გადაწყვეტილება №19772/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19772/2/2023
13 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 7.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ ---------“-ის 24.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19772/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მარტის №081-26 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9761 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 31 419 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 17 454
ჯარიმა - 8 827
საურავი - 5 138
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და შემდგომში მისი მართვა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №1547 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 28 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა საწარმოს პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და კომპანიის მიერ დეკლარირებული მონაცემები. გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივ და დეკლარირებულ დასაბეგრ ოპერაციებს შორის. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში (2020 წლის ნოემბერი) კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დასტურდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, რაც სრულყოფილად არ იყო ასახული შესაბამისი პერიოდის დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში. შედეგად, საგადასახადო ორგანოს მიერ დაკორექტირდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება დღგ-ში და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ჰქონდა ვალდებულება დასაბეგრ ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაცია წარედგინა შემოსავლების სამსახურში დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად. მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, 100 ლარის ოდენობით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მარტის №4070 ბრძანება და №081-26 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 31 419 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 17 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 4 მაისის №9761 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემების აუსახველობის საფუძვლით, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა დაექვემდებარა გაუქმებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9761 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164- ე, 168-ე და 69-ე მუხლებზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, 2020 წლის ნოემბრის თვეში, გადასახადის გადამხდელის მიერ 120 324 (დღგ-ის ჩათვლით) ლარზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც არ არის საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად 2020 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული და დაბეგრილი. შესაბამისად, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების ბრძანების მიხედვით შესამოწმებელი პერიოდი წარმოადგენს 2020 წლის ნოემბრის თვეს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ით დაბეგვრა და ჯარიმის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრა მართლზომიერია.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში საწარმოს წარმომადგენელთან მჭიდრო თანამშრომლობით შემმოწმებელი ინფორმირებული იყო, რომ 2020 წლის ნოემბრის თვეში კომპანიის მხრიდან დაშვებული იყო შეცდომა, არ იყო შესაბამისი ოპერაცია დაბეგრილი კანონით დადგენილ პერიოდში. თუმცა, ამავდროულად, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ოპერაცია დაბეგრილი იყო 2021 წლის თებერვლის თვის დეკლარაციით. შესაბამისად, შემმოწმებელი ვალდებული იყო დასაბეგრი პერიოდის ცვლილების გათვალისწინებით მოეხდინა ერთის მხრივ 2020 წლის ნოემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაზრდა და ამავდროულად, იმავე ოდენობით, 2021 წლის თებერვლის თვის დასაბეგრი ბაზის შემცირება, რაც გამორიცხავდა შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადის არსებობას.
ამასთან, შემმოწმებლის მიერ მართლზომიერად არ იქნა გამოყენებული საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის დებულებები. კერძოდ, ნაცვლად მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციისა, რომელიც დასაბეგრი პერიოდის ცვლილებისას ითვალისწინებს ჯარიმას გადასახადის თანხის 10%-ის ოდენობით, გამოყენებული იქნა ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას გადასახადის თანხის 50%-ის ოდენობით.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საწარმოს მიერ ოპერაცია დაბეგრილი იქნა კამერალური შემოწმების დაწყებამდე, 2021 წლის თებერვალში, რაც გამორიცხავს საწარმოს მხრიდან დასაბეგრი პერიოდის მიზანმიმართულ ცვლილებას, ჯარიმის თანხის მინიმიზაციის მოთხოვნის მიზნით.
საყურადღებოა, რომ შემოსავლების სამსახურს 2017 წლის 28 თებერვლის №4825 ბრძანებით ანალოგიურ საკითხზე გამოტანილი აქვს ისეთივე გადაწყვეტილება, რომელსაც მომჩივანი ითხოვს. კერძოდ, ბრძანების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში, კერძოდ, 2016 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციაში, თანხის შემცირება გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) ცვლილებით. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, უნდა შეეფარდოს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა და მის საფუძველზე დარიცხული გადასახადი, ხოლო საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა დაკორექტირდეს
1 745 ლარამდე (10%-იანი ჯარიმა).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში (2020 წლის ნოემბერი) გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 120 324 ლარზე, რომელიც არ არის ასახული და დაბეგრილი 2020 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციით. ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდს წარმოადგენს 2020 წლის ნოემბერის თვე, საგადასახადო ორგანოს მიერ მართლზომიერად განხორციელდა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ით დაბეგვრა.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ შემოწმების შედეგად დადგენილი დასაბეგრი ბინები საწარმოს მიერ ასახულია 2021 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) ცვლილებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, უნდა შეეფარდოს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9761 ბრძანება;
3. მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია;
4.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და შემდგომში მისი მართვა.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა საწარმოს პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და კომპანიის მიერ დეკლარირებული მონაცემები. გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივ და დეკლარირებულ დასაბეგრ ოპერაციებს შორის.გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება დღგ-ში და დაეკისრა ჯარიმა.საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ჰქონდა ვალდებულება დასაბეგრ ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაცია წარედგინა შემოსავლების სამსახურში დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად. მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, უნდა შეეფარდოს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
158(1);159(1ა,ბ);163(1);164(1);168(1);69(1);275(2);