გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.01.2018
საქმის ნომერი
080210116001646100
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080210116001646100

N2/3065-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

4 იანვარი 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი: სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე ნ---- მ------–---–ი;

მოპასუხე: ლ---- მ------–---–ი (არ გამოცხადდა);

მოპასუხე: სს „ფ----------------------–--“

წარმომადგენელი დ----- დ---–--ე;

დავის საგანი: ყადაღისგან მოძრავი ნივთების გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2016 წლის 6 დეკემბრის ნივთების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები: ტელევიზორის სადგამი ყავისფერი, სამზარეულოს კუთხის მაგიდა 2 ცალი სკამით, კომპიუტერის მაგიდა, სარეცხი მანქანა „სუპერ გენერალ“, სამეული ნაჭრის შავ-წითელ ფერში.

სარჩელის საფუძვლები:

1.2. მოსარჩელის მითითებით ცხოვრობს ქალაქ ქუთაისში ს---–--------ს ქუჩაზე, 2016 წლის დეკემბრის თვეში მასთან მივიდნენ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები და დააყადაღეს მისი კუთვნილი ნივთები განუმარტეს, რომ ლ---- მ------–---–ს, რომელიც არის მისი შვილი, აქვს სს „ფ---------ის“ ვალი. მოსარჩელის მითითებით ლ---- მ------–---–ს აღნიშნული ნივთების შეძენაში არ აქვს მიღებული არანაირი მონაწილეობა, მოძრავი ნივთები არის მისი საკუთრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1 მოპასუხე სს „ფ----------------------–--ს“ წარმომადგენელმა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო (იხ. შესაგებელი, იხ. სხდომის ოქმი)

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2016 წლის 6 დეკემბრის აქტით დაყადაღებულ იქნა ქ. ქუთაისში ს---–--------ს ქ. N3----- საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: ნაჭრის სამეული, ტელევიზორის სადგამი, კომპიუტერის მაგიდა, სამზარეულოს კუთხის მაგიდა სკამით, სარეცხი მანქანა „სუპერ ჯენერალი“;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, იხ, ს. ფ 1-14

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება,-ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი. იხ ს. ფ 15-16;

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1 სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 6 დეკემბრის აქტით დაყადაღდა ნ---- მ------–---–ის კუთვნილი ნივთები. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე.

3.2.2. საქმის მასალებით არ დადასტურდა ლ---- მ------–---–ის მიერ სადავო ნივთების ფლობა. სახლი, სადაც დაყადაღდა მოძრავი ნივთები, როგორც მხარის, ასევე მოწმის სასამართლოზე მიცემული განმარტებით დგინდება, არ წარმოადგენს არც მოსარჩელის და არც მოპასუხის ლ---- მ------–---–ის საკუთრებას. თუმცა ნივთებზე მფლობელობას ახორციელებდა მოსარჩელე, ასევე მის მიერ მოხდა ნივთების შეძენა. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა იზოლდა მაჭავარიანმა აჩვენა, რომ ლ---- მ------–---–ი 12 წლის ასაკიდან დაკავებული იყო და 23 წლისამ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმის ახსნა-განმარტება (იხ. 4.01.2018წ. სხდომის ოქმი);

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლო მიიჩნევს, წინამდებარე დავის განხილვისას, გასათვალისწინებელია როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტები, კერძოდ, მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მხარეზეა და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოსარჩელის პოზიციისა და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების სწორად შეფასება.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტების და მოწმის ჩვენების მიხედვით გამოიკვეთა, რომ მოვალეს არ შეუძენია დაყადაღებული ქონება, დაუშვებელია კვლავ მოსარჩელეს მხარეზე დარჩეს მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა მოსარჩელის არაუფლებამოსილება აღნიშნულ ნივთებზე და ამ ნივთების მოვალისადმი კუთვნილების ფაქტი. ასეთი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- მ------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 44-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158-ე მუხლები, 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. განსახილველი დავის საგანია ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

6.2.„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). მოცემული ნორმით კანონმდებელმა შემოგვთავაზა შემდეგი პრეზუმფცია _ ნივთები, რომლებსაც მოვალესთან პოულობენ მას ეკუთვნის. მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის სწორად გადასაწყვეტად ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე – ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, რომ ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მფლობელი მესაკუთრედ მივიჩნიოთ.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის ჩვენების მიხედვით დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ 2016 წლის 6 დეკემბერს აღწერილი და დაყადაღებული ნივთები შეძენილია ნ---- მ------–---–ის მიერ და არის მის მფლობელობაში, მოსარჩელეს შვილთან ლ---- მ------–---–თან არანაირი ურთიერთობა არ აქვს, ლ---- მ------–---–ი არასრულწლოვანი იყო როცა დააკავეს და დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა სასჯელაღსრულბის დაწესებულებაში. სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გამაბათილებელ მტკიცებულებეზე მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია. მოპასუხეს არ მიუთითებია, თუ რატომ არ უნდა იქნას გაზიარებული მოწმის ჩვენება და რატომ არ უნდა იქნას მიჩნეული ის სარწმუნოდ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2016 წლის 6 დეკემბერს ქ. ქუთაისში ს---–--------ს N3---- აღწერილი და დაყადაღებული ნივთები არის ნ---- მ------–---–ის საკუთრება, რის გამოც მითითებული ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ უარი თქვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრებაზე, რის გამოც გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

8.1. იმის გათვალისწინებით, რომ ნარგიზა დოღონაძის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 15 დეკემბრის მიღებული, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით დადგენილი საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ---- მ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2.ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 6 დეკემბრის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები - ნაჭრის სამეული, ტელევიზორის სადგამი, კომპიუტერის მაგიდა, სამზარეულოს კუთხის მაგიდა სკამით, სარეცხი მანქანა „სუპერ ჯენერალი“;

3. მოსარჩელის მის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე