საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/3535-19

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.11.2022
№ დოკუმენტი 3/3535-19
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N3/3535-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ტოგონიძე

სხდომის მდივანი თეა აფციაური

მოსარჩელე- ზ.გ

წარმომადგენელი - ლ.გ

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ლ.ა

დავის საგანი - მატერიალური ზიანია ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1.1. დაეკისროს მოპასუხე შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე ზ.გ საარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 28806.9 (ოცდარვა ათას რვაასექვსი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 3 აპრილის N007-826 ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის 18 მარტს ყადაღა დაედო სს „-------'' საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას SAZ 3507-16, 1990 წლის გამოშვება, სახელმწიფო ნომერი ----------; ქონება შესანახად ჩაჰბარდა ბადიაურის ა/ სადგომის დირექტორს გ.ც.

 

2016 წლის 18 მარტს, ჩამორთმეული ავტოსანტრანსპორტო საშუალება გაზ-53, სახელმწიფო ნომრით: ------, ფერი ცისფერი, ჩამოერთვა და გადაყვანილ იქნა საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურის სპეც. ავტოსადგომზე. დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ავტომანქანას აღენიშნებოდა მცირე დაზიანებები; მითითებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი: ზ. გ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 26 აპრილის N--------- ცნობის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით სს „--------“ სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: მარკა,მოდელი საზ -----16, ფერი - ლურჯი 1/8, გამოშვების წელი - 1990, სანომრე ნიშანი -------, შასის ნომერი ------, ძრავის ნომერი - 97945, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა -------, გ. თ. 13/04/1999 წ. - რეგისტრირებულია ყადაღა და გადაცემულია დაკავებაზე შემოსავლების სამსახურის თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის განყოფილების მიერ, დოკ. N007-826 03/04/2015 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემებით ირიცხება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და რეგისტრირებულია ყადაღა.

 

2016 წლის 03 ივნისის საგადახდო დავალება N1-ის თანახმად, დ.ჭ, სს „------” სახელით გადაიხადა 54,641.00 ლარი. დანიშნულება: საქართველოს მთავრობის განკარგულება სს „------“ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ N730, 2016 წლის 22 აპრილი.

შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 20 ივნისის ID 3838926 ცნობის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, 20.06.2016 წლის 09:39 საათის მდგომარეობით, ერიცხება ზედმეტობა 0 ლარი. ს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სს „-------- (ს/ნ ------) (02.0.2016- დან 21.06.2016 მდე პერიოდი) შედარების აქტის თანახმად, სს „--------’ გადასახდელი თანხები არ უფიქსირდებოდა.

შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 25 მაისის N007- 46 ბრძანებით, გაუქმებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2015 წლის 3 აპრილის N007-826 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და სს ------- ქონების მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 3 აპრილის N007-826 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (ტ. I, ს.ფ. 283);

- შემოსავლების სამსახურის აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (ტ. I, ს.ფ. 81-82);

- დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტი (ტ. I, ს.ფ. 126-128);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 26 აპრილის N---------- ცნობა (ტ. I, ს.ფ. 52)

- 2016 წლის 03 ივნისის საგადახდო დავალება N1 (ტ. I, ს.ფ. 76)

- შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 20 ივნისის ID 3838926 ცნობა (ტ. I, ს.ფ. 78);

შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 25 მაისის N007-46 ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 291).

 

3.2 2016 წლის 27 აპრილს, ზ.გ-მ სარჩელით მიმართა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების- სს „-----“ და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, ავტომანქანის ყადაღისაგან გათავისუფლების და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელის მითითებით, 2012 წელს სს „-------“ იმჟამინდელმა დირექტორმა შ.ნ-მ 2500 ლარად ზ.გ-ს მიჰყიდა სს „---------“ საკუთრებაში არსებული უფუნქციოდ დარჩენილი, ჯართად ქცეული ავტომობილი „საზ -----16” (SAZ -----16), გამოშვებული 1990 წელს, ღია ლურჯი ფერის, ავტომობილის სახ. ნომერი ------ყიდვის შემდეგ, ავტომობილს ჩაუტარდა უამრავი სარემონტო სამუშაო და აღუდგა ყველა ფუნქცია. მოსარჩელე ავტომობილს იყენებდა წლების განმავლობაში ზოგჯერ პირადად, ზოგჯერ მძღოლის მეშვეობით ფერმერულ საქმიანობაში. ამავე სარჩელში, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა დაყადაღებული ავტომანქანის რეალიზაციის შეჩერების, ყადაღისაგან გათავისუფლების და მისთვის გადაცემის შესახებ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით, ზ.გ-ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეჩერდა სს ”------” სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანის (მარკა, მოდელი საზ3507-16, ფერი - ლურჯი 1/8, გამოშვების წელი - 1990, სანომრე ნიშანი - ------, შასის ნომერი ------3, ძრავის ნომერი - 97945, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ------, გამოშვების თარიღი - 13.04.1999წ). ზ.გ-ს შუამდგომლობა ავტომანქანის ყადაღისაგან გათავისუფლების და მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 მაისის განჩინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, No2/10653-16 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: შეჩერდა სს ”-----------” სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანის (მარკა, მოდელი - საზ3507-16, ფერი - ლურჯი 1/8, გამოშვების წელი - 1990, სანომრე ნიშანი - -------, შასის ნომერი -------, ძრავის ნომერი - -----, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - -------, გამოშვების თარიღი - 13.04.1999წ) რეალიზაცია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 4 მაისს გაიცა N2/10653-16 სააღსრულებო ფურცელი, სადაც მითითებულ იქნა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის თანახმადაც, შეჩერდა სს ”------” სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანის (მარკა, მოდელი საზ3507-16, ფერი ლურჯი 1/8, გამოშვების წელი - 1990, სანომრე ნიშანი - -------, შასის ნომერი -----, ძრავის ნომერი -----, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა -----, გამოშვების თარიღი 13.04.1999წ) რეალიზაცია. ასევე მითითებულია კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები: ზ. გ., პირადი ნომერი- -------, მისამართი: თბილისი, ------- მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: სს ”------”, ს/ნ: ------ მისამართი: თბილისი, მ--------სსიპ შემოსავლების სამსახური, ს/ნ 204525585 მისამართი: თბილისი ვახტანგ გორგასლის ქ. 16 სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი - 04.05.2016 წელი;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის N330210116001343351 N2ბ/3054-16 განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის საოქმო განჩინებით, შეწყდა ზ.გ-ს სარჩელისა გამო სამოქალაქო საქმის N2/10653-16 წარმოება სს,,------" მიმართ მოთხოვნის ნაწილში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ზ.გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ზ.გ ცნობილი იქნა ავტომანქანა „საზ -----16”-ის მესაკუთრედ (შასის ნომერი: -----, ძრავის ნომერი: ----, გამოშვების წელი: 1990, სახელმწიფო ნომერი „-----”). დადგენილ იქნა ყადაღისგან და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკისგან ზ.გ-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის (,,საზ -----16” (შასის ნომრით -----, ძრავის ნომერი: ------, გამოშვების წელი: 1990 წელი, სახელმწიფო ნომერი: „-----”) გათავისუფლება. სსიპ შემოსავლების სამსახურს ზ.გ სასარგებლოდ დაეკისრა 210 (ორასათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა _ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ. სსიპ შემოსავლების სამსახურს ზ.გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს გარეშე ხარჯი 135 (ასოცდათხუთმეტი) ლარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის“ საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის #2/10653-16 დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის #2/10653-16 დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, 2017 წლის 5 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი საქმეზე N2/10653-16 სააღსრულებო ფურცელში სარეზოლუციო ნაწილი, ასევე მითითებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი: 28.04.2017 წელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განჩინების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის No2/10653-16 დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ”სსიპ შემოსავლების სამსახურს ზ.გ-ს სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს გარეშე ხარჯი 135 (ას ოცდათხუთმეტი) ლარი."

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 5 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი საქმეზე N2/10653-16 სააღსრულებო ფურცელში მიეთითა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის თანახმადაც, სსიპ შემოსავლების სამსახურს” ზ.გ-ს სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს გარეშე ხარჯი 135 (ასოცდათხუთმეტი) ლარი.”

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის განჩინება N2/10653-16 (ტ. I, ს.ფ. 154-157);

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 მაისის განჩინება (საქმე N2/10653-16 ს.ფ.55-56);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მაისის N2/10653-16 სააღსრულებო ფურცელი (საქმე N2/10653-16, ს.ფ. 60-61);

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის N330210116001343351 N2ბ/3054-16 განჩინება (ტ. I, ს.ფ. 69-72);

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის საოქმო განჩინება (საქმე N2/10653-16 ს.ფ.133);

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება N2/10653-16 (ტ. I, ს.ფ. 26-28);

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის განჩინება 2/10653-16 (ტ. I, ს.ფ. 73–75);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 მაისის

სააღსრულებო ფურცელი საქმე N2/10653-16 (საქმე N2/10653-16 ს.ფ.203-204);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განჩინება (საქმე N2/10653-16

ს.ფ. 210-211);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 მაისის სააღსრულებო ფურცელი საქმეზე N2/10653-16 (საქმე N2/10653-16 ს.ფ.203-204).

 

3.3 ზ.გ--ს წარმომადგენელმა 2017 წლის 8 მაისს N105067/21-11 განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელზე პასუხადაც, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 2 ივნისის N21-04/80488 წერილით ეცნობა, რომ ფ/პ ზ.გ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის N2/10653-16 გადაწყვეტილებაზე ხორციელდებოდა შესაბამისი რეაგირება.

 

ზ.გ-ს წარმომადგენელმა, 2017 წლის 28 ივნისს განმეორებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, განცხადებაში წარმომადგენელი მიუთითებდა ავტოსადგომის წინაშე არსებულ დავალიანებაზე, კერძოდ, დავალიანება შეადგენდა 646 ლარს, რომლის დაფარვის გარეშეც ვერ ხორციელდებოდა ავტომანქანის გამოყვანა და მასზე საკუთრების უფლების განხორციელება.

 

2017 წლის 01 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურის N21-02/116451 წერილით, 2017 წლის 28 ივნისის განცხადების პასუხად, ლ.გ-ს ეცნობა, რომ „სასამართლო გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების აღსრულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 აგვისტოს N1640 განკარგულებით განსაზღვრულია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საკუთარი სახსრებიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულების პირობები, კერძოდ, შემოსავლების სამსახური საკუთარი სახსრებიდან განახორციელებდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით შემოსავლების სამსახურის მიმართ დაკისრებული შემდეგი ვალდებულებების აღსრულებას: ა) 2010 წლის 1 აპრილიდან წარმოქმნილი სახელფასო და სამივლინებო დავალიანებების; ბ) 2010 წლის 1 აპრილიდან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობიდან წარმოქმნილი დავალინანებები და პირგასამტეხლოები; გ) კანონმდებლობით ნებადართული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით დაკისრებული თანხები. გარდა აღნიშნული შემთხვევებისა, შემოსავლების სამსახურის მიმართ დაკისრებული სხვა ყველა ვალდებულებების აღსრულება უნდა განხორციელდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან. აქვე ეცნობა, რომ ზ.გ-ს მიმართ დაკისრებული თანხა არ წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის მიმართ დაკისრებულ იმ ვალდებულებას, რომელსაც მოიცავდა 2012 წლის 23 აგვისტოს N1640 განკარგულების ა, ბ და გ პუნქტები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 2 ივნისის N21-04/80488 წერილი (ტ. I, ს.ფ. 109); - ზ.გ წარმომადგენლის ლ.გ-ს 2017 წლის 28 ივნისის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 112-115);

- შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 1 აგვისტოს N21-02/116451 წერილი (ტ. I, ს.ფ. 111);

 

3.4 2013 წლის 23 აგვისტოს, ქ. გურჯაანში ზ.გ-ს და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შორის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ფერმერთა ჩართულობის წახალისების მიზნით, დაიდო შეთანხმება ფიზიკური პირის მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე. შეთანხმებაში მითითებულია, რომ ზ.გ-ს და სს „საქართველოს ბანკს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება. მიზნობრიობა_სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა - სოფლის მეურნეობის პროდუქციის მისაღებად საჭირო ძირითადი ან საბრუნავი საშუალებების დაფინანსება მემცენარეობისთვის და მეცხოველეობისათვის, კერძოდ, სასუქისა და თესლის შეძენა, მექანიზაციის მომსახურება.

 

2015 წლის 26 თებერვლის Nელ 0160831150 სასაქონლო ზედნადების თანახმად, მყიდველმა ზ.გ, შპს „------ შეიძინა 5 ტონა გვარჯილა ყაზახური. სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი:-------;

 

2015 წლის 2 მარტის ელ - 0161269342 სასაქონლო ზედნადების თანახმად, მყიდველმა ზ.გ, შპს „------ შეიძინა 6 ტონა მინერალური სასუქი (შარდოვანა) 46.2% აზოტის შემცველობით. სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: ------;

2015 წლის 12 მარტის Nელ - 0163058784 სასაქონლო ზედნადების თანახმად, მყიდველმა ზ.გ, შპს „------- შეიძინა 5 ტონა გვარჯილა ყაზახური. სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: -----;

2015 წლის 13 მარტის Nელ - 0163269138 სასაქონლო ზედნადების თანახმად, მყიდველმა ზ.გ, შპს ------შეიძინა 5 ტონა გვარჯილა ყაზახური. სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: ------;

2015 წლის 14 მარტის _ ელ - 0163354558 სასაქონლო ზედნადების თანახმად, მყიდველმა ზ.გ, შპს ------ შეიძინა 4 ტონა გვარჯილა ყაზახური. სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: ------;

2013 წლის 19 აგვისტოს, შპს „-----' და ზ.გ-ს შორის, დაიდო ხელშეკრულება N19/01 აგროოპერაციის განხორციელების თაობაზე რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ნიადაგის დამუშავება მძიმე დისკოებიანი ფარცხით, იმპლემენტის გარეშე (დამკვეთის იმპლემენტით); მიწის ფართობი: 900 ჰა, 1 ჰა მიწის სავარგულზე აგროოპერაციის შესრულების ღირებულება: 65; სულ მომსახურების ღირებულება: 58500;

 

2014 წლის 17 ივნისს, შპს „------" და ზ.გ-ს შორის, დაიდო ხელშეკრულება N17/01 აგროოპერაციის განხორციელების თაობაზე, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ნიადაგის დამუშავება მძიმე დისკოებიანი ფარცხით, იმპლემენტის გარეშე (დამკვეთის იმპლემენტით); მიწის ფართობი: 1000 ჰა, 1 ჰა მიწის სავარგულზე აგროოპერაციის შესრულების ღირებულება: 65; სულ მომსახურების ღირებულება: 65000;

 

2014 წლის 30 ივნისის N17/1 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ზ.გ-მ მიიღო შემდეგი მომსახურება: ნიადაგის დამუშავება მძიმე დისკოებიანი ფარცხით; დამუშავებული მიწის ფართობი: 820.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 23 აგვისტოს შეთანხმება ფიზიკური პირის მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე (ტ. I, ს.ფ. 241);

- სასაქონლო ზედნადებები (ტ. I, ს.ფ. 236-240);

- 2013 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულება N19/01 (ტ. II, ს.ფ. 82);

- 2014 წლის 17 ივნისის ხელშეკრულება N17/01 (ტ. II, ს.ფ. 80);

- 2014 წლის 30 ივნისის N17/1 მიღება-ჩაბარების აქტი (ტ. II, ს.ფ. 81);

 

3.5 ვ.ნ-ს 2017 წლის 12 ოქტომბრის ხელწერილის თანახმად, ზ.გ-ს ვ.ნ-სგან 2016 წლის 20 მარტიდან 2017 წლის 20 სექტემბრამდე, ფემერულ საქმიანობაში ინტენსიურად გამოსაყენებლად ნაქირავები ჰქონდა ავტომობილი MAZ54323, სახელმწიფო ნომრით: ------. ქირის საფასური- 26300 (ოცდაექვსი ათას სამასი) ლარი მიღებული აქვს ვ.ნ-ს.

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 აპრილის ი/მ ვ.ნ-ს საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად (სააღრიცხვო N353), შემოწმების შედეგად შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტონული ბაზები, ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებული დოკუმეტაცია და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, აღნიშნულის შედეგად დადგინდა რომ ი/მ ვ.ს (ს.ნ -------) აქირავებდა კუთვნილ ავტომანქანებს ფიზიკურ პირზე 2016 წლის 20 მარტიდან 2017 წლის 20 სექტემბრამდე სულ 290 დღე, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2016-2017 წლებში 26300 ლარი, მე 2016-2017 წელებში გაწეული აქვს გადაზიდვის მომსახურება, რაც ფიქსირდება მიღებული ზედნადებებიდან, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა შეადგინდა 2016 წელს 680 ლარი, ხოლო 2017 წელს 2550 ლარი. აღნიშნულზე არ ჰქონდა წარდგენილი და გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი. სსკ-ის მე-100 მუხლის თანახმად, აღნიშნული თანხა წლების მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დაჯარიმდა იგი სსკ- ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 იანვრის N------ დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზას უნდა შეეფასებინა ქირის თანხის საბაზრო ღირებულება ავტომობილის _ MAZ54323, (სახელმწიფო ნომრით: ------) თითოეული დღისათვის მძღოლის, ავტომობილის შეკეთების, საწვავისა და სხვა ხარჯების გარეშე. ჯამში ავტომობილი ნაქირავები იყო 290 დღის განმავლობაში (2016 წლის 20 მარტიდან 2017 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით). დასკვნის თანახმად, უნაგირა საწევარი MAZ54323-ის (სახელმწიფო ნომრით -------) და თვითმცლელის BENALU (სახელმწიფო ნომრით ------) საიჯარო ქირის ღირებულება მძღოლის, ავტომობილის შეკეთების, საწვავისა და სხვა ხარჯების გარეშე 290 დღის განმავლობაში საორიენტაციოდ შეადგენს 29000 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვ.ნ-ს ხელწერილი (ტ. I, ს.ფ. 153);

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 აპრილის ი/მ ვ.ნ-ს საგადასახადო შემოწმების აქტი (სააღრიცხვო N353), დანართებით (ტ. II, ს.ფ.51-71);

-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 იანვრის ------- დასკვნა ( ტომი I, ს.ფ 142-151);

 

3.6 2017 წლის 21 სექტემბერს, ზ.გ-ს მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარიმო სადგომიდან გამოყვანილ იქნა ავტომაქანა -N------. N01/27 ინვოისის თანახმად, გადახდილია 720 ლარი (ა/მ----- საჯარიმო სადგომზე დგომის საფასური პირველი 5 დღე-25 ლარი; დგომის საფასური 5 დღის შემდეგ ჯამში-545 ლარი, ყოველდღიურად 1 ლარი; ევაკუატორით გადატანა-120 ლარი; გამოძახება-30 ლარი);

2017 წლის 21 სექტემბრის ჩეკთან გათანაბრებული N16001327 დოკუმენტის თანახმად, ი/მ ლ.ს-სგან, ფიზიკურმა პირმა ზ.გ-მ მიიღო შემდეგი მომსახურება: ბადიაური-თბილისი, თეგეტა პეპელა, ავტო-გადაზიდვა გაზ53, ------; გადახდილია მომსახურების ღირებულება-300 ლარი.

შპს „------“ 2017 წლის 22 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ავტომანქანის შესაკეთებლად განხორციელებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 936,90 ლარი.

მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ 2022 წლის 21 სექტემბრის NA017/ა შეფასების თანახმად, ზ.გ-ს საკუთრებაში მყოფი მოძრავი ქონება, ავტომანქანა -------, SAZ 3507-16 ქონების ყოველდღიური გაქირავების საბაზრო ღირებულების 2022 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 70 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2017 წლის 21 სექტემბრის გადახდის ქვითარი და N01/27 ინვოისი (ტ. I, ს.ფ. 127-128);

2017 წლის 21 სექტემბრის ჩეკთან გათანაბრებული N16001327 დოკუმენტი (ტ. I, ს.ფ. 129); შპს ,,------ 2017 წლის 22 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ტ. I, ს.ფ. 152); მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ 2022 წლის 21 სექტემბრის NA017/ა შეფასება (ტ. II, ს.ფ. 14-19);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ.გ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო- სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ზ.გ-ს მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე, რადგან იგი მოითხოვს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაეკისროს მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გადახდა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნიდან გამომდინარე, სახეზეა მავალდებულებელი სარჩელი, რომლის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოებისათვის გარკვეული ქმედების განხორციელების დავალდებულება, რაც მოსარჩელისთვის იურიდიული ინტერესის მატარებელია.

 

7.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ანალოგიურ რეგულაციას ადგენდა 2018 წლის 18 დეკემბრამდე მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტიც.

 

შესაბამისად, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას მითითებულ კონსტიტუციურ ნორმასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ამ ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების არეალს, რაც, მოწესრიგებას მოიცავს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის No2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე განმარტავს (2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე No23/630 „საქართველოს მოქალაქე თ.ბ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებული ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მითითებულ ნორმათა ანალიზის ცხადყოფს, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის სახეზე უნდა იყოს ზიანი, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობს მიზეზობრივი კავშირი. სახელმწიფო მოსამსახურის ზიანის მიყენების საკითხის განხილვისას, ასევე, უნდა დადგინდეს, რომ ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, გამომდინარეობდა მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის სახეზე უნდა იყოს მითითებული ოთხივე კომპონენტი ერთდროულად და რომელიმეს არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ყოველივე აღნიშნულის არსებობა კი, დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას წარმოადგენს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე Noბს-52-47(კ-13) 23.07.2013წ.) განმარტების მიხედვით, დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს დაეკისროს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე ზ.გ -ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით _ 28806.9 (ოცდარვა ათას რვაას ექვსი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც 26300 ლარი წარმოადგენს ზ.გ-ის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ჩამორთმეული ავტომობილის სანაცვლოდ ნაქირავები ავტომობილისთვის გადახდილი ქირის თანხას; 936.9 ლარი გადახდილია თეგეტა მოტორსში, მოსარჩელისთვის ჩამორთმეული ავტომობილის სარემონტო სამუშაოებისა და ნაწილების შეცვლისთვის; 300 ლარი ასევე სარემონტო სამუშაოებისთვის და ნაწილების შესაცვლელად, სხვადასხვა ხელოსანთან; 720 ლარი საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის, სადგომამდე ევაკუატორით მიყვანის და გამოძახების საფასური ავტომობილის ჩამორთმევიდან, 300 ლარი გადახდილი ევაკუატორისთვის გამოყვანამდე ევაკუატორისთვის ავტომობილის საჯარიმო ავტოსადგომიდან გამოყვანისას, მის თეგეტა მოტორსამდე მისაყვანად; ასევე სსიპ შემოსავლების - სამსახურის მიმართ არსებული წინა დავის აღსრულებისათვის ადვოკატისთვის გადახდილია ჰონორარი 250 ლარი. ამასთან, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე შემოსავლების სამსახურს დაევალოს ზ.გ-ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, მტკიცებულებების მოსაძიებლად გაწეული ხარჯის, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნისათვის 401 ლარის, ადვოკატისთვის ამ დავის საწარმოებლად გადახდილი 2000 ლარისა და სხვა ხარჯების გადახდა მათი არსებობის შემთხვევაში.

 

მოსარჩელე მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად უთითებს ჩამორთმეული ავტომანქანით გამოწვეულ დამატებით ხარჯებზე, რაც გამოწვია სსიპ შემოსავლების სამსახურის უმოქმედობამ. კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, შემოსავლების სამსახური ვალდებული იყო სასამართლოში წარდგენის წინ გადაემოწმებინა ინფორმაცია, რაც არ განახორციელა. არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე წარადგინა სასამართლოში დოკუმენტი,რითაც გაიწელა დავა აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელეს მიადგა ზიანი. რომ არა უსაფუძვლო ჩამორთმევა და დავის დროში გაწელვა, არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, არ დასჭირდებოდა ზ.გ-ს ავტომობილის ქირაობა, ჩამორთმეული და დაბრუნებული მანქანის რემონტისა და საჯარიმო-ევაკუატორის ხარჯები, ასევე დანარჩენი ხარჯები. შესაბამისად, სასამართლო დამოუკიდებლად იმსჯელებს, მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებთან_ზიანის გამომწვევ გარემოებებთან დაკავშირებით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, მხარის მიერ მოთხოვნილი მატერიალური ზიანი, თავისი შინაარსით კომპლექსურია, რაც თითოეული არგუმენტის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველების დამოუკიდებლად შეფასებას საჭიროებს.

 

7.3 სასამართლო განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების განხორციელებასთან ერთად დელიქტური პასუხისმგებლობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირი, ტრადიციული გაგებით, პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი აუცილებელი ელემენტია. მიზეზობრივი კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის აუცილებელი კავშირია, რაც გულისხმობს ორი მოვლენის არა უბრალო მუდმივ თანმიმდევრობას, არამედ შედეგის თანმიმდევრობას თავისი მიზეზის მიმართ. მიზეზობრიობის მთავარ მომენტს წარმოადგენს არსებითი კავშირი, სადაც დამოკიდებულება მიზეზსა და შედეგს შორის აქტიურ ხასიათს ატარებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 3 აპრილის N007-826 ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის 18 მარტს ყადაღა დაედო სს „--------- SAZ 3507-16, 1990 წლის გამოშვება, სახელმწიფო ნომერი -----. შემდგომში, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 25 მაისის N007-46 ბრძანებით, გაუქმებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2015 წლის 3 აპრილის N007-826 ბრძანება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ’ და სს „--------- (ავტომანქანის) მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ზ.გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ზ.გ ცნობილი იქნა ავტომანქანა „საზ -----16”-ის მესაკუთრედ (შასის ნომერი: -----, ძრავის ნომერი: 97945, გამოშვების წელი: 1990, სახელმწიფო ნომერი „------”).

 

ზ.გ-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის („საზ -----16” (შასის ნომრით -----, ძრავის ნომერი: 97945, გამოშვების წელი: 1990 წელი, სახელმწიფო ნომერი: „-----”) გათავისუფლება. სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ ზ.გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 210 (ორასათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ. სსიპ შემოსავლების სამსახურს ზ.გ-ს სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს გარეშე ხარჯი 135 (ასოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2017 წლის 28 აპრილს, ხოლო მოსარჩელე ზ.გ-ს მიერ საგარეჯოს სოფელი ბადიაურის საჯარიმო სადგომიდან ავტომანქანა გამოყვანილ იქნა 2017 წლის 21 სექტემბერს.

 

ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების (უმოქმედობის) შესაფასებლად, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელე ზ.გ-ს წარმომადგენლის მიერ წარგდენილ განცხადებებსა და შემოსავლების სამსახურის წერილებს, კერძოდ - შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 2 ივნისის N21- 04/80488 წერილით წარმომადგენელს ეცნობა, რომ ზ.გ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის N2/10653-16 გადაწყვეტილებაზე ხორციელდებოდა შესაბამისი რეაგირება; ზ.გ-ის წარმომადგენელმა 2017 წლის 28 ივნისს განმეორებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, განცხადებაში წარმომადგენელი მიუთითებდა ავტოსადგომის წინაშე არსებულ დავალიანებაზე, კერძოდ, დავალიანება შეადგენდა 646 ლარს, რომლის დაფარვის გარეშეც ვერ ხორციელდებოდა ავტომანქანის გამოყვანა და მასზე საკუთრების უფლების განხორციელება. 2017 წლის 01 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის N21-02/116451 წერილით, 2017 წლის 28 ივნისის განცხადების პასუხად, ლ.გ-ს ეცნობა, რომ „სასამართლო გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების აღსრულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 აგვისტოს N1640 განკარგულებით განსაზღვრულია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საკუთარი სახსრებიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულების პირობები, კერძოდ, შემოსავლების სამსახური საკუთარი სახსრებიდან განახორციელებდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით შემოსავლების სამსახურის მიმართ დაკისრებული შემდეგი ვალდებულებების აღსრულებას: ა) 2010 წლის 1 აპრილიდან წარმოქმნილი სახელფასო და სამივლინებო დავალიანებების; ბ) 2010 წლის 1 აპრილიდან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობიდან წარმოქმნილი დავალინანებები და პირგასამტეხლოები; გ) კანონმდებლობით ნებადართული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით დაკისრებული თანხები. გარდა აღნიშნული შემთხვევებისა, შემოსავლების სამსახურის მიმართ დაკისრებული სხვა ყველა ვალდებულებების აღსრულება უნდა განხორციელდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან. აქვე ეცნობა, რომ ზ.გ-ის მიმართ დაკისრებული თანხა არ წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის მიმართ დაკისრებულ იმ

ვალდებულებას, რომელსაც მოიცავდა 2012 წლის 23 აგვისტოს N1640 განკარგულების ა, ბ და გ პუნქტები.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი, 2016 წლის 13 მაისის რედაქცია) 239-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 25 მაისის N007-46 ბრძანებით, გაუქმებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2015 წლის 3 აპრილის N007-826 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, შესაბამისად, ყადაღის გაუქმების შემდგომ, დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომზე დატოვება მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძვლებს. გარდა ამისა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელე მხარის განმარტებას, რომლის თანახმადაც, ყადაღის მოხსნის ფაქტის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა სამოქალაქო საქმისწარმოების ფარგლებში. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ზ.გ ცნობილი იქნა ავტომანქანა „საზ ----16”-ის მესაკუთრედ (შასის ნომერი: ------, ძრავის ნომერი: 97945, გამოშვების წელი: 1990, სახელმწიფო ნომერი ----”) ძალაში შევიდა 2017 წლის 28 აპრილს. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომაც მხარე მიმართავდა სსიპ შემოსავლების სამსახურს, თუმცა 2017 წლის 21 სექტემბრამდე ავტომანქანის დაბრუნება არ მომხდარა.

 

ზემოაღნიშნულ ნორმებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ქმედება, რომლიც განსახილველ შემთხვევაში გამოიხატა ყადაღის გაუქმების შემდგომ, ავტომანქანის მესაკუთრისთვის არდაბრუნებაში, უტყუარად ადასტურებს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისათვის სავალდებულო ყველა კომპონენტის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობას, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების საფუძველს ყადაღის გაუქმების დღიდან ავტომანქანის დაბრუნებამდე პერიოდზე დაანგარიშებით.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. მითითებული კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. მიყენებული ზიანის გაანგარიშებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ

 

ზ.გ ეწეოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი ფიზიკური პირის მიზნობრივი თანადაფინანსების 2013 წლის 23 აგვისტოს შეთანხმებით ირკვევა, რომ ზ.გ-ს და სს,,საქართველოს ბანკს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა - სოფლის მეურნეობის პროდუქციის მისაღებად საჭირო ძირითადი ან საბრუნავი საშუალებების დაფინანსება მემცენარეობისთვის და მეცხოველეობისათვის, კერძოდ, სასუქისა და თესლის შესაძენად, მექანიზაციის მომსახურებისთვის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ზედნადებებით დასტურდება, რომ 2015 წლის თებერვლისა და მარტის თვეში მყიდველმა ზ.გ-მ შპს ------ რამდენჯერმე შეიძინა ყაზახური გვარჯილა, მითითებული საქონლის ტრანსპორტირება კი ხორციელდებოდა ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით (სახელმწიფო ნომერი:------). გარდა ამისა, ზ.გ-ს მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხოციელებას ადასტურებს შპს „------` და ზ.გ-ს შორის, დადებული შემდეგი ხელშეკრულებები: 2013 წლის 19 აგვისტოს N19/01 ხელშეკრულება, აგროოპერაციის განხორციელების თაობაზე, რომლის თანახმადაც განხორციელდა ნიადაგის დამუშავება მძიმე დისკოებიანი ფარცხით, იმპლემენტის გარეშე (დამკვეთის იმპლემენტით); მიწის ფართობი: 900 ჰა, 1 ჰა მიწის სავარგულზე აგროოპერაციის შესრულების ღირებულება: 65; სულ მომსახურების ღირებულება: 58500; და 2014 წლის 17 ივნისს შპს „------- და ზ.გ-ს, დადებული ხელშეკრულება N17/01 აგროოპერაციის განხორციელების თაობაზე, ამ უკანასკნელით განხორციელდა ნიადაგის დამუშავება მძიმე დისკოებიანი ფარცხით, იმპლემენტის გარეშე (დამკვეთის იმპლემენტით); მიწის ფართობი: 1000 ჰა, 1 ჰა მიწის სავარგულზე აგროოპერაციის შესრულების ღირებულება: 65; სულ მომსახურების ღირებულება: 65000. ამასთან, წარმოდგენილია 2014 წლის 30 ივნისის N17/1 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ზ.გ-მ მიიღო შემდეგი მომსახურება: ნიადაგის დამუშავება მძიმე დისკოებიანი ფარცხით; დამუშავებული მიწის ფართობი: 820.

 

ამასთან, სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს მხარის არგუმენტაციას, ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სანაცვლოდ, ვ.ნ ავტომანქანის დაქირავების თაობაზე, რაც დადასტურებულია 2017 წლის 12 ოქტომბრის ხელწერილით, რომლის თანახმად, ზ.გ ვ.ნ-სგან 2016 წლის 20 მარტიდან 2017 წლის 20 სექტემბრამდე, ფემერულ საქმიანობაში ინტენსიურად გამოსაყენებლად ნაქირავები ჰქონდა ავტომობილი MAZ54323, სახელმწიფო ნომრით: HH- 26300 (ოცდაექვსი ათას სამასი) ლარი მიღებული აქვს ვ.ნ-სს. ვ.ნ-ს მითითებული შემოსავალი გათვალისწინებულია 2019 წლის 8 აპრილის ი/მ ვ.ნ-ს საგადასახადო შემოწმების აქტში, სადაც აღნიშნულია, რომ შემოწმების შედეგად შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტონული ბაზები, ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებული დოკუმეტაცია და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, აღნიშნულის შედეგად დადგინდა რომ ი/მ ვ.ნ(ს.ნ -------) აქირავებდა კუთვნილ ავტომანქანებს ფიზიკურ პირზე

 

2016 წლის 20 მარტიდან 2017 წლის 20 სექტემბრამდე სულ 290 დღე, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2016-2017 წლებში 26300 ლარი, მე 2016-2017 წელებში გაწეული აქვს გადაზიდვის მომსახურება, რაც ფიქსირდება მიღებული ზედნადებებიდან, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა შეადგინდა 2016 წელს 680 ლარი, ხოლო 2017 წელს მე ლარი. აღნიშნულზე არ ჰქონდა წარდგენილი და გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი. სსკ-ის მე-100 მუხლის თანახმად, აღნიშნული თანხა წლების მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დაჯარიმდა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

 

ამავე გარემოებას ადასტურებს მოწმის ჩვენებაც, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ვ.ნ-მ განმარტა, რომ არის ზ.გ-ის კლასელი, ამასთან, ჰყავდა საკუთარი მანქანა და მუშაობდა მასთან ერთად, დაახლოებით 6-7 წლის წინ, თავისი მანქანით და უსრულებდა სამუშაოს, სჭირდებოდა მანქანა და ამაში უხდიდა ხელფასს, თუმცა რომ უნდა გადაეხადა გადასახადი ეს არ იცოდა. დაახლოებით სამი წელი მუშაობდა. მცირე მეწარმედ რომ არ იყო დარეგისტრირებული და სახელმწიფოს არ უხდიდა თანხას, ამის გამო დაეკისრა ჯარიმა. შეთანხმება ჰქონდა სიტყვიერი, ანაზღაურებას იღებდა იმის მიხედვით, რა სამუშაოს შეასრულებდა (წყლის მიტანა, შეწამვლა, გამწევი მანქანა იყო და ცისტერნასაც აბამდა). ტერიტორიულად შირაქში ემსახურებოდა. შემოდგომით იწყებდნენ, საახლწლოდ ასრულებდნენ, შემდეგ შეწამვლის დრო მოდიოდა_თითქმის მთელი წელი ჰქონდათ საქმე. დღიურ თანხაზე არ იყვნენ შეთანხმებულები, თანხას იღებდა ძირითადად შესრულებული სამუშაოს მიხედვით. მთელი წელი ემსახურებოდა, მათ შორის გადაზიდვაში. მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი აქვს დოკუმენტები და თარიღები იქ არის მითითებული, დაახლოებით მიღებული აქვს _ 25-27 ათასი. ძირითადად, სანამ მანქანას იყიდიდა მაშინ სჭირდებოდა, რაც მანქანა აღარ ჰქონდა იმ პერიოდში ეხმარებოდა აქტიურად. თანხას იღებდა ნაღდი ანგარიშსწორების გზით.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 იანვრის N------ დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზას უნდა შეეფასებინა ქირის თანხის საბაზრო ღირებულება ავტომობილის MAZ54323, (სახელმწიფო ნომრით: ------) თითოეული დღისათვის მძღოლის, ავტომობილის შეკეთების, საწვავისა და სხვა ხარჯების გარეშე. ჯამში ავტომობილი ნაქირავები იყო 290 დღის განმავლობაში (2016 წლის 20 მარტიდან 2017 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით). დასკვნის თანახმად, უნაგირა საწევარი MAZ54323-ის (სახელმწიფო ნომრით ------) და თვითმცლელის BENALU (სახელმწიფო ნომრით ------) საიჯარო ქირის ღირებულება მძღოლის, ავტომობილის შეკეთების, საწავისა და სხვა ხარჯების გარეშე 290 დღის განმავლობაში შეადგენს 29000 ლარს. გარდა მითითებული ექსპერტიზის დასკვნისა, მხარის მიერ, 2022 წლის 22 სექტემბერს წარმოდგენილია მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ 2022 წლის 21 სექტემბრის NA017/ა შეფასება, რომლის თანახმად, ზ.გ-ის საკუთრებაში მყოფი მოძრავი ქონება, ავტომანქანა ------, SAZ -----16 ქონების ყოველდღიური გაქირავების საბაზრო ღირებულების 2022 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 70 ლარს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გაანალიზების შედეგად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, ჩამორთმეული ავტომანქანის გაჭიანურებული დაბრუნების მიზეზით, ავტომობილის დაქირავების ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით, თუმცა მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელე ქირავნობის ხარჯის ასანაზღაურებლად ითხოვს 26300 ლარს და მიუთითებს, რომ ვ.ნ-სგან ავტომანქანა დაქირავებული ჰყავდა 290 დღის განმავლობაში (საშუალოდ დღეში-90 ლარი). მოსარჩელის განმარტებით, ივნისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი აქტიური თვეებია სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად, ამ თვეებში 25 დღე მაინც სჭირდებოდა, გაზაფხულისა და შემოდგომის თვეებში_15 დღე, ხოლო ზამთრის თვეებში-5 დღე საჭიროებდა მანქანის მომსახურებას. მითითებული განმარტების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მანქანის ჩამორთმევიდან- 2016 წლის 18 მარტიდან - 2016 წლის 25 მაისამდე პერიოდში მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან ყადაღის გავრცელების პერიოდში ავტომანქანა ექვემდებარებოდა სადგომზე განთავსებას, შესაბამისად, მოსარჩელის განმარტების გათვალისწინებით, ყადაღის გავრცელების პერიოდში, ავტომობილის დაქირავებისთვის გაწეული ხარჯია 2700 ლარი, რომელიც არ ექვემდებარება მოპასუხისთვის დაკისრებას - ავტომანქანის ჩამორთმევა მოხდა 2016 წლის 18 მარტს, ხოლო ყადაღა მოიხსნა 2016 წლის 25 მაისს, შესაბამისად ავტომანქანის ჩამორთმევიდან ყადაღის მოხსნამდე ყადაღა გავრცელებული იყო დაახლოებით 2 თვის განმავლობაში. თუ გავითვალისწინებით იმ ფაქტს, რომ არის გაზაფხულის ორი თვე, მხარისა და მოწმის განმარტებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს თვეში საშუალოდ 15 დღე დასჭირდებოდა ავტომანქანის დაქირავება-ჯამში 30 დღე, გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 2700 ლარს(90 ლარი 30 დღე). შესაბამისად, მატერიალური ზიანის სახით დასაკისრებელი თანხა შეადგენს 23 600 ლარს (26300 ლარს-2700 ლარი).

 

7.5 წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დამოუკიდებელ კომპონენტს წარმოადგენს ავტომობილის ავტოსადგომიდან გამოყვანის, დგომის, შეკეთების, ევაკუატორის მომსახურების, ევაკუატორის გამოძახების ხარჯების ანაზღაურება.

 

სასამართლო ხარჯების გამოთვლის მიზნებისთვის, ეყრდნობა 2017 წლის 21 სექტემბერს ზ.გ-ის მიერ საგარეჯოს რაიონის, სოფელი ბადიაურის საჯარიმო სადგომიდან გამოყვანისას შედგენილ ინვოისს, რომლის თანახმადაც, გამოყვანისას გადახდილია 720 ლარი (ა/მ -----8 საჯარიმო სადგომზე დგომის საფასური პირველი 5 დღე-25 ლარი; დგომის საფასური 5 დღის შემდეგ ჯამში-545 ლარი, ყოველდღიურად 1 ლარი; ევაკუატორით გადატანა-120 ლარი; გამოძახება-30 ლარი); 2017 წლის 21 სექტემბრის ჩეკთან გათანაბრებული N16001327 დოკუმენტის თანახმად, ი/მ ლ.ს-სგან, ფიზიკურმა პირმა ზ.გ-მ მიიღო შემდეგი მომსახურება: ბადიაური-თბილისი, თეგეტა პეპელა, ავტო-გადაზიდვა გაზ53, -----; გადახდილია მომსახურების ღირებულება_300 ლარი. თეგეტა მოტორსის 2017 წლის 22 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ავტომანქანაზე, სახლმწიფო ნომრით: ----- შესრულებული სამუშაოს ღირებულება: 936,90 ლარი.

 

მოპასუხის მიერ, სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ 2016 წლის 25 მაისის ყადაღის გაუქმების შემდგომ, ავტომანქანა ავტოსადგომზე გაჩერებას აღარ ექვემდებარებოდა, თუმცა რაც შეეხება, 2016 წლის 18 მარტიდან-2016 წლის 25 მაისამდე პერიოდს, ამ ნაწილში სასამართლო იზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას მოთხოვნის დაუსაბუთებლობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ყადაღის გავრცელების პერიოდში ავტომანქანა ექვემდებარებოდა სადგომზე განთავსებას, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ყადაღის გავრცელების პერიოდში სადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების საფასურის ანაზღაურების ნაწილში არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ვინაიდან დგომის აღნიშნული ხარჯის გაწევა არ წარმოადგენდა იმგვარ ხარჯს, რომელსაც არ გასწევდა მოსარჩელე ავტომანქანის სადგომიდან დროულად, თუნდაც ყადაღის მოხსნის დღისათვის, გამოყვანის შემთხვევაში.

 

აღნიშნულზე დაყრდნობით, სასამართლო განმარტავს, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას, რადგან ზიანის ანაზღაურების მთავარ მიზანს წარმოადგენს მიყენებული დანაკლისის გამოსწორება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება ზიანის ანაზრაურების თაობაზე უნდა განისაზღვროს მხოლოდ 2016 წლის 25 მაისიდან (ყადაღის გაუქმება) - 2017 წლის 21 სექტემბრამდე(ავტომანქანის დაბრუნება) პერიოდში სადგომზე ავტომანქანის დგომის საფასურით ანაზღაურებას არ ექვემდებარება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ევაკუატორის გამოძახების საფასური -30 ლარი და ევაკუატორის მომსახურების საფასური -120 ლარი, ვინაიდან მოცემულ ნაწილში ვერ დგინდება დამდგარ ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირი, ის ფაქტი, რომ ავტომანქანა ავტოსადგომზე გაფუჭდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ქმედების გამო და ის ფაქტი, რომ მისი მოვლის ვალდებულება მოპასუხეს გააჩნდა-საქმის მასალებით არ დასტურდება. საგარეჯოს რაიონის, სოფელი ბადიაურის საჯარიმო სადგომიდან გამოყვანისას ამდენად, შედგენილი ინვოისის თანახმად (დღე- 1 ლარი), მატერიალური ზიანის სახით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 482 ლარს( არ ექვემდებარება ანაზღაურებას 2016 წლის 18 მარტიდან 25 მაისამდე პერიოდის 68 დღის დგომის საფასური-მარტის თვეში იდგა 14 დღე, აპრილში 30, მაისში- 24 დღე; პირველი ხუთი დღის საფასური შეადგენს 25 ლარს, ხოლო დანარჩენი დღეების -63 ლარს. ამასთან არ ექვემდებარება ანაზღაურებას ევაკუატორის გამოძახებისა და მომსახურების საფასური, ამდენად 720 ლარს-88 ლარი-30 ლარი-120 ლარი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების განხორციელებასთან ერთად დელიქტური პასუხისმგებლობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირი, ტრადიციული გაგებით, პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი აუცილებელი ელემენტია. მიზეზობრივი კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის აუცილებელი კავშირია, რაც გულისხმობს ორი მოვლენის არა უბრალო მუდმივ თანმიმდევრობას, არამედ შედეგის თანმიმდევრობას თავისი მიზეზის მიმართ. მიზეზობრიობის მთავარ მომენტს წარმოადგენს არსებითი კავშირი, სადაც დამოკიდებულება მიზეზსა და შედეგს შორის აქტიურ ხასიათს ატარებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარჰყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ავტომანქანის შეკეთებისას გაწეული ხარჯის აუცილებლობასა და შემოსავლების სამსახურის ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის დასადასტურებლად მხარემ ვერ შეძლო დამაჯერებელი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარმოდგენა. სასამართლო მიუთითებს, რომ 2016 წლის 18 მარტს, ავტოსანტრანსპორტო საშუალება გაზ-53, სახელმწიფო ნომრით: ------, ჩამოერთვა და გადაყვანილ იქნა საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურის სპეც. ავტოსადგომზე. დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ავტომანქანას აღენიშნებოდა მცირე დაზიანებები. მითითებულის გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად ვერ ჩათვლის ავტომობილის სარემონტო ხარჯის გაწევას, როგორც მიყენებულ მატერიალურ ზიანს, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ და პირდაპირ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების (უმოქმედობის) შედეგად, შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთებისას „თეგეტა მოტორსში გაწეული ხარჯის_936,9 ლარის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. იგივე არგუმენტაციით არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 300 ლარის დაკისრების მოთხოვნა, რომელიც მოსარჩელის განმარტებით სხვადასხვა ხელოსანთან გაღებული ხარჯია, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებს არ ერთვის, ასევე არ დგინდება კონკრეტულად რა სამუშაოები იქნა ჩატარებული და თითოეული რა ღირებულების.

 

სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი, მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. „ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტება საქმეზე:Noბს-648-623(2კ-13) (10.04.2014წ.)) შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სამოქალაქო საქმის აღსრულებისათვის, ადვოკატისთვის გადახდილი თანხის 250 ლარის დაკისრების ნაწილში ვინაიდან მოთხოვნის ამ ნაწილში, სახეზე არ არის ზიანის დაკისრებისათვის, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზობრივი კავშირის აუცილებელი კომპონენტები. შესაბამისად, 2/10653-16 - სამოქალაქო საქმის აღსრულებისათვის, ადვოკატისთვის გადახდილი თანხის 250 ლარის დაკისრების ნაწილში ზ.გ-ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მითითებული კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით, დავის საგნის ღირებულების (28806.9 ლარი) გათვალისწინებით, გადახდილია 864.25 (რვაასსამოცდაოთხი ლარი ოცდახუთი თეთრი) ლარი (ტომი I, ს.ფ. 158), ხოლო სარჩელი დაკმაყოფილებულია ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხე სამსახურისათვის 24 082 (ოცდაოთხი ათას ოთხმოცდაორი) ლარის დაკისრების ნაწილში. სსიპ შემოსავლების აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (დაკმაყოფილდა სასარჩელო მთხოვნის სსიპ შემოსავლების სამსახურს 83%) უნდა დაეკისროს მოსარჩელის - ზ.გ-ს სასარგებლოდ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 717,32 (შვიდასჩვიდმეტი ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენი ნაწილი (ასორმოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8.2. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: ა) მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; ბ) თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; გ) ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; გ) სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; დ) მოპასუხის მოძებნის ხარჯები; ე) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ვ) ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; ზ) სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საექსპერტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 400 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული ხარჯის გაწევა დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებებით, მათ შორის, დადგენილია, რომ საექსპერტო მომსახურებისათვის მოსარჩელის წარმომადგენელმა ლ.გ-მ სს „ტერაბანკის“ მეშვეობით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ანგარიშზე 2018 წლის 24 იანვარს გადაიხადა საფასური 400 ლარის ოდენობით (ტომი I, ს.ფ. 149-150) და მისივე მოთხოვნით მომზადდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 იანვრის N000347818 დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 142-148).

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპერტიზისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაეკისროს მის მიერ გაწეული ექსპერტიზის ხარჯის 400 ლარის ანაზღაურება

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ადვოკატის ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სასამართლო - განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 16 ოქტომბერს, ზ.გ-ს და ლ.გ-ს შორის დადებული ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების გაწევის თაობაზე, რომლის თანახმადაც, განისაზღვრა საადვოკატო მომსახურების გაწევა ზ.გ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ ზიანის ანაზღაურების დავაზე. ზიანის ანაზღაურების საფუძველი დაკავშირებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში ამავე მხარეებს შორის უკვე დასრულებულ დავასთან საქმე N2/10653- 16, განსაკუთრებით კი ამ დავის მიმდინარეობისას სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ზოგიერთი ქმედებასა თუ უმოქმედობასთან. საადვოკატო მომსახურების გაწევას სასამართლოში პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას. მიეთითა, რომ ხელშეკრულება არ მოიცავს გადაწყვეტილების აღსრულების ან ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებისას საადვოკატო მომსახურების გაწევას. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ადვოკატის მიერ ხელშეკრულების საგანში გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადით. 2017 წლის 16 ოქტომბრის საგადახდო დავალება N1-ის თანახმად, ზ.გ-ს მიერ 2017 წლის 16 ოქტომბრის ხელშეკრულების შესაბამისად, გადახდილია ადვოკატის ჰონორარი 2000 (ორი ათასი) ლარი. (გადამხდელი - ზ.გ, გადამხდელის ბანკი - სს სს „თიბისი ბანკი", ბანკის კოდი: TBCBGE22, მიმღები - ლ.გ)

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი თანხიდან 1000 (ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2; მე-12; მე-13, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე; 244-ე; 248, 249-ე, 257-ე, 364-ე; 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ.გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. დაეკისროს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე ზ.გ სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით

დაქირავებისათვის გაღებული თანხის 23 600 (ოცდასამი ათას ექვსასი) ლარისა და ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის საფასურის 482 (ოთხას ოთხმოცდაორი) ლარის ანაზღაურება;

 

3. დაეკისროს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე ზ.გ-ს სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის ადვოკატის მომსახურების ღირებულების 1000 ლარის ანაზღაურება ;

4. დაეკისროს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე ზ.გ-ს სასარგებლოდ ექსპერტიზის ჩატარების საფასურის 400 ლარის ანაზღაურება;

5. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 717,32 ლარი მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასაზღაურებლად;

 

6. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი No7), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი No64) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;

 

მოსამართლე

ნათია ტოგონიძე