ბრძანება N 782

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.01.2023
№ დოკუმენტი 782
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 782

24.01.2023

ი/მ ----------ს (ს/ნ -------------)

(მის.: -----------------)

2022 წლის 15 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 8 დეკემბერს და 2023 წლის 16 იანვარს გამართულ სხდომებზე (ოქმები №116, №3) განიხილა ი/მ ----------ს (ს/ნ ----------) №76472/1/2022 საჩივარი,შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ოქტომბრის № 058-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას. განმარტავს, რომ შემოწმებისას აუდიტორის მიერ ერთობლივ შემოსავალში და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართულია ფიზიკური პირებისგან მიღებული პირადი ხასიათის საბანკო ჩარიცხვები, რომლებსაც მის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის №20328 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----------ს (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 4 თებერვლიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 11 ოქტომბრის №25859 ბრძანება და 12 ოქტომბრის №058-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 74 559 ლარი, მათ შორის გადასახადი 49 287 ლარი, ჯარიმა 14 498 ლარი და საურავი 10 774 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის“ ხე- ტყის/მერქნული რესურსის დამზადების მომსახურება (----- წელს ი/მ ----------ს (ს/ნ -------------) მოგებული აქვს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოცხადებული ორი ტენდერი) გაწეულ მომსახურებაზე მიღებული ანაზღაურება ჯამურად შეადგენს 190 033 ლარს. წარმოდგენილი დეკლარაციების შესწავლით (მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია) დგინდება, რომ აღნიშნული მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი არ არის ასახული და დაბეგრილი გადამხდელის მიერ წარდგენილ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში. შესამოწმებელ პერიოდზე გადასახადის გადამხდელის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება თანხების ჩარიცხვა. გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული თანხების მიზნობრიობის შესახებ. აღნიშნული თანხები განხილულ იქნა როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.

შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის“ გაწეული მომსახურებიდან მიღებული თანხები და საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა პირების მიერ ჩარიცხული თანხები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად (1% განაკვეთი). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმებით დგინდება, რომ უწყვეტი 12 უწყვეტი კალენდარული თვის განმავლობაში მეწარმის დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ ----- წლის 19 ოქტომბერს გადააჭარბა 100 000 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაჭარბების მომენტიდან მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა დღგ- ით დაბეგვრას. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის, 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-164 მუხლების შესაბამისად, ი/მ ----------ს (ს/ნ -------------) დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2020 წლის 19 ოქტომბერი და აღნიშნული პერიოდიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი ჩართულ იქნა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. სხვაობის თანხაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების 5 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 მუხლის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად:

1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს

დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე,ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე,რომლითაც ირკვევა, რომ 2020 წელს ი/მ ----------ს (ს/ნ -------------) მოგებული აქვს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორი ტენდერი, გაწეულ მომსახურებაზე მიღებული ანაზღაურება ჯამურად შეადგენს 190 033 ლარს. წარმოდგენილი დეკლარაციების შესწავლით დგინდება, რომ აღნიშნული მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი არ არის დაბეგრილი საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადით.

ასევე, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ი/მ ----------ს (ს/ნ -------------) კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება თანხების ჩარიცხვა. გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია მიღებული თანხების მიზნობრიობის შესახებ, ხოლო შემოწმების მიერ აღნიშნული თანხები განხილულ იქნა როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, რაც შესაბამის პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო ნორმების თანახმად ჩაითვალა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებად.

იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია მიღებული თანხების მიზნობრიობის შესახებ და არსებული ფაქტობრივი გარემოებებით არ/ვერ დგინდება მომჩივანის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხების დანიშნულება/მიზნობრიობა, შემმოწმებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და განმარტებით კი შესამოწმებელ პერიოდში ი/მ ----------ს (ს/ნ -------------) ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ძირითადი ნაწილი არის მეწარმე სუბიექტების მიერ ჩარიცხული, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ხე-ტყის მასალის დამუშავება, დამზადებასა და რეალიზაციასთან, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია გადამხდელის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ, დასაბეგრ შემოსავლად/ბრუნვად განხილვა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----------ს (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.