გადაწყვეტილება №19143/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19143/2/2023
26.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ფ/პ ----(ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ფ/პ ---ის 19.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19143/2/2023).
დავის საგანი:
ერთობლივი შემოსავლის გაზრდა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2022 წლის №065-24 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3096 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 17 487 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 11 164
დღგ - 9 765
საშემოსავლო გადასახადი - 1 399
ჯარიმა - 3 433
საურავი - 2 890
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 1.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის მიხედვით, ი/მ --- მცირე მეწარმედ რეგისტრირებულია 29.06.2017 წელს. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მცირე მეწარმის ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით არ აქვს დასაბეგრი შემოსავალი დეკლარირებული. შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, რამაც შეადგინა 140 335 ლარი, რაც საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, შესაბამისი განაკვეთით.
გადასახადის გადამხდელი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, შემოწმების შედეგად გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და გამოვლინდა, რომ 30.11.2020 წელს გადასახადის გადამხდელის შემოსავლებმა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადააჭარბა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ზღვარს 100 000 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი 30.11.2020 წელს დაექვემდებარა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციას, ამასთან შემდგომ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები სულ 55 005 ლარი დაიბეგრა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით. ამასთან, შემოწმების შედეგად მოხდა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გადახდილი დღგ-ის თანხის, 134 ლარის ჩათვლა. გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2022 წლის №065-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3096 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 90-ე მუხლზე, 93-ე მუხლის 11 ნაწილზე, 94-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №999 ბრძანებით „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე და მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს დასაბეგრი შემოსავალი დეკლარირებული. შემოწმების მიერ გაანგარიშებული შემოსავლების მიხედვით, 30.11.2020 წელს გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შემოწმების პროცესში პირის შემოსავალი გაანგარიშებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან მოპოვებული ინფორმაციის, კერძოდ გადამხდელის მიერ გამარჯვებულ ტენდერებზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების და საბანკო გადარიცხვების მიხედვით. შემოწმების პროცესში, ასევე გათვალისწინებულ იქნა ხარჯები და დღგ-ის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდზე მიღებულ მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი პოზიციის დამადასტურებელი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში არ არის ასახული 2020-2021 წლებში საქართველოს მთავრობის მიერ მცირე მეწარმეებზე დაწესებული შეღავათები. 2020 წელს პანდემიის გამო ოჯახმა მიიღო მძიმე ეკონომიური ზარალი და იძულებული გახდა მონაწილეობა მიეღო სახელმწიფო შესყიდვებში. როგორც ცნობილი იყო მცირე მეწარმე იხდიდა შემოსავლების 1%-ს, რაც კეთილსინდისიერად გადახდილია ყოველთვის. მომჩივანი მიუთითებს „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №286 და №372 დადგენილებებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს მოეხსნას დაწესებული სანქციები, რათა გააგრძელოს ნორმალური ფუნქციონირება და აწარმოოს მცირე ბიზნესი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მცირე მეწარმის ყოველთვიური საშემოსავლო დეკლარაციების მიხედვით არ აქვს დასაბეგრი შემოსავალი დეკლარირებული და არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული.
შემოწმების შედეგად მომჩივნის მიერ საქონლის მიწოდებიდან/გაწეული მომსახურებიდან მიღებული/მისაღები შემოსავლები გაანგარიშდა შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო გადასახადის გადამხდელი არ წარმოადგენს ინფორმაციას/დოკუმენტაციას, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული მონაცემები.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ერთობლივი შემოსავლის გაზრდა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი 30.11.2020 წელს დაექვემდებარა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციას, ამასთან შემდგომ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები სულ 55 005 ლარი დაიბეგრა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით. ამასთან, შემოწმების შედეგად მოხდა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გადახდილი დღგ-ის თანხის, 134 ლარის ჩათვლა. გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 90; 102; 2021 წლამდე მოქმედი 161; 157. 282; 304 (1გ).