საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/4483-19
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N3/4483-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ივნისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: თამარ ხაჟომია
სხდომის მდივანი: გიორგი ჩიქოვანი
მოსარჩელე- ნ.კ
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ნ.ს
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგებელი - თ.ტ
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელი მოთხოვნა
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 27 ივლისის N19381 ბრძანება.
1.2 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 30 ივლისის N011-14 საგადასახადო მოთხოვნა.
1.3 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 13 აგვისტოს N21623 ბრძანება.
1.4 ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება N6558/2/2018 საჩივარზე.
(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 167-181))
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1 სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1 სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 10 ივლისის N17624 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ნ.კ-ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე გამოიცა 2018 წლის 25 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი და ნ.კ-ს წარედგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 27 ივლისის N19381 ბრძანება და 2018 წლის 30 ივლისის N011-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ნ.კ-ს დაერიცხა სულ 8 734.6 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 5 393 ლარი, ჯარიმა 2 252 ლარი და საურავი 1 0 89.6 ლარი.
შემოწმების აქტით ნ.კ-სთვის დამატებითი თანხების დარიცხვის საფუძველი გახდა შემდეგი:
ნ.კ 2013 წლიდან შემოწმების ჩატარების დროისათვის ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას. კერძოდ, თანხის გასესხებას საპროცენტო შემოსავლის მიღების მიზნით (უძრავი ქონების იპოტეკით დატვირთვის საშუალებით). თანხის გამსესხებელს (იპოთეკარი) თანხის ძირითად მსესხებელთან გაფორმებული ჰქონდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც სესხის თანხისა და სარგებლის უზრუნველსაყოფად გამსესხებლის მიერ მსესხებლის უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკის უფლებით. აღნიშნული დამოწმებულია ნოტარიულად. ასევე, უძრავ ქონებაზე იპოთეკის წარმოშობის უფლება რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაანგარიშდა ნ.კ-ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების დადებიდან გაუქმების თარიღამდე საპროცენტო შემოსავალი. მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ დადგენილ იქნა, რომ ფ/პ ნ.კ-ს შესამოწმებელ პერიოდში გასესხებული აქვს 2015 წელს - 21 000 აშშ დოლარი, 2016 წელს - 20 000 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წელს 58 440 ლარი. 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სარგებლის სახით (პროცენტი) მიღებული აქვს ჯამში 22 522 ლარი. (შემოწმების მიერ უცხოურ ვალუტაში მიღებული შემოსავლის გადაანგარიშება განხორციელდა შესაბამის პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით). მათ შორის, 2015 წელს - 6 874 ლარი, 2016 წელს - 6 760 ლარი, 2017 წელს - 8 888 ლარი, რაც დადეკლარირებული არ აქვს. 2017 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში გამოქვითვებში გათვალისწინებულ იქნა სანოტარო მოსაკრებლის ხარჯები. შესაბამისა, ფ.პ ნ.კ-ს 2015, 2016 და 2017 წლების საანგარიშო პერიოდებზე წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხება 4 504 ლარი და დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით 2 252 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 10 ივლისის N17624 ბრძანება (ს.ფ 76);
2018 წლის 25 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი (ს.ფ. 56-75);
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 27 ივლისის N19381 ბრძანება (ს/ფ 77-78);
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 30 ივლისის N011-14 საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 79-80);
ანგარიშები (შემოსავლის ქვითრები) სანოტარი მოქმედებათა შესრულებისთვის საზღაურის შესახებ (ს.ფ. 34-36).
3.2 ნ.კ-მ 2018 წლის 3 აგვისტოს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 30 ივლისის N011-14 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება.
საჩივრის თანახმად, ნ.კ-მ ახლობლისგან სესხად აიღო 10 000 აშშ დოლარი, რომლის პროცენტიდან სარგებლობდა 100 დოლარს, 200 დოლარს კი უხდიდა ფულის მესაკუთრეს. ნ.კ-ის განმარტებით, მან არ იცოდა, რომ აღნიშნული საქმიანობის შედეგად მიღებული სარგებელი ექვემდებარებოდა საგადასახადო კანონმდებლობით დაბეგვრას.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 13 აგვისტოს N21623 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანების თანახმად, დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ხოლო გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევევა სახეზეა, ამდენად წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს 2018 წლის 30 ივლისის N011-14 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ნ.კ-ის 2018 წლის 3 აგვისტოს საჩივარი (ს.ფ. 82-83)
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 13 აგვისტოს N21623 ბრძანება (ს.ფ. 87-89)
3.3 ნ.კ-მ 2018 წლის 24 აგვისტოს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოთხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 30 ივლისის N011-14 საგადასახადო მოთხოვნის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 13 აგვისტოს N21623 ბრძანების გაუქმება.
საჩივრის თანახმად, 2018 წლის თებერვლიდან მოვალემ, რომლის ვალდებულების უზრუნველსაყოფადაც იპოთეკა იქნა გამოყენებული, გადაუხადა მხოლოდ ერთი თვის პროცენტი, მას თებერვლის თვიდან პროცენტი სესხზე არ გადაუხდია. ამასთან, ნ.კ-მ განმარტა, რომ მსესხებლებიდან ნახევარზე მეტი არ იხდიდა პროცენტს, აღნიშნა, რომ არ გააჩნია არანაირი შემოსავალი და ითხოვა სადავო საგადასახადო მოთხოვნისა და დარიცხული თანხების გაუქმება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ასრებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების თანახმად, მომჩივარი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და აღნიშნავს, რომ არ იცოდა, თუ საშემოსავლო გადასახადი იყო გადასახდელი. ამასთან, მიუთითებს, რომ მსესხებლებიდან ნახევარზე მეტი არ იხდიდა პროცენტს, თუმცა არ წარმოადგენს აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. ამდენად, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და მომჩივანის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ნ.კ-ის 2018 წლის 24 აგვისტოს საჩივარი (ს.ფ. 150-154);
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 144-149);
3.4 2018 წლის 21 თებერვლის N180179785 სანოტარო აქტით დამოწმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ტ.ქ-ს (გამსესსებელი/იპოთეკარი), ნ.კ-ს
(გამსესსებელი/იპოთეკარი), და დ. თ-ს (მსესხებელი/მესაკუთრე) შორის. მესაკუთრის მიერ იპოთეკარებისათვის სესხის ძირითადი თანხის სრულად დაბრუნების საფუძველზე, 2018 წლის 25 ივლისს სანოტარო აქტით გაუქმდა 2018 წლის 21 თებერვლის N180179785 სანოტარო აქტით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხსენებული აქტით, იპოთეკარებმა დაადასტურეს, რომ მესაკუთრის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ აქვთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2018 წლის 25 ივლისის სანოტარო აქტი (ს.ფ. 32);
3.5 2018 წლის 25 ივლისს N180887726 სანოტარო აქტით დამოწმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ტ.ქ-ს (გამსესსებელი/იპოთეკარი), ნ.კ-ს
(გამსესსებელი/იპოთეკარი) და ლ. კ. -ს (მსესხებელი/მესაკუთრე) შორის. მესაკუთრის მიერ იპოთეკარებისათვის სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების და იპოთეკარების მიერ ამ თანხის მიღების (ყოველგვარი სარგებლის, ჯარიმისა და პირგასამტეხლოს გარეშე) საფუძველზე, 2019 წლის 4 მარტის სანოტარო აქტით გაუქმდა 2018 წლის 25 ივლისს N180887726 სანოტარო აქტით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხსენებული აქტით, იპოთეკარებმა დაადასტურეს, რომ მესაკუთრის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ აქვთ. შესაბამისად, წინამდებარე აქტით სრულდება (წყდება) მესაკუთრესა და იპოთეკარებს შორის ყოველგვარი სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოშობილი ზემოაღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2019 წლის 4 მარტის სანოტარო აქტი (ს.ფ 166).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 სასამართლოს მიაჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, სადავო აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს განსახილველი სარჩელის ფარგლებში, რომელიც აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
6.2 საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სადავო აქტების გამოცემისას მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლის განხორციელება.
ამავე კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
ამდენად, საგადასახადო შემოწმება არის საგადასახადო კონტროლის ერთ-ერთი ფორმა, რომლის საფუძველზეც დგება საგადასახადო შემოწმების აქტი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვას და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომელის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართვრელოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო შემოწმების აქტი.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 10 ივლისის N17624 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ნ.კ-ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შემოწმების შედეგებზე გამოიცა 2018 წლის 25 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი და ნ.კ-ს წარედგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 27 ივლისის N19381 ბრძანება და 2018 წლის 30 ივლისის N011-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ნ.კ-ს დაერიცხა სულ 8 734.6 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 5 393 ლარი, ჯარიმა 2 252 ლარი და საურავი 1 089.6 ლარი.
ნ.კ-სთვის დამატებითი თანხების დარიცხვის საფუძველი გახდა მის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.კერძოდ, თანხის გასესხება საპროცენტო შემოსავლის მიღების მიზნით (უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის საშუალებით). შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ დადგინდა, რომ ფ.პ ნ-კ-ს შესამოწმებელ პერიოდში გასესხებული აქვს 2015 წელს - 21 000 აშშ დოლარი, 2016 წელს - 20 000 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წელს 58 440 ლარი. 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სარგებლის სახით (პროცენტი) მიღებული აქვს ჯამში 22 522 ლარი. (შემოწმების მიერ უცხოურ ვალუტაში მიღებული შემოსავლის გადაანგარიშება განხორციელდა შესაბამის პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით). მათ შორის, 2015 წელს - 6 874 ლარი, 2016 წელს - 6 760 ლარი, 2017 წელს - 8 888 ლარი, რაც დადეკლარირებული არ აქვს. 2017 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში გამოქვითვებში გათვალისწინებულ იქნა სანოტარო მოსაკრებლის ხარჯები. შესაბამისა, ფ.პ ნ.კ-ს 2015, 2016 და 2017 წლების საანგარიშო პერიოდებზე წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხება 4 504 ლარი და დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
მოსარჩელის განმარტებით, მან არ იცოდა რომ აღნიშნული საქმიანობის შედეგად მიღებული სარგებელი ექვემდებარებოდა საგადასახადო კანონმდებლობით დაბეგვრას. ნ.კ-მ აღნიშნა, რომ ახლობლისგან სესხად მიიღო 10 000 აშშ დოლარი, რომლის პროცენტიდან სარგებლობდა 100 დოლარს, 200 დოლარს კი უხდიდა ფულის მესაკუთრეს. ამასთან, მსესხებლიდან ნახევარზე მეტი არ იდიდა პროცენტს. ხოლო 2018 წლის თებერვლიდან მოვალემ, რომლის ვალდებულების უზრუნველსაყოფადაც იპოთეკა იქნა გამოყენებული, გადაუხადა მხოლოდ ერთი თვის პროცენტი, მას თებერვლის თვიდან პროცენტი სესხზე არ გადაუხდია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.
ამავე კოდექსის 79-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონიმიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიეი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლისა და კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ არ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მითითებული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
აღნიშნული კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება თავისი არსით გულისხმობს ისეთ საქმიანობას, რომლის მოტივი და მიზანი არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, თუმცა აღნიშნული არ არის დამოკიდებული ფაქტობრივად შემოსავლის მიღებაზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელის ძირითად ვალდებულებას მიეკუთვნება გადასახადების დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა. გადამხდელის ყველა ქმედება კანონის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. აღნიშნული ვალდებულების ჯეროვან შესრულებას ემსახურება გადასახადის გადამხდელისთვის საგადასახადო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება-მოვალეობანი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გადასახადის გადამხდელმა, ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით, უზრუნველყოს მის მიერ ოპერაციების კანონშესაბამისად განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესახვა, წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები). სწორედ აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ახდენს სსიპ შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კანონიერების შესწავლას. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსი ცალსახად განსაზღვრავს, რომ მხოლოდ ხარჯის არსებობა, ან მეწარმის მხრიდან მისი გაწევა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გამოქვითვის საკმარის საფუძვლად. ამისთვის აუცილებელია, რომ ხარჯი დადასტურებული იყოს დოკუმენტალურად, ხოლო თავად ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი პასუხობდეს საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
განსახილველ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ნ.კ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას. მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ მას არ აქვს იმ რაოდენობის სარგებელი მიღებული, რაც მითთებულია საგადასახადო შემოწმების აქტში. სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა წარმომადგენლების არგუნენტაციას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ნ.კ-ს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის პროცენტისაგან განსხვავებული ოდენობით თანხის მიღების ფაქტი.
მოსარჩელის თქმით, მან გააუქმა ყველა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც იყო მის მიერ დადებული, მას შემდეგ რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება მის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა. ამ არგუმენტთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მოსარჩელეს საგადასახადო ვალდებულება გამოუვლინდა 2015-2017 წლებში, შესაბამისად, 2018 წლის 25 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (რომელიც გაუქმდა 2019 წლის 4 მარტს) და 2018 წლის 21 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (რომელიც გაუქმდა 2018 წლის 25 ივლისს) ვერ მოახდენს გავლენას 2015-2017 წლებში განხორციელებულ დარიცხვებზე.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ არ უნდა დაჯარიმდეს, რადგან არ იცოდა, რომ ხსენებული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარებოდა დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმატიული ატის არცოდნა არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან სამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედებს ნორმატიული აქტის ცოდნის პრეზუმცია, რაც გულისხმობს იმას, რომ პირმა იცის ნორმატიული აქტის ნორმები. შესაბამისად, ნორმის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს ნორმატიული აქტის გამოუყენებლობის ან/და ამ ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისფლების საფუძველი, ვინაიდან ნორმატიული აქტი ქვეყნდება საჯაროდ და პირი ვალდებულია გაეცნოს მის დანაწესს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ გახდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი, კერძოდ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითიეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მეორე ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას,რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-626-596(კ-07), სადაც განმარტებულია, რომ ,,ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე - მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. ანუ, იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება". ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით, ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით, მას აქვს საჯარო - სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილერბა, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად, სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერება მოწმდება არა სამართლებრივი საფუძვლებით (სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი), არამედ ფაქტის არასწორად დადგენისა და შეფასების შედეგად არასწორად ნორმის შეფარდების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სადავო აქტის კანონიერების განსაზღვრა დამოკიდებულია აქტით აღწერილ და გამოვლენილ იურიდიული ფაქტის ნამდვილობის დადგენაზე, ლოგიკურია, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლით გათვალისწინებული საერთო წესი მტკიცების ტვირთის პროპორციულობისა და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებების შესახებ".
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შესაფებას. კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებისას , მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი.
6.4 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოს ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 1 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითაც დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მულით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
ამდენად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნ.კ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით.
მოსამართლე
თამარ ხაჟომია