ბრძანება N 30107
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 30107
01 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2023 წლის 31 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №118) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №21199/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №047-34 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საკუთარი წარმოების ეთილის სპირტის რეალიზაციაზე შემოწმებით დარიცხულ აქციზს. განმარტავს, რომ მიერ მის წარმოებულ პროდუქციას სასაქონლო ზედნადებით აწვდის ძირითადად ერთ ორგანიზაციას - შპს „----------“, რომელიც აღნიშნულ პროდუქციას იყენებს სხვადასხვა სახის სადეზინფექციო საშუალებების საწარმოებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკუთარი არგუმენტაციის დასადასტურებლად გადამხდელის მიერ წარმოდგენილია შემსყიდველი კომპანიის წერილი. მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, მიწოდებული 96%-იანი ეთილის სპირტი გამოიყენება სადეზინფექციო საშუალებების საწარმოებლად, ოპერაცია თავისუფლდება აქციზისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით. ამასთანავე, საგადასახადო შემოწმების ატქში მითითებულია, რომ მწარმოებელს აქვს სპირტის საწარმოებლად გამზადებული ყურძნის ღვინო და ღვინის არაყი, რომელიც აქციზისგან თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-6 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივლისის №18449 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 11 ივლისიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში აქციზის გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 9 ოქტომბრის №24992 ბრძანება და 10 ოქტომბრის №047-34 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 125 731 ლარი, მათ შორის გადასახადი 76 060 ლარი, ჯარიმა 38 030 ლარი და საურავი 11 641 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „----------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 11 ივლისს, ამავე დღესაა რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების (ღვინო, ეთილის სპირტი) წარმოება/რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით არ ფიქსირდება აქციზის გადამხდელ პირად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 მაისის N11720 ბრძანებით, 2023 წლის 12 ივნისს განხორციელდა დათვალიერება შპს „----------“ საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელებისა და გადამხდელის კუთვნილი სმფ-ების განთავსების ადგილებზე (----------). დათვალიერების პროცედურით შპს „----------“ გააჩნდა დაახლოებით 80 ტონამდე სპირტის მისაღებად საჭირო ნედლეული (განთავსებული 20 ტონიან ცისტერნებში), ღვინო - დაახლოებით 15,5 ტონა (პლასტმასისა და ლითონის სხვადასხვა ზომის ჭურჭლებში) და არაყი - დაახლოებით 2,3 ტონა (მოთავსებული სხვადასხვა ზომის პლასტმასის ჭურჭლებში).
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს 10 564 ლიტრი ეთილის სპირტი 96%-იანი, ღირებულებით 75 975,8 ლარი, რაზეც გამოწერილია ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შპს „----------“ საკუთარი წარმოების ეთილის სპირტის (96%-იანი) მიწოდების მომენტში წარმოეშვა ამ ოპერაციის აქციზით დაბეგვრის ვალდებულება, შესაბამისად, პირს დაერიცხა აქციზი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაცია და დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტია მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება ალკოჰოლიანი სასმელისათვის – ალკოჰოლიანი სასმელის მოცულობით ან ალკოჰოლიან სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით ან ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.
„ტექნიკური რეგლამენტის – საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის მარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 ივლისის №350 დადგენილების თანახმად:
1. მარკირება განხორციელებული უნდა იყოს მკაფიო და არაჩამორეცხვადი შრიფტით.
2. მარკირება შესრულებული უნდა იყოს ქართული და/ან ლათინური და/ან სლავურ-კირილური ანბანით.
3. ფარმაცევტული პროდუქტის მეორეულ, ხოლო მისი არარსებობისას პირველად შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს: სამკურნალო საშუალების სავაჭრო დასახელება, აქტიური სუბსტანციის (-ების) საერთაშორისო ან სხვა (ბრიტანული ან აშშ ნომენკლატურით) არაპატენტირებული დასახელება (დასახელებები), ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სხვა, საყოველთაოდ აღიარებული დასახელება (დასახელებები), მწარმოებელი ფირმა, მწარმოებელი ქვეყანა, სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი/რეგისტრაციის უფლების მქონე სუბიექტი (ასეთის არსებობისას), სერია, წამლის ფორმა, ყოველ ერთეულში მოქმედი ნივთიერების დოზა, რაოდენობა შეფუთვაში, მწარმოებლის მიერ რეკომენდებული ვარგისობის ვადა (თვე, წელი), შენახვის პირობები, საჭიროებისას – მიღების გზა და მეთოდი. პარენტერალური სამკურნალო საშუალებებისა და ოფთალმოლოგიური საშუალებებისთვის – აგრეთვე, დამხმარე ნივთიერება/ნივთიერებები (გარდა pH-ის კორიგენტებისა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს 10 564 ლიტრი ეთილის სპირტი 96%-იანი, ღირებულებით 75 975,8 ლარი, რაზეც გამოწერილია ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით, ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულია ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოებლად გამოყენებული ალკოჰოლიანი სასმელი (სითხე), შესაბამისად აღნიშნული შეღავათი ვერ გავრცელდება უკვე წარმოებულ და რეალიზებულ 96% ეთილის სპირტზე.
რაც შეეხება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-6 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებით მომჩივნის არგუმენტს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურად (სასაქონლო ზედნადებებით) რეალიზებული აქვს 96% შემცველობის 10 564 ლიტრი ეთილის სპირტი შემდეგ პირებზე: შპს „----------“ - 8 764 ლიტრი, შპს „----------“ - 1 000 ლიტრი, ფ/პ „----------“ - 8 00 ლიტრი. შპს „----------“ წარმოდგენილია წერილობითი ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ შეძენილი ეთილის სპირტით ნაწარმოებია სხვადასხვა სახის სადიზინფექციო საშუალებები, ხოლო შპს „----------“ და ფ/პ „----------“ ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი მათ მიერ შეძენილი ეთილის სპირტის შემდგომი გამოყენების შესახებ.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საკუთარი წარმოების ეთილის სპირტის რეალიზაციაზე შემოწმებით დარიცხულ აქციზს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს 10 564 ლიტრი ეთილის სპირტი 96%-იანი, ღირებულებით 75 975,8 ლარი, რაზეც გამოწერილია ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები.
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურად (სასაქონლო ზედნადებებით) რეალიზებული აქვს 96% შემცველობის 10 564 ლიტრი ეთილის სპირტი სხვადასხვა პირებზე: 8 764 ლიტრი, 1 000 ლიტრი, 8 00 ლიტრი. ერთერთი შემსყიდველისგან წარმოდგენილია წერილობითი ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ შეძენილი ეთილის სპირტით ნაწარმოებია სხვადასხვა სახის სადიზინფექციო საშუალებები, ხოლო სხვა შემსყიდველებისგან ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი მათ მიერ შეძენილი ეთილის სპირტის შემდგომი გამოყენების შესახებ.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 182(1„ა“); 184(1„ა“); 194(5,6).