ბრძანება N 1887
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1887
03.02.2023
უსფ(წ) „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2021 წლის 8 ივნისისა და 2022 წლის 29 დეკემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 23 დეკემბრისა და 2023 წლის 16 იანვრის სხდომებზე (ოქმი №122 და №3) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის №15143/2/2021 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული უსფ(წ) შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2021 წლის 8 ივნისის №118291/21-11 საჩივარი და ასევე, 2022 წლის 29 დეკემბრის №237724 დაზუსტებული საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 18 მაისის №005-87 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია. ასევე, დაზუსტებულ საჩივარში მომჩივანი მიუთითებს, რომ უსფ(წ) „----------“ მიერ თავის სათავო ოფისში გადარიცხული თანხებიდან, სათავო ოფისის მიერ მოხდა სს „----------“ მომსახურების ანაზღაურების გადახდა, რასთან დაკავშირებითაც დამატებით წარმოდგენილი აქვს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №215 ბრძანების საფუძველზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა უსფ(წ) შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2020 წლის 11 ნოემბრის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტაციისა და ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმები განხილული იქნას ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №215 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2021 წლის 28 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 300 ლარით და ფულადი ჯარიმის ნაცვლად შეეფარდა გაფრთხილება. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2021 წლის 18 მაისის №005-87 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 18 მაისის №005-87 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, ხოლო შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 ნოემბრის №36198 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №215 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, უსფ(წ) შპს „----------“ მიერ „----------“-სთვის (სათაო) გადახდილი თანხები განიხილოს (დააკვალიფიციროს) მოგების განაწილებად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).“
აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 30 ივნისის №15143/2/2021 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 ნოემბრის №36198 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლებმა განმარტეს შემდეგი: სს „----------“ („----------“) მომსახურება გაუწია შპს „----------“ ((„----------“) ასევე, „----------“ რეზიდენტი), აღნიშნული მომსახურება დაკავშირებული იყო უსფ(წ) შპს „----------“ საქმიანობასთან, კერძოდ, ა(ა)იპ „----------“ სატრენინგო მომსახურების გაწევასთან. შპს „----------“ მიერ თავის სათავო ოფისში გადარიცხული თანხებიდან, შპს „----------“ (---------- სათაო ოფისის) მიერ ---------- მოხდა სს „----------“ („----------“) ზემოაღნიშნული მომსახურების ანაზღაურება. აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში სადავო გახდა მომჩივნის მიერ სათავო ოფისში გადარიცხული თანხის (რომელიც სათავო ოფისმა ჩაურიცხა სს „----------“ და რაც მტკიცდება წარდგენილი დოკუმენტებით (ბანკის მიერ გაცემული ცნობა გადარიცხვაზე, ინვოისი, ხელშეკრულებები)), მიზნობრიობა.
საჩივარს ახლავს თანხის გადარიცხვის შესახებ ---------- რეზიდენტის სს „----------“ მიერ გაცემული ცნობის ასლები.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით პირველი ხელშეკრულება გაფორმებულია ა(ა)იპ „----------“ და ფილიალს შორის, რომელშიც ნახსენებია, რომ ნახაზებისა და დოკუმენტაციის მომზადება მოხდებოდა ფილიალის მიერ, რომელსაც შესაძლოა დასჭირვებოდა ქვეკონტრაქტორი - სათავო ოფისი. მეორე ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ სათავო ოფისი და სს „----------“ („----------“). საბოლოოდ, სს „----------“ („----------“) სათავო ოფისს („----------“) უწევს მომსახურებას, სათავო ოფისი საქართველოში თავის ფილიალს და ფილიალი ა(ა)იპ „----------“. აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი გადარიცხული თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის დამოწმებული ბანკის ბეჭდით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები შედეგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
1. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა თანხის გადარიცხვის დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, აღნიშნული საბუთი ვერ იქნება განხილული საკმარის მტკიცებულებად, ვინაიდან აღნიშნული ამობეჭდილია და არ არის დამოწმებული შესაბამისი ბანკის ბეჭდით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებული თანხა არ დაექვემდებარა შემცირებას.
2. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დარიცხული ჯარიმის თანხა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, იბეგრება 10 პროცენტით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად (შემდგომში - საერთაშორისო შეთანხმება) საგადასახადო შეღავათით სარგებლობის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების და საქართველოს რეზიდენტობის დადასტურების პროცედურებს.
ზემოაღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:
1. საგადასახადო აგენტის ინფორმაციას არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე (ფორმა №1) საგადასახადო აგენტი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საგადასახადო ორგანოს.
2. ფორმა №1-ს უნდა დაერთოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ გადასახადის გადამხდელმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინა თანხის გადარიცხვის შესახებ ---------- რეზიდენტის სს „----------“ მიერ გაცემული ცნობის ასლები. აღნიშნული დოკუმენტაცია გადამხდელმა, ასევე, დაურთო შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ 2022 წლის 29 დეკემბრის განცხადებას/საჩივარს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტების თანახმად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მომჩივნის მიერ სათავო ოფისისთვის („----------“, ---------- რეზიდენტი) გადარიცხული თანხების სრულად გადარიცხვა სს „----------“ („----------“).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქმეში არებული მასალების გათვალისწინებით, დასტურდება მომჩივნის მიერ თანხების გადარიცხვა სს „----------“ („----------“) და „საქართველოსა და ---------- შორის შემოსავლების და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საქართველოსა და ---------- შორის შემოსავლების და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებით და ---------- საგადასახადო ორგანოს მიერ სააქციო საზოგადოება „----------“ („----------“) გაცემული რეზიდენტობის ცნობის საფუძველზე განაცემის დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. უსფ(წ) შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, „საქართველოსა და ---------- შორის შემოსავლების და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საქართველოსა და ---------- შორის შემოსავლების და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებით და ---------- საგადასახადო ორგანოს მიერ სააქციო საზოგადოება „----------“ („----------“) გაცემული რეზიდენტობის ცნობის საფუძველზე განაცემის დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.