გადაწყვეტილება №18951/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.04.2023
№ დოკუმენტი 18951/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18951/2/2023

6.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ---------- (პ/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 23.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18951/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა;

2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

3. საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 16.11.2022 წლის №EL191165 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 16.11.2022 წლის №EL191166 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 16.11.2022 წლის №EL191170 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

4. საბაჟო დეპარტამენტის 16.11.2022 წლის №EL191171 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

5. საბაჟო დეპარტამენტის 16.11.2022 წლის №EL191173 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

6. საბაჟო დეპარტამენტის 16.11.2022 წლის №EL191174 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

7. საბაჟო დეპარტამენტის 16.11.2022 წლის №EL77777/164 საგადასახადო მოთხოვნა;

8. საბაჟო დეპარტამენტის 16.11.2022 წლის №EL77777/165 საგადასახადო მოთხოვნა;

9. საბაჟო დეპარტამენტის 16.11.2022 წლის №EL77777/166 საგადასახადო მოთხოვნა;

10.შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2187 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 88 920,49 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს მომჩივანმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიყვანა 3 სატრანსპორტო საშუალება, რომელთაგან ერთის ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 2019 წლის 16 მარტს, ხოლო 2 ორის 13 აპრილს და დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განესაზღვრა შესაბამისად, 2019 წლის 15 მაისი და 12 ივნისი.

აღნიშნულ ვადაში მომჩივანმა არ მოუხდენია ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება, რაზეც 16.11.2022 წლის №EL191165, №EL191170 და №EL191173 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა თითოეული ოქმით 1000 ლარის ოდენობით, ხოლო საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იმავე დღეს შედგენილი №EL191166, №EL191171 და №EL191174 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმები სატრანსპორტო საშუალებებზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამასთან, გამოიცა №77777/164, №77777/165 და №77777/166 საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც მომჩივანს უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა იმპორტის გადასახდელები, ასევე საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით განსაზღვრული საურავი. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.02.2023 წლის №2187 წლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმის მასალებით დასტურდება მომჩივნის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტები, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევაში და საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი და 172-ე მუხლის პირველი ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამასთან, საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას. ამდენად, სადავო აქტებით დაკისრებული თანხები მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სრულად ეთანხმება დარიცხულ ძირ თანხას, მეტიც, დარიცხული ძირი თანხები სრულად გადაიხადა (მათ შორის მესამე პირების სახელზე არსებული ვალდებულებების), რომლის დამადასტურებელი ქვითრები წარმოდგენილია საქმეში. მას აღნიშნული თანხების გადასახდელად სესხის აღება მოუწია საქართველოს ბანკიდან (წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებას), გარდა აღნიშნული სასესხო ვალდებულების გადამხდელს კიდევ სხვა საკრედიტო ხელშეკრულებები გააჩნია, რომელთაგან ერთ-ერთია მამის გარდაცვალების შემდგომ მასზე, როგორც თავდებზე გადმოსული ვალდებულება.

მომჩივანი არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, მას ჰყავს მეუღლე და 3 შვილი, ასევე ჰყავს დედა, რომელსაც აქვს არაერთი დაავადება და მისი მკურნალობის ხარჯები სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. ითხოვდა გაეთვალისწინებინათ მისი ოჯახური, სოციალური მდგომარეობა, ის ფაქტი, რომ მსგავსი ტიპის სამართალდარღვევა მას სხვა დროს არ ჩაუდენია და ჩამოეწერათ დარიცხული ჯარიმები და საურავი.

სრულად დაეთანხმა და გადახდით აღიარა ძირი თანხის არსებული ვალდებულება. უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა.

საგადასახადო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საგადასახადო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. კერძოდ, კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი შეიძლება განთავისუფლდეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურმა 8.02.2023 წლის №2187 ბრძანება და მიღებული გადაწყვეტილებით სრულად მოეხსნას დარიცხული ჯარიმა და საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ (დანართი №8) ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან მომჩივანის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან განადგურებამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

4. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები. ამასთან, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საგადასახადო კოდექის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახამდ, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ვინაიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება და ამასთან, არც სატრანსპორტო საშუალებას არ დაუტოვებია საქართველოს საბაჟო ტერიტორია, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა, განადგურება.

ამდენად ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით და ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენას, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება მართებულია.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

 

მომჩივანი არ ეთანხმება სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევას; საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება; ითხოვს საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს მომჩივანმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიყვანა 3 სატრანსპორტო საშუალება და ვადაში არ მოუხდენია ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება, რაზეც საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა თითოეული ოქმით 1000 ლარის ოდენობით, ხოლო საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იმავე დღეს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმები სატრანსპორტო საშუალებებზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 165; 172(1); 141; 70; 163(11)

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272;