ბრძანება N 9517

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.05.2023
№ დოკუმენტი 9517
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9517

02.05.2023

უსფ(წ) „---ს“ (ს/ნ ---)

( მის.: ---) 2022 წლის 18 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 აპრილის სხდომაზე (ოქმი №40) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 25 ნოემბრის №17474/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული უსფ(წ) „---ს“ (ს/ნ ---) 2022 წლის 18 თებერვლის №15776/2/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 იანვრის №006-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება საწარმოს ბალანსზე არსებული ფულის ნაშთისა და სათაო ოფისის მიერ შემოტანილ თანხებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვას და განმარტავს, რომ კომპანიას ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად დასჭირდა დამატებითი ფულადი სახსრები, რისთვისაც დირექტორისგან ისესხა თანხა. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა სესხის ხელშეკრულება და სალაროს გასავლის ორდერები, რაც არ იქნა გათვალისწინებული;

2. განმარტავს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მის მიერ ავანსის სახით გადახდილი დღგ ექვემდებარება გაუქმებას, ვინაიდან წარდგენილ იქნა მიღებული ავანსის თანხის უკან დაბრუნების დოკუმენტი, რაც წარმოადგენს დაბეგრილი ავანსის შემცირების საფუძველს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 აგვისტოს №25979 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა უსფ(წ) „---ას“ (ს/ნ---) 2021 წლის 22 აპრილის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1.უსფ(წ) „---ას“ (ს/ნ ---) 2021 წლის 22 აპრილის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 აგვისტოს №25979 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 14 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 25 იანვრის №006-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 ივლისის №19585 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 ივლისის №19585 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 ივლისის №19585 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები. შედეგად, გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია საწარმოში არსებული ფულადი ნაშთის დირექტორზე (კრედიტორზე) გადაცემის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

2. საერთაშორისო პროექტების ფარგლებში კომპანიამ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა „---ს“ --- კილომეტრიანი გზის პროექტირება-მშენებლობის ტენდერში. 2017 წლის 4 სექტემბერს კომპანიასა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №---. პროექტი დაყოფილია -- ლოტად, --- ლოტის საერთო ღირებულება შეადგენდა --- ---- ლარს (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საწარმოს გაფორმებული აქვს სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულებები როგორც რეზიდენტ, ასევე, არარეზიდენტ კომპანიებთან (ქვეკონტრაქტორები).

შესამოწმებელ პერიოდზე ფილიალის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანიას შორის შედგენილია სულ --- IPC (შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და ღირებულების მიღების აქტი), რის საფუძველზეც გადამხდელის მიერ გამოწერილია და დაბეგრილია შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საერთო ღირებულებით 6 048 317 ლარი, დღგ-ის ჩათვლით (მათ შორის, ავანსის ანგარიშ-ფაქტურებით დაბეგრილი თანხები შეადგენს 2 306 382 ლარს).

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან კომპანიას 2019 წლის 26 ივნისს გაფორმებული აქვს შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების მიღების აქტი, რაზეც ამავდროულად გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნული მიღებაჩაბარების შემდგომ უსფ(წ) „---ს“ გაწეული აქვს ხარჯი, ხოლო შესაბამისი შემოსავალი არ აქვს აღიარებული.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ტენდერების ვებგვერდზე ატვირთული 2019 წლის 2 დეკემბრის წერილის საფუძველზე დგინდება, რომ „---ს“ მიერ შეწყვეტილია N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, დარღვეულია შესასრულებელი სამუშაოების ვადები, რის საფუძველზეც გზების ეროვნულმა დეპარტამენტმა შეწყვიტა კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მოითხოვა ავანსად ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება. ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში არ მომხდარა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა, რითიც დადგინდებოდა უსფ(წ) ,,---ას“ მიერ პროექტის შეწყვეტის მომენტში შესრულებული სამუშაოების ღირებულება და განისაზღვრებოდა 2019 წლის 26 ივნისის შემდგომ გაწეული ხარჯის შესაბამისი შემოსავალი.

2020 წლის 28 იანვარს უსფ(წ) „---ს“ მიერ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა განცხადება ორგანიზაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, თუმცა გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაკორექტირება, პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების და ამ ღირებულების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 აგვისტოს №25979 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია სს „---ს“ მიერ ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადარიცხული საგადახდო დავალებები სულ 1 663 675,39 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ჯგუფის მიერ ვერ იქნა დადგენილი აღნიშნული პროექტის ფარგლებში უსფ(წ) „---ს“ მიერ პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ზუსტი ღირებულება, შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივნის განმარტებით, პირველ სადავო საკითხთან მიმართებით გადაანგარიშების შედეგებზე გამოცემულ დასკვნაში მითითებულია, რომ გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანის/გადარიცხვის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებს ფ/პ ---ზე თანხის გადახდის ფაქტს. გადამხდელის განმარტებით, 2021 წლის 11 აგვისტოს წერილით აუდიტის დეპარტამენტში დამატებით წარდგენილია დოკუმენტაცია, კერძოდ, სალაროს გასავლის ორდერები, რითაც ფიქსირდება ფ/პ --- თანხის გაცემა..

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 აგვისტოს №25979 ბრძანება. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტაციისა და წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

მომჩივნის განმარტებით, მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა მიღებული ავანსის თანხის უკან დაბრუნების დოკუმენტი (საგადახდო დავალება), რაც უტყუარად წარმოადგენს დაბეგრილი ავანსის შემცირების საფუძველს, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ იქნა გათვალისწინებული. გადამხდელის განმარტებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტი მსჯელობს და არგუმენტად მოჰყავს ახალი გარემოებები, რომელზეც თავდაპირველი შემოწმების პერიოდში არც ნამსჯელი იყო, არც მითითებული ყოფილა და შესაბამისად, კომპანიას არ ჰქონია შესაძლებლობა წარედგინა საპირისპირო არგუმენტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 აგვისტოს №25979 ბრძანება. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტაციისა და წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. უსფ(წ) „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხები გადამხდელის არგუმენტაციისა და წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება საწარმოს ბალანსზე არსებული ფულის ნაშთისა და სათაო ოფისის მიერ შემოტანილ თანხებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვას.

2. განმარტავს, რომ ავანსის სახით გადახდილი დღგ ექვემდებარება გაუქმებას, ვინაიდან წარდგენილ იქნა მიღებული ავანსის თანხის უკან დაბრუნების დოკუმენტი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია საწარმოში არსებული ფულადი ნაშთის დირექტორზე (კრედიტორზე) გადაცემის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაკორექტირება, პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების და ამ ღირებულების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა ორივე სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 აგვისტოს №25979 ბრძანება. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტაციისა და წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9;4); 101; 154.

2021 წლამდე მოქმედი სსკ 160;161;171.