ამხანაგობიდან მიღებული საცხოვრებელი ფართის (ბინების) მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა N 11117

11117 ამხანაგობიდან მიღებული საცხოვრებელი ფართის (ბინების) მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა 05.09.2018
№ დოკუმენტი 11117
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ამხანაგობიდან მიღებული საცხოვრებელი ფართის (ბინების) მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა N 11117

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმომ, 2006 წელს შექმნილი ამხანაგობის დაკვეთით, მოახდინა მრავალფუნქციური კომპლექსის/შენობის მშენებლობის დასრულება. რომელიც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ შეყვანილია დღგ-ით ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ იმ ობიექტთა ნუსხაში, რომელზეც ვრცელდება სსკ-ის 309-ე მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათები. მშენებლობის ნებართვა 2008 წლის თებერვალში გაცემულია ამხანაგობის სახელზე. საწარმოს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადაეცა მშენებარე ფართის გარკვეული ოდენობა.

· საწარმომ მიიჩნია, რომ აკმაყოფილებდა სსკ-ის 309-ე მუხლის 79-ე - 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ყველა პირობას და დღგ-ით არ დაბეგრა არც ამხანაგობისათვის გაწეული სამშენებლო მომსახურება და არც ამხანაგობიდან გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული უძრავი ქონების (კომპლექსში არსებული ბინების) მიწოდება.

შეფასება

· სსკ-ის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება 2015 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელებული უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია სსკ-ის 309-ე მუხლის 79ე - 81-ე ნაწილებით გათვალისწინებული ყველა პირობა. სსკ-ის 309-ე მუხლის მე-80 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. ამასთან, სსკ-ის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა გულისხმობს, რომ მიწოდების მომენტისათვის უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირი უნდა იყოს ამ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელი.

· იმის გათვალისწინებით, რომ საწარმო უძრავი ქონების მიწოდების მომენტისათვის არ იყო შესაბამის ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელი, საწარმოს უფლება აქვს, ისარგებლოს დადგენილი შეღავათით, მხოლოდ ამხანაგობისთვის გაწეული მომსახურების ნაწილში. ხოლო ამხანაგობიდან გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული აქტივის (ბინების) გადაყიდვა დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.

ღონისძიებები

· საწარმოს დაერიცხება დამატებული ღირებულების გადასახადი და დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2018 წლის 10 აგვისტოსთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება 2015 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით