გადაწყვეტილება №18911/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.03.2023
№ დოკუმენტი 18911/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18911/2/2023

24.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 20.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18911/2/2023).

 

დავის საგანი:

ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.10.2022 წლის ID:---------- შესაგებელი;

2. შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1582 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა 13.10.2022 წლის ID:---------- გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, სადაც მიუთითა, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (გარდა მოსაკრებლ(ებ)ის და ადმინისტრაციული ჯარიმის პირადი აღრიცხვის ბარათებისა) ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა, სულ 100 184,48 ლარის ოდენობით და მოითხოვა საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ერთიან საბიუჯეტო გადასახადში/სანქციაში არსებული ზედმეტად გადახდილი თანხიდან 51 000 ლარის დაბრუნება ბანკის ანგარიშზე. ზედმეტობის წარმოშობის მიზეზად დაფიქსირებულია სრული საგადასახადო შემოწმების აქტი (ბრძანება №13502, 4.06.2018-8.04.2019 წწ).

აუდიტის დეპარტამენტის 28.10.2022 წლის ID:---------- შესაგებელში მითითებულია, რომ სახეზეა „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის ან ანგარიშსწორების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უარის თქმის საფუძველი, კერძოდ 2019-2022 წლების მარტის თვის მოგების გადასახადის თვის დეკლარაციაში არ ფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ნაშთი.

აუდიტის დეპარტამენტის 28.10.2022 წლის ID:---------- შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1582 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 63- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 65-ე მუხლზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამის პერიოდში მოქმედი რედაქციის 131 მუხლის პირველი პუნქტზე, 134 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე და იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის შემდგომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მოთხოვნის შესწავლა, რა დროსაც დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილ 2019-2022 წლების მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციებში არ ფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ნაშთი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში მიუთითებდა, რომ გაუგებარია შემოსავლების სამსახურის პოზიცია წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ თავად ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, ითვალისწინებს კომპანიისთვის ამავე მუხლით გამოვლენილი შეუსაბამობების შემთხვევაში ხარვეზის დადგენას. მითითებული დანაწესი მოთხოვნაზე უარის თქმას დასაშვებად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ ხარვეზს საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრის. შემოსავლების სამსახურის მხრიდან დარღვეული იქნა განცხადების განხილვის ფორმალური წესი. კერძოდ, ხარვეზის დადგენის ნაცვლად განმხილველმა ორგანომ, პირდაპირ უარი განაცხადა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ შესაგებელში შემოსავლების სამსახური უარის თქმის საფუძვლად უთითებს, რომ 2019-2022 წლებში მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში არ ფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ნაშთი. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად და ჯეროვნად არ შეისწავლა საქმესთან დაკავშირებული ფაქტები და საქმის მასალები.

საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადისგან თავისუფლდება აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა მათ მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა) განაწილება.

შპს „----------“ მინიჭებული ნებართვის საფუძველზე 2018 წლამდე ეწეოდა აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის საქმიანობას. საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „----------“-ს მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება გათავისუფლებული იყო მოგების გადასახადისგან, რის გამოც კომპანია არ წარადგენდა მოგების გადასახადის დეკლარაციას.

რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, კომპანიას ნებართვა გაუუქმდა 2017-2018 წლებში. ამ პერიოდიდან კომპანიამ შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა და შესაბამისად, ვერ წარადგენდა მოგების გადასახადის დეკლარაციას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის ფორმალური და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.10.2022 წლის №11541216 შესაგებელი, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საქმის გარემოებების სრულყოფილი შესწავლის შედეგად მიიღოს ახალი გადაწყვეტილება 13.10.2022 წელს წარდგენილ განცხადებაზე, რომლითაც უნდა დაკმაყოფილდეს განმცხადებლის მიერ წარდგენილი, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ზედმეტად გადახდილი გადასახადების უკან დაბრუნების თაობაზე.

ამ არგუმენტების საპირწონედ, შემოსავლების სამსახური თავის მიერ 1.02.2023 წელს მიღებული №1582 ბრძანებაში შაბლონურად მიუთითებს იგივე ნორმებზე, რომლის განმარტებაც კომპანიისთვის გაუგებარია და სწორედ აღნიშნულ საფუძვლებს ხდიდა კომპანია სადავოდ, რადგანაც დასაბუთებული საჩივრითა და მასზე თანდართული დოკუმენტებით, ცალსახად დასტურდებოდა, რომ ის საფუძვლები, რომელიც აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო, არ გამომდინარეობდა ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შესწავლისა და შეფასების შედეგად, რის გამოც სახეზე იყო არასწორი გადაწყვეტილება გადამხდელისათვის ზედმეტობის უკან დაბრუნების თაობაზე უარის თქმის შესახებ.

კომპანიისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი ჯერ განხილულ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ხოლო შემდგომ შემოსავლების სამსახურის მიერ, კიდევ გაუგებარია თუ რა კავშირშია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული აქტების დასაბუთებასა და ფაქტობრივ გარემოებებს შორის და იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე გვაქვს თანხის დაბრუნების საფუძველი, რატომ არ ახორციელებს აღნიშნულს ადმინისტრაციული ორგანო.

ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასევე დარღვეულია აქტის გამოცემისა და მომზადების მატერიალური ნორმები, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად წერილობით გაცემული აქტი უნდა იყოს დასაბუთებული, რაც არ გულისხმობს მხოლოდ სამართლებრივი ნორმების მითითებას, მათი შემდგომი ანალიზის გარეშე და ეს დასაბუთება განმცხადებლისათვის/მომჩივნისთვის უნდა ქმნიდეს ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციის დასაბუთების იმ სტანდარტს, რომელიც მას სამომავლოდ მისცემს ლეგიტიმურ საფუძველს და მიაღებინებს გადაწყვეტილებას გაასაჩივროს თუ არა მიღებული გადაწყვეტილება, ამასთან საქმის ირგვლივ არსებული მასალები არ არის სრულად გამოკვლეული, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ მიიღო მხედველობაში საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის ფორმალური და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.10.2022 წლის №11541516 შესაგებელი, შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1582 ბრძანება, შესაგებელი, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საქმის გარემოებების სრულყოფილი შესწავლის შედეგად მიიღოს ახალი გადაწყვეტილება 13.10.2022 წელს წარდგენილ განცხადებაზე, რომლითაც უნდა დაკმაყოფილდეს განმცხადებლის მიერ წარდგენილი, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ზედმეტად გადახდილი გადასახადების უკან დაბრუნების თაობაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება მოგების/საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციების მიხედვით წარმოდგენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთები შეესაბამება თუ არა წინა საანგარიშო წლის დეკლარაციაში დაფიქსირებული საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების შესახებ მონაცემებს.

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას.

საქმის გარემოებებით დგინდება, რომ მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა 13.10.2022 წლის ID:---------- გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა და მოითხოვა ზედმეტად გადახდილი თანხიდან 51 000 ლარის დაბრუნება.

აუდიტის დეპარტამენტის 28.10.2022 წლის ID:---------- შესაგებელით უარის თქმის საფუძველია ის, რომ 2019-2022 წლების მარტის თვის მოგების გადასახადის თვის დეკლარაციაში არ ფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ნაშთი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, 13.10.2022 წლის ID:---------- გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემები (მათ შორის ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე დეკლარაციების დაზუსტების შემთხვევაში, დაზუსტებული დეკლარაციების მონაცემები) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესრულება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 28.10.2022 წლის ID:---------- შესაგებელი და შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1582 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესრულება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება უარყოფით პასუხს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გარემოებებით დგინდება, რომ მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა 2022 წელს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა და მოითხოვა ზედმეტად გადახდილი თანხიდან ნაწილის დაბრუნება. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის შესაგებელით უარის თქმის საფუძველია ის, რომ 2019-2022 წლების მარტის თვის მოგების გადასახადის თვის დეკლარაციაში არ ფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ნაშთი.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემები (მათ შორის ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე დეკლარაციების დაზუსტების შემთხვევაში, დაზუსტებული დეკლარაციების მონაცემები) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესრულება.

 

დასაბუთება

 

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63; 65,