საპენსიო შენატანის შეღავათი საშემოსავლო გადასახადში N 1515

1515 საპენსიო შენატანის შეღავათი საშემოსავლო გადასახადში 21.03.2022
№ დოკუმენტი 1515
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საპენსიო შენატანის შეღავათი საშემოსავლო გადასახადში N 1515

ფაქტობრივი გარემოებები

· ფიზიკური პირის მიერ საწარმოსათვის გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხა შეადგენს 1000 ლარს. აღნიშნული პირის შემოსავალი ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას სსკ-ის 154-ე მუხლის მიხედვით.

· საწარმომ აღნიშნული განაცემიდან დააკავა ფიზიკური პირის საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანი 20 ლარი და საშემოსავლო გადასახადი - 196 ლარი ((1000-20)-ის 20%).

შეფასება

· სსკ-ის 101 (3)-ე მუხლის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანების მოცულობა, გარდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; - "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ხელფასი არის მომსახურების გაწევით მიღებული ის შემოსავალი, რომელიც იბეგრება გადახდის წყაროსთან, აგრეთვე სსკ-ის 101-ე მუხლით გათვალისწინებული ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად (გარდა შემოსავლისა, რომელიც სსკის 104-ე მუხლის შესაბამისად, არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალს, როიალტით, ქირით, იჯარით მიღებული და საინვესტიციო შემოსავლისა); - სსკ-ის 154-ე (1) მუხლის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საწარმოს/ორგანიზაციას ან მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;

· იმის გათვალისწინებით, რომ "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებისათვის, მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი გათანაბრებულია ხელფასთან, და საგადასახადო კოდექსის თანხმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო ანგარიშზე განხოციელებული საპენსიო შენატანების მოცულობა, მოცემულ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა უნდა განისაზღვროს დასაქმებულის სახელით მის საპენსიო ანგარიშზე გადარიცხული თანხის გაუთვალისწინებლად.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2022 წლის 15 მარტისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.