გადაწყვეტილება №25203/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25203/2/2025
03 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --------- (ს/ნ -------------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- ის 22.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №------/2/2025).
დავის საგანი:
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდის განსაზღვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 17.03.2025 წლის №------/2025 საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს საქონლის ღირებულების განსაზღვრის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9609 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
საქონლის (შამპუნი – კონაზოლი (2% ketoconazole (a synthetic, broad-spectrum antifugal agent) 20mg/ml)), ინვოისი №------ 28.02.2025წ.) სეს ესნ კოდის განსაზღვრის მიზნით 17.03.2025 წელს მომჩივანმა მიმართა საბაჟო დეპარტამენტს.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 17.03.2025 წლის ექსპერტიზის №------/2025 დასკვნის საფუძველზე, საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა „3305 10 000 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
საბაჟო დეპარტამენტის 17.03.2025 წლის ექსპერტიზის №-----/2025 დასკვნა გასჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.05.2025 წლის №9609 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 35-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 167-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე-3 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, დადგენილ გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ სასაქონლო კოდის მინიჭება არ წარმოადგენს სამართლებრივ საფუძველს პროდუქტის ბაზარზე დაშვებისთვის ან მის შეზღუდვისთვის. საქონლის კლასიფიკაცია ემყარება საერთაშორისო ჰარმონიზებული სისტემის ინტერპრეტაციის ძირითად წესებს, სასაქონლო პოზიციების ტექსტებს, შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებს, რა დროსაც ხდება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის პრაქტიკის გაზიარება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 17.03.2025 წლის ექსპერტიზის №----/2025 დასკვნის შედეგები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ მომხდარა სრულფასოვნად წარდგენილი საჩივრის განხილვა. ფარმაცევტული საშუალება კონაზოლის შამპუნი 100 მლ (2% კეტოკონაზოლი) იმპორტისას აღნიშნული პროდუქტი შემოსავლების სამსახურის მიერ დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადს, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ აფთიაქების ქსელებმა უარი თქვეს მის მიღებაზე, რადგან მისი ღირებულება უფრო მაღალი გახდა, ვიდრე იმ კონკურენტი კომპანიების მიერ შემოტანილი ანალოგიური ფარმაცევტული საშუალების, რომლებსაც დღგ არ დაეკისრათ.
შემოსავლების სამსახური ბრძანებაში განმარტავს, რომ საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს, თუმცა ფაქტია, რომ არ მომხდარა აღნიშნულის დაცვა, რამაც გამოიწვია ის პრობლემა, რის წინაშეც ამჟამად დგას კომპანია. საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, თუმცა სამართლიანად განხილვა არ მომხდარა და შედეგად, არ დააკმაყოფილა ის სამართლიანი მოთხოვნა, რისი დაკმაყოფილების პრობლემაც წესით არ უნდა ყოფილიყო, თუმცა აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ამყარებს პირვანდელ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ შემოსავლების სამსახურის მხრიდან ადგილი აქვს მონოპოლიის წახალისება/ხელშეწყობას.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია, რომ www.moh.gov.ge ვებსაიტი წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ონლაინ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ ადმინისტრირებული სხვადასხვა ელექტრონული სერვისებისა და საინფორმაციო სისტემების ხელმისაწვდომობას და ის ვერ გამოიყენება პროდუქტის რეგისტრაციის საკანონმდებლო საფუძველად, მითუმეტეს, როცა რეგისტრაციის პროცესში არ გამოიყენება სასაქონლო კოდი. აღნიშნულ პლატფორმაზე შესაძლებელია ასახული იყოს რეგისტრირებული პროდუქტები, რომლებიც კლასიფიცირდება სხვადასხვა სასაქონლო კოდში. თუმცა, როდესაც პროდუქტი არის ფარმაცევტული საშუალება, იგი აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდზე, კერძოდ www.moh.gov.ge, ვინაიდან თუ ფარმაცევტული საშუალება არის დარეგისტრირებული ზემოაღნიშნულ ვებგვერდზე იმპორტიორი კომპანია ვალდებულია იგი მიაწოდოს აფთიაქებს, რადგან ფარმაცევტული საშუალებები უნდა ინახებოდეს GDP სტანდარტების შესაბამისს ფარმაცევტულ საწყობში, რათა დაცული იყოს შესაბამისი შენახვის პირობები (ტემპერატურა და ა.შ.). მისი შენახვა სხვა კომპანიის საწყობში არის კანონით აკრძალული და ექვემდებარება ჯარიმას სააგენტოს მხრიდან.
ბრძანებაში ასევე მითითებულია, რომ სასაქონლო კოდის მინიჭება არ წარმოადგენს სამართლებრივ საფუძველს პროდუქტის ბაზარზე დაშვებისთვის ან მის შეზღუდვისთვის. აღნიშნულსაც არ ეთანხმება, ვინაიდან იმისათვის რომ მოხდეს პროდუქტის მახასიათებლის განსაზღვრა და მისი სწორად გაყიდვა, აუცილებელია მას მიენიჭოს შესაბამისი კოდი. მარტივად რომ აიხსნას, იმ შემთხვევაში, თუ ერთ პროდუქტს შეიძენს ორი სხვადასხვა კომპანია, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდება ერთი კომპანიის პროდუქტისთვის 3004 9000 კოდის მინიჭება, ხოლო მეორესთვის 3305 10 000 00 კოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე ფარმაცევტული საშუალებისთვის ერთი კომპანია გადაიხდის დღგ-ის და იძულებული გახდება, ძვირად გაყიდოს, ხოლო მეორე კომპანია ამავე პროდუქტისთვის არ გადაიხდის დამატებითი ღირებულების გადასახადს და გაყიდის იაფად. ერთი და იგივე პროდუქტი ერთი კომპანიისთვის დღგ-ის დაექვემდებარება, ხოლო მეორე დღგ-ის გარეშე გაიყიდება ბაზარზე. საბოლოო ჯამში, შესაბამისი აფთიაქები შეიძენენ იმ კომპანიისგან, რომელმაც შემოსავლების სამსახურისგან მიიღო პროდუქტი დღგ-ის გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გონივრული ეწვი აქვს, რომ ხდება მონოპოლიის წახალისება. ასევე როგორც მათთვის ცნობილია, შპს ------ის (ს/ნ -------; დირექტორი ------ძე; -------; ერთპიროვნული), შპს ----- (ს/ნ -----; -------ძე; ------ ერთპიროვნული) და შპს ------ს (ს/ნ -------; -------ი; -------; ერთპიროვნული) და ასევე სხვა კომპანიების მიერ შემოტანილი სადავო პროდუქტის კოდის მინიჭება ხდება მათგან განსხვავებულად, კერძოდ, მათ ფარმაცევტული საშუალება კონაზოლის შამპუნი 100 მლ (2% კეტოკონაზოლი) შემოაქვთ დღგ-ის გარეშე მაშინ, როდესაც ამ კომპანიებისთვის ხდება უპირატესობის მინიჭება ისეთი მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, როგორიცაა შემოსავლების სამსახური და მომჩივანი ვეღარ აგრძელებს მუშაობს მონოპოლიის ფარგლებში, რადგან როგორც ჩანს, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, ის არის ვალდებული, რომ გადაიხადოს დამატებით ღირებულების გადასახადი, რაც საბოლოო ჯამში, აზიანებს მას, რადგან არცერთი აფთიაქი არ გადაიხდის დამატებით თანხებს და არ იყიდის იმ კომპანიისგან ფარმაცევტულ საშუალებას, რომელიც ითხოვს ზედმეტ თანხას დღგ-ის გარეშე მაშინ, როდესაც ბაზარში უამრავი კომპანიაა, რომელიც ყიდის იგივე ფარმაცევტულ საშუალებას დღგ-ის გარეშე. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს უთანასწორო პირობების შექმნას ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური სუბიექტებისთვის.
გაუგებარია, რა სამართლებრივი ან რეგულატორული საფუძვლით მოხდა სხვადასხვა იმპორტიორებისთვის განსხვავებული საგადასახადო რეჟიმის გამოყენება. მსგავს პრაქტიკას მიიჩნევს არამართლზომიერად, რაც იწვევს არა მხოლოდ კომპანიის ფინანსურ ზარალს, არამედ უარყოფითად აისახება ბაზრის კონკურენტულ გარემოზეც და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს კონკურენციის შესახებ.
1. შემოსავლების სამსახურმა თავის ბრძანებაში არ გაითვალისწინა, არ იმსჯელა თუ რა საფუძველზე დაექვემდებარა სადავო პროდუქტი დღგ-ით დაბეგვრას, მაშინ როდესაც ანალოგიური პროდუქტი სხვა კომპანიების მიერ შემოტანილი არ დაექვემდებარა:
2. შემოსავლების სამსახურმა არ შეისწავლა აღნიშნული შემთხვევა და შესაბამისად არ გააუქმა დღგის დაკისრება მომჩივნისათვის და არც სხვა რაიმე მოქმედების მიღებაზე არ მიუთითა. მომჩივნისთვის უცნობია, რა სახის ზომებს იღებს ის, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს, ან თუ არსებობს სხვა რაიმე შესაძლებლობა, რათა ეს პრობლემა აღმოიფხვრას.
3. შემოსავლების სამსახურიც ვალდებულია უზრუნველყოს თანასწორი საგადასახადო პირობები ყველა იმპორტიორი კომპანიისთვის, თუმცა იგი არც ამაზე ამახვილებს სათანადო ყურადღებას და არ აკეთებს შესაბამის განმარტებას თავის ბრძანებაში;
4. ამავდროულად, აღნიშნული საკითხი უნდა გადაეცეს საქართველოს კონკურენციის სააგენტოსაც, რათა მოხდეს საკითხის სამართლებრივი შეფასება კონკურენციის დაცვის თვალსაზრისით და ერთობლივად გადაწყდეს რამდენად სწორი შეფასება აქვს გაკეთებული შემოსავლების სამსახურს.
მომჩივანს არ შეუძლია აღნიშნული ფარმაცევტული საშუალების მიწოდება აფთიაქებისათვის, სადაც დაცული იქნებოდა მისი შენახვის პირობები, წარმოქმნილ პრობლემას შეუძლია მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანის მიყენება კომპანიისთვის, აღნიშნულ გარემოებებს კი არ ითვალისწინებს შემოსავლების სამსახური. შემოსავლების სამსახური ბრძანების მიხედვით, ბაზარზე დაშვება ემყარება არა სასაქონლო კოდს, არამედ სპეციალურ ნორმატიულ მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს ბაზრის ხელოვნურ რეგულირებას ან შეზღუდვას საქონლის სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიკაციის გზით.
------- (--------) არის კოპანია, რომელიც მოღვაწეობს ------ში და აწარმოებს გარკვეული ფარმაცევტული საშუალებების - პროდუქტების ექსპორტს. ხოლო მომჩივანი საქმიანობს საქართველოში და ახორციელებს ფარმაცევტული (არა მხოლოდ) საშუალებების იმპორტს საქართველოში. მათ შორის არსებული შეთანხმებიდან გამომდინარე, მომჩივანი -----დან საქართველოში აწარმოებდა -------------გან (---------) შემდეგ სამედიცინო საშუალებას - კონაზოლის შამპუნს 100 მლ (2% კეტოკონაზოლი).
--------------ის (-----------) მიერ გამოგზავნილი ინვოისის საფუძველზე დგინდება, რომ -------დან კონაზოლის შამპუნს 100 მლ (2% კეტოკონაზოლი) კოდად მიენიჭა 3004 9000 - სამკურნალო საშუალებები შედგენილი შერეული ან შეურეველი პროდუქტებისაგან თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებით გამოსაყენებლად, დაფასოებული დოზირებული სამკურნალო ფორმების სახით (ტრანსდერმალური სისტემების ფორმით სამკურნალო საშუალებების ჩათვლით) ან საფუთავებში საცალო გაყიდვისათვის, თუმცა საქართველოში პროდუქტის შემოტანისას შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ მათთვის გაურკვეველი მიზეზებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულ პროდუქტს შეეცვალა კოდი, კერძოდ, მიენიჭა 330510 - თმის საშუალებები.
მიმდინარე წლის 17 მარტს ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნით №-----/2025 საქონლის სეს ესნ კოდის განსაზღვრის შესახებ, კონაზოლის შამპუნს 100 მლ (2% კეტოკონაზოლი) სეს ესნ კოდად კვლავ მიენიჭა 3305 10 000 00. კონაზოლის შამპუნი 100 მლ (2% კეტოკონაზოლი) გამოიყენება სოკოვანი დაავადებებით გამოწვეული პრობლემების სამკურნალოდ. არღვევს უჯრედის მთლიანობას, მეტაბოლიზმის პროცესს და აზიანებს უჯრედის მემბრანას. ამით აიხსნება კონაზოლის მოქმედება სოკოვონ უჯრედებზე. წინააღმდეგობას უწევს ორგესტეროლის სინთეზს. აღნიშნულ პროდუქტზე მომჩივნის სახელზე გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მხრიდან, ამავდროულად კომპანიის სახელზე ამავე პროდუქტის შესახებ გაცემულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრი საქპატენტისგან მოწმობა სასაქონლო ნიშნის მიღების თაობაზე. კონაზოლის შამპუნი 100 მლ (2% კეტოკონაზოლი) არის სამკურნალო საშუალება, რომელიც არის რეგისტრირებული, როგორც ------ის ჯანდაცვის სამინისტროს, ისე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პროდუქტი არის ფარმაცევტული საშუალება, იგი უნდა დარეგისტრირდეს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდზე, კერძოდ www.moh.gov.ge, თუ ფარმაცევტული საშუალება არის დარეგისტრირებული ზემოაღნიშნულ ვებგვერდზე იმპორტიორი კომპანია ვალდებულია იგი მიაწოდოს აფთიაქებს, რადგან ფარმაცევტულ საშუალებები უნდა ინახებოდეს GDP სტანდარტების შესაბამის ფარმაცევტულ საწყობში. მისი შენახვა სხვა კომპანიის საწყობში არის კანონით აკრძალული და ექვემდებარება ჯარიმას სააგენტოს მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას არ აქვს უფლება საკუთარ საწყობში შეინახოს კონაზოლის შამპუნი 100 მლ (2% კეტოკონაზოლი), რადგან იგი არ არის სტანდარტული შამპუნი, არამედ არის ფარმაცევტული საშუალება, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ სეს ესნ კოდი ფარმაცევტული საშუალების არის 3305 10 000 00, მყიდველი აფთიაქები უარს ამბობენ, მის შეძენაზე, მათი განცხადებით იმისათვის, რომ აფთიაქმა შეიძინოს სადავო ფარმაცევტული საშუალება 3305 10 000 00 კოდით იგი არ უნდა იყოს დარეგისტრირებული www.moh.gov.ge. შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნული ფარმაცევტული საშუალება დარეგისტრირდება 3305 10 000 00 კოდით, კომპანია ფარმაცევტული საშუალების შემოსავლების სამსახურის საწყობიდან გამოტანის შემთხვევაში კი ვერ შეძლებს მის გაყიდვას და დაჯარიმდება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მხრიდან.
კომპანია წლებია ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, თანამშრომლობს შემოსავლების სამსახურთან, ყოველწლიურად იხდის გადასახადებს საკმაოდ დიდი ოდენობის. თქვენ კი თქვენი ქმედებებით, მონოპოლიის წახალისებითა და სხვა კომპანიებისთვის პრივილეგიების მინიჭებით მას აიძულებთ. რომ დატოვოს ბაზარი. რადგან შეუძლებელია იმ გარემოში მუშაობის გაგრძელება, სადაც ზოგიერთი კომპანია სარგებლობს პრივილეგიებით, ხოლო მომჩივნის მიმართ ვრცელდება სხვა სახის რეგულაციები. აღნიშნული ეწინააღმდეგება კანონს, რომლითაც ასევე დაინტერესდებიან მედია საშუალებებიც აუცილებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, კიდევ ერთხელ იქნეს გათვალისწინებული მათი პოზიცია და საჩივარი კონაზოლის შამპუნთან (2% კეტოკონაზოლი) დაკავშირებით, კერძოდ 3305 10 000 00 კოდი შეიცვალოს 3004 9000 კოდით. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, განხილულ იქნეს ზემოაღწერილი გარემოება და მოხდეს შესაბამისი რეაგირება, გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის ბრძანება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება მხარის მოთხოვნა მასზედ, რომ კონაზოლის შამპუნი 100 მლ (2% კეტოკონაზოლი) სეს ესნ კოდი 3305 10 000 00 შეცვალოთ 30049000 კოდით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს. საბაჟო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სამართლიანი და თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერის მიზნით ზედამხედველობას უწევს საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობას; ბ) იცავს საქართველოს ფინანსურ ინტერესებს;
გ) კანონიერი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერით იცავს საქართველოს ეკონომიკურ სივრცეს არაკეთილსინდისიერი და უკანონო საერთაშორისო ვაჭრობისგან;
ი) უზრუნველყოფს ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელებას;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.
საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით:
1. საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2. სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით. 3. საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი.
4. საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს. „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და მე-7 მუხლის თანახმად:
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ) მომზადებულია „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 2022 წლის რედაქციის საფუძველზე. საქონლის კლასიფიკაცია ხორციელდება კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების მიხედვით, რომელთა სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია სეს ესნ-ში ხორციელდება სასაქონლო პოზიციების ტექსტების, აგრეთვე კარებისა და ჯგუფების შესაბამისი შენიშვნების მიხედვით და, თუ ასეთი ტექსტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომდევნო წესების დებულებების შესაბამისად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია სასაქონლო პოზიციის სუბპოზიციებში ხორციელდება ასეთი სუბპოზიციების დასახელებების და სუბპოზიციებთან დაკავშირებული შენიშვნების, ასევე, ---, ზემოთ მოყვანილი წესების დებულებათა შესაბამისად, იმ პირობით, რომ მხოლოდ ერთი და იმავე დონის სუბპოზიციებია შესადარისი. მოცემული წესის მიზნებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე კარებისა და ჯგუფების შესაბამისი შენიშვნები, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ იმპორტირებულ საქონელს (შამპუნი – კონაზოლი (2% ketoconazole (a synthetic, broad-spectrum antifugal agent) 20mg/ml),საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 17.03.2025 წლის ექსპერტიზის №-----/2025 დასკვნის საფუძველზე, განესაზღვრა „3305 10 000 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიცია, რომლის იმპორტი (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება) იბეგრება დღგ-ით.
მომჩივანს მიაჩნია, რომ:
- სახეზეა მონოპოლიის მინიჭება სხვა კომპანიებისთვის, რომლებსაც იგივე საქონელი შემოაქვთ 300 49 00 სეს ესნ კოდით და სარგებლობენ შეღავათით, რაც ხელს უშლის ჯანსაღი კონკურენციის არსებობას;
- კონაზოლის შამპუნისთვის 3305 10 სეს ესნ კოდის მინიჭებით მას ერთმევა შესაძლებლობა აღნიშნული საქონლის აფთიაქებში რეალიზაციის, რადგან თუ არ იქნება რეგისტრირებული 300 49 00 სეს ესნ კოდით, ვერ მოხდება მისი დასაწყობება ფარმაცევტული საქონლისთვის განკუთვნილ საწყობებში. ასევე აფთიაქები უარს იტყვიან მის შეძენაზე, რადგან www.moh.gov.ge-ზე დარეგისტრირებული ფარმაცევტული საშუალება არ უნდა იყოს 3305 10 000 00 კოდით და ასევე დაჯარიმდება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მხრიდან.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 17.03.2025 წლის ექსპერტიზის №------/2025 დასკვნის მიხედვით, საქონლის (სამედიცინო დანიშნულების შამპუნი – კონაზოლი (2% ketoconazole (a synthetic, broad-spectrum antifugal agent) 20mg/ml)), რომელიც გამოიყენება სებორიული დერმატიტის, კანისა და ფრჩხილის მიკოზების, ქერტლის სიმპტომების მართვისა და კონტროლისთვის, თერაპიული და პროფილაქტიკური მიზნით) კლასიფიკაცია განხორციელდა „3305 10 000 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში. საბაჟო დეპარტამენტისთვის უცნობია რამ განაპირობა ექსპორტის დეკლარაციაში აღნიშნული საქონლის მიმართ 3004 სასაქონლო პოზიციის მითითება.
ექსპერტიზისთვის წარდგენილი საქონელი იყო სამედიცინო დანიშნულების შამპუნი – კონაზოლი (2% ketoconazole (a synthetic, broad-spectrum antifugal agent) 20mg/ml)), რომელიც გამოიყენება სებორიული დერმატიტის, კანისა და ფრჩხილის მიკოზების, ქერტლის სიმპტომების მართვისა და კონტროლისთვის, თერაპიული და პროფილაქტიკური მიზნით.
საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის საფუძველზე მომზადებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლით განსაზღვრული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების შესაბამისად. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდის განსაზღვრისას ასევე გათვალისწინებულ იქნა შემდეგი შენიშვნები და განმარტებები:
– 34-ე ჯგუფის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შენიშვნა – „შამპუნები, კბილების საწმენდი საშუალებები, კრემები და ქაფები პარსვისათვის ან შედგენილობები აბაზანის მისაღებად, საპნისა ან სხვა ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებების შემცველობით კლასიფიცირდება - 3305, 3306 ან 3307 სასაქონლო პოზიციებში“;
– 30-ე სასაქონლო ჯგუფის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შენიშვნა – „მოცემულ ჯგუფში არ ჩაირთვება „3303-3307 სასაქონლო პოზიციების პრეპარატები, მათ შორის, თერაპევტული ან პროფილაქტიკური თვისებების მქონე“;
– 33-ე ჯგუფის მე-3 პუნქტი (განმარტება) – „33.03-დან 33.07 სასაქონლო პოზიციების პროდუქტები რჩება ამ სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებული, მიუხედავად იმისა, შეიცავენ თუ არა ისინი დამხმარე ფარმაცევტულ ან სადეზინფექციო კომპონენტებს ან ის ითვლება როგორც დამხმარე თერაპიული ან პროფილაქტიკური მნიშვნელობის მქონედ“.
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ჰარმონიზებული სისტემის ტექნიკური კომიტეტის 1999 წლის 23- ე სესიაზე მიღებულ იქნა კომპენდიუმის გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად სამკურნალო შამპუნი კეტოკონაზოლის 2%-იანი შემცველობით კლასიფიცირდა 3305 10 სასაქონლო სუბპოზიციაში. გარდა ამისა, კლასიფიკაციისთვის მხედველობაში იქნა მიღებული ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების მიერ მსგავსი საქონლის კლასიფიკაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები.
ამასთან, საქართველო როგორც „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ხელშემკვრელი მხარე ხელმძღვანელობს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ჰარმონიზებული სისტემის ტექნიკური კომიტეტის გადაწყვეტილებებით. აღნიშნული კომიტეტის მიერ კენჭის ყრის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთობლიობა წარმოადგენს ჰარმონიზებული სისტემის კომპენდიუმს. კომიტეტის 1999 წლის 23-ე სესიაზე მიღებულ იქნა კომპენდიუმის გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად სამკურნალო შამპუნი კეტოკონაზოლის 2%-იანი შემცველობით კლასიფიცირდა 3305 10 სასაქონლო სუბპოზიციაში. კომპენდიუმში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოდ შესასრულებელია ხელშემკვრელი მხარეებისთვის, შესაბამისად საქართველოს საბაჟო ადმინისტრაცია, როგორც კონვენციის ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია საქონლის კლასიფიკაცია მოახდინოს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) შესაბამისი გადაწყვეტილებით.
საჩივარში მითითებულ არგუმენტზე საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქონლის კლასიფიკაცია ხორციელდება ჰარმონიზებული სისტემის „ინტერპრეტაციის ძირითადი წესების“ და საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის საფუძველზე, რომლებიც მკაფიოდ აწესრიგებენ საქონლის კლასიფიკაციის პროცესს, ერთი კომპანიის მომართვის საფუძველზე განხორციელებული ექსპერტიზა, ვერ ჩაითვლება სხვა სუბიექტებისთვის უპირატესობის მინიჭებად. აღნიშნული გარემოება ეწინააღმდეგება ნებისმიერი ეჭვის არსებობას, რომ საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს მოქმედება მიზნად ისახავს ან იწვევს რომელიმე ეკონომიკური სუბიექტისათვის გამონაკლისი პირობების შექმნას ან ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის ხელშეწყობას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვება წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ სამართლებრივ პროცედურას, რომლის მიზანია პროდუქტის შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. აღნიშნული პროცედურა ხორციელდება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ამგვარად, ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვება ემყარება არა სასაქონლო კოდს, არამედ სპეციალურ ნორმატიულ მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს ბაზრის ხელოვნურ რეგულირებას ან შეზღუდვას საქონლის სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიკაციის გზით. ფარმაცევტული პროდუქტის/სამკურნალო საშუალების კლასიფიცირება სასაქონლო პოზიციით (მაგალითად, 3004 ან 3305) ტექნიკური საკითხია და ის არ იძლევა ფარმაცევტული რეგულირების წესების გვერდის ავლით (ან პირიქით) პროდუქტის ბაზარზე დაშვება/არდაშვების სამართლებრივ საფუძველს.
ამასთან, სასაქონლო პოზიცია 3004 მოიცავს ფართო სპექტრის სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც შექმნილია დაავადების პირდაპირ სამკურნალოდ. მათ შორის, ანტიბიოტიკები, ტკივილგამაყუჩებლები, ჰორმონების შემცველი პროდუქტები და ინსულინის შემცველი პროდუქტები.
სწორედ ამიტომ, 3004 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებს შესაძლოა ჰქონდეთ თანხვედრა იმ პროდუქციის კატეგორიასთან, რომლის რეგისტრაცია სავალდებულოა ზემოაღნიშნული კანონით.
რაც შეეხება www.moh.gov.ge ვებსაიტს, აღნიშნული ვებსაიტი წარმოადგენს საქათველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ონლაინ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ ადმინისტრირებული სხვადასხვა ელექტრონული სერვისებისა და საინფორმაციო სისტემების ხელმისაწვდომობას და ის ვერ გამოიყენება პროდუქტის რეგისტრაციის საკანონმდებლო საფუძველად, მითუმეტეს, როცა რეგისტრაციის პროცესში არ გამოიყენება სასაქონლო კოდი. აღნიშნულ პლატფორმაზე შესაძლებელია ასახული იყოს რეგისტრირებული პროდუქტები, რომლებიც კლასიფიცირდება სხვადასხვა სასაქონლო კოდში. ამრიგად, სასაქონლო კოდის მინიჭება არ წარმოადგენს სამართლებრივ საფუძველს პროდუქტის ბაზარზე დაშვებისთვის ან მის შეზღუდვისთვის. საქონლის კლასიფიკაცია ემყარება საერთაშორისო ჰარმონიზებული სისტემის ინტერპრეტაციის ძირითად წესებს, სასაქონლო პოზიციების ტექსტებს, შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებს, რა დროსაც ხდება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის პრაქტიკის გაზიარება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა დასახელებულ ნომენკლატურაში მითითებული შენიშვნები და განმარტებები, ასევე, საქონლის კლასიფიკაციისთვის მხედველობაში იქნა მიღებული ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების მიერ მსგავსი საქონლის კლასიფიკაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდის განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
საქონლის სეს ესნ კოდის განსაზღვრის მიზნით მომჩივანმა მიმართა საბაჟო დეპარტამენტს.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა „3305 10 000 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
საბაჟო დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნა გასჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №9609 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 35(1.2.3.4);