ბრძანება N 22802

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.09.2023
№ დოკუმენტი 22802
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22802

18 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,-------’’ (ს/ნ ------)

(მის.: ---------)

2023 წლის 27 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს ,,-------ს’’ (ს/ნ -----) №82631/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივლისის №042-17 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2021 წლის ივნისში საწარმოს მიერ გამოწერილია 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლებიც გაუქმებულია. პირველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გაუქმდა 2021 წლის 22 ივნისს, ხოლო მეორე გაუქმდა 2021 წლის 14 ივლისს. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიდან ერთი ანგარიშ-ფაქტურა (ეა------) გამოყენებულ იქნა ფიქტიურ ოპერაციებში დასკვნის მისაღებად, ხოლო პირველი ანგარიშ-ფაქტურა რეალურად გამოიწერა და მალევე გაუქმდა, ისე რომ არ მომხდარა მისი დეკლარაციაში ასახვა. შესაბამისად, ორივე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფიქტიურ ოპერაციებში გამოყენებად განხილვა არასწორად მიაჩნია. აცხადებს, რომ კოოპერატივ ,,------თვის’’ ცისტერნების მიწოდებაზე გამოწერილია მესამე საგადასახადო ანაგრიშ-ფაქტურაც (ეა------) 2022 წლის მარტის საანაგრიშო პერიოდით, რომელიც ასევე განხილულია ფიქტიური ოპერაციის ამსახველად, რაც გადამხდელს არასწორად მიაჩნია, რადგან აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ იმპორტის რეჟიმით შემოტანილია საქონელი, რომელიც სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიაწოდა კოოპერატივ ,,-------ს’’. აცხადებს, რომ იმპორტით შემოტანილი ცისტერნების მიწოდება შემოწმების მიერ განხილულია როგორც სხვა პირზე მიწოდება, საიდანაც მისაღები თანხები ჩათვლილია ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას მიღებულ ფულად სახსრებში და მასზე დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი, როგორც სახელფასო განაცემზე. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს ფიქტიურ ოპერაციად განხილულ თანხაზე დარიცხული გადასახადისა და სანქციების შემცირებას. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს ჯარიმებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №5269 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,------ს’’ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 15 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 3 ივლისის №15631 ბრძანება და ამავე თარიღის №042-17 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 761 123 ლარი, მათ შორის: გადასახადი 130 232 ლარი, ჯარიმა 602 827 ლარი, საურავი 28 064 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ გადამხდელს კოოპერატივ ,,------თვის’’ (ს/ნ -----) ღვინის საწარმოებლად უნდა მიეწოდებინა 9 ცალი ცისტერნა 2020 წლის 8 აპრილს ა(ა)იპ ,,-------ს’’ და კოოპერატივ ,,-----ს’’ შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების გათვალისწინებით, რის საფუძველზეც ,,-------მა’’ მიიღო თანადაფინანსების თანხა 500 000 ლარი, რაც ჩარიცხულია შპს ,,------თვის’’. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს ,,------ს’’ მიერ კოოპერატივ ,,------თვის’’ გამოწერილია 2021 წლის 21 ივნისით დათარიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა------ (ღირებულებით 560 000 ლარი), რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით არის ყალბი/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი. ასევე 2021 წლის 23 ივნისს გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა------ (ღირებულებით 565 000 ლარი), რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით ასევე არის ყალბი/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი. ზემოაღნიშნული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის წაშლილი/გაუქმებული. თუმცა, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიმღებმა -კოოპერატივმა ,,------მა’’ გაუქმებამდე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოიყენა ა(ა)იპ ,,------თვის’’ წარსადგენი ყალბი აუდიტორული დასკვნის მისაღებად. ამასთან, 2022 წლის 30 მარტს საწარმოს მიერ ისევ გამოწერილია იგივე შინაარსის 2022 წლის 15 აპრილით დათარიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა------ (ღირებულებით 560 000 ლარი), რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ასევე არის ყალბი/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი. ასევე, შპს ,,------ს’’ მიერ 2022 წლის მარტში განხორციელებულია 6 ცისტერნის იმპორტი, რომელზეც გადამხდელს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, გადამხდელს აღნიშნული ცისტერნები გადაცემული აქვს სხვა პირებისთვის. გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არის ნული. 2021 წლის მარტში შპს ,,-----ს’’ კოოპერატივ ,,------გან’’ მიღებული აქვს 60 000 ლარი, 2021 წლის აპრილის თვეში- 250 000 ლარი, რაზეც გადამხდელის მიერ გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასახულია დღგ-ის დეკლარაციებში. ვინაიდან აღნიშნული თანხები მიღებულია ოპერაციიდან, რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით არ განხორციელებულა, შემოწმებით ჩაითვალა, რომ არ კმაყოფილდება ავანსის კრიტერიუმები და შემოწმების მიერ შემცირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის 18%-იანი ბრუნვა, კერძოდ შემცირდა ბრუნვა, რომელზეც საკომპენსაციო თანხის გადახდა განხორციელდა საქონლის/მომსახურების მიწოდებამდე, ასევე შემცირდა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

აგრეთვე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა გამოიწვია იმპორტირებული 6 ცისტერნის მიწოდებამ, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა საშუალო შეწონილი ფასნამატის (19%) გავრცელებით თვითღირებულებაზე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჯამში შემცირდა გადასახადი.

 გადამხდელის ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს მინერალური სასუქებითა და აგროქიმიური პროდუქტებით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება, როგორც დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე, ასევე 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა არ განხორციელებულა, შესაბამისად შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ განხორციელდა შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაყოფა კატეგორიების მიხედვით, მათი დაკავშირება და ფასნამატის დადგენა თითოეული ჯგუფის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წლის მარტის თვის დეკლარაციაში 2020 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის ნაშთად დაფიქსირებულია 105 834 ლარის ღირებულების ნაშთი, რომლის გაშიფვრა კომპანიის მიერ არ მომხდარა, აქედან გამომდინარე, ხსენებული ნაშთი გადანაწილდა კატეგორიებად დაყოფილ საქონელზე 2020 წელს განხორციელებული შეძენების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით სმფ-ის საბოლოო ნაშთი კომპანიას არ გააჩნია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განხორციელდა საქონლის მოძრაობის გაანგარიშება და შესაბამის კატეგორიაზე გავრცელდა შესაბამისი დოკუმენტური ფასნამატი. ისეთ საქონელზე, რომელიც არ იყო რეალიზებული ან/და დაკავშირება ვერ მოხდა გავრცელდა საშუალო შეწონილი ფასნამატი 18%-ის ოდენობით. აღნიშნულმა გავლენა იქონია, როგორც დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაზე - გაიზარდა ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ბრუნვები, ასევე საშემოსავლო გადასახადზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშებული დღგ-ის 18%-ით დამატებით დასაბეგრი ბრუნვა მცირედით აღემატება დეკლარირებულს, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა დარიცხვა. ამასთან, ვინაიდან შემოწმებით გაიზარდა შემოსავალი, განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშება და სხვობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ნაწილში შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით შპს ,,------ს’’ მიერ კოოპერატივ ,,-----თვის’’ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი. ზემოაღნიშნული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიდან 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის წაშლილი/გაუქმებული, თუმცა, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, კოოპერატივმა ,,-----მა’’ გაუქმებამდე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოიყენა ა(ა)იპ ,,------თვის’’ წარსადგენი ყალბი აუდიტორული დასკვნის მისაღებად. აგრეთვე, 2021 წლის მარტში შპს ,,------ს’’ კოოპერატვივ ,,------გან’’ მიღებული აქვს 60 000 ლარი, 2021 წლის აპრილის თვეში- 250 000 ლარი, რაზეც გადამხდელის მიერ გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასახულია დღგ-ის დეკლარაციებში. ვინაიდან, აღნიშნული თანხები მიღებულია ოპერაციიდან, რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით არ განხორციელებულა, შემოწმებით ჩაითვალა, რომ არ კმაყოფილდება ავანსის კრიტერიუმები და შემცირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე შემცირდა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შპს ,,------ს’’ მიერ 2022 წლის მარტში განხორციელებულია 6 ცისტერნის იმპორტი, რომელზეც გადამხდელს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელს აღნიშნული ცისტერნები გადაცემული აქვს სხვა პირებისთვის. გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არის ნული. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჯამში შემცირდა გადასახადი.

ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ მასალებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში დამატებითი ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშების შედეგად გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს;

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა არ განხორციელებულა. შესაბამისად, შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ გაანგარიშებული დღგ-ის 18%-ით დამატებით დასაბეგრი ბრუნვა მცირედით აღემატებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულს, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არ განხორციელდა. ამასთან, ვინაიდან შემოწმებით გაიზარდა შემოსავალი, განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშება და სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

შემოწმებით განსაზღვრულ სანქციებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,------’’ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივლისის №042-17 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანი ითხოვს ფიქტიურ ოპერაციად განხილულ თანხაზე დარიცხული გადასახადისა და სანქციების შემცირებას. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს ჯარიმებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით მომჩივნის მიერ კოოპერატივთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი. ზემოაღნიშნული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიდან 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის წაშლილი/გაუქმებული, თუმცა, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, კოოპერატივმა გაუქმებამდე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოიყენა ყალბი აუდიტორული დასკვნის მისაღებად. აგრეთვე, 2021 წლის მარტში მომჩივანს კოოპერატივისგან მიღებული აქვს 60 000 ლარი, 2021 წლის აპრილის თვეში- 250 000 ლარი, რაზეც გადამხდელის მიერ გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასახულია დღგ-ის დეკლარაციებში. ვინაიდან, აღნიშნული თანხები მიღებულია ოპერაციიდან, რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით არ განხორციელებულა, შემოწმებით ჩაითვალა, რომ არ კმაყოფილდება ავანსის კრიტერიუმები და შემცირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე შემცირდა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, მომჩივნის მიერ 2022 წლის მარტში განხორციელებულია 6 ცისტერნის იმპორტი, რომელზეც გადამხდელს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელს აღნიშნული ცისტერნები გადაცემული აქვს სხვა პირებისთვის. გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არის ნული. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჯამში შემცირდა გადასახადი.

განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშება და სხვობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებითი ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 43(4), 159(1"ა""ბ"), 168(1), 269(1)(7), 270(1)(2), 275(1), 282(3), 73(4)(5"ა")(9"ა""ბ"), 101(1), 154(1"ა").