გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 421310017002124977
N3/2-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.01.2018 ქ. ყვარელი
შესავალი ნაწილი
ყვარლის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი
მოსარჩელე – სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის სოციალური მომსახურების განყოფილება;
წარმომადგენელი – ვალერიან ბურდიაშვილი;
მოპასუხე – სი----- ბუ-–----–-–--ლი;
დავის საგანი - ზედმეტად დარიცხული სახელმწიფო პენსიის სახაზინო ანგარიშზე დაბრუნების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის სოციალური მომსახურების განყოფილებამ სარჩელი აღძრა სასამართლოში, სი----- ბუ-–----–-–--ლის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, მოპასუხისათვის არასწორად მიღებული სახელმწიფო პენსიის 374 ლარის გადახდის დაკისრება, სახელმწიფო ბიუჯეტის (ბანკის კოდი:TRESG22; ანგარიშის GE24NB033011111100200165022; საბიუჯეტო შემოსულობის სახაზინო კოდი: 302009921) სასარგებლოდ.
1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსიის შეწყვეტის საფუძველია პენსიონერის საჯარო სამსახურში დასაქმება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 ივლისის N04/49286 წერილით გადმოეგზავნა ინფორმაცია იმ საჯარო მოსამსახურეების შესახებ, რომლებიც არიან სახელმწიფო პენსიის მიმრებნი. აღნიშნული წერილით და შემდგომში მოპოვებული ინფორმაციით გამოირკვა, რომ სახელმწიფო პენსიის მიმღების სი----- ბუ-–----–-–--ლი დასაქმებულია საჯარო სამსახურში 2017 წლის 11 მაისიდან სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოში, რომელსაც მუშაობის პერიოდში ზედმეტად დაერიცხა 2 თვის პენსია, 2017 წლის ივნისის და ივლისის თვის , სულ 374 ლარის ოდენობით. სი---- ბუ-–----–-–--ლს 2017 წლის 31 ივლისს და 13 სექტემბერს გაეგზავნა N04-01-03/750, N04-10-03/927 წერილები სახელმწიფო პენსიის სახაზინო ანგარიშზე დაბრუნების მოთხოვნით, მაგრამ თანხა არ დაუბრუნებია სახაზინო ანგარიშზე.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე სი----- ბუ-–----–-–--ლის პოზიცია:
სი----- ბუ-–----–-–--ლს სარჩელზე შესაგებელია არ შემოუტანია, მოსამზადებელ სხდომაზე, მან განაცხადა, რომ გადაიხდიდა სადაო თანხას, მაგრამ მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც თანხა არ გადაუხდია.
3.ფაქტობრივი გარემოებები:
3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. სი----- ბუ-–----–-–--ლს დანიშნული აქვს ასაკობრივი პენსია 2015 წლიდან.
2017 წლის 11 მაისიდან სი----- ბუ-–----–-–--ლსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სატყეო სააგენტოს შორის გაფორმებული იქნა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელე დასაქმებული იქნა დარაჯის პოზიციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება პენსიის შეწყვეტის შესახებ;
- შრომითი ხელშეკრულება;
- მხარის ახსნა-განმარტებები.
3.1.2. ყვარლის სოციალური მომსახურების განყოფილებას სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 ივლისის №04/49286 წერილით მიეწოდა ინფორმაცია, საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ ბენეფიციართა შესახებ.
ასეთ ბენეფიციართა შორის მოხვდა სი----- ბუ-–----–-–--ლი, რომლის სამუშაო ადგილად მითითებულია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - სატყეო სააგენტო აღნიშნულის საფუძველზე, სი----- ბუ-–----–-–--ლს საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო 2017 წლის 01 აგვისტოდან შეუწყდა სახელმწიფო პენსიის გაცემა, რაც ეცნობა ყვარლის სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილების 2017 წლის 31 ივლისს და 13 სექტემბერს გაეგზავნილი N04-01-03/750, N04-10-03/927 წერილებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 ივლისის №04/49286 წერილი;
- ყვარლის სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილების 2017 წლის 31 ივლისს და 13 სექტემბერს გაეგზავნილი N04-01-03/750, N04-10-03/927 წერილები.
- მხარის ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის სოციალური მომსახურების განყოფილების სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
– „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი;
– „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის 4 დადგენილება;
– საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
– საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
– საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ სი----- ბუ-–----–-–--ლს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ასაკობრივი პენსია დაენიშნა 2015 წლიდან.
6.2. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავს პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს:
1. პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;
გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – პენსიის შეჩერების დღიდან;
დ)უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;
ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას;
ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ;
თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.
სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ სი----- ბუ-–----–-–--ლს სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის სოციალური მომსახურების განყოფილების მიერ 2017 წლის 01 აგვისტოდან შეუწყდა სახელმწიფო პენსია საჯარო საქმიანობის განხორციელების მიზეზით, რის თაობაზეც ეცნობა ყვარლის სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილების 2017 წლის 31 ივლისის და 13 სექტემბერის N04-01-03/750, N04-10-03/927 წერილებით.
სი----- ბუ-–----–-–--ლი სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის სოციალური მომსახურების განყოფილების მიერ 2017 წლის 13 სექტემბრის №04-10-03/927 წერილით იქნა გაფრთხილებული, რათა სახელმწიფო ბიუჯეტში დაებრუნებინა უკანონოდ მიღებული პენსია სულ 374 ლარის ოდენობით, მაგრამ მის მიერ მიღებული პენსია არ იქნა დაბრუნებული.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნას მოთხოვილი.
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
აღნიშნული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017 წლის ივნისისა და ივლისის თვის პენსია, 374 ლარი სახით, სი----- ბუ-–----–-–--ლზე გაიცა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის საჯარო საქმიანობის განხორციელების შესახებ, მაშინ, როცა პენსიონერი ვალდებულია აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს, 15 დღისა. აღნიშნული ვალდებულების თაობაზე სი----- ბუ-–----–-–--ლს ეცნობა ასევე პენსიის დანიშვნის დროს განცხადების წარდგენისას, რაც ასევე დადასტურებულია მისი ხელმოწერით.
სი----- ბუ-–----–-–--ლი სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის სოციალური მომსახურების განყოფილების მიერ გაფრთხილებული იქნა, რომ საჯარო საქმიანობის დაწყების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის გამო ადგილი აქვს მისთვის სახელმწიფო გასაცემლის 374 ლარის არასწორ გაცემას და ეთხოვა სახელმწიფო ბიუჯეტში დაებრუნებინა აღნიშნული თანხა, მაგრამ მას თანხა არ დაუბრუნებია.
ამდენად, მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 374 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის სოციალური მომსახურების განყოფილების სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, სი----- ბუ-–----–-–--ლს უნდა დაეკისროს მოსარჩელის, სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის სოციალური მომსახურების განყოფილების სასარგებლოდ, 374 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოპასუხე სი----- ბუ-–----–-–--ლი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 24-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის სოციალური მომსახურების განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს:
2. სი----- ბუ-–----–-–--ლს (პ/ნ 4----------) დაეკისროს მოსარჩელე სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის სოციალური მომსახურების განყოფილების სასარგებლოდ, 374 ლარის გადახდა. თანხა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ბანკის კოდი:TRESG22; ანგარიშის GE24NB033011111100200165022; საბიუჯეტო შემოსულობის სახაზინო კოდი: 302009921.
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა), ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ყვარელი, ილ. ჭავჭავაძის ქუჩა №78).
5.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე