გადაწყვეტილება № 25558/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 25558/2/2025
01 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ 31.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25558/2/2025).
დავის საგანი:
დასაქმებულის დაქირავებულ პირთა რეესტრში აუსახველობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.06.2025 წლის №CB1775853 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 7.07.2025 წლის №15321 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 600 ლარი.
ფაქტების აღწერა
25.06.2025 წელს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა. გაირკვა, რომ მომჩივანს დაქირავებულ პირთა რეესტრში არ ჰქონდა ასახული ინფორმაცია სამი დაქირავებული პირის (------ პ/ნ ------, ------- პ/ნ -------, ------- პ/ნ ------) შესახებ, რაზეც 25.06.2025 წლის №CB1775853 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა, საგადასახადო კოდექსის 2885 გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 600 ლარის ოდენობით.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.07.2025 წლის №15321 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შესაბამისი სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
25 ივნისს საგადასახადო შემოწმების მიზნით ობიექტზე შესული იყო მონიტორინგის ჯგუფი. გააკეთეს საკონტროლო შესყიდვა, რის შედეგადაც დარღვევა არ გამოვლენილა. ასევე გადაამოწმეს ადგილზე მყოფი პირების დაქირავებულთა რეესტრში რეგისტრაცია. 2 თანამშრომელი, რომელიც ნამდვილად დაქირავებული პირია და მუშაობს კომპანიაში, გადამოწმდა და იყო რეგისტრირებული. მათ გარდა ობიექტზე იმყოფებოდა 3 ადამიანი, რომლებიც არ იყვნენ თანამშრომლები, ადგილზე იმყოფებოდნენ სატესტო ვადით მხოლოდ რამდენიმე საათით. ისინი ვერ იქნებოდნენ რეესტრში შეყვანილები, რადგან არ იყვნენ თანამშრომლები. ობიექტზე იმყოფებოდნენ მხოლოდ გამოსაცდელი მიზნით, რის შემდეგაც უნდა გადაეწყვიტათ, განაგრძობდნენ თუ არა მუშაობას და გახდებოდნენ თუ არა თანამშრომლები. აღნიშნული ეცნობათ მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებსაც, თავად გააცნეს აგრეთვე ადგილზე მყოფმა პირებმაც (ვის გამოც დაიწერა ჯარიმა), მიუხედავად ამისა, მათ მაინც არ გაითვალისწინეს აღნიშნული და შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი.
ჯარიმა დაწერილია სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ, რადგან მათ არ დაურღვევიათ არანაირი წესი. ცდილობდნენ, მაქსიმალურად ყველა დეტალის საქმის კურსში ყოფილიყვნენ და ყოველთვის ემოქმედათ კანონის დაცვით. თუკი რაიმეს შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და იღებენ გაფრთხილებას, ყოველთვის მზად არიან ამის გამოსწორებისთვის. აღნიშნულ შემოწმებამდე დაახლოებით 4-5 დღის წინაც იყვნენ შესულები მონიტორინგისთვის. გააკეთეს როგორც საკონტროლო შესყიდვა, ასევე გადაამოწმეს ადგილზე მყოფი თანამშრომლების რეესტრში ასახვა. მონიტორინგის შედეგად დარღვევა არ გამოვლენილა, ყველაფერი წესრიგში იყო. ესეც ადასტურებს იმას, რომ პირველი გადამოწმების დროს არ ყოფილა ადგილზე ის 3 პირი, რომლებიც 5 დღის შემდეგ, იყვნენ სატესტოდ და არ იყვნენ თანამშრომლები. ამ შემთხვევიდან გასულია 20 დღე. აღნიშნული 3 პირიდან კომპანიის თანამშრომელი გახდა მხოლოდ 2 ადამიანი, ვისი მონაცემებიც უკვე შეტანილია დაქირავებულთა რეესტრში. ხოლო 1 ადამიანი არ გამხდარა თანამშრომელი, ამიტომაც მისი მონაცემები შეყვანილი არ არის.
მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს ჯარიმის მოხსნას რადგან ნამდვილად არ დარღვეულა არანაირი წესი. არიან კეთილსინდისიერი გადამხდელები და იხდიან ყველა იმ გადასახადს, რაც ეკუთვნით. ეს ჯარიმა კი სრულიად უსამართლოა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად:
1. დაქირავებით მუშაობად ითვლება:
ა) ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით;
ბ) ფიზიკური პირის მიერ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის ძალებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და მათთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან;
გ) ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
2. დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
4. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასასახი ინფორმაციის ნუსხა და ინფორმაციის ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 3719 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა. ამ მუხლის მიზნებისათვის „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა გულისხმობს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, მოქალაქეობა და სხვა) შესახებ ინფორმაციის ანალიზს., „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარების გზით ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ზე გასვლით. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის თანახმად, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.
მომჩივნის განმარტებით პირები ვინც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიიჩნიეს დასაქმებულებად მხოლოდ საცდელად იმყოფებოდნენ ობიექტზე და რეალურად ისინი არ ყოფილან თანამშრომლები და ამ სამი პირიდან მხოლოდ 2 პირი დასაქმდა მოგვიანებით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 15 აგვისტოს №------ წერილის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით ,,დაქირავებულ პირთა რეესტრში“ 3 პირიდან,-------(პ.ნ.-------) და ------ (პ.ნ. -------) დამატებული არიან 30.06.2025 წელს. ხოლო------- (პ.ნ.-------) არ არის დამატებული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 7 ივლისის №15321 ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დასაქმებულის დაქირავებულ პირთა რეესტრში აუსახველობა.
ფაქტობრივი გარემოებები
25.06.2025 წელს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა. გაირკვა, რომ მომჩივანს დაქირავებულ პირთა რეესტრში არ ჰქონდა ასახული ინფორმაცია სამი დაქირავებული პირის, რაზეც შეეფარდა, საგადასახადო კოდექსის 2885 გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 600 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 7 ივლისის №15321 ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;2885;
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112 მუხლის მე-2 პუნქტი.