დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტი N 11125
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტი N 11125
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებულმა პირმა, სექტემბერში გააფორმა ორი კონტრაქტი სამშენებლო სამუშაოებზე. ერთი კონტრაქტი, რომლის ღირებულება შეადგენს 30 000 ლარს შესრულდა იმავე თვეში, მეორე - 150 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი შესრულდა დეკემბერში. ამასთან, ამ კონტაქტის ფარგლებში სექტემბერში წინასწარ აუნაზღაურდა 50 000 ლარი, ხოლო 20 ოქტომბერს- 60 000 ლარი.
· პირი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 22 ოქტომბერს და ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა 15 ნოემბრისთვის დაადეკლარირა 60 000 ლარის ოდენობით. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდში (დეკემბერში) ამ ოპერაციის მიხედვით დაბეგრა 90 000 ლარი.
შეფასება
· სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს: - ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა; - დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს. სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ, არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე.
· ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა ოქტომბერში. შესაბამისად, პირი ვალდებული იყო ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაედეკლარირებინა 60 000 ლარის ოდენობით. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საკომპენსაციო თანხის (50 000 ლარის) წინასწარი გადახდა არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ოპერაციას და განიხილება დასაბეგრი მიწოდების ნაწილად, დეკემბრის თვეში დაბეგვრას ექვემდებარება 90 000 ლარი (150 000 - 60 000).
ღონისძიებები
· პირის ქმედება მართლზომიერია და დღგ-ის ნაწილში დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2019 წლის 20 დეკემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით