სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის დაბეგვრა N 1728
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის დაბეგვრა N 1728
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოს საქმიანობის საგანია სუპერმარკეტების ქსელში სურსათით ვაჭრობა. ამდენად, სავაჭრო ობიექტიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გასვლა შესაძლებელია სამი გზით - რეალიზაცია, ადგილზე უკანონო მოხმარება და ქურდობა. აღნიშნულ ობიექტებში საწარმო გარკვეული პერიოდულობით ატარებს სმფ-ების შიდა ინვენტარიზაციას. ამასთან, მისი სააღრიცხვო პოლიტიკის თანახმად, ინვენტარიზაციის დროს დანაკლისად გამოვლენილი სმფ-ები ექვემდებარება ბალანსიდან ბუღალტრულად ჩამოწერას.
· გარდა აღნიშნულისა, არ არის იდენტიფიცირებული სმფ-ების ქურდობის ან/და უკანონო მოხმარების განმახორციელებელი პირი. შესაბამისად, ზიანის/კომპენსაციის ანაზღაურება არ მომხდარა (მათ შორის არც დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში). აგრეთვე, არ არსებობს დანაკლისის გამომრიცხავი სხვა მტკიცებულება (მათ შორის, ადგილი არ აქვს სმფ-ების ჩამოწერას სსკ-ის 145-ე მუხლის შესაბამისად).
· დაბეგვრის მიზნებისთვის, საწარმოს მიერ შესაბამისი სმფ-ების დანაკლისი განხილულია საბაზრო ფასით მიწოდებად და დაბეგრილია დღგ-ისა და მოგების გადასახადებით.
· I ვარიანტი: აღწერილ ფაქტობრივ გარემოებას ადგილი აქვს 2017 წლის 1 იანვრამდე.
· II ვარიანტი: აღწერილ ფაქტობრივ გარემოებას ადგილი აქვს 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ.
შეფასება
· 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე, 161-ე და 286-ემუხლების შესაბამისად:
● დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.
● საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის საბაზრო ფასი.
● საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, რა დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის საბაზრო ფასით.
2017 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 , 161-ე და 286-ე მუხლების შესაბამისად:
● დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.
● მოგების გადასახადის მიზნებისთვის, დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად, ამასთან, მოგების გადასახადის დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება.
● საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, რა დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის საბაზრო ფასით.
· I ვარიანტი: 2017 წლის 1 იანვრამდე, სმფ-ების დანაკლისის თანხა საწარმოს მიერ უნდა დაემატოს შესაბამისი წლ(ებ)ის ერთობლივ შემოსავალს და იმავდროულად, უნდა ჩაირთოს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.
· II ვარიანტი: 2017 წლის 1 იანვრიდან, სმფ-ების დანაკლისის თანხა საწარმოს მიერ შესაბამის თვე(ებ)ში უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადით და იმავდროულად, უნდა ჩაირთოს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.
ღონისძიებები
· საწარმოს ქმედება მართლზომიერია.
· იმის გათვალისწინებით, რომ არ არის იდენტიფიცირებული სმფების ქურდობის ან/და უკანონო მოხმარების განმახორციელებელი პირი, შესაბამისი დანაკლისი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2019 წლის 16 ოქტომბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით