გადაწყვეტილება №27088/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27088/2/2026
22 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 6.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27088/2/2026).
დავის საგანი:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის სისწორე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.02.2026 წლის №2749 ბრძანება სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შესახებ;
2. შემოსავლების სამსახურის 17.03.2026 წლის №5748 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ტექსტილით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.02.2026 წლის №2749 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.03.2026 წლის №5748 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 491 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 261-ე მუხლის პირველი ნაწილით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 26-ე მუხლით და 30-ე მუხლის მე-3 ნაწილით, განმარტავს, რომ გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს არაქართულენოვან წარმომადგენელს -----ს დაუკავშირდა მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი. ბ-ნი --- იმ დროს იმყოფებოდა ბანკში და ახორციელებდა მომწოდებელისთვის დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, მისთვის სრულად გაუგებარი იყო საგადასახადო ოფიცერთა მოთხოვნა და შინაარსი. რომ აღმოაჩინეს ბ-ნი --- ვერ იგებდა და ვერც აგებინებდა სათქმელს, ზეწოლით, დაჩქარებით, სადამსჯელოდ, ფორმალურად დააფიქსირეს ერთი საწყობი, სადაც მიიყვანა ბ-ნმა ---მა ბანკიდან, საყურადღებოა რომ იგი ამ დროს იყო შეშინებული, ვერ აგებინებდა სათქმელს, მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები იქცეოდნენ აგრესიულად, ხსენებულ დღეს არ განხორციელებულა კომუნიკაცია არც თარჯიმანთან, არც კომპანიის სხვა ქართულენოვან წარმომადგენელთან. ბ-ნი --- კი ითხოვდა პროცედურის გადადებას.
ოფიცერთა მხრიდან მოხდა მხოლოდ ერთი საწყობის დალუქვა სადაც განთავსებულია კომპანიის სმფ-ების მხოლოდ 19-20%, ხოლო სხვა საწყობები არც აღწერილა და ფაქტობრივად დაიგნორებულ იქნა შემოწმების პროცესში, მეორე დღიდანვე კომპანიის ქართულენოვანმა წარმომადგენლებმა მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სხვა საწყობების შესახებ, თუმცა უშედეგოდ, შემდგომ დააფიქსირეს წერილობითად მრავალგზის კომუნიკატორის, განცხადებების სახით, ესეც უშედეგოდ.
შესაბამისად მათ აღწერეს მხოლოდ ერთი საწყობი და მიაწოდეს არასრული ინფორმაცია საწარმოს ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ, შემმოწმებელ აუდიტორს, რომელიც ახორციელებს საწარმოს კამერალურ შემოწმებას. კომპანიის წარმომადგენელი ---, რომელიც არ ფლობდა სახელმწიფო ენას ახორციელებდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისე, რომ ის სრულყოფილად არ ფლობდა სახელმწიფო ენას, მან მიუთითა სხვა საწყობებზეც, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მაკონტროლებლებმა დაინახეს, რომ --- ვერ გადმოცემდა ინფორმაციას სრულად, მაინც გააგრძელეს აღრიცხვის პროცედურა.
--- ითხოვდა აღრიცხვის პროცედურების გადადებას და შემდეგ დღეს განხორციელებას, თუმცა მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენლებმა აღნიშნული არ გაითავალისწინეს.
უზენაესი სასამართლოს განმარტებით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის (საქმე №ბს-203(კ-20) 30.09.2020წ.) თარგმნის ვალდებულება საგადასახადო ორგანოს არ გააჩნია, თუმცა აღნიშნული განმარტება არ გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელმა გამოკითხო პირი, რომელიც არ ფლობს სახელმწიფო ენას.
(საქმე 22.01.2015წ. №ბს-144-141(2კ-14)) განჩინებით უზენაესმა სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ პირმა, რომელიც არ ფლობს სახელმწიფო ენას, უნდა მიუთითოს იმ გარემოებებზე, როდესაც სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ის მოკლებული იყო უფლებას ესარგებლა თარჯიმნის მომსახურებით. მოცემული საქმიდან კი ცალსახად იკვეთება, რომ ---მა აღრიცხვის პროცედურის გადადება ითხოვა, თუმცა მიუხედავად ამისა და ასევე იმ გარემოებისა, რომ ის სრულყოფილად არ ფლობდა ქართულ ენას დაჩქარებული რეჟიმით წარიმართა აღრიცხვის პროცედურები, უფრო მეტიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად გამოსაკითხი პირი ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ფლობს კანონიერ უფლებას მისცეს ახსნაგანმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი. საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით. გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით. გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
ამავე კოდექსის 258-ე მუხლის შესაბამისად კი თარჯიმანს ნიშნავს სახელმწიფო ორგანო. მოცემულ შემთხვევაში ---ს აღნიშნული უფლება წართმეული ჰქონდა. როგორც საქართველოს მოქალაქეს ---ს უნდა ესარგებლა თარჯიმნის მომსახურებით, რომელიც მას გარანტირებული აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით და როგორც ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, ეს უფლება მხოლოდ სასამართლო განხილვის ეტაპს არ ეხება.
მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მეორე დღიდანვე(კომპანიის ბუღალტერის მხრიდან მოხდა სხვა საწყობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება) აღმოაჩინეს, რომ იყო სხვა ორი საწყობი, რომელიც არ დალუქულა, ასევე მიიღეს კომპანიის წარმომადგენლებისგან განმარტებები რომ დაახლოებით კომპანიის საქონელის 19-20% მდებარეობდა იმ საწყობში რომელიც დალუქეს და დაიწყეს აღწერა.
მეორე დღიდანვე - 10 თებერვლიდანვე, როდესაც ვერბალურად მოხდა კომპანიის ბუღალტერის და სხვა ქართულენოვანი წარმომადგენლების მხრიდან გაპროტესტება და მოთხოვნა იმისა, რომ სხვა საწყობებიც აქვთ და უნდა აღიწეროს, სიტყვიერად სხვა საწყობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ინვენტარიზაციის მოთხოვნებს მოყვა წერილობითი განცხადებები, კერძოდ 13.02.2026წ დაწერილია განცხადება კომუნიკატორის საშუალებით და ასევე 18.02.2026წ ოფიციალური განცხადებები აუდიტის დეპარტამენტის უფროსის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის სახელზე.
საწარმოს აქვს სხვა საწყობები, რომელთა აღწერაც არ მომხდარა. წერილობით განცხადებებზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა, ხოლო სიტყვიერ მოთხოვნებს მონიტორინგის წარმომადგენელთა მხრიდან მეორე დღესვე მოყვა სიტყვიერი პასუხები, რომ ვინაიდან კომპანიის (არაქართულენოვანმა) წარმომადგენელმა, პირველივე დღეს არ დააფიქსირა სხვა საწყობების შესახებ ინფორმაცია. ნაშთის 19-20% აღწერა მიმდინარეობდა 4-5 დღის განმავლობაში, კომპანიას ჯამში 9 თებერვლამდე იმპორტირებული ქონდა 7 598 984 ლარის ღირებულების, 913 ტონა (913032 კგ ) საქონელი + ადგილობრივი შეძენის გზით 83 440 ლარის (10 ტონა), ჯამში 7 682 424 ლარის ღირებულების, დაახლოებით 923 ტონა საქონელი, საიდანაც 9 თებერვლისთვის ნაშთად ქონდა 5 832 740 ლარი, მანამდე შეძენილის დაახლოებით 76%, რაც პროპორციით არის დაახლოებით 700 ტონა, აქედან ----რომლის აღწერაც ჩატარდა, განთავსებული იყო 1 135 117 ლარის საქონელი ანუ მთლიანი ნაშთის 19% დაახლოებით 133 ტონა საქონელი.
შესაბამისად რა ლოგიკას ექვემდებარება ის ფაქტი, რომ 133 ტონა საქონელს რომელსაც რამდენიმე პიროვნება მექანიკურად(რულონებით) ითვლიდა 4-5 დღის განმავლობაში და სხვა საწყობებში განთავსებული იყო დაახლოებით 567 ტონა საქონელი - დაახლოებით 4,2 ჯერ მეტი ოდენობის, წონის და მოცულობის და ერთ დღეში ან თუნდაც რამდენიმე დღეში იქ ვინმე მიიტანდა და გააჩენდა. მსგავსი ვარაუდიც რომ სხვა საწყობებში ვინმე ხელოვნურად რამე სურათს შეცვლიდა მოკლებულია ყოველგვარ ფორმალურ, ლოგიკურ, ანალიტიკურ, შინაარსობრივ ახსნას და საფუძველს. ბუღალტრულად სრულად არის აღწერილი სამივე საწყობში შეძენილი საქონელის მიტანის, საწყობებიდან მათი რეალიზაციის და ნებისმიერი პერიოდისთვის თითოეულ საწყობში არსებული ნაშთების შესახებ.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით კიდევ უფრო დიდ გაურკვევლობას იწვევს ის გარემოება, რომ ფაქტია, რომ ორგანიზაციას აქვს სხვა ორი საწყობი, რომლებიც არ აღწერილა და რომლებშიც 2026 წლის თებერვლის ბოლო მდგომარეობით განთავსებულია 5 080 772,40 ლარის ღირებულების სმფ-ები, ასევე მოცემულობაა, რომ მიმდინარეობს საწარმოს სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, გვსურს აღნიშნული შემოწმება ჩატარდეს სამართლიანად, ადეკვატურად, რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით და არა რეპრესიულად, სადამსჯელოდ, უსამართლოდ, კანონმდებლობის უხეში დარღვევით, გამაოგნებელია რეალურად არსებული საქონელის ჩათვლა არარსებულად, რეალიზებულად, დანაკლისად, უფრო გაურკვეველია შემდეგ რა უნდა უყოს საწარმომ აღნიშნულ საქონელს, რომელიც თითქოსდა არ არსებობს. რომლის რეალიზაციას ეწევა დღემდე და შესაბამისად ბეგრავს კუთვნილი გადასახადებით და აწარმოებს დეკლარირებას, არის უამრავი მოწმე: მძღოლების, მყიდველების სახით, რომლებთაც საქონელი მიჰქონდათ იმ საწყობებიდან, რომელიც მდებარეობს: ---- (იგივე ქ ---), რომელიც არ აღწერილა, ფიქსირდება ასევე შიდა გადაზიდვები: ---ის მუნიციპალიტეტის სოფელ ---ში რომელიც ასევე არ აღწერილა. აღნიშნულ საწყობებზე არსებობს ასევე იჯარის ხელშეკრულებები და სხვა უტყუარი მტკიცებულებები, ლოგიკური საფუძვლები, ბუღალტრული აღრიცხვა და ჩანაწერები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს აღნიშნულ საწყობების არსებობას, აღნიშნულ საწყობებში საქონელის მიტანას, რეალიზაციას, ნაშთების შესახებ ინფორმაციას. სოფ---ის საწყობი და ---- ის საწყობი არ აღწერილა, რომლებშიც განთავსებულია საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დაახლოებით 80-81%, სადაც საქონელბრუნვა სრულად აღირიცხება, დეტალურად, კომპანიის მიერ ბუღალტრული ჩანაწერების სახით, საიდანაც შესამოწმებელი პერიოდის შემდგომაც უამრავი საქონელი გაიყიდა და დაიბეგრა შესაბამისად. ითხოვს დაკმაყოფილდეს საჩივრის დაკმაყოფილებას და სადავო აქტების ბათილობას, ასევე საგადასახადო შემოწმების ჩატარებას სამართლიანად, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის დაცვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე კერძოდ, - კომპანიას ჯამში 9 თებერვლამდე იმპორტირებული ქონდა 7 598 984 ლარის ღირებულების, 913 ტონა (913032 კგ) საქონელი + ადგილობრივი შეძენის გზით 83 440 ლარის (10 ტონა), ჯამში 7 682 424 ლარის ღირებულების, დაახლოებით 923 ტონა საქონელი, საიდანაც 9 თებერვლისთვის ნაშთად ქონდა 5 832 740 ლარი, მანამდე შეძენილის დაახლოებით 76%, რაც პროპორციით არის დაახლოებით 700 ტონა, აქედან ---ში, --- რომლის აღწერაც ჩატარდა, განთავსებული იყო 1 135 117 ლარის საქონელი ანუ მთლიანი ნაშთის 19% დაახლოებით 133 ტონა საქონელი. რამდენიმე პიროვნება მექანიკურად (რულონებით) ითვლიდა 4-5 დღის განმავლობაში და სხვა საწყობებში განთავსებული იყო დაახლოებით 567 ტონა საქონელი - დაახლოებით 4,2 ჯერ მეტი ოდენობის, წონის და მოცულობის. ბუღალტრულად სრულად არის აღწერილი სამივე საწყობში შეძენილი საქონელის მიტანის, საწყობებიდან მათი რეალიზაციის და ნებისმიერი პერიოდისთვის თითოეულ საწყობში არსებული ნაშთების შესახებ. ორგანიზაციას აქვს სხვა ორი საწყობი, რომლებიც არ აღწერილა და რომლებშიც 2026 წლის თებერვლის ბოლო მდგომარეობით განთავსებულია 5 080 772,40 ლარის ღირებულების სმფ-ები. აღნიშნულ საწყობებზე არსებობს ასევე იჯარის ხელშეკრულებები და სხვა უტყუარი მტკიცებულებები, ბუღალტრული აღრიცხვა და ჩანაწერები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს აღნიშნულ საწყობების არსებობას, აღნიშნულ საწყობებში საქონელის მიტანას, რეალიზაციას, ნაშთების შესახებ ინფორმაციას. სოფ. ---, ---- ის საწყობი არ აღწერილა, რომლებშიც განთავსებულია საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დაახლოებით 80-81%, სადაც საქონელბრუნვა სრულად აღირიცხება, დეტალურად, კომპანიის მიერ ბუღალტრული ჩანაწერების სახით, საიდანაც შესამოწმებელი პერიოდის შემდგომაც უამრავი საქონელი გაიყიდა და დაიბეგრა შესაბამისად. საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დასკვნა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 17.03.2026 წლის №5748 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის სისწორე.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 10 თებერვალს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღწერა. ყოველი დღის დასასრულს მინდობილი პირი - ხელს აწერდა დანართ №16-ს (ოქმს ფაქტიური აღწერის შესახებ). გამონაკლისი მოხდა მხოლოდ მაშინ, როდესაც დასრულდა აღწერა. მინდობილმა პირმა უარი განაცხადა დანართ №16-ზე ხელის მოწერაზე, რის გამოც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კიდევ ერთი დღით დაილუქა საწყობი.
2026 წლის 18 თებერვალს მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი პირები დაუკავშირდნენ -მომჩივანს და შეხვდნენ სასაწყობე მეურნეობის განთავსების ადგილზე, მან კვლავ უარი განაცხადა დანართ №16-ზე ხელის მოწერაზე, ასევე უარი განაცხადა ლუქების ახსნის შესახებ ოქმზე ხელის მოწერაზეც, რის შემდეგაც ოფიცრებმა ახსნეს ლუქები გადამხდელის თანდასწრების გარეშე და დატოვეს ტერიტორია. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის მასალები გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტს.
გადაწყვეტილება
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1, ბ.