ბრძანება N 14152
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14152
17 ივნისი 2024
ბრძანება
უცხოური საწარმოს ფილიალის
„--------" (ს/ნ "------")
(მის: "------")
2024 წლის 14 მაისის და 10 ივნისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 ივნისის სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "------" -ის ფილიალის (ს/ნ "------") №89619/1/2024 და №90097/1/2024 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 16 აპრილის №EL247891, №EL247892, №EL247887 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებსა და 2024 წლის 17 აპრილის №"------" წერილობით შეტყობინებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ 2023 წლის ივლისში გაფორმდა „ქვენარდობის ხელშეკრულება“ დახურული სააქციო საზოგადოება აზერბაიჯანის რკინიგზის საქართველოს ფილიალთან, რომლის მიხედვითაც, შენობა-ნაგებობების მშენებლობის ფილიალმა აიღო ვალდებულება თურქეთის მიმართულებით"------"-ის რკინიგზის აღდგენითი და შეკეთებითი სამუშაოების ჩასატარებლად. ამ მიზნით, აზერბაიჯანიდან დროებითი შემოტანის რეჟიმით შემოყვანილ იქნა სატრანსპორტო საშუალებები და საქონელი 2023 წლის ბოლომდე. 2023 წლის 18 ივლისს და 7 დეკმბერს გაფორმდა ქვენარდობის ხელშეკრულებები, რომლის დამატებით შეთანხმებების საფუძველზე ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 31 დეკემბერი. ვადა გაგრძელდა იმ მიზეზით, რომ თავდაპირველ გაცემულ ვადაში ვერ ხერხდება სამუშაოების დასრულება.
2024 წლის 15 აპრილს შედგა სადავო ოქმები, ხოლო 17 აპრილს მიიღო შეტობინება ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. ტექნიკის უკან გაყვანა გამოიწვევს პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების ჩამორჩენას.
2024 წლის 12 მარტს შედგა საკოორდინაციო საბჭოს 36-ე სხდომა საქართველოსა და აზერბაიჯანულ მხარეს შორის, სადაც განხილულ და დამტკიცებულ იქნა ახალი ვადა 2024 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული შეთანხმება საჭიროებს პრემიერ მინისტრის მიერ მის დამტკიცებას, რაც დღემდე არ განხორციელებულა. შესაბამისად კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ მოხერხდა დროებით შემოტანილ ტექნიკაზე ვადის გაგრძელება.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს ეპატიოს სადავო ადმინისტრაციული აქტებით დაკისრებული ჯარიმა საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე და შეჩერდეს 2024 წლის 17 აპრილის №"------" წერილობითი შეტყობინებებით განსაზღვრული 30 დღიანი ვადის მოქმედება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ უცხოური საწარმოს ფილიალის „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება -------- ფილიალი“ (ს/ნ "------") მიერ 2024 წლის 16 იანვრის №"------", №"------" და 2024 წლის 23 იანვრის №------- საქონლის საბაჟო დეკლარაციებით დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეულ იქნა სხვადასხვა დასახელების მძიმე სამშენებლო ტექნიკა.
აღნიშნულ საქონელზე დროებით შემოტანის ვადად №"------" და №"------" საბაჟო დეკლარაციების შემთხვევაში განისაზღვრა 2024 წლის 14 აპრილი, ხოლო №"------"საბაჟო დეკლარაციის შემთხვევაში – 2024 წლის 15 აპრილი. თუმცა, მითითებულ ვადებში მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევა არ განხორციელებულა.
ვინაიდან უცხოური საწარმოს ფილიალის „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "------"-ის (ს/ნ "------") მხრიდან ადგილი ჰქონდა დროებით შემოტანის პროცედურის პირობების დარღვევის ფაქტებს, ჩადენილს განმეორებით, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „------- -ში “ 2024 წლის 16 აპრილს შედგენილ იქნა №EL247887 (№"------" საბაჟო დეკლარაცია), №EL247891 (№"------" საბაჟო დეკლარაცია) და №EL247892 (№"------" საბაჟო დეკლარაცია) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე 1000-1000 ლარის ოდენობის ჯარიმების შეფარდების შესახებ.
გარდა აღნიშნულისა, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ -ის “ 2024 წლის 17 აპრილის №"------" წერილობითი შეტყობინებით, 2024 წლის 16 იანვრის №"------", №"------" და 2024 წლის 23 იანვრის №"------" საქონლის საბაჟო დეკლარაციებით დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეულ საქონელზე საბაჟო პროცედურის დასრულებისათვის აუცილებელი ფორმალობების განხორციელების უზრუნველსაყოფად, უცხოური საწარმოს ფილიალს „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება"------" ფილიალი“ (ს/ნ "------") განსაზღვრული აქვს 30 კალენდარული დღე.
ამასთან, სამშენებლო ტექნიკაზე დროებით შემოტანის ვადის გაგრძელების თხოვნით დეკლარანტმა საბაჟო ორგანოს მიმართა დროებით შემოტანის ვადის ამოწურვის შემდეგ – 2024 წლის 14 მაისს (განცხადების რეგისტრაციის №"------").
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 139-ე მუხლის მიხედვით, დეკლარანტი განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონელი უნდა მოექცეს სხვა საბაჟო პროცედურაში ან უნდა განხორციელდეს მისი რეექსპორტი. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთი ავტორიზაციის მფლობელმა საქონელი დროებით შემოტანის პროცედურაში შეიძლება მოაქციოს არაუმეტეს 3 წლისა. თუ ერთი ავტორიზაციის მფლობელი დროებით შემოტანის პროცედურას საქონლის სხვა სპეციალურ პროცედურაში მოქცევით ასრულებს და შემდეგ ეს საქონელი ისევ ექცევა დროებით შემოტანის პროცედურაში, დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევის ჯამური ვადა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ავტორიზაციის მფლობელის მოტივირებული განცხადების საფუძველზე გაზარდოს დეკლარანტის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული ვადა ან/და ამ მუხლის მე2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ვადა. დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო დეკლარანტს წერილობით ატყობინებს საქონლის განკარგვის განზრახვის შესახებ და ადგენს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადაში დეკლარანტის მიერ აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან საქონლის განადგურებას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-6 ნაწილის მიხედვით კი, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს, რაც გამოიხატა მის მიერ დროებით შემოტანის პროცედურის პირობების დარღვევაში, ჩადენილი განმეორებით. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწიანააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. დროებით შემოტანილ საქონელზე საბაჟო პროცედურის დასრულებისთვის აუცილებელი ფორმალობების განხორციელების უზრუნველსაყოფად ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადის განსაზღვრაც (2024 წლის 17 აპრილის №"------" წერილობითი შეტყობინება) შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მომჩივნის მოთხოვნაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
მომჩივნის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებით, არ დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "------" ფილიალის (ს/ნ "------") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს ეპატიოს სადავო ადმინისტრაციული აქტებით დაკისრებული ჯარიმა საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა დროებით შემოტანის პროცედურის პირობების დარღვევის ფაქტებს, ჩადენილს განმეორებით, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე 1000-1000 ლარის ოდენობის ჯარიმების შეფარდების შესახებ.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
171,163(11).