერ აუნაზღაურებელი დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ 2022 წლის ოქტომბერში ----ში ექსპორტზე ჰქონდა გატანილი საქონელი, რომელიც მიწოდებული იყო არარეზიდენტ პირზე - -----“- ზე, რომლისგანაც შესაბამისი ანაზღაურება 80 746 ლარი არ იყო მიღებული. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მიხედვით, არარეზიდენტი საწარმოს მიერ აუნაზღაურებელი დებიტორული დავალიანება დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიას 2022 წლის ოქტომბერში ----ში ექსპორტზე ჰქონდა გატანილი საქონელი, რომელიც მიწოდებული იყო არარეზიდენტ პირზე და შესაბამისი ანაზღაურება 80 746 ლარი არ იყო მიღებული. შემოწმებით, არარეზიდენტი საწარმოს მიერ აუნაზღაურებელი დებიტორული დავალიანება დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, დადგენილ გარემოებაზე და იზიარებს შემოწმების პოზიციას 2022 წელს ------ში რეგისტრირებულ საწარმოზე მიწოდების ოპერაციის შედეგად წარმოშობილი დებიტორული დავალიანების, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ,,დებიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით. ამასთან, შემოწმების პროცესში წარდგენილი დოკუმენტის გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემმოწმებლის განმარტებაზე, რომ აღნიშნული დოკუმენტით 2022 წლის ოპერაციაზე წარმოშობილი დებიტორული დავალიანება უნდა დაფარულიყო 31.03.2026 წლამდე, არ იყო შესაბამისი წესით დამოწმებული, რომელიც შემოწმების მიერ არ იქნა რელევანტურად ჩათვლილი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასების განსაზღვრისას მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული თავდაპირველი რეალიზაციის ფასები, ვინაიდან აღნიშნული საქონლის 70-80% დაბრუნებულ იქნა უკან, რაზეც გამოწერილია შესაბამისი სასაქონლო ზედნადებები. დაბრუნების შემდგომ პროდუქცია რეალიზდა გაცილებით დაბალ ფასად, რაც ასახულია ექსპორტის დეკლარაციებში. მომჩივანი ითხოვს, საშუალო შეწონილი ფასის გაანგარიშება დაეფუძნოს ექსპორტის დეკლარაციებში დაფიქსირებულ რეალურ ფასებსა და საქონლის დაბრუნების ფაქტობრივ მაჩვენებლებს.

მომჩივნის მიერ წარდგენილია სომხური პარტნიორი კომპანიის მიერ სათანადო წესით დამოწმებული ცნობა, რომლითაც აღნიშნული კომპანია ადასტურებს მომჩივნის მიმართ არსებულ დავალიანებას და განსაზღვრავს მისი დაფარვის ვადებს. აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე, მომჩივანი მოითხოვს, დასახელებული თანხა განიხილოს როგორც დებიტორული დავალიანება და არ მოხდეს მისი დაბეგვრა დირექტორზე გაცემული ხელფასის სახით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ წარდგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვით 2022 წლის ოპერაციაზე წარმოშობილი დებიტორული დავალიანება უნდა დაფარულიყო 31.03.2026 წლამდე, არ იყო შესაბამისი წესით დამოწმებული და შემოწმების მიერ არ იქნა რელევანტურად ჩათვლილი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. არარეზიდენტი კომპანიის მიერ აუნაზღაურებელი დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი.შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №065-35 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №6114 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხებზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი აღნიშნულ ნაწილებში გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“ და „დ“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1„ა“); 163(1.2); 164(1);