გადაწყვეტილება №19561/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.05.2023
№ დოკუმენტი 19561/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19561/2/2023

25.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ---ა (ს/ნ ------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ას 28.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19561/2/2023).

 

დავის საგანი:

„ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 22.02.2023 წლის №3331 ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7895 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის მიერ ამავე ინსტრუქციის 27-ე მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობის შემოწმება. დადგინდა, რომ კომპანიას, 12.11.2022 წლის №EL190795 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, იმპორტის გადასახდელის ოდენობის 1 000 ლარზე მეტით შემცირებისათვის, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია, რაც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და წარმოადგენს ძალაში შესულ გადაწყვეტილებას.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ხსენებული ინსტრუქციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3331 ბრძანებით, მომჩივანს გაუუქმდა „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი.

აღნიშნული ბრძანება 14.03.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.04.2023 წლის №7895 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მომჩივნის არგუმენტზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია გადამხდელად რეგისტრირებულია 8.11.2006 წლიდან, მისი საქმიანობაა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო (სამეურნეო) საქონლის წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტი. კომპანია ფლობს შვიდ სავაჭრო ობიექტს. კომპანია ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ამ სფეროში და ერთ-ერთი მოწინავეა სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი გადასახადების მოცულობის მხრივ, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი აქვს 24 492 177.85 ლარი მხოლოდ 2022 წლის 16 თებერვლიდან 2023 წლის 16 თებერვლის პერიოდში. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სამართალდარღვევის ოქმის კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრება პროცედურული ნაწილია და არ წარმოადგენს კომპანიის მხრიდან მნიშვნელოვან დარღვევას, რასაც ზიანი შეიძლება მოეტანა, ის რომ აღნიშნული ფაქტი კომპანიას „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუს დააკარგვინებდა კომპანიას არ ჰქონდა ინფორმაცია, შესაბამისად აღნიშნულის არცოდნით ვერ განხორციელდა კანონით დადგენილ ვადაში საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება. მეორე საკითხია რომ ბრალეულობა ამ ოქმის მიხედვით არ დასტურდება, სხვისი ბრალეულობის გამო კი კომპანიამ არ უნდა აგოს პასუხი და არ უნდა გაუუქმდეს „ოქროს სიის“ სტატუსი.

კომპანიამ 22.02.2023 წელს მიიღო ბრძანება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ, რასაც არ ეთანხმება, ვინაიდან დარღვეულია სამართლიანობის ბალანსი და კომპანია არათანაბარ პირობებშია ჩაყენებული, მიუხედავად იმისა რომ კომპანიამ გაუშვა ვადა და საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მისი ბრალეულობა ამ ოქმის მიხედვით არ დასტურდება, რასაც ადასტურებს კიდეც მომწოდებელი წერილობით. საქმის არსი კი შემდეგში მდგომარეობდა:

ექსპორტიორის მიერ ელექტრონულად მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე 8.11.2022 წელს კომპანიის მიერ მოხდა საქონლის საბაჟო დეკლარაციის წინასწარი რეგისტრაცია. თუმცა არსებობდა სხვაობა საბაჟო გამშვებ პუნქტზე მძღოლების მიერ წარდგენილ ინვოისში საქონლის ფაქტურულ ღირებულებასა და ექსპორტიორის მიერ მიწოდებულ ელექტრონულ ინვოისში არსებულ საქონლის ფაქტურულ ღირებულებებს შორის. რის გამოც, შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ არ იქნა შეფასებული და საქონელი გაშვებულ იქნა -----ის გეზში. კომპანიის მიერ კეთილსინდისიერად განხორციელდა საქონლის საბაჟო დეკლარაციის წინასწარი რეგისტრაცია საბაჟო კოდექსის შესაბამისად, ექსპორტიორის მიერ ელექტრონულად მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე. კომპანიის მიერ გაფორმების ეკონომიკური ზონა ----ის გეზში წარდგენილია დოკუმენტები: პროფორმა ინვოისი, იდენტური საქონლის შემოსავლის დეკლარაციები და ინვოისები, გადახდის სვიფტი, ექსპორტის დეკლარაცია, მომწოდებლის წერილი შეცდომასთან დაკავშირებით, რომ მძღოლების მიეწოდათ არასწორი ღირებულების ამსახველი ინვოისი, საკმარისი იყო იმისთვის, რომ მომხდარიყო საქონლის საბაჟო ღირებულებების განსაზღვრა. მძღოლებისათვის შეცდომით მიწოდებულ ინვოისში საქონლის 1მ2 -ის ღირებულება შეადგენდა 3.4$, ხოლო ელექტრონულ და პროფორმა ინვოისში საქონლის 1მ2 -ის ღირებულება შეადგენდა 1.95$-ს.

მიუხედავად კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენილი დოკუმენტებისა, შემოსავლების სამსახურის მიერ დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც საქონლის 1მ2 -ის ღირებულებად განისაზღვრა 3.4$, კომპანიას დაეკისრა ჯარიმა 1 780.4 ლარის ოდენობით, საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საბაჟო კოდექსის 97-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის ანალიზის/ექსპერტიზის ან გამოკვლევის შედეგები უნდა ეცნობოს დეკლარანტს ან საქონელთან დაკავშირებული უფლებამოსილების მქონე სხვა პირს ან/და მის წარმომადგენელს. მიუხედავად იმისა,რომ კომპანიის მიერ მოთხოვნილი იქნა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, კომპანიას წარედინა მხოლოდ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები.

აღსანიშნია და გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ იგივე სახეობის საქონელზე, იგივე მომწოდებელთან საქონლის 1მ2 -ის ღირებულება შეადგენდა 1.95$-ს, რაც ცალსახად იმის მანიშნებელია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დაფიქსირდა უზუსტობა 1მ2 -ის საქონლის ღირებულებად 3.4$. არასწორი იყო ასევე, შემოსავლების სამსახურის მხრიდანაც ექსპერტიზის საფუძველზე საქონლის 1მ2 -ის ღირებულებად 3.4$ განსაზღვრა, საჩივარს ერთვის აღნიშნულის დამადასტურებელ დეკლარაციები/ინვოისები.

კომპანიის მიერ წარდგენილი ინვოისი იყო სწორი და შესაბამისად 1მ2 -ის საქონლის ღირებულება ნამდვილად შეადგენს 1.95$-ს და არა 3.4$-ს, რაც დასტურდება თვის ჭრილში შედგენილი ორმხრივი ბეჭდებით დამოწმებულ პროფორმა ინვოისითა და შემოტანილი იდენტური საქონლის ღირებულებით. კომპანიის მიერ არ განხორციელებულა საბაჟო სამართალდარღვევა და მითუმეტეს არ მომხდარა თანმხლები დოკუმენტაციიდან არასწორი მონაცემების გადატანა საბაჟო დეკლარაციაში, რასაც შეიძლება გამოეწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. ამიტომ მას ვერ დაეკისრება ვერანაირი პასუხისმგებლობა. მძღოლების მიერ შეცდომით წარდგენილი ინვოისი, განპირობებული იყო ექსპორტიორის შეცდომით და არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. დაუშვებელია სხვისი შეცდომის გამო დაეკისროს კომპანიის პასუხისმგებლობა იმის გამო, რაც მას არ ჩაუდენია და არც განუზრახავს.

მნიშვნელოვანია „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმებისას გათვალისწინებული იქნას გონიერი ბალანსის დაცვა, დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის, რადგან ამ შემთხვევაში კომპანია არათანაბარ პირობებშია ჩაყენებული და დარღვეულია სამართლიანი ბალანსი.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ კომპანიას არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, იგი არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი იგი თავადაა დაზარებული აღნიშნული სიტუაციიდან, შესაბამისად როცა რეალური სამართალდამრღვევი არ არის კომპანია, რაც სახეზეა. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი კომპანია არ არის. კომპანია წლის განმავლობაში 30 მილიონ ლარზე მეტს იხდის გადასახადების სახით ბიუჯეტში და სხვისი დაუდევარი საქციელის გამო ელახება რეპუტაცია, რაც ცალსახად გაცილებით ღირებულია ვიდრე დადგენილი სანქცია.

გასათვალისწინებელია, რომ კომპანიას აღნიშნულ სიტუაციაში არ დაუშვია შეცდომა და მისი ქმედებით არ დამდგარა მართლსაწინააღმდეგო ქმედება. სანქცია დაედო აბსოლუტურად დამოუკიდებელი მიზეზით. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდებისას არ უნდა დაირღვეს საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი. კომპანიაზე საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენით ვერ იქნება ბალანსი და იურიდიული თანასწორობა მიღწეული. გამოყენებული სანქცია ყველა შემთხვევაში უნდა პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს, რადგან აღნიშნული ფაქტი არ დამდგარა კომპანიის დაუდევრობით და გაუფრთხილებლობით უნდა გათავისუფლდეს როგორც ჯარიმისგან, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბრძანება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ. საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვს კომპანიას, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელს არ დაეკისროს პასუხისმგებლობა და გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გაუშვა ვადა 12.11.2022 წლის №EL190795 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მისი ბრალეულობა ამ ოქმის მიხედვით არ დასტურდება, რასაც ადასტურებს კიდევაც მომწოდებელი წერილობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს სადავო აქტების ბათილობას და კომპანიის „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის აღდგენას, რადგან არ მიადგეს ზიანი კომპანიას და არ გახდეს აღნიშნული ქმედება კომპანიისთვის ზიანის მომტანი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართ №1) 29-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ამ ინსტრუქციის 27-ე მუხლით განსაზღვრული პირობების (საგადასახადო დავალიანების გარდა) დაკმაყოფილების მდგომარეობას შემოსავლების სამსახური ამოწმებს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მინიჭების თარიღიდან ყოველი 6 თვის შემდეგ, საგადასახადო დავალიანების არსებობას – სტატუსის მინიჭების თარიღიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ხოლო ამ ინსტრუქციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას − სტატუსის მინიჭების თარიღიდან 6 თვის შემდეგ და 1 წლის (12 თვის) შემდეგ.

2. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს იმპორტის გადასახდელის ოდენობის 1000 ლარზე მეტით შემცირებისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრებული არ ყოფილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

მომჩივნის განმარტებით, სამართალდარღვევის ოქმის კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრება პროცედურული ნაწილია და არ წარმოადგენს კომპანიის მხრიდან მნიშვნელოვან დარღვევას, რასაც ზიანი შეიძლება მოეტანა, ის რომ აღნიშნული ფაქტი კომპანიას „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუს დააკარგვინებდა კომპანიას არ ჰქონდა ინფორმაცია, შესაბამისად აღნიშნულის არცოდნით ვერ განხორციელდა კანონით დადგენილ ვადაში საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება. მეორე საკითხია რომ ბრალეულობა ამ ოქმის მიხედვით არ დასტურდება, სხვისი ბრალეულობის გამო კი კომპანიამ არ უნდა აგოს პასუხი და არ უნდა გაუუქმდეს „ოქროს სიის“ სტატუსი. გამოყენებული სანქცია ყველა შემთხვევაში უნდა პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს, რადგან აღნიშნული ფაქტი არ დამდგარა კომპანიის დაუდევრობით და გაუფრთხილებლობით უნდა გათავისუფლდეს როგორც ჯარიმისგან, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბრძანება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ. საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვს კომპანიას, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელს არ დაეკისროს პასუხისმგებლობა და გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გაუშვა ვადა 12.11.2022 წლის №EL190795 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მისი ბრალეულობა ამ ოქმის მიხედვით არ დასტურდება, რასაც ადასტურებს კიდევაც მომწოდებელი წერილობით. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს სადავო აქტების ბათილობას და კომპანიის „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის აღდგენას, რადგან არ მიადგეს ზიანი კომპანიას და არ გახდეს აღნიშნული ქმედება კომპანიისთვის ზიანის მომტანი.

დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს, რომ მომჩივნის მიმართ საბაჟო დეპარტამენტის მიერ 12.11.2022 წელს შედგენილია №EL190795 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით შეეფარდა ჯარიმა 1 780.4 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია სადავო არ არის, რომ აღნიშნული ოქმი ჩაბარდა (12.11.2022 წელს (აღნიშნული დასტურდება ოქმზე არსებული ხელმოწერით)) გადასახადის გადამხდელს და აღნიშნული არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან/და სასამართლოში.

ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს, ამასთან მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას საბაჟო დეპარტამენტის 12.11.2022 წლის №EL190795 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით, რის გამოც საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ჯარიმის შეფარდების მართებულობაზე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

„ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მიმართ საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით შეეფარდა ჯარიმა . აღნიშნული ოქმი ჩაბარდა (აღნიშნული დასტურდება ოქმზე არსებული ხელმოწერით) გადასახადის გადამხდელს და აღნიშნული არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან/და სასამართლოში.

აღნიშნული გარემოება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს.

ამასთან მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 41(2);

ასევე საბაჟო კოდექსის 97(6);163(13"ბ");167(1,2);

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) 27;28(2);29(1.2 „გ“ );

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი;