გადაწყვეტილება №22952/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.06.2024
№ დოკუმენტი 22952/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22952/2/2024

13 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 24.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22952/2/2024).

 

დავის საგანი:

1. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა;

2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა;

4. დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №ELC26522 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №ELC26523 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №EL7777/443 საგადასახადო მოთხოვნა;

4. ვალის მართვის დეპარტამენტის 27.10.2023 წლის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №051-505 შეტყობინება;

5. შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6985 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 15 489.3 ლარი (26.10.2023 წლის №EL7777/443 საგადასახადო მოთხოვნა).

მათ შორის:

გადასახადი: 12 619.64

აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 11 971.2

იმპორტის გადასახადი - 648.44

საურავი - 2 869.66

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 13 619.64 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანმა, როგორც ------- (პასპ. №-------) წარმომადგენელმა, 13.06.2022 წელს, №------- ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით, ავტოსატრანსპორტო საშუალება (VIN კოდი:-------) მოაქცია რეექსპორტში. საბაჟო ორგანოში გამოცხადების ბოლო ვადად განისაზღვრა 27.07.2022 წელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ ვადაში, ხსენებული სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, რის გამოც მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №ELC26523 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია, ხოლო საბაჟო პროცედურების პირობების დარღვევისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, მომჩივანს 26.10.2023 წლის №ELC26522 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, 26.10.2023 წელს გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის №EL7777/443 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა იმპორტის გადასახდელები და საურავი.

27.10.2023 წლის მდგომარეობით რიცხული არაღიარებული საგადასახადო დავალიანების (29 115.25 ლარი) არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, 27.10.2023 წლის №051-505 შეტყობინებით, მომჩივნის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

სამართალდარღვევის ოქმები, საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების შესახებ შეტყობინება, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.03.2024 წლის №6985 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლზე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე, 70-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 160-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-3 მუხლის მე-12 პუნქტზე, ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1 “ ქვეპუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 165-ე მუხლზე, 172-ე მუხლზე, 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 272-ე მუხლზე და მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ სადავო აქტებით დაკისრებული პასუხისმგებლობა და დარიცხული საბაჟო ვალდებულება მართლზომიერია.

ვინაიდან მომჩივანს ერიცხება არაღიარებული საგადასახადო დავალიანება „საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ 27.10.2023 წლის №051-505 შეტყობინებაც ასევე მართლზომიერად უნდა ჩითვალოს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის მხრიდან მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა განხორციელებულია, როგორც წარმომადგენლის მიერ. მომჩივანი გარიგებას ხელს აწერს, როგორც ერთის მხრივ ------- და მეორეს მხრივ ------- სახელით.

გარიგების რეალური სუბიექტები, მხარეები არიან: ავტომობილის გამყიდველი ------- და შემძენი -------. გარიგების დადებით ორივე მხარემ მიიღო მატერიალური სარგებელი - ერთმა ფულადი თანხა, ხოლო მეორემ ავტომობილი და აღნიშნულზე საკუთრების უფლება.

მოძრავი ნივთის შემძენი პირი -------, იყო ვალდებული სახელმწიფოს წინაშე საბაჟო კონტროლის ზონაში წარედგინა სატრანსპორტო საშუალება და არა მომჩივანი. ნივთის შემძენმა ნივთი გადამალა, გაანადგურა, ნაწილებად დაშალა თუ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რა შუაშია მომჩივანი, რომელმაც მისი ძალებით შეეცადა მოეპოვებინა ინფორმაცია, თუ რა ბედი ეწია სატრანსპორტო საშუალებას, თუმცა მცდელობა ამაო აღმოჩნდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, სხვისი სახელით დადებული გარიგება არ წარმოშობს წარმომადგენლისთვის უფლება-მოვალეობებს. წარმომადგენელი მოქმედებს სხვისი სახელით და ბუნებრივია, მის მიერ დადებული გარიგებაც სხვისთვის იწვევს სამართლებრივ შედეგებს.

13.06.2022 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რა მატერიალური სიკეთე მიიღო მომჩივანმა?! ვინც მიიღო სარგებელი სახელმწიფოს წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, სწორედ ის პირია პასუხისმგებელი.

ზემოაღნიშნული გარიგების საფუძველზე, მხარეთა შორის განისაზღვრა უფლებები და ვალდებულებები, რაზეც კონკრეტულად ხელშეკრულების მონაწილე პირები არიან პასუხისმგებლები და არამარტო უფლებების რეალიზაციის ნაწილში, არამედ კანონით დადგენილი ვალდებულებების უგულებელყოფაშიც, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადება.

გარიგების დადებით ვინც მიიღო მატერიალური სიკეთე, ხელშეკრულებამ რომელი მხარისთვისაც გამოიწვია სამართლებრივი შედეგი, სწორედ ის პირია პასუხისმგებელი სახელმწიფოს წინაშე.

13.06.2022 წლის გარიგებით ------- გახდა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, ------- კი მიიღო ფულადი ანაზღაურება. მითითებული ხელშეკრულების თანახმად, სამართლებრივი შედეგი დაიდო ------- მიმართ, ვინაიდან იგი გახდა მოძრავი ნივთის სრულუფლებიანი მესაკუთრე, შესაბამისად, იგია პასუხისმგებელი პირი სატრანსპორტო საშუალების განკარგვის და მასთან დაკავშირებული გადასახადების გადახდაში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები უნდა შემდგარიყო გარიგების რეალური მხარისა და სუბიექტის წინააღმდეგ, კერძოდ კი შემძენი პირის, ------- მიმართ. ამ უკანასკნელს უნდა გადაეხადა ბიუჯეტში გადასახდელი ჯარიმა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ------- ჩათვლიდა, რომ მომჩივანმა არ შეასრულა ვალდებულებები, რეგრესის წესით მოთხოვდა მას გადახდილ ჯარიმას. საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა არაუფლებამოსილი პირის მიმართ ისე, რომ ვერ ან არ იძებნება სამართალდამრღვევი პირი, ხოლო ვისი მოძებნაც ადვილია, ოქმი შეადგინა მის მიმართ, რაც კანონის უხეში დარღვევაა. საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თუ ვერ მიაგნო -------, აღნიშნული საკითხი, სახელმწიფოს პრობლემაა და არა მომჩივნის.

მომჩივანი მიიჩნევს, რომ როგორც წესი, შემოსავლების სამსახურის და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები ასე იქცევიან, როდესაც ვერ აგნებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ოქმებს წერენ საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ, შესაბამისად, მახინჯი პრაქტიკაა დანერგილი.

შემთხვევით გაიგო მასზე დაკისრებული ჯარიმის არსებობის შესახებ ერთ-ერთი გარიგების დადების დროს. მოქალაქეს აჯარიმებენ და არ უგზავნის შეტყობინებას აღნიშნულის თაობაზე, ამ დროს კი გადის წლები და ჯარიმის ოდენობა იწევს და იწევს ზევით, კოლოსალურ თანხამდე, ამ გაჭირვებულ დროში! ისეთ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოში არ არსებობს სამუშაო ადგილები, ადამიანები თვითდასაქმებულები არიან, თავისი ძალებით შოულობენ, რასაც ჰქვია, მხოლოდ ლუკმა პურის ფულს, თავი რომ ირჩინონ. სახელმწიფო აჯარიმებს და არც კი აგებინებს აღნიშნულის თაობაზე, რათა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხულმა საურავმა მიაღწიოს კოლოსალურ თანხამდე?!

მომჩივანი განმარტავს, რომ არის სუფთა წარსულის მქონე პიროვნება. არასოდეს არ ყოფილა ნასამართლევი, არ იმყოფება ძებნაში, რის დამადასტურებლად წარმოდგენილი აქვს შსს მომსახურეობის სააგენტოდან ცნობა ნასამართლეობის არქონის თაობაზე.

24.04.2024 წელს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურში, სადაც ითხოვდა ინფორმაციას, რითაც სურს დაადასტუროს ფაქტი, რომ არასოდეს გადაცდომა არ ჩაუდენია, არ დადებია სახდელი და შემჩნეულიც კი არ ყოფილა სამართალდარღვევაში.

ჰყავს 86 წლის ხანდაზმული მშობელი დედა, რომელიც ცხოვრობს -------. სწორედ აღნიშნული სახლია შემოსავლების სამსახურის მიერ დაყადაღებული. იმ შემთხვევაში, თუ მომჩივნის მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, ფიზიკურად ვერ შეძლებს ჯარიმის გადახდას, ვინაიდან მხოლოდ ლუკმაპურის ფულს შოულობს, ეკონომიურად არ აქვს აღნიშნულის შესაძლებლობა, შესაბამისად, საცხოვრებელი ბინა განლაგებული -------, მიექცევა იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ, მომჩივნის მშობელმა არ იცის შვილის დაჯარიმების და ქონების დაყადაღების საკითხი. წარმოდგენაც კი რთულია, რა შეიძლება დაემართოს ხანდაზმულ ადამიანს და ვინ იქნება აღნიშნულზე პასუხისმგებელი?

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, საბაჟო დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის ბრძანება და გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც მომჩივანი გათავისუფლდება დარიცხული დავალიანებისგან, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიმართ შედგენილი და შეწყდება მის მიმართ საქმის წარმოება.

მომჩივანი ასევე ითხოვს გაუქმდეს საქმეზე მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც განხორციელდა მის სრულ ქონებაზე.

იმ შემთხვევაში, თუ საჩივარში მითითებული გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები დავების განმხილველი საბჭოს მიერ არ იქნება გაზიარებული, მომჩივანი ითხოვს, როგორც პირველი შემთხვევა, საბჭო შემოიფარგლოს გაფრთხილებით ან სიტყვიერი შენიშვნით და გათავისუფლოს დარიცხული დავალიანებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე. საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.

2. ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლით პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;

ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები. ამასთან, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

ამავე ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი აზუსტებს, რომ რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით – ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილის თანახმად, კი რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა. ამავე მუხლის მე2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:

ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;

გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენს:

1. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

საბაჟო დეპარტამენტის 30.04.2024 წლის №41817-21-10 წერილში სადავო საკითხთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობით დადეკლარირდა რეექსპორტში და მისი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა განისაზღვრა 45 კალენდარული დღით, თუმცა სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ტერიტორიის დატოვების და რეექსპორტის დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნის მიზნით.

შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევას და ასევე რეექსპორტის პირობების დარღვევას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა.

აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსის 165-ე და 172-ე მუხლების მიხედვით, გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. აღნიშნული ქმედება კი ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტი აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევებს და ვალდებულ პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას დარიცხული გადასახადის (გადასახდელის) თანხაზე და საურავზე.

მომჩივნის განმარტებით, სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიმართ, ვინაიდან მოძრავ ნივთზე გარიგების რეალური სუბიექტები, მხარეები არიან სხვა პირები. მოძრავი ნივთის შემძენი პირი -------, იყო ვალდებული სახელმწიფოს წინაშე საბაჟო კონტროლის ზონაში წარედგინა სატრანსპორტო საშუალება და არა მომჩივანი. გარიგების დადებით ვინც მიიღო მატერიალური სიკეთე, ხელშეკრულებამ რომელი მხარისთვისაც გამოიწვია სამართლებრივი შედეგი, სწორედ ის პირია პასუხისმგებელი სახელმწიფოს წინაშე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები უნდა შემდგარიყო გარიგების რეალური მხარისა და სუბიექტის მიმართ. თუ საბაჟო ორგანოს წარმომადგენელმა თუ ვერ მიაგნეს ვალდებულ პირს, აღნიშნული საკითხი, სახელმწიფოს პრობლემაა და არა მომჩივნის.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი არის პირი, რომელმაც სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა და აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა (საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლი) მას ეკისრება საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების (საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანა) შესრულება.

ამგვარად, მომჩივნის არგუმენტი, რომ ის არ არის საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი, მოკლებულია კანონიერ საფუძველს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და მის მიმართ ამავე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება მართებულია.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო სატრანსპორტო საშუალებას არ დაუტოვებია საქართველოს საბაჟო ტერიტორია, ადგილი აქვს რეექსპორტის პირობების დარღვევას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა. შესაბამისად, მომჩივნისთვის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება და შესაბამისი საბაჟო გადასახდელების დაკისრება ასევე მართებულია.

საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, ვალის მართვის დეპარტამენტის 14.05.2024 წლის №44238-21-17 წერილში მითითებულია, რომ მომჩივანს 27.10.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 29 115.25 ლარის ოდენობით, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მთელ ქონებაზე 27.10.2023 წლის N051-505 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

ვინაიდან, მომჩივანს ერიცხება არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობა მართლზომიერია.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი მიუთითებს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.

საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხებზე მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს:

1. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა;

2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა;

3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა;

4. დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა, ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით, ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქცია რეექსპორტში. საბაჟო ორგანოში გამოცხადების ბოლო ვადად განისაზღვრა 27.07.2022 წელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ ვადაში, ხსენებული სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, რის გამოც მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა სანქცია; ასევე საბაჟო პროცედურების პირობების დარღვევისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, მომჩივანს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა ჯარიმა.

ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, მომჩივანს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დაერიცხა იმპორტის გადასახდელები და საურავი.

საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, მომჩივნის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხებზე მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 172; საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 64; 272; 239