გადაწყვეტილება №23425/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.09.2024
№ დოკუმენტი 23425/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 23425/2/2024

03 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპ „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------------"-ის 3.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23425/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საქონლის მიწოდებად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2024 წლის №021-25 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.06.2024 წლის №13853 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 260 169,83 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 157 587

დღგ - 59 709

საშემოსავლო გადასახადი - 97 878

ჯარიმა - 75 464

საურავი - 27 118,83

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს საკვები პროდუქტების (ბურღულეული, ფქვილი, მარილი, მზესუმზირა და სხვა) ადგილობრივად შეძენა, დაფასოება და რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 12.12.2023 წლამდე პერიოდი, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით 12.12.2023 წლის ჩათვლით. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 6.06.2019 წელს, ამავდროულად რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.

ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული და გამოწერილი პირველადი დოკუმენტების, ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელის ობიექტზე 12.12.2023 წლის №31121 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ რეალიზაციას. გადამხდელი მიერ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში დადეკლარირებული ბრუნვის 58% წარმოადგენს დოკუმენტურად დაუდასტურებელ შემოსავალს, რაც განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებად. შესაბამისად შესამოწმებელ პერიოდში გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, საწარმოს დაერიცხა დღგ-ში და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ემუხლის გათვალისწინებით. ასევე, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა პერიოდის ბოლოს კომპანიის დირექტორზე (თანაბარწილად) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2024 წლის №021-25 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.06.2024 წლის №13853 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა ინვენტარიზაცია, რომლის საბოლოო შედეგების გამოყვანა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს და გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივად აღწერილ სასაქონლო-მატერიალურ მარაგების ნაშთებს და გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილ მონაცემებში დაფიქსირებულ სმფ-ებს შორის. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებულია მხოლოდ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სმფ-ებს შორის სხვაობაზე და გამოვლენილი სმფ-ებს შორის სხვაობა გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის დასაბუთებული მისი გამოცემისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს აღნიშნული მეთოდის გამოყენებით მიზანშეწონილად არ მიაჩნია ინვენტარიზაციით გამოვლენილი სმფ-ებს შორის სხვაობის წინა საანგარიშო პერიოდებში რეალიზებულად განხილვა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა და აღნიშნული რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის პერიოდის ბოლოს დირექტორებზე (თანაბარწილად) გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას და იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საქონლის მიწოდებად განხილვას და აღნიშნულის შესაბამისად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება. კონკრეტულად არ დაადგინა როგორ იმოქმედა ინვენტარიზაციის შედეგებმა კომპანიის მხრიდან საგადასახადო დეკლარირებაზე. დავის ეტაპზე გამოთხოვილია ინვენტარიზაციის მასალები და ინვენტარიზაციით გამოვლენილია დანაკლისი, რომელიც საერთოდ არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ობიექტი, არამედ აღნიშნულზე უნდა გავრცელებულიყო საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა. განმარტავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები ასახულია კომპანიის მიერ დანაკლისის აღმოჩენის პერიოდის მიხედვით დეკლარაციაში, რომელზეც განმეორებით თანხების დარიცხვა წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას. საშემოსავლო გადასახადთან მიმართებაში აქტში აღნიშნულია, რომ დარიცხული თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. რეალურად ინვენტარიზაციის შედეგად სმფ-ების ფაქტიური ნაშთების მიხედვით დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც შემმოწმებელმა გადაანაწილა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების პროპორციულად, ხოლო საშემოსავლო გადასახადით დაბეგრა პერიოდი ბოლოს. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი არა მარტო არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ობიექტი, არამედ მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად ასევე არ წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას. მომჩივანი აცხადებს, რომ სრულად იქნეს დაკმაყოფილებული საჩივარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება, ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ რეალიზაციას. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვის 58% წარმოადგენს დოკუმენტურად დაუდასტურებელ შემოსავალს, რაც შემოწმების მიერ განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებად, რამაც გამოიწვია შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, ხოლო, აღნიშნული რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი დაკვალიფიცირდა პერიოდის ბოლოს დირექტორებზე (თანაბარწილად) გაცემულ ხელფასად.

მომჩივნის განმარტებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით გამოვლენილია დანაკლისი, რომელზეც საგადასახადო ვალდებულებები არ უნდა განსაზღვრულიყო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აცხადებს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები ასახულია კომპანიის მიერ დანაკლისის აღმოჩენის პერიოდის მიხედვით დეკლარაციაში, რომელზეც განმეორებით თანხების დარიცხვა წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებულია მხოლოდ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სმფ-ებს შორის სხვაობაზე და გამოვლენილი სმფ-ებს შორის სხვაობა გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად.

შემოსავლების სამსახურმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის დასაბუთებული მისი გამოცემისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები. შესაბამისად, აღნიშნული მეთოდის გამოყენებით მიზანშეწონილად არ მიაჩნია ინვენტარიზაციით გამოვლენილი სმფ-ებს შორის სხვაობის წინა საანგარიშო პერიოდებში რეალიზებულად განხილვა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა და აღნიშნული რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის პერიოდის ბოლოს დირექტორებზე (თანაბარწილად) გაცემულ ხელფასად ჩათვლა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას და იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 13.06.2024 წლის №13853 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საქონლის მიწოდებად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს საკვები პროდუქტების ადგილობრივად შეძენა, დაფასოება და რეალიზაცია. შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ რეალიზაციას. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვის 58% წარმოადგენს დოკუმენტურად დაუდასტურებელ შემოსავალს, რაც შემოწმების მიერ განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებად, რამაც გამოიწვია შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, ხოლო, აღნიშნული რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი დაკვალიფიცირდა პერიოდის ბოლოს დირექტორებზე (თანაბარწილად) გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 13.06.2024 წლის №13853 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 8(11);73(5,9);101(1);154(1);158(1);160(3);164(1)286(9);