მიწაზე ქონების გადასახადის ხარჯად გამოქვითვა N 0267

0267 მიწაზე ქონების გადასახადის ხარჯად გამოქვითვა 15.06.2016
№ დოკუმენტი 0267
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მიწაზე ქონების გადასახადის ხარჯად გამოქვითვა N 0267

ფაქტობრივი გარემოებები

· 2014 საანგარიშო წლის მიხედვით წარდგენილ მოგების გადასახადის დეკლარაციაში საწარმოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ჩართული აქვს მიწაზე ქონების გადასახადი

· I ვარიანტი: საწარმოს მიწა შეძენილი აქვს 2015 წლის თებერვალში. შესაბამისად, დასაბეგრი მიწის შესახებ მონაცემები შეტანილია ქონების გადასახადის დეკლარაციაში, რომელიც წარედგინება არა უგვიანეს 2015 წლის 1 აპრილისა

· II ვარიანტი: საწარმოს მიწა შეძენილი აქვს 2014 წლის მარტში. შესაბამისად, დასაბეგრი მიწის შესახებ მონაცემები შეტანილია ქონების გადასახადის დეკლარაციაში, რომელიც წარედგინება არაუგვიანეს 2014 წლის 1 აპრილისა

· III ვარიანტი: საწარმოს მიწა შეძენილი აქვს 2014 წლის აგვისტოში. შესაბამისად, დასაბეგრი მიწის შესახებ მონაცემები შეტანილია ქონების გადასახადის დეკლარაციაში, რომელიც წარედგინება არაუგვიანეს 2015 წლის 1 აპრილისა

შეფასება

· სსკ-ის 203-ე მუხლის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. ამავე კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო წლად ითვლება კალენდარული წელი. სსკ-ის 205-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების გათვალისწინებით, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი, ხოლო ქონების გადასახადის დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი მიწის შესახებ შეიტანება მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით

· I და III ვარიანტში: იმის გათვალისწინებით, რომ საწარმო მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელს წარმოადგენს 2015 წლიდან, იგი არ არის უფლებამოსილი 2014 საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს მიწაზე ქონების გადასახადი

· II ვარიანტში: იმის გათვალისწინებით, რომ საწარმო მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელს წარმოადგენს 2014 წლიდან, იგი უფლებამოსილია 2014 საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს მიწაზე ქონების გადასახადი

ღონისძიებები

· I და III ვარიანტში: პირი დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად

· II ვარიანტში: პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით