გადაწყვეტილება №18269/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.02.2023
№ დოკუმენტი 8269/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18269/2/2022

24.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: : ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------ის 21.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18269/2/2022).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა;

3. საჩივრის განუხილველად დატოვება - არ არსებობს დავის საგანი. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ანალიტიკური დეპარტამენტის 7.06.2013 წლის №005-450 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;

2. ანალიტიკური დეპარტამენტის 10.07.2020 წლის №005-2421 ბრძანება ანალიტიკური დეპარტამენტის 7.06.2013 წლის №005-450 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

3. ვალის მართვის დეპარტამენტის 4.11.2021 წლის №011-2021-203455 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ;

4. ადმინისტრირების დეპარტამენტის 22.04.2016 წლის №011-2016-000853 ბრძანება საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ;

5. ადმინისტრირების დეპარტამენტის 9.03.2016 წლის №022-2016-031717 ბრძანება საინკასო დავალების გაუქმების შესახებ;

6. შემოსავლების სამსახურის 12.08.2022 წლის №21524 ბრძანება.

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, მომჩივანს 2013 წლის 7 ივნისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 115 306.08 ლარი, საურავი 115 970.20 ლარი, ზედმეტობა 440.77 ლარი. აღნიშნული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, გამოიცა ანალიტიკური დეპარტამენტის 7.06.2013 წლის №005- 450 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

ვალის მართვის დეპარტამენტის 2020 წლის 10 ივლისის №005-2421 ბრძანებით აღნიშნულ ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლითაც შეიცვალა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საფუძველი (241-ე მუხლი 254-ით), ვინაიდან მომჩივანს 2020 წლის 10 ივლისის მდგომარეობით ერიცხებოდა დამატებით დარიცხული თანხები, 1 149 664.98 ლარის ოდენობით, რომელიც არ იყო აღიარებული.

საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 4 ნოემბრის №011-2021-203455 ბრძანება მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის თაობაზე, აღნიშნული საინკასო დავალების საფუძველზე თანხის (აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 173 169.69 ლარი, ჯარიმა 201 236.14 ლარი, საურავი 538 195.13 ლარი) ჩამოწერა არ განხორციელებულა.

ამასთან, 2016 წლის 9 მარტის №022-2016-031717 ბრძანებით გაუქმდა მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე 30.01.2014 წელს წარდგენილი საინკასო დავალებები, ხოლო 2016 წლის 22 აპრილის №011- 2016-000853 ბრძანება საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ გაუქმდა 2021 წლის 17 აპრილის №011-2021-000020 ბრძანებით.

გადასახადის გადამხდელმა ზემოხსენებული აქტები, მათ შორის მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებების და ყადაღის გაუქმების შესახებ ბრძანებები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.08.2022 წლის №21524 ბრძანებით, საჩივარი:

1. ანალიტიკური დეპარტამენტის 7.06.2013 წლის №005-450 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი;

2. ადმინისტრირების დეპარტამენტის 9.03.2016 წლის №022-2016-031717 საინკასო დავალების გაუქმების შესახებ და 22.04.2016 წლის №011-2016-000853 საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ ბრძანებების ნაწილში, დავის საგნის არ არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 12.08.2022 წლის №21524 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები

ფაქტების აღწერა

2020 წლის 10 ივლისის მდგომარეობით რიცხული არ აღიარებული 1 149 664.98 ლარის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გამოიცა 2020 წლის 10 ივლისის №005-2421 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2013 წლის 7 ივნისის №005-450 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 4 ნოემბრის №011-2021-203455 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები, რომელთა საფუძველზე თანხის ჩამოწერა არ განხორციელებულა (აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 173 169.69 ლარი, ჯარიმა 201 236.14 ლარი, საურავი 538 195.13 ლარი).

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 254-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, 243-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 ივლისის №005-2421 ბრძანებით შპს ----------ის (ს/ნ -------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2013 წლის 7 ივნისის №005-450 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე გავრცელებული ყადაღა გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით.

ამასთან, ვინაიდან 2021 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით მომჩივანს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საბანკო ანგარიშებიდან

გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2021 წლის 4 ნოემბრის №011-2021- 203455 ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს, როგორც ზემოაღნიშნული ბრძანებები ისე შემოსავლების სამსახურის 12.08.2022 წლის ბრძანება მიაჩნია უკანონოდ და ითხოვს მის ბათილობას, შემდეგ გარემოებათა გამო: კომპანია დაარსდა 2001 წელს. ახდენდა ბითუმის იმპორტს და რეალიზაციას, თუმცა დაახლოებით 2013-2014 წლიდან ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებს და აღარ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. 2010 წელს კომპანიის დირექტორი იყო ---------. 2011 წლიდან კომპანიის 45% წილის მფლობელი პარტნიორი გახდა -----------. 2012 წლის აგვისტოში კომპანიას შეეცვალა დირექტორი და გახდა ---------, ხოლო 2012 წლის სექტემბერში ----------, კომპანიას 2013 წლის აპრილიდან კვლავ შეეცვალა დირექტორის და გახდა ---------, რომელიც იყო -------ის თანამშრომელი. ---------------- კომპანიის დირექტორი გახლდათ 2018 წლის სექტემბრამდე. კომპანიაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიეწოდებოდა მის დამფუძნებელ პირს (----------), რის გამოც იძულებული გახდა აღნიშნული პირები გაენთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან და კომპანიის დირექტორი ინფორმაციის მიღების მიზნით, გამხდარიყო თვითონ. აღიშნული პირის დირექტორობის პერიოდში კომპანია არ ფუნქციონირებს. როგორც ირკვევა წლების განმავლობაში კომპანიის დირექტორების მიერ ხდებოდა კომპანიისათვის ზიანის მიყენება, ამ დროისათვის კომპანიას წარმოშობილი ჰქონდა არაერთი ვალდებულება მესამე პირების მიმართ, მათ შორის, როგორც, შემდგომ გაირკვა, სახელმწიფოს მიმართაც.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მთელი ამ წლების განმავლობაში არ მომხდარა კომპანიისათვის არცერთი შეტყობინების კანონმდებლობის დადგენილი წესით გამოგზავნა, ხოლო ---------ს არ ჰქონდა წვდომა კომპანიის პირად გვერდზე, რათა მისთვის ცნობილი გამხდარიყო ჰქონდა თუ არა კომპანიას სახელმწიფოს მიმართ რაიმე დავალიანება.

მას შემდგომ, რაც ----------მა შეძლო კომპანიის პირადი გვერდის გახსნა, და მიიღო მასზე წვდომა, 29.03.2022 წელს მის მიერ მოხდა ბრძანებების ჩაბარება, საიდანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანიას ერიცხება საკმაოდ სოლიდური დავალიანება, რის გამოც დადებულია ყადაღა, როგორც კომპანიის ქონებაზე, ასევე მის საბანკო ანგარიშებზე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას 30.03.2022 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება ძირითადი თანხა 173 169,6 ლარი, ჯარიმა 201 236,14 ლარი და საურავი 538 195,13 ლარი. ამასთან მიაჩნია, რომ მოცემული თანხების დარიცხვა მოხდა არასწორად, ხოლო რაც შეეხება საურავს, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა მხარისათვის არც ერთი შეტყობინების ჩაბარება, მათ შორის რამდენადაც მისთვის ცნობილია ჩაბარებას ადგილი არ ქონია არც პუბლიკაციის ფორმით, ამ ოდენობის საურავის კომპანიისათვის დაკისრება არის უკანონო და გაკოტრებამდე მიიყვანს მხარეს.

აღსანიშნავია ის, რომ მან 30.03.2022 წელს კანცელარიის მეშვეობით გამოითხოვა 2013 წლის 7 ივნისის №005-450 ბრძანება, რომელიც ჩაბარდა 26.04.2022 წელს და საიდანაც ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ბრძანებით ყადაღა დაედო კომპანიის ქონებას (მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებს). აღნიშნულ ბრძანებაში 10.07.2020 წლის №005-2421 ბრძანებით შევიდა ცვლილება. ხოლო 4.11.2021 წლის №011-2021-203455 ბრძანებით კომპანიის საბანკო ანგარიშებზე გავრცელდა საინკასო დავალება.

მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი დირექტორების მიერ ხელოვნურად მოხდა კომპანიის ფაქტობრივად გაკოტრება, რის გამოც დღეის მდგომარეობით კომპანიას არ აქვს სახსრები, რომ აღნიშნული თანხის გადახდა მოახდინოს, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია არც ერთი ქმედითი ღონისძიება, რათა კომპანიას ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში გადაეხადა მისთვის დარიცხული თანხა და ამ თანხის საურავით გაზრდა არ მომხდარიყო მთელი 8-9 წლის განმავლობაში.

მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად კომპანიის მიერ არ მომხდარა ჯერ კიდევ 2016 წლის ბრძანებების გაცნობა ელ. გვერდზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, მხარისათვის წერილობით მიღებული აქტების გაგზავნა და არც საჯარო შეტყობინების გავრცელებას ჰქონია ადგილი, რაც არის უკანონო. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა 12.08.2022 წლის ბრძანებაში შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 2021 წლის 4 ნოემბრის ბრძანებასთან მიმართებით საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა უფლება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან საინკასო დავალებით ჩამოეწერა გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხები და ჩაერიცხა ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

რაც შეეხება, 7.06.2013 წლის №005-450, 2016 წლის 9 მარტის №022-2016-031717 და 2016 წლის 22 აპრილის №011-2016-000853 ბრძანებებს ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, რომ 7.06.2013 წლის №005-450 ბრძანება ჩაბარებული აქვს მხარეს და ადმინისტრაციული საჩივარი შემოტანილია ვადის დარღვევით. ხოლო 2016 წლის 9 მარტის №022-2016-031717 და 2016 წლის 22 აპრილის №011-2016- 000853 ბრძანებებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ბრძანებებით გაუქმებული იქნა ანგარიშებზე დადებული ყადაღები.

ადმინისტრაციული ორგანოს ზემოაღნიშნული მსჯელობა მიაჩნია უსაფუძვლოდ, ვინაიდან, როგორც უკვე მიუთითა, ყველა ზემოაღნიშნული ბრძანება მხარეს ჩაბარდა, მას შემდეგ რაც ---------- გახდა კომპანიის დირექტორი. შესაბამისად, სადავო ბრძანებების გასაჩივრების ვადის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, აღნიშნული აქტი მის მიერ გამოთხოვილი იქნა კანცელარიის მეშვეობით, რისი ჩაბარების შემდგომ გასაჩივრებული იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში.

ხოლო, რაც შეეხება 4.11.2021 წლის №011-2021-203455 საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანებას, მიაჩნია, რომ იგი არის უკანონო, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობის თანახმად მხარეს უნდა ჩაბარდეს სადავო აქტი და მხოლოდ მას შემდგომ უნდა მოხდეს მის საფუძველზე ქმედების განხორცილება, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გასაჩივრებული ბრძანებების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ანალიტიკური დეპარტამენტის 7.06.2013 წლის №005-450 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ანალიტიკური დეპარტამენტის 10.07.2020 წლის №005-2421 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტის 4.11.2021 წლის №011-2021-203455 საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანების გასაჩივრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის სადავო საგადასახადო დავალიანება არის პირის მიმართ დარიცხული გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა, რომელიც აღიარებული არ არის და ამ კოდექსით დადგენილი წესით არის გასაჩივრებული. სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ყადაღა დაადოს პირის ქონებას.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები“.

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა მომჩივნის არგუმენტებზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ყოფილა დაბარებული შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ანალიტიკური დეპარტამენტის 7.06.2013 წლის №005-450 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ანალიტიკური დეპარტამენტის 10.07.2020 წლის №005-2421 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

რაც შეეხება საკითხს ვალის მართვის დეპარტამენტის 4.11.2021 წლის №011-2021-203455 ბრძანებით მომჩივნის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.

საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

ვინაიდან, მომჩივანს 4.11.2021 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ამჟამადაც ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტი მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, მომჩივანს 2013 წლის 7 ივნისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 115 306.08 ლარი, საურავი 115 970.20 ლარი, ზედმეტობა 440.77 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №005-450 ბრძანება.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა აღნიშნულ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტაცია იხილეთ პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა ადრესატს პირადად.

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2013 წლის 7 ივნისის №005-450 ბრძანება უფლებამოსილ პირს ჩაბარდა 2013 წლის 18 ივნისს. (რაც დასტურდება №005-450 ბრძანებაზე ხელმოწერით).

საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 28.04.2022 წელს. შესაბამისად, გასულია მისი გასაჩივრების კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა.

მომჩივნის განმარტებით, სადავო აქტი მხარეს ჩაბარდა, მას შემდეგ რაც ---------- გახდა კომპანიის დირექტორი. შესაბამისად, სადავო ბრძანების გასაჩივრების ვადის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, აღნიშნული აქტი მის მიერ გამოთხოვილი იქნა კანცელარიის მეშვეობით, რისი ჩაბარების (26.04.2022 წ.) შემდგომ გასაჩივრებული იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში.

ამგვარად, ვინაიდან სადავო ბრძანება უფლებამოსილ პირს ჩაბარდა 2013 წლის 18 ივნისს (რაც დასტურდება №005-450 ბრძანებაზე ხელმოწერით), ხოლო საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 12.08.2022 წლის №21524 ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

3. საჩივრის განუხილველად დატოვება - არ არსებობს დავის საგანი.

ფაქტების აღწერა

2016 წლის 9 მარტის №022-2016-031717 ბრძანებით გაუქმდა მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები, ხოლო 2016 წლის 22 აპრილის №011-2016-000853 ბრძანება საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ გაუქმდა 2021 წლის 17 აპრილის №011-2021-000020 ბრძანებით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტაცია იხილეთ პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.

ვალის მართვის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის N121005-21-17 წერილიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 9 მარტის №022-2016-031717 ბრძანებით გაუქმდა მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები, ხოლო 2016 წლის 22 აპრილის №011-2016-000853 ბრძანება საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ გაუქმდა 2021 წლის 17 აპრილის N 011-2021-000020 ბრძანებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 12.08.2022 წლის №21524 ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.08.2022 წლის №21524 ბრძანება;

3. საჩივარი ანალიტიკური დეპარტამენტის 7.06.2013 წლის №005-450 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ანალიტიკური დეპარტამენტის 10.07.2020 წლის №005-2421 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა;

3. საჩივრის განუხილველად დატოვება - არ არსებობს დავის საგანი. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანს 2013 წლის 7 ივნისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გამოიცა ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

2.საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით.

3.2016 წლის 9 მარტის №022-2016-031717 ბრძანებით გაუქმდა მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები, ხოლო 2016 წლის 22 აპრილის №011-2016-000853 ბრძანება საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ გაუქმდა 2021 წლის 17 აპრილის №011-2021-000020 ბრძანებით.

 

გადაწყვეტილება

1.ვინაიდან, მომჩივანს 4.11.2021 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ამჟამადაც ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტი მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

2.ვინაიდან სადავო ბრძანება უფლებამოსილ პირს ჩაბარდა 2013 წლის 18 ივნისს, ხოლო საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, საბჭოს მიაჩნია, №21524 ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

3.საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 12.08.2022 წლის №21524 ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 243; 301.