ბრძანება N 31730
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 31730
18 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 2 ნოემბრის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №126) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) 2023 წლის 2 ნოემბრის №185520/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ოქტომბრის №083-30 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და უფლება ჰქონდა ეწარმოებინა გამარტივებული ბუღალტერია, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლად კი ბუღალტერიის არ ქონის მითითება არასწორია. ასევე, არამართლზომიერია დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასნამატის მექანიკურად მთლიანი საქონლის რეალიზაციაზე გამოყენება. განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში აწარმოებდა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი სამშენებლო მასალების რეალიზაციას, ტერიტორია სადაც განთავსებული იყო სავაჭრო ობიექტი გადატვირთულია ანალოგიური სავაჭრო ობიექტებით და ისინი ერთმანეთს მუდმივად უწევენ კონკურენციას, მსგავსი კონკურენციის პირობებში კი, ფიზიკური პირები რომლებიც, როგორც წესი პირადი მოხმარებისათვის შედარებით იაფი საქონლის მყიდველებს წარმოადგენენ, პრაქტიკულად არ ესაჭიროებათ საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასაქონლო სატრანსპორტო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა). ასევე, მეწარმე სუბიექტები (სამშენებლო და სხვა კომპანიები), შეძენილ საქონელზე ღებულობენ გადახდილ დღგ-ის ჩათვლას და მათ, ფიზიკური პირებისაგან განსხვავებით შეძენილი საქონელი საბოლოო ჯამში 18%-ით უფრო იაფი უჯდებათ. შესაბამისად, მეწარმე სუბიექტების მიერ შეძენილი დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ების შეძენის ფასები ყოველთვის გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი ფიზიკური პირების მიერ შეძენილი საქონლის ფასები. ამასთან, ფასნამატი უშუალოდ და არსებითად არის დაკავშირებული საქონლის ხარისხთან, როგორც წესი, მაღალი ხარისხის საქონელზე, რომელზეც შედარებით მეტი მოთხოვნაა, მაღალი ფასნამატის გამოყენებაა შესაძლებელი, ხოლო შედარებით დაბალი ხარისხის საქონელზე კი უფრო დაბალი ფასნამატები გამოიყენება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გავრცელებული იყო „COVID 19“ და პანდემიის პირობებში შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატი არარეალურია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ივლისის №18133 და 22 სექტემბრის №23322 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---ის (ს/ნ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით 2023 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 3 ოქტომბრის №24382 ბრძანება და ამავე თარიღის №083-30 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 48 351 ლარი, მათ შორის, გადასახადი 28 152 ლარი, ჯარიმა 13 404 ლარი, საურავი 6 795 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
ი/მ --- გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 7 მარტს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2016 წლის 6 იანვარს, მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2019 წლის პირველ ივლისს. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა სამშენებლო მასალებით ვაჭრობა. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტობრივი ადგილი ----. გადასახადის გადამხდელს 2022 წლის ნოემბრის თვის შემდგომ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი ოპერაცია არ უფიქსირდება. საგადასახადო ორგანოსთან, შემოწმების პერიოდში, გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად განსაზღვრისთვის სათანადო, შესამოწმებელი პერიოდის სააღრიცხვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ გაანალიზდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული და გაცემული ელექტრონული საგადახადო დოკუმენტების მონაცემები და გაანგარიშდა დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 24%. აღნიშნულ მონაცემზე დაყრდნობით, საქონლის მოძრაობის ანალიზისა და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების მიხედვით, შემოწმებით დადგინდა, რომ მეწარმე ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 013 109 ლარს, რაც 135 569 ლარით აღემატება, ამავე პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვას. შემოწმებით დამატებით გამოვლენილი დასაბეგრი ბრუნვები, შესაბამისი თვეების მიხედვით, დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას, ამასთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით დადგენილი შემოსავლების მიხედვით, გაიზარდა მცირე ბიზნესის ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით წარსადგენი ვალდებულებები. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად განსაზღვრისთვის სათანადო, შესამოწმებელი პერიოდის სააღრიცხვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ გაანალიზდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული და გაცემული ელექტრონული საგადახადო დოკუმენტების მონაცემები და გაანგარიშდა დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 24%. აღნიშნულ მონაცემზე დაყრდნობით, საქონლის მოძრაობის ანალიზისა და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების მიხედვით, შემოწმებით დადგინდა, რომ მეწარმე ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი აღემატება, ამავე პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვას. ამასთან დამატებით დადგენილი შემოსავლების მიხედვით, გაიზარდა მცირე ბიზნესის ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით წარსადგენი ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით 2023 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 3 ოქტომბრის №24382 ბრძანება და ამავე თარიღის №083-30 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 48 351 ლარი, მათ შორის, გადასახადი 28 152 ლარი, ჯარიმა 13 404 ლარი, საურავი 6 795 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 79; 102; 90; 93; 158; 159; 160; 163; 164.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161.