გადაწყვეტილება №27145/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.06.2026
№ დოკუმენტი 27145/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27145/2/2026

01 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--- ს“ 15.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27145/2/2026).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟის განსაზღვრა;

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის ფასის ხარჯებში ნაწილობრივ გათვალისწინება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 დეკემბრის №001-291 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 18 მარტის №5844 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 179 209.47 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 114 639.90

საშემოსავლო გადასახადი - 114 464.40

ქონების გადასახადი - 175.50

ჯარიმა - 58 413.92

საურავი - 6 155.65

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ოქტომბრის №21611 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 9 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 დეკემბრის №27785 ბრძანება და №001-291 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 179 209.47 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 20 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 18 მარტის №5844 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟის განსაზღვრა ფაქტების აღწერა

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულია ავტომანქანების შეძენა-რეალიზაცია, რომელთა 97% გაყვანილია რეექსპორტის საბაჟო ოპერაციით. შემოწმების პროცესში, მომჩივნის მიერ ვერ იქნა წარდგენილი შესყიდვარეალიზაციის დოკუმენტაცია სრულად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 49- ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის დებულებათა საფუძველზე, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით. აუდიტის დეპარტამენტის ხელთ არსებული მსგავსი ოპერაციების მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟა თითოეულ ავტომობილზე 560 აშშ დოლარი, რომელიც გავრცელდა რეალიზებულ ავტომანქანებზე და გაანგარიშდა მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი შემცირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული თავისუფალი ფულის ნაშთი, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერად განხორციელდა ავტომანქანების მოგების მარჟის განსაზღვრა. გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, რომლითაც არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს მიერ ხარჯებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის ფასის ნაწილობრივ (75%) გათვალისწინებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის ფასი არ შეცვლილა შემოწმების მიერ. საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა მხოლოდ მოგების მარჟის განსაზღვრა და მისი გავრცელება რეალიზებული ავტომობილების რაოდენობაზე.

შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების ფარგლებში მხედველობაში არ იქნა მიღებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები: - კომპანიის მიერ განხორციელებული ავტომობილების რეალიზაცია (მ.შ. რეექსპორტი, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია) აღირიცხება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარეგისტრირებელ ორგანოში. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოში ჩაბარებულ საკუთრების უფლების ცვლილების დოკუმენტში (ნასყიდობის ხელშეკრულებებში) ისახება გარიგების ფასი. ხსენებულ დოკუმენტებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები შეესაბამება კომპანიის საბუღალტრო ჩანაწერებში დაფიქსირებულ ფასებს, რომელიც თავის მხრივ შესაბამისობაშია საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მონაცემებში დაფიქსირებულ ინფორმაციასთან.

- გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმებული არ ყოფილა. მომჩივანი მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:

- საწარმოს მიერ რეალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარეალიზაციო ფასები დაფიქსირებულია, როგორც კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებში, ისე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულებებში.

- არ არსებობს რაიმე სახის გარემოება, რაც დაადასტურებდა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ დოკუმენტებსა და კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები მანიპულირებულია და არ შეესაბამება ფაქტობრივ გარიგების ფასებს.

- აღნიშნულის დადასტურების მიზნით, მომჩივანმა შსს-ს შესაბამისი სამსახურიდან გამოითხოვა მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების ასლები, რომლებიც ზეპირი მოსმენის ჩანიშვნამდე წარმოდგენილი იქნება დავების განმხილველ ორგანოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2026 წლის №45512-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი შესყიდვა-რეალიზაციის დოკუმენტაცია სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დებულებათა შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდით.

აუდიტის დეპარტამენტის ხელთ არსებული მსგავსი ოპერაციების მონაცემების შესწავლა-ანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟა თითოეულ ავტომობილზე 560 აშშ დოლარი, რომელიც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ ავტომანქანებზე და გაანგარიშდა მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი შემცირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული თავისუფალი ფულის ნაშთი, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაიბეგრა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის ფასის ხარჯებში ნაწილობრივ გათვალისწინება ფაქტების აღწერა

შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი შემცირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საგადასახადო ორგანო შემოწმების აქტში ამტკიცებს, რომ კომპანიამ შემოწმების პროცესში არ წარუდგინა რეალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის დოკუმენტაცია, აუდიტის დეპარტამენტმა საწარმოს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას ხარჯებში გაითვალისწინა შესყიდული ავტომობილების ღირებულების მხოლოდ ნაწილი (75%). მომჩივანი მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ღირებულების მხოლოდ ნაწილის გათვალისწინება იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:

- კომპანიის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა მომწოდებლების მიერ გამოწერილი ინვოისების ან/და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხულია საწარმოს ბუღალტრულ ჩანაწერებში.

- აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილია შესაბამისი საბაჟო პროცედურის განხორციელების მომენტში, როგორც საბაჟო დეპარტამენტში, ისევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარეგისტრირებელ ორგანოში.

- საბაჟო დეპარტამენტსა და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ შესყიდვის დოკუმენტებში დაფიქსირებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებთან.

აღნიშნულის დადასტურების მიზნით, მომჩივანი შსს-ს შესაბამისი სამსახურიდან და საბაჟო დეპარტამენტიდან ითხოვს წარდგენილი დოკუმენტების ასლებს, რომლებიც ზეპირი მოსმენის ჩანიშვნამდე წარმოდგენილი იქნება დავების განმხილველ ორგანოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა საწარმოს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას ხარჯებში გაითვალისწინა შესყიდული ავტომობილების ღირებულების მხოლოდ ნაწილი (75%). აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ შემოწმების პროცესში რეალიზებული ავტომობილების რაოდენობაზე გავრცელდა მხოლოდ მოგების მარჟა და შესყიდვის ფასები შემოწმების პროცესში ჩართული არ ყოფილა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟის განსაზღვრა;

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის ფასის ხარჯებში ნაწილობრივ გათვალისწინება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულია ავტომანქანების შეძენა-რეალიზაცია, რომელთა 97% გაყვანილია რეექსპორტის საბაჟო ოპერაციით. შემოწმების პროცესში, მომჩივნის მიერ ვერ იქნა წარდგენილი შესყიდვარეალიზაციის დოკუმენტაცია სრულად. აუდიტის დეპარტამენტის ხელთ არსებული მსგავსი ოპერაციების მონაცემების შესწავლა-ანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟა თითოეულ ავტომობილზე 560 აშშ დოლარი, რომელიც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ ავტომანქანებზე და გაანგარიშდა მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი შემცირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული თავისუფალი ფულის ნაშთი, დაიბეგრა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1); 105 (2); 72 (1).