მოგების რეინვესტირების ფარგლებში გაწეული ხარჯების გამოქვითვა N 0507

0507 მოგების რეინვესტირების ფარგლებში გაწეული ხარჯების გამოქვითვა - (ძალადაკარგული) 22.09.2015
№ დოკუმენტი 0507
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მოგების რეინვესტირების ფარგლებში გაწეული ხარჯების გამოქვითვა N 0507

ფაქტობრივი გარემოებები

· სამედიცინო დაწესებულებამ 2013 კალენდარული წლის განმავლობაში მიიღო ფინანსური და საგადასახადო მოგება, 150 000 ლარის ოდენობით, რომელიც გამოყო შემდგომ წლებში რეინვესტირებისთვის და შესაბამისად, აღნიშნული 150 000 ლარი არ დაბეგრა მოგების გადასახადით.

· გადასახადის გადამხდელმა რეინვესტირებისათვის გამოყოფილი მოგებით 2014 წელს ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფისთვის შეიძინა სამედიცინო აპარატურა, რაც ამავე წელს შეიყვანა ექსპლუატაციაში. ამასთან, პირმა შეძენილი ძირითადი საშუალებით გაზარდა მიმდინარე საანგარიშო წლის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი, ხოლო საგადასახადო წლის ბოლოს ამ ჯგუფს დაარიცხა საამორტიზაციო ანარიცხები, რომლითაც შეიმცირა მიმდინარე წლის ერთობლივი შემოსავალი.

შეფასება

· სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სამედიცინო დაწესებულების (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირება (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა) ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. ხოლო ამავე კოდექსის 106-ე მუხლის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები.

· სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ" ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათის შინაარსიდან გამომდინარე, თავისუფლდება სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული დასაბეგრი მოგება, მისი რეინვესტირების შემთხვევაში. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს წლის შედეგების მიხედვით სამედიცინო საქმიანობის ფარგლებში მიღებული მოგება, რისთვისაც სამედიცინო საქმიანობით მიღებული ერთობლივი შემოსავალი უნდა შემცირდეს მასთან დაკავშირებული ხარჯით. გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯის გაწევა არ ხორციელდება გათავისუფლებული შემოსავლების მიღების მიზნით, რამდენადაც სამედიცინო დაწესებულების დასაბეგრი მოგება თავისუფლდება მოგების გადასახადისგან გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში (რეინვესტირება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 106-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ გავრცელდება სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,რ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულება უფლებამოსილი იყო, რეინვესტირების ფარგლებში გამოყოფილი მოგებით ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფისთვის შეძენილი ძირითადი საშუალებების (რომელიც იმავე წელს იქნა შეყვანილი ექსპლუატაციაში) ღირებულებით გაეზარდა ამ ძირითად საშუალებათა შეძენის წელს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი, ამავე საანგარიშო წლის ბოლოს დაერიცხა საამორტიზაციო ანარიცხები და შეემცირებინა ერთობლივი შემოსავალი.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევის ნიშნები არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

სიტუაციურ სახელმძღვანელოში გათვალისწინებული მიდგომა ვრცელდება ასევე სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილ შეღავათზე

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 16 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით