ბრძანება N 15278

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.07.2025
№ დოკუმენტი 15278
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15278

07 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

-------------ს (პ/ნ ------------------)

(მის.: ------------------------------)

2025 წლის 16 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 ივლისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა -------------ს (პ/ნ ------------------) №92609/01 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №11211 ბრძანებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიიღო კრედიტი 43 000 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც -----ში მოიძია ლაზერის აპარატი, რაზეც მომწოდებელმა გამოუგზავნა ინვოისი და აღნიშნული ინვოისის საფუძველზე გადაურიცხა 14 600 აშშ დოლარი. ნივთის ჩამოსატანად მოიძია ექსპედიტორი შპს „-------ი“, რომელთანაც გააფორმა ხელშეკრულება. ექსპედიტორს მინდობილობის საფუძველზე მიანიჭა უფლებამოსილება, რომ განეხორციელებინა პროცედურა ტვირთის გასაფორმებლად და მასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის ჩასატარებლად. ტვირთი მოხვდა „წითელ დერეფანში“. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, დოკუმენტებში შეცვლილი იყო ტვირთის დასახელება, რომელიც არ შეესაბამებოდა რეალურად ჩამოსულ ტვირთს. საკითხის გარკვევის მიზნით მომჩივანი დაუკავშირდა მომწოდებელ კომპანიას, სადაც განუმარტეს, რომ ექსპედიტორი კომპანიის თხოვნით საქონლის დასახელება შეიცვალა, რადგან ექსპედიტორს მისცემოდა შესაძლებლობა გადაეხადა ნაკლები გადასახადი. მომჩივანს მიაჩნია, რომ სამართალდარღვევა ჩაიდინა შპს „---------ა“ და მის მიმართ უნდა იქნას გამოყენებული სანქცია.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 11 მარტს ინდმეწარმე -------------ს (პ/ნ ------------------) მიერ №-----/----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებულ იქნა --------დან საზღვაო გზით შემოტანილი და №------ კონტეინერში განთავსებული, სეს ესნ-ის------- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი – ფოტოკამერების საკუთვნოები ნაკრებში (3 ნაკრები, საერთო წონა 225 კგ, საბაჟო ღირებულება 41 690.65 ლარი). მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მეშვეობით რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის შერჩეულ იქნა „წითელი დერეფანი“ და დეკლარირებული საქონელი დაექვემდებარა დათვალიერებას, დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებით.

გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ის“ უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას გამოირკვა, რომ №-------- კონტეინერში, ნაცვლად დეკლარირებული საქონლისა, განთავსებული იყო სეს ესნ-ის ------- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი – 3 ცალი ლაზერული ეპილაციის აპარატი, მაკომპლექტებელ ნაწილებთან ერთად (საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი №---, 12.03.2025), რომელზეც არ იყო შესრულებული ზოგადი დეკლარირებისა და საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულება. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2025 წლის 19 მარტის №-----/2025 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განსაზღვრულ იქნა 42 638.58 ლარი.

ვინაიდან, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმის მასალები, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (წერილის №21-10/------; 01/04/2025).

საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2025 წლის 7 მაისის №---/---- წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა სისხლის სამართლის გამოძიება. შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტს ეთხოვა იმოქმედოს შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით.

რადგანაც საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ ინდმეწარმე -------------ს (პ/ნ ------------------) მხრიდან ადგილი ჰქონდა 42 638.58 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას და პირს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად 2025 წლის 2 ივნისს გამოცემულ იქნა საბაჟო დეპარტამენტის №11211 ბრძანება, რომლითაც ინდმეწარმე „-------ს“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის – 42 638.58 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია, ხოლო 213-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, „2026 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;

ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ დგება: ა) სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში. ამასთანავე, საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით. მე-6 ნაწილი კი მიუთითებს, რომ მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო, საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში წყვეტს საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს ან იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიჩნევა საგადასახადო მოთხოვნად. ამავე საკანონმდებლო აქტის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, თუ საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებს 15 000 ლარს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტი, რომ №----- კონტეინერში, ნაცვლად დეკლარირებული საქონლისა (სეს ესნ-ის -----სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი – ფოტოკამერების საკუთვნოები ნაკრებში (3 ნაკრები, საერთო წონა 225 კგ, საბაჟო ღირებულება 41 690.65 ლარი)), განთავსებული იყო 42 638.58 ლარის საბაჟო ღირებულების (2025 წლის 19 მარტის №------/2025 ექსპერტიზის დასკვნა) სეს ესნ-ის --------- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი – 3 ცალი ლაზერული ეპილაციის აპარატი, მაკომპლექტებელ ნაწილებთან ერთად, რომელზეც არ იყო შესრულებული ზოგადი დეკლარირებისა და საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულება. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა და ვინაიდან აღნიშნული ქმედებისთვის მომჩივანს არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტის ბათილად ცობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. -------------ს (პ/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ.თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2025 წლის 11 მარტს ინდმეწარმის მიერ საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებულ იქნა საზღვაო გზით შემოტანილი და კონტეინერში განთავსებული საქონელი - ფოტოკამერების საკუთვნოები ნაკრებში (3 ნაკრები, საერთო წონა 225 კგ, საბაჟო ღირებულება 41 690.65 ლარი). მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მეშვეობით რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის შერჩეულ იქნა „წითელი დერეფანი“ და დეკლარირებული საქონელი დაექვემდებარა დათვალიერებას, დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებით.

გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას გამოირკვა, რომ კონტეინერში, ნაცვლად დეკლარირებული საქონლისა, განთავსებული იყო 3 ცალი ლაზერული ეპილაციის აპარატი, მაკომპლექტებელ ნაწილებთან ერთად , რომელზეც არ იყო შესრულებული ზოგადი დეკლარირებისა და საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულება. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2025 წლის 19 მარტის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განსაზღვრულ იქნა 42 638.58 ლარი.ვინაიდან, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმის მასალები, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს .

საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2025 წლის 7 მაისის წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა სისხლის სამართლის გამოძიება. შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტს ეთხოვა იმოქმედოს შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით.

რადგანაც საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ ინდმეწარმეს მხრიდან ადგილი ჰქონდა 42 638.58 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას და პირს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად 2025 წლის 2 ივნისს გამოცემულ იქნა საბაჟო დეპარტამენტის №11211 ბრძანება, რომლითაც ინდმეწარმეს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის – 42 638.58 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 164(5 „ა“); 168(1);