ბრძანება N 13350
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13350
14.06.2023
ფ/პ ------------ (პ/ნ-----------)
(მის.: ------------------)
2023 წლის 3 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა
ფ/პ ------------- (პ/ნ -------------) 2023 წლის 3 მაისის №80779/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №002-41 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. აცხადებს რომ მის საქმიანობას წარმოადგენს უძრავი ქონების შეძენა/აშენება გაქირავების მიზნით. მიუთითებს, რომ უძრავი ქონების სასურველ ფასში შეძენის მიზნით ძალიან კარგი საშუალებაა ქონების შეძენა გამოსყიდვის უფლებით, ვინაიდან მესაკუთრეები აღნიშნულ სიტუაციაში ქონებას ყიდიან გაცილებით უფრო იაფად, ვიდრე რეალურად ეღირებოდა. არის შემთხვევები, როდესაც ყოფილი მესაკუთრე ვერ გამოისყიდის ქონებას და იგი რჩება შემძენს. სწორედ იმ მიზნით, რომ საბაზროზე შედარებით უფრო ნაკლებ ფასად შემძინა უძრავი ქონება და შემდგომში გაექირავებინა, გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულებები გამოსყიდვის უფლებით შემდეგ პირებთან: ----------, ----------, ----------, ----------, ----------, ----------, ----------, ---------- და ----------. აღნიშნავს, რომ ორ შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, კერძოდ ---------- და ---------- ვერ გამოისყიდეს ქონება და საკუთრების სრული უფლება გადავიდა მასზე, ხოლო 8 შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრეებმა გამოისყიდეს თავიანთი ქონება. განმარტავს, რომ მისი მიზანი არ ყოფილა თანხის გაპროცენტება, საპროცენტო სარგებლის მიღება, რომელიც არც მიუღია. საჩივარზე თანდართულ დოკუმენტებში წარმოდგენილი აქვს ხელშეკრულებები და ხელწერილები, იმის დადასტურების მიზნით, რომ ამ პირებზე თანხა არ გაუსესხებია. ასევე მიუთითებს, რომ უზუსტობებია შემმოწმებლის მიერ გაგზავნილ მონაცემებში, კერძოდ, ----------, ----------, ---------- და ---------- მიმართებით სასესხო ხელშეკრულებების დასრულების თარიღში, შესაბამისად, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა მოხდა არასწორად.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს და მიუთითებს, რომ 2021 წელს არ მიუღია ერთობლივი შემოსავალი 150 865 ლარის ოდენობით, რის საფუძველზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის N1660 ბრძანების საფუძველზე ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) ჩაუტარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 23 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 5 აპრილს გამოსცა №7412 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №002-41 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 69 387 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 45 249 ლარი, ჯარიმა 14 619 ლარი და საურავი 9 519 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ასახული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ფ/პ ---------- საქმიანობის სფეროა ბინების შესყიდვა გამოსყიდვის უფლებით, საპროცენტო შემოსავლის მიღების მიზნით. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს ფიზიკურ პირებთან გაფორმებული აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებები გამოსყიდვის უფლებით, კერძოდ, 2020 წლიდან გაფორმებული აქვს 11 ნასყიდობის ხელშეკრულება, ჯამურად 1 704 270 ლარის ღირებულებით. აღნიშნული ბინებიდან 8 ბინა არის გამოსყიდული. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული მონაცემები პირს არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში. გადასახადის გადამხდელის მიერ გამოსყიდვის უფლებით დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხა ჩაითვალა სესხად გაცემულ თანხად, რომელიც ამავდროულად მოიცავს შესაბამის საპროცენტო სარგებელს, თვიური 2 პროცენტის სახით. გამყიდველის მიერ გამოსყიდვის უფლების განხორციელების შემთხვევაში კი ჩაითვალა, რომ მან სრულად დააბრუნა ნასესხები თანხა და შესაბამისად, გადაიხადა საპროცენტო სარგებელი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის და მე-80 მუხლის მიხედვით, განისაზღვრა მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი და დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელს 2021 წელს მიღებული აქვს ერთობლივი შემოსავლის სახით 150 865 ლარი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ასახული და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა ფ/პ ----------- (პ/ნ ----------) საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონება, რომელიც პირს არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა გადასახადის გადამხდელის ქონების გადასახადი. პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფინანსურ მომსახურებად/ოპერაციად განიხილება კრედიტის (სესხის) აღება/გაცემა/გადაცემა, სინდიცირება, სტრუქტურირება, მართვა და განკარგვა, მათ შორის, კრედიტის (სესხის) უზრუნველსაყოფად განხორციელებული ქმედებები (ქონების/აქტივის დაგირავება, საკრედიტო რისკის მესამე პირზე ნაწილობრივ ან მთლიანად გადაყიდვა, გარანტიების ან ანალოგიური შინაარსის ფინანსური ინსტრუმენტების გაცემა/დამოწმება/მართვა/განკარგვა ან ასეთი ინსტრუმენტის შეძენა/მის ბენეფიციარად ყოფნა), კრედიტის (სესხის) მომსახურება (საპროცენტო სარგებლისა და ძირის გადახდა) და კრედიტზე (სესხზე) საპროცენტო სარგებლისა და კრედიტის (ძირის) დაფარვის მიღება, აგრეთვე ფაქტორინგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.
2. საგადასახადო სამართალდარღვევით მიღებული შემოსავალი ან განხორციელებული სხვა ოპერაცია იბეგრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, ფიზიკურ პირებთან გაფორმებული აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებები გამოსყიდვის უფლებით. გადასახადის გადამხდელის მიერ გამოსყიდვის უფლებით დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხა ჩაითვალა სესხად გაცემულ თანხად, რომელიც ამავდროულად მოიცავს შესაბამის საპროცენტო სარგებელს, თვიური 2 პროცენტის სახით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები..
წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არაერთი ხარვეზია. კერძოდ, აუდიტორის მიერ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი ექსელის ფაილით ირკვევა რომ:
---------- შემთხვევაში აუდიტორს ხელშეკრულების საწყის პერიოდად მითითებული აქვს 2020 წლის 15 თებერვალი და შესაბამისი დარიცხვებიც გაკეთებული აქვს 15 თებერვლიდან, ნაცვლად 25 თებერვლისა. ასევე, ხელშეკრულების გაუქმების ვადად მითითებულია 2020 წლის 25 აგვისტო, მაგრამ შემმოწმებელს დარიცხვა გათვალისწინებული აქვს 2021 წლის 3 მარტის ჩათვლით.
---------- ხელეკრულება გაფორმებულია 2021 წლის 9 სექტემბერს, დადგენილ დროში გამოსასყიდი თანხის გადაუხდელობის გამო ქონება დღესდღეობით მის საკუთრებაშია. ---------- არანაირი თანხა მომჩივნისთვის გადახდილი არ აქვს, საპროცენტო განაკვეთზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. თუმცა ამ შემთხვევაშიც აუდიტორმა საპროცენტო განაკვეთი დათვალა 2021 წლის 9 სექტემბრიდან 2022 წლის 23 ივნისამდე პერიოდზე.
---------- ხელშეკრულება გაფორმებულია 2021 წლის 11 თებერვალს, ხოლო ვინაიდან ---------- 2021 წლის 25 მარტს დააბრუნა გადახდილი თანხა და გამოისყიდა ქონება, იმავე დღეს შეწყდა ვალდებულება და უკან დაუბრუნდა ქონება. ამ შემთხვევაში შემმოწმებელმა ჩათვალა, რომ ხელშეკრულება დღემდე არ არის გაუქმებული და 2021 წლის 11 თებერვლიდან მიმდინარე პირიოდამდე გადამხდელს დაეკისრა მიღებული/მისაღები საპროცენტო სარგებლის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში შემმოწმებლის მიერ გამოყენებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ხელახალი გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ---------- მიმართებაში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი და პირს ზედმეტად დაერიცხა ძირი გადასახადი 10 დღეზე, ხოლო რაც შეეხება ----------, საპროცენტო სარგებლის მიღებად ითვლება ხელშეკრულების გაუქმების თარიღი, შესაბამისად, ვინაიდან აუდიტორის მიერ ვერ მოხერხდა აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმების დოკუმენტის მოძიება, აღნიშნული ხელშეკრულება ჩაითვალა მიმდინარედ, შესაბამისად ამ ხელშეკრულებაზე არ მომხდარა საპროცენტო სარგებლის დარიცხვა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლებს სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხთან დაკავშირებით შეისწავლოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;
მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილების მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის 2021 წელს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მიღება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ასახული და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა ფ/პ ---------- საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონება, რომელიც პირს არ ჰქონდა დაბეგრილი ქონების გადასახადით, შესაბამისად, პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
2.გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს.
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ასახული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანის საქმიანობის სფეროა ბინების შესყიდვა გამოსყიდვის უფლებით, საპროცენტო შემოსავლის მიღების მიზნით. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს ფიზიკურ პირებთან გაფორმებული აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებები გამოსყიდვის უფლებით.აღნიშნული ბინებიდან 8 ბინა არის გამოსყიდული.ზემოაღნიშნული მონაცემები პირს არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში.ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხა ჩაითვალა სესხად გაცემულ თანხად, რომელიც ამავდროულად მოიცავს შესაბამის საპროცენტო სარგებელს, თვიური 2 პროცენტის სახით. გამყიდველის მიერ გამოსყიდვის უფლების განხორციელების შემთხვევაში კი ჩაითვალა, რომ მან სრულად დააბრუნა ნასესხები თანხა და შესაბამისად, გადაიხადა საპროცენტო სარგებელი.მომჩივანს განესაზღვრა გადასახადი და ჯარიმა. ასევე ირკვევა, რომ მომჩივანს საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონება, არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლებს სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხთან დაკავშირებით შეისწავლოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;
მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
136(1);61(3);9(1);15(2გ);73(1,2,4);80(1);81(1);100(1);102(1);153(1ა);201(1გ,ა);202(5);205(1);
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილი