გადაწყვეტილება №18472/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.02.2023
№ დოკუმენტი 18472/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18472/2/2022

23.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----------- (------------) (პას/ნ --------------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------- (------------)-ს 19.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18472/2/2022).

 

დავის საგანი:

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 7.09.2022 წლის №EL182629 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28171 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 31 773,95 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

-.09.2022 წელს, ----. „----ის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შევიდა მომჩივანი. საბაჟო კონტროლის მიზნით, მისთვის გასაგებ თურქულ ენაზე განხორციელებული გამოკითხვისას (ინტერვიუირებისას), დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი (მათ შორის, ძვირფასი ლითონები, მედიკამენტები და სხვა) გასცა უარყოფითი პასუხი.

მომჩივნის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 110 000 აშშ დოლარი და 12 600 თურქული ლირა, რამაც ამ დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა 317 739,5 ლარი.

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის ფაქტს, რაზეც, საბაჟო დეპარტამენტის -.09.2022 წლის №EL182629 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის 2 მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 31 773,95 ლარის ოდენობით. შეფარდებული ჯარიმის თანხა გადახდილ იქნა იმავე დღეს (საგადახდო დავალება №----------). სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.11.2022 წლის №28171 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლებზე, 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 169-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის დეკლარირების გარეშე გადმოტანას. აღნიშნული წარმოადგენს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საბაჟო სამართალდარღვევას. ამდენად სადავო აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

--.11.2022 წელს ---------ი --- ------ის კონტროლის ზონაში შემოსვლისთანავე იქნა დაკავებული, რის შემდეგ მებაჟე-ოფიცერმა მას შეუდგინა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი სერია №EL182629.

ოქმის საფუძველზე ირკვევა, რომ --------ი ცდილობდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის - კერძოდ: ნაღდი ფულის 110 000 აშშ დოლარის და 12 600 თურქული ლირის დეკლარირების გარეშე საქართველოში შემოტანას, რომელიც დამალული ჰქონდა მცირე ზომის ხელჩანთაში. არადეკლარირებული თანხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 317 739,5 ლარი. -------ის მიმართ გამოყენებულ იქნა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია, რამაც შეადგინა 31 777,95 ლარი. დაწესებული ჯარიმის გადახდა განხორციელდა იმავე დღეს ანუ --.09.2022 წელს, რის შემდეგაც იგი გაათავისუფლეს.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი დარღვევით იქნა გამოცემული მოითხოვს აქტის კანონიერების შემოწმება და მისი გაუქმება. თუმცა არც ფინანსთა სამინისტროს განუხორციელებია მოყვანილი ფაქტების გამოკვლევა და შეფასება. დაირღვა უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლებები და საქართველოს ტერიტორიაზე კერძოდ ა) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემის წესი, ბ) საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის და კანონი სახელმწიფო ენის შესახებ მე-13 მუხლი, რომლის ჩანაწერი გულისხმობს, რომ „საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი“.

შესაბამისად მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული სადავო ბრძანება არის დაუსაბუთებელი, რის გამოც უნდა გაუქმდეს.

ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს არ განუხორციელებია სრულყოფილად საჩივარში მოყვანილი ფაქტების შესწავლა გამოთხოვილ იქნას -.09.2022 წლის საზღვრის კვეთის ამსახველი ვიდეო-მასალა (ასევე მას გარკვეული დროის მანძილზე შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების უფლება), რათა შემოწმდეს საჩივარში მითითებული ფაქტები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28171 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს.

ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:

ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა);

გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;

ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი;

ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საქმეზე წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, რომ საბაჟო კონტროლის მიზნით, მისთვის გასაგებ თურქულ ენაზე განხორციელებული გამოკითხვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი.

კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგადაც აღნიშნული პირის კუთვნილ ხელჩანთაში აღმოაჩნდა, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 110 000 აშშ დოლარი და 12 600 თურქული ლირა, რომლის ოდენობამ ქმედების ჩადენის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით შეადგინა 317 739, ლარი.

საქმეზე წარმოდგენილია სადავო ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა.

საქმის გარემოებებზე მითითებით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივანი ცდილობდა დეკლარირებას დაქვემდებარებული 100 000 ლარზე (სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებას, რაც წარმოადგენს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით ნაღდი ფულის შემოტანა არ იბეგრება, თუმცა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით იგი ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას, რაც მოცემულ საქმეში მომჩივნის მხრიდან არ შესრულებულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის გამოყენება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.