გადაწყვეტილება №22399/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22399/2/2024
19 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 26.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22399/2/2024).
დავის საგანი:
1. ნავთობპროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრა;
2. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გათვალისწინება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.11.2023 წლის №006-554 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.02.2024 წლის №2337 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 3 983 853,69 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 2 081 018
დღგ - 976 270
საშემოსავლო გადასახადი - 1 104 748
ჯარიმა - 823 559
საურავი - 1 079 276,69
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.11.2023 წლის №006-554 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.02.2024 წლის №2337 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ნავთობპროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ფ/პ „----------„ ეკონომიკური საქმიანობის შესწავლის პროცესში საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული №---------- სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით. აღნიშნული მასალების ანალიზით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ „----------“ მიერ ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, მსუბუქი გაზის კონდესატის დისტილატი) რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6 500 000 ლარი. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემებით, ფ/პ „----------“ არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, შესაბამისად, ზემოაღნიშნული საქონლის (ნავთობპროდუქტები) რეალიზაციით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია.
საგადასახადო კოდექსის მე-9, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 165-ე, 282-ე მუხლების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე, მე-100, 102-ე, მუხლების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-9, მე-2, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე, 161-ე, 171-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 165-ე, 282-ე და 43-ე მუხლებზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არსებულ მასალებსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ „----------“ მიერ ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, მსუბუქი გაზის კონდესატის დისტილატი) რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6 500 000 ლარი, ხოლო აღნიშნულ შემოსავალთან დაკავშირებით დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.12.2022 წლის №1/7090-22 განაჩენის მიხედვით: გადამხდელს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლითა და მისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის §214.5.დ. მუხლით (ორი ეპიზოდი).
განაჩენის მიხედვით გადამხდელის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატებოდა შემდეგში:
პირველი ეპიზოდი - შპს „----------“-ის ეპიზოდი: 6.05.2019 წელს „----------“, ---------- და ---------- ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, შპს „----------“ წილის ერთერთი მესაკუთრის ---------- დახმარებით, ----------დან საქართველოში შემოიტანეს 3 831 165,22 ლარის საბაჟო ღირებულების 1 998 150 კილოგრამი მსუბუქი გაზის კონდენსატის დისტილატი. საქონელი დასაწყობდა ---------- მდებარე შპს „----------“-ის კუთვნილ ---------- საბაჟო საწყობში, სადაც საბაჟო საწყობის საქმიანობა ფაქტობრივად ხორციელდებოდა შპს „----------“ მიერ. გაფორმებული საბაჟო დეკლარაციის თანახმად, მსუბუქი გაზის კონდესატის დისტილატი საქართველოში შემოტანილი იქნა თითქოსდა საბაჟო საწყობის სპეციალურ პროცედურაში მოქცევის მიზნით. თუმცა, რეალურად ზემოთ ხსენებულმა პირებმა 2.02.2022 წლამდე პერიოდში, შპს „----------“-ის კუთვნილი საბაჟო საწყობის საბაჟო კონტროლის ზონიდან, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლითა და მისგან მალულად, საქონელი გადმოიტანეს და საბაჟო გადასახდელების გარეშე გაუშვეს თავისუფალ მიმოქცევაში.
ასევე, 4.11.2020 წელს, „----------“, ---------- და ---------- ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ----------დან საქართველოში შპს „----------“ სახელით შემოიტანეს 2 022 250 კგ. საავტომობილო ბენზინი. საქონელი დასაწყობდა ---------- მდებარე შპს „----------“-ის კუთვნილ ---------- საბაჟო საწყობში, სადაც საბაჟო საწყობის საქმიანობა ფაქტობრივად ხორციელდებოდა შპს „----------“ მიერ. გაფორმებული საბაჟო დეკლარაციების თანახმად, საქონელი საქართველოში შემოტანილი იქნა თითქოსდა საბაჟო საწყობის სპეციალურ პროცედურაში მოქცევის მიზნით. თუმცა, რეალურად ზემოთ ხსენებულმა პირებმა, 2.02.2021 წლამდე პერიოდში, შპს „----------“-ის კუთვნილი საბაჟო საწყობის საბაჟო კონტროლის ზონაში დასაწყობებული მარაგიდან, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლითა და მისგან მალულად გადმოიტანეს 202 919,67 ლარის საბაჟო ღირებულების 157 774,64 კილოგრამი ბენზინი, რაც საბაჟო გადასახდელების გადახდის გარეშე გაუშვეს თავისუფალ მიმოქცევაში.
მეორე ეპიზოდი - შპს „----------“ ეპიზოდი: ---------- მდებარე შპს „----------“ კუთვნილ ---------- საბაჟო საწყობში, 7.08.2019 წლიდან დასაწყობდა 6 525 176 კილოგრამი ბენზინი და 418 964 კილოგრამი დიზელი. აღნიშნული საბაჟო საწყობის საქმიანობას წარმართავდნენ: „----------“, ---------- და ----------. 10.11.2020 წლის კრების ოქმის თანახმად, სახელმწიფო სტრუქტურებთან აუცილებელი ურთიერთობის გამარტივების მიზნით, შპს „----------“ დირექტორად დაინიშნა ----------. გაფორმებული საბაჟო დეკლარაციის თანახმად, საქონელი საქართველოში შემოტანილ იქნა თითქოსდა საბაჟო საწყობის სპეციალურ პროცედურაში მოქცევის მიზნით. თუმცა, რეალურად ზემოხსენებულმა პირებმა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, 2.02.2021 წლამდე პერიოდში, შპს „----------“ კუთვნილი საწყობის საბაჟო კონტროლის ზონაში დასაწყობებული მარაგიდან, საბაჟო კონტროლის გვერდით გვერდის ავლითა და მისგან მალულად გადმოიტანეს 11 249 834,06 ლარის საბაჟო ღირებულების 418 964 კილოგრამი დიზელი, რაც საბაჟო გადასახდელების გადახდის გარეშე გაუშვეს თავისუფალ მიმოქცევაში.
განაჩენის მიხედვით პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და პროკურორსა და ბრალდებულს შორის 27.12.2022 წელს დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. შესაბამისად, „----------“ ცნობილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდი: [1] შპს „----------“-ის ეპიზოდი და [2] შპს „----------“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლითა და მისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანაში, თუმცა ზემოხსენებული დანაშაულის ჩადენაში (ორივე ეპიზოდი: [1] შპს „----------“-ის ეპიზოდი, [2] შპს „----------“-ს ეპიზოდი) ცნობილი იქნა კიდევ 2 ფიზიკური პირი - ---------- და ----------.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიხედვით:
შპს „----------“ მიერ ოპერირებულ საბაჟო საწყობში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ნავთობპროდუქტების ნაშთების შემოწმება, რისი შედეგების საფუძველზეც შედგა შემოწმების აქტი ნ.გ 11.02.2021. აღიშნული შემოწმების აქტის მიხედვით საბაჟო საწყობში გამოვლინდა საქონლის დანაკლისი.
საბაჟო საწყობში გამოვლენილი დანაკლისის გამო, საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საბაჟო საწყობს ბიუჯეტში გადასახდელად დააკისრა იმპორტის გადასახდელები (დღგ, აქციზი) იმ ოდენობით, რა ოდენობითაც იმპორტის გადასახდელები დანაკლისად გამოვლენილი საქონლის თავისუფალ მომოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე, საბაჟო საწყობში გამოვლენილი საქონლის დანაკლისების გამო, საბაჟო საწყობის ოპერატორ კომპანიას (შპს „----------“) დაერიცხა ჯარიმა (საბაჟო სანქცია) - დანაკლისად გამოვლენილ საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100%-ის ოდენობით.
სულ შპს „----------“ დარიცხულმა გადასახადების (ძირითადი გადასახადი) თანხამ შეადგინა - 5 787 813,09 ლარი, აქედან საბაჟო იმპორტის დღგ-მა შეადგინა - 2 735 173,04 ლარი, ხოლო აქციზმა - 3 052 640,05 ლარი, რომელიც „----------“ მიერ საკუთარი ხარჯითა და შპს „----------“ სახელით სრულად იქნა გადახდილი ბიუჯეტში.
აუდიტის დეპარტამენტმა მხედველობაში არ მიიღო ამავე სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი გარემოებები და საგამოძიებო ორგანოებიდან მიღებული გამოკითხვის ოქმების საფუძველზე მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების ცვლილება, კერძოდ აუდიტის დეპარტამენტმა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია საბაჟო ორგანოს მიერ დანაკლისად აღიარებული საქონლის განკარგვა (რეალიზაცია) „----------“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე, რის საფუძველზეც მას დაუდგინა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ შპს „----------“ დარიცხული გადასახადების გადახდა შპს „----------“ განახორციელა „----------“ ხარჯზე, რასაც ადასტურებს მხარეთა შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტი მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ (დანართი №7) .
შემოსავლების სამსახური 8.02.2024 წლის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის პროცესში კომპანიის მხრიდან არ მომხდარა ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებული პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გახდა საჩივარში დაფიქსირებული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის მიზეზი.
საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:
გამოკითხვის ოქმის იურიდიული სტატუსი:
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისი განაჩენით დაადგინა, რომ „----------“ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ორივე ეპიზოდი: შპს „----------“ და შპს „----------“), კერძოდ ის ცნობილი იქნა დამნაშავედ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლითა და მისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანაში, თუმცა არც განაჩენით და მეტიც, არც პროკურორის მიერ „----------“ წარდგენილი ბრალით არ დგინდება „----------“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მესამე პირებზე ნავთობპროდუქტების რეალიზაციის ფაქტი. შესაბამისად, სადავო გამოკითხვის ოქმებში მიცემული ჩვენებები, იმ ნაწილში, რომელიც არ ეხება წარდგენილ ბრალს, არ წარმოადგენენ უტყუარ გარემოებებს, რომლებიც დადასტურებული იქნებოდა საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით, სწორედ ამიტომ საგადასახადო ორგანოს დამატებით უნდა შეესწავლა და გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ: ვის მიერ, როდის და ვისზე განხორციელდა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლითა და მისგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილი საქონლის რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
საბაჟო დეპარტამენტის პოზიცია პირისთვის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელისთვის საბაჟო გადასახდელებისა (დღგ, აქციზი) და საბაჟო სანქციების დარიცხვასთან დაკავშირებით ეფუძნება იმ გარემოებას, რომ საბაჟო საწყობში გამოვლინდა დანაკლისი.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა, თუმცა საგადასახადო სამართლის დადგენილი (საერთაშორისო/ადგილობრივი) პრაქტიკით, დანაკლისს ადგილი არ აქვს იმ შემთხვევაში, თუ დგინდება საქონლის მიმთვისებელი ე.ი. პირი, რომელმაც საქონლის მესაკუთრის ან/და მართლზომიერი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ საქონლის განმკარგავი პირი. აღნიშნულს (მიმთვისებლის არსებობა/არ არსებობის პრინციპს) საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე11 ნაწილი გარკვეული სახეობის საქონლის მიმართ ისედაც ადგენს.
მოცემულ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტმა პირისთვის საბაჟო გადასახდელებისა და სანქციის თანხების შეფარდების პროცესში საბაჟო საწყობს დაუდგინა საქონლის დანაკლისი ე.ი. საბაჟო დეპარტამენტი საბაჟო საწყობში შენახული საქონლის „----------“ მიერ მითვისების ფაქტს არ ადგენს:
თუ საბაჟო ორგანო თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში დაადგენდა, რომ „----------“ მიერ საბაჟო საწყობის ტერიტორიიდან საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანა მოხდა საბაჟო საწყობის ოპერატორის (შპს „----------“) ნების საწინააღმდეგოდ, მაშინ საბაჟო გადასახდელების (საბაჟო დღგ, აქციზი) დარიცხვა საბაჟო ორგანოს უნდა განეხორციელებია ფიზიკურ პირ „----------“ (და არა შპს „----------“), საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 1602 მუხლის/182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, „----------“ საბაჟო გადასახდელების ბიუჯეტში გადახდას განახორციელებდა საკუთარი (და არა შპს „----------“) სახელით.
თუ საბაჟო ორგანო თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში დაადგენდა, რომ „----------“ მიერ საბაჟო საწყობის ტერიტორიიდან საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანა მოხდა საბაჟო საწყობის ოპერატორის (შპს „----------“) ნების საწინააღმდეგოდ, მაშინ საბაჟო გადასახდელების (საბაჟო დღგ, აქციზი) დარიცხვა საბაჟო ორგანოს უნდა განეხორციელებია ფიზიკურ პირ „----------“ და ამ შემთხვევაში, „----------“ მიერ საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციის ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხები შემცირდებოდა საქონლის იმპორტირების ოპერაციაზე დარიცხული და „----------“ მიერ ბიუჯეტში გადახდილი იმპორტის დღგის თანხით ე.ი. გადამხდელის მიერ მოხდებოდა იმპორტის დღგ-ის თანხების ჩათვლა, თუმცა საბაჟო დეპარტამენტს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში „----------“ მიერ საბაჟო საწყობში შენახული საქონლის მითვისების ფაქტი არ დაუდგენია. ამგვარი ფაქტი არც განაჩენითა და არც სხვა გარემოებებით დადგენილი არ არის (მაგ.: არ არის აღძრული საქმე მითვისებაზე და ა.შ.).
საბაჟო დეპარტამენტმა მის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტებში დაადგინა საბაჟო საწყობში შესანახად მიბარებული ნავთობპროდუქტების დანაკლისი და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ან/და სხვა გარემოებებით არ დადგინდა მესამე პირის (მაგ.: „----------“) მიერ საბაჟო საწყობის ოპერატორის ნების საწინააღმდეგოდ განკარგვის (მითვისების) ფაქტი, №455 დადგენილების მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე საბაჟო საწყობის ოპერატორ კომპანიას (შპს „----------“) დაარიცხა საბაჟო გადასახდელები და სანქციები.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაკეთებული აუდიტორული შეფასება:
აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საბაჟო დეპარტამენტის მიერ საბაჟო საწყობში დანაკლისად განხილული საქონელი ჩათვალა „----------“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებულად. შესაბამისად, ხსენებული აუდიტორული შეფასებით დაადგინა შემდეგი სამართლებრივი შედეგი:
საბაჟო კონტროლის გვერდის ავლითა და მისგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადმოტანისა და საქართველოს ტერიტორიაზე მისი რეალიზაციის ოპერაციაზე საბაჟო გადასახდელები (იმპორტის დღგ, აქციზი) დაერიცხა ერთ პირს - საბაჟო საწყობის ოპერატორ კომპანიას (შპს „----------“), ხოლო საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციის ოპერაციაზე გადასახდელი დღგ დაერიცხა მეორე პირს - ფ/პ „----------“, რაც იმას ნიშნავს, რომ „----------“ მოახდინა საქართველოს ტერიტორიაზე იმ საქონლის რეალიზაცია, რომელიც საბაჟო საზღვარზე მას არ შემოუტანია. ამ გარემოებების გამო, „----------“ ვერ ისარგებლებს მის მიერ საბაჟო საწყობის ოპერატორი კომპანიის (შპს „----------“) სახელით გადახდილი საბაჟო დღგ-ის თანხების ჩათვლის უფლებით. აღნიშნულის გათვალისწინებით დღგ-ის გადახდა საქონლის მიწოდების ერთ ჯაჭვზე (იმპორტი - საბოლოო მომხმარებელი) განხორციელდებოდა 2-ჯერ.
საგადასახადო ორგანოს სავარაუდო პოზიცია, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ შპს „----------“ საბაჟო გადასახდელების (იმპორტის დღგ, აქციზი) დარიცხვა განხორციელდა №455 დადგენილების საფუძველზე საბაჟო საწყობში გამოვლენილი საქონლის დანაკლისის გამო, ხოლო „----------“ გადასახადების დარიცხვა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდების გამო, მოკლებულია იურიდიულ საფუძველს და დასაბუთებას, რადგან:
მოცემულ შემთხვევაში უნდა მოხდეს ნორმის სისტემური განმარტება იმგვარად, რომ არ მოხდეს გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციის ორმაგად (2-ჯერ) დაბეგვრა.
საბაჟო დეპარტამენტისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით კი მოხდა მარეგულირებელი ნორმების (საგადასახადო კოდექსის, №455 დადგენილების) იმგვარი განმარტება, რომ განაჩენით დადგენილი ოპერაციის (იმპორტი - საბოლოო მომხმარებელი) დღგ-ით დაბეგვრა ხდება ორმაგად.
მოცემულ შემთხვევაში, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას აუდიტის დეპარტამენტს უნდა გაეთვალისწინებინა საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება - საბაჟო საწყობში გამოვლენილი დანაკლისი (ე.ი. საქონლის მიმთვისებელი პირის არ არსებობა) და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა უნდა მოეხდინა აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით.
აუდიტის დეპარტამენტს მხედველობაში არ უნდა მიეღო „----------“ გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული გარემოებები, რადგან აღნიშნული გარემოებები არც ბრალის დოკუმენტში და არც განაჩენში მოცემული არ არის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ „----------“ მიერ ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, მსუბუქი გაზის კონდესატის დისტილატი) რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6 500 000 ლარი. ფ/პ „----------“ არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი არ არის ასახული 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზაში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით, ხოლო მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას დაცულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნები, არ არსებობს ამ ნაწილში სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გათვალისწინება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებით ხარჯების გაწევის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და განისაზღვრა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 79-ე, მე-80, მე100, 102-ე, 105-ე, 72-ე და 43-ე მუხლებზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არსებულ მასალებსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ „----------“ მიერ ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, მსუბუქი გაზის კონდესატის დისტილატი) რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6 500 000 ლარი, ხოლო აღნიშნულ შემოსავალთან დაკავშირებით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია.
ამასთან, არ წარმოუდგენია აღნიშნული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტმა ხარჯებში არ გაითვალისწინა „----------“ მიერ „მიღებულ“ შემოსავალთან დაკავშირებული დანახარჯები, რომელიც გამოიხატებოდა მის მიერ საბაჟო საწყობის ოპერატორი კომპანიის (შპს „----------“) სანაცვლოდ ბიუჯეტში გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხები - 5 787 813,09 ლარი, აქედან საბაჟო იმპორტის დღგ - 2 735 173,04 ლარი, ხოლო აქციზი - 3 052 640,05 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტმა ხარჯებში არ გაითვალისწინა განაჩენით დადგენილი გარემოებები, რომ „----------“ (ორ პირთან ერთად) დანაშაულს ჩადიოდა საკუთარი ხარჯებით, კერძოდ თითქოსდა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის მიზნით საქართველოში შემოქონდა საწვავი, მაგრამ რეალურად ახდენდა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საწვავის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლითა და მისგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადმოტანას.
საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:
საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანომ „----------“ შემოსავლად ჩათვალა განაჩენის მიხედვით საბაჟო კონტროლის გვერდის ავლითა და მისგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილი საქონლის რეალიზაციით „მიღებული შემოსავალი“, თუმცა არ გაითვალისწინა აღნიშნული „შემოსავლის“ მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი.
გადამხდელის მიერ საგადასახადო დავის პროცესში წარმოდგენილი იქნა შპს „----------“ და „----------“ შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტი მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომლითაც დასტურდებოდა, რომ შპს „----------“ მიერ საბაჟო გადასახდელების გადახდა მოხდა „----------“ ხარჯზე.
ჩვენს მიერ 10 სამუშაო დღეში მოხდება საგადახდო დავალებების წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „----------“ სახელით ბიუჯეტში განხორციელებულ ყველა საგადახდო დავალებაზე საფუძველში ეთითებოდა, რომ გადარიცხული თანხა წარმოადგენდა „----------“ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების თანხას.
საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
მომჩივანი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ხარჯებში არ გაითვალისწინა „მიღებულ“ შემოსავალთან დაკავშირებული დანახარჯები, რომელიც გამოიხატებოდა მის მიერ საბაჟო საწყობის ოპერატორი კომპანიის (შპს „----------“) სანაცვლოდ ბიუჯეტში გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხები - 5 787 813,09 ლარი, აქედან საბაჟო იმპორტის დღგ - 2 735 173,04 ლარი, ხოლო აქციზი - 3 052 640,05 ლარი. აუდიტის დეპარტამენტმა ხარჯებში არ გაითვალისწინა განაჩენით დადგენილი გარემოებები, რომ „----------“ (ორ პირთან ერთად) დანაშაულს ჩადიოდა საკუთარი ხარჯებით, კერძოდ თითქოსდა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის მიზნით საქართველოში შემოქონდა საწვავი, მაგრამ რეალურად ახდენდა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საწვავის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლითა და მისგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადმოტანას. საგადასახადო დავის პროცესში წარმოდგენილი იქნა შპს „----------“ და „----------“ შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტი მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომლითაც დასტურდებოდა, რომ შპს „----------“ მიერ საბაჟო გადასახდელების გადახდა მოხდა „----------“ ხარჯზე.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისთვის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, ხოლო მომჩივნის მიერ მოთხოვნილია საბაჟო საწყობის ოპერატორი კომპანიის სანაცვლოდ ბიუჯეტში გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხების გამოქვითვა, მომჩივნის მოთხოვნა უსაფუძვლოა, არ შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ნავთობპროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრა;
2. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გათვალისწინება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანის მიერ ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, მსუბუქი გაზის კონდესატის დისტილატი) რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6 500 000 ლარი. მომჩივანი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი არ არის ასახული 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზაში.
2. მომჩივანი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ხარჯებში არ გაითვალისწინა „მიღებულ“ შემოსავალთან დაკავშირებული დანახარჯები, რომელიც გამოიხატებოდა მის მიერ საბაჟო საწყობის ოპერატორი კომპანიის სანაცვლოდ ბიუჯეტში გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხები - 5 787 813,09 ლარი, აქედან საბაჟო იმპორტის დღგ - 2 735 173,04 ლარი, ხოლო აქციზი - 3 052 640,05 ლარი. აუდიტის დეპარტამენტმა ხარჯებში არ გაითვალისწინა განაჩენით დადგენილი გარემოებები, რომ მომჩივანი (ორ პირთან ერთად) დანაშაულს ჩადიოდა საკუთარი ხარჯებით, კერძოდ თითქოსდა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის მიზნით საქართველოში შემოქონდა საწვავი, მაგრამ რეალურად ახდენდა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საწვავის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლითა და მისგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადმოტანას. საგადასახადო დავის პროცესში წარმოდგენილი იქნა კომპანიას და მომჩივანს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტი მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომლითაც დასტურდებოდა, რომ კომპანიის მიერ საბაჟო გადასახდელების გადახდა მოხდა მომჩივანის ხარჯზე.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით, ხოლო მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას დაცულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნები, არ არსებობს ამ ნაწილში სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისთვის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, ხოლო მომჩივნის მიერ მოთხოვნილია საბაჟო საწყობის ოპერატორი კომპანიის სანაცვლოდ ბიუჯეტში გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხების გამოქვითვა, მომჩივნის მოთხოვნა უსაფუძვლოა, არ შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 102; 159(1„ა“„ბ“); 165; 275; 282.
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)