შეღავათები სოფლის მეურნეობის სფეროში, დაუდასტურებელი ხარჯები N 2644
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
შეღავათები სოფლის მეურნეობის სფეროში, დაუდასტურებელი ხარჯები N 2644
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმო ახორციელებს კარტოფილის მოყვანას და მის რეალიზაციას. 2017 წელს საწარმოს მიერ აღნიშნული საქმიანობით მიღებული შემოსავალი არ აღემატებოდა 200 000 ლარს. საწარმომ ამ პერიოდში შეიძინა სასუქი, რაშიც გადაიხადა 20 000 ლარი. ამავე წელს საწარმომ 50 000 ლარად შეიძინა (თანხა გადაიხადა) ლიმონათის ჩამოსასხმელი ხაზი.
· საგადასახადო შემოწმებით დგინდება, რომ შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, დადგენილია, რომ სასუქი გამოყენებული იყო კარტოფილის მოყვანისას, ხოლო ლიმონათის ჩამოსასხმელი ხაზი განთავსებულია საწარმოს საწყობში.
· გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადში საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია.
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისგან თავისუფლდება 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.
· იმის გათვალისწინებით, რომ სასუქზე გაწეული დანახარჯის გამოყენება დასტურდება სასოფლოსამეურნეო საქმიანობაში, აღნიშნული ხარჯი გათავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან. ლიმონათის ჩამოსხმა არ განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. ამასთან, ვინაიდან ხაზის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, აღნიშნული ხარჯი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანხმად, ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ღონისძიებები
· გადასახადის გადამხდელს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და, დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც საწარმო მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით