გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-208-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.01.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე
მოსარჩელე - ი-----–ი გ------ე,წარმომადგენელი - ზ------ რ---–---–ი,მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, შსს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამმართველო,წარმომადგენელი: ა---- ჩ--------ი, გ------ი მ-------–---–ი,დავის საგანი: ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
მოსარჩელე მოითხოვს სსიპ მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის №MIA 7--------74 და სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს №MIA01--------2 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, კერძოდ, ი-----–ი გ------ის სახელზე გაცემული უკრაინული მართვის მოწმობის შიცვლას ქართულით შესაბამისი კატეგორიების გათვალისწინებით.
მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №598 ბრძანების 48-ე მუხლის საფუძველზე 2017 წლის 24 ივნისს მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მის სახელზე გაცემული უკრაინული მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლა. მოთხოვნას თან ახლდა ცნობა უკრაინის შსს სამინისტროდან, რომლითაც დასტურდება, რომ მართვის მოწმობა ლეგიტიმურია და აქვს იურიდიული ძალა. მისი კანონიერი მოთხოვნა მომსახურების სააგენტომ არ დააკმაყოფილა, რაც 28 ივნისის წერილით შეატყობინა. აღნიშნულ წერილში მითითებული იყო საქართველოს შსს მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანების 48-ე მუხლის მე-6 პუნქტი და ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" 1968 წლის 8 ნოემბრის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის მე-6 პუნქტი. აღნიშნული პუნქტები რა შემხებლობაში იყო საკითხთან და კონკრეტულად პუნქტებში არსებული რამდენიმე გარემოებებიდან რომელი იყო მისთვის უარის თქმის საფუძველი აღნიშნული მითითებული არ ყოფილა. მაგალითად №598 ბრძანების 48-ე მუხლის მე-6 პუნქტი ითვალისწინებს 7 შემთხვევას რაც შეიძლება მართვის მოწმობის შეცვლაზე უარის საფუძველი იყოს, მაგრამ კონკრეტულად რომლის საფუძველზე ეთქვა უარი ეს დაკონკრეტებული არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, რადგან ასეთი საფუძველი არ არსებობს. ასევეა 1968 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის მე-6 პუნქტის შემთხვევაშიც, რომელიც შეიძლება უარის საფუძველი გამხარიყო. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადი იყო, რომ მომსახურების სააგენტოს უარი იყო დაუსაბუთებელი და საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო, შესაბამისად ის გასაჩივრა ზემდგომ ორგანოში. აღნიშნული საჩივარი სსიპ საქართველოს შსს-ის მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. ამჯერად უარის საფუძველში აღარ იყო მითითებული მინისტრის №598 ბრძანება და სააგენტოს დირექტორი მხოლოდ 1968 წლის ვენის კონცენციის 41-ე მუხლის მე-6 პუნქტით შემოიფარგლა. აღნიშნულ პუნქტში აღნიშნულია, რომ მხარეები (სახელმწიფოები) არ არიან ვალდებულნი აღიარონ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში იმ პირებზე გაცემული მართვის მოწმობის ნამდვილობა, რომელთაც მართვის მოწმობის გაცემის დროს მათ ტერიტორიაზე გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან რომლებსაც მათ ტერიტორიაზე მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან რომლებიც მათ ტერიტორიაზე მუდმივ საცხოვრებლად გადავიდნენ მართვის მოწმობის გაცემის შემდეგ. მოცემული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ცხადია, რომ სახელმწიფოს (საქართველოს) არავინ უკრძალავს აღიაროს მართვის მოწმობის ნამდვილობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი მოთხოვნაც არ ყოფილა მართვის მოწმობის ნამდვილობის აღიარება, ის ითხოვდა და ითხოვს მართვის მოწმობის შეცვლას. სააგენტოს გადაწყვეტილებაში არ არის ნახსენები სამართლებრივი ნორმა (რომელიც არ კრძალავს მართვის მოწმობის ნამდვილობის აღიარებას), რატომ არის საფუძველი შეცვლის მოთხოვნაზე უარისა. გადაწყვეტილებში არ არის ნათელი სააგენტოს პოზიცია მართვის მოწმობის ნამდვილობასთან დაკავშირებითაც. ნამდვილობის არ აღიარების შემთხვევაში გადაწყვეტილებას უნდა ახლდეს მსჯელობა სზაკ-ის მე-6, მე-7 და 53-ე მუხლის შესაბამისად. რატომ მიიჩნია, რომ მართვის მოწმობა არ არის ნამდვილი და შემდეგ ეს კონკრეტულად, რომელი ნორმის საფუძველზე არის გადაცვლის მოთხოვნაზე უარის მიზეზი. ცხადია, რომ მას კანონიერი უფლება შეეზღუდა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენლმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის სრული დაცვით და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ერთი მხრივ, ი-----–ი გ------ე არის საქართველოს მოქალაქე და მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე მხრივ, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" 1968 წლის 08 ნოემბრის ვენის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოა როგორც საქართველო, ასევე უკრაინა. მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 01 აგვისტოს №598 ბრძანების და ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" 1968 წლის 08 ნოემბრის კონვენციის საფუძველზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ი-----–ი გ------ის სახელზე 2014 წლის 11 ივნისს უკრაინის სახელმწიფო ავტოინსპექციის 2303 ცენტრის მიერ გაიცა A1, A, B კატეგორიის მართვის მოწმობა ლიცენზიის ნომერი BXX0-----, მართვის მოწმობის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2044 წლის 11 ივნისი. ამასთან უკრაინის შსს ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მონაცემთა შესაბამისად 2017 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით ი-----–ი ჯ------–ის ძე გ------ე არ ირიცხება მართვის ნებართვის ჩამორთმეულ მძღოლების სიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი ( ს. ფ. 1-12);
- დაზუსტებული სარჩელი ( ს. ფ. 39-50);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 64-74);
- 2014 წლის 11 ივნისის მართვის მოწმობა (ს.ფ. 53-54);
-უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ზაპოროჟიეს ოლქის რეგიონალური სერვის ცენტრის 2017 წლის 17 თებერვლის №31/8 11-20 ცნობა (ს. ფ. 87-88);
3.1.2. 2017 წლის 24 ივნისს ი-----–ი გ------ემ განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს უფროსს და მოითხოვა უკრაინული მართვის მოწმობის ქართულით შეცვლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი ( ს. ფ. 1-12);
- დაზუსტებული სარჩელი ( ს. ფ. 39-50);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 64-74);
- 2017 წლის 24 ივნისის განცხადება (ს. ფ. 94)
3.1.3. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის №MIA7--------74 გადაწყვეტილებით ი-----–ი გ------ეს უარი ეთქვა მართვის მოწმობის შეცვლაზე იმ საფუძვლით, რომ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" 1968 წლის 8 ივნისის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კონვენციის მონაწილე მხარეები არ არიან ვალდებულნი აღიარონ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში იმ პირებზე გაცემული ეროვნული ან საერთაშორისო მართვის მოწმობების ნამდვილობა, რომელთაც მართვის მოწმობის გაცემის დროს მათ ტერიტორიაზე გააჩნდათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან რომლებიც მათ ტერიტორიაზე მუდმივ საცხოვრებლად გადავიდნენ მართვის მოწმობის გაცემის შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 1-12);
- დაზუსტებული სარჩელი (ს. ფ. 39-50);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 64-74);
- ადმინისტრაციული საჩივარი ( ს. ფ. 79);
-სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის №MIA7--------74 გადაწყვეტილება (ს. ფ. 13-14; 84-85);
3.1.4. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის №MIA7--------74 გადაწყვეტილება ი-----–ი გ------ის წარმომადგენლის ზ------ რ---–---–ის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული იქნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს №MIA01--------2 გადაწყვეტილებით მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ი-----–ი გ------ე არის საქართველოს მოქალაქე და მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" 1968 წლის 08 ნოემბრის ვენის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოა როგორც საქართველო, ასევე უკრაინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი ( ს. ფ. 1-12);
- დაზუსტებული სარჩელი (ს. ფ. 39-50);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 64-74);
- ადმინისტრაციული საჩივარი (ს. ფ. 79);
-სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის №MIA7--------74 გადაწყვეტილება (ს. ფ. 84-85);
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს №MIA01--------2 გადაწყვეტილება (ს. ფ. 19-21);
3.1.5. ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის მოწმობის შეცვლის მოთხოვნით დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებიდან (რუსეთი, აზერბიჯანი, სომხეთი, უკრაინა) მიმართა თერთმეტმა მოქალაქემ, დაკმაყოფილდა 5, არ დაკმაყოფილდა 6 მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 12 დეკემბერის ინფორმაცია (ს. ფ. 137-138);
3.1.6. ი-----–ი გ------ე არის საქართველოს მოქალაქე და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი ( ს. ფ. 1-12);
- დაზუსტებული სარჩელი ( ს. ფ. 39-50);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 64-74);
-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა- განმარტება ( 2017 წლის 15 ნოემბრის სხდომის ოქმი)
-მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა- განმარტება ( 2017 წლის 15 ნოემბრის სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის №MIA7--------74 და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს №MIA01--------2 გადაწყვეტილებები გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე; ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტებით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნაზე უკრაინაში გაცემული ,,A1", ,,A", ,,B" კატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
3.2.2. მოპასუხის უარი მართვის მოწმობის შეცვლის შესახებ საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გამო არის დისკრიმინაციული დებულების შემცველი, რომელიც არახელსაყრელ, არათანაბარ უთანასწორო პირობებში ამყოფებს მოსარჩელეს საქართველოში დროებით მცხოვრებ მოქალაქესთან შედარებით; არღვევს მოქალაქის კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის პრინციპს;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ უკრაინაში მოსარჩელის სახელზე გაცემული მოწმობა კანონიერია, ხოლო გასაჩივრებული აქტები დაუსაბუთებელი და კანონმდებლობასთან შეუსაბამო.
მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ი-----–ი გ------ე არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე, მართვის მოწმობა კი შეიძლება შეეცვალოთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც საქართველოში არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი და დროებით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, ერთობლიობაში არ შეუმოწმებია და შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ზაპოროჟიეს ოლქის რეგიონალური სერვის ცენტრის 2017 წლის 17 თებერვლის ცნობით ი-----–ი ჯ------–ის ძე გ------ის სახელზე ნამდვილად არის გაცემული მართვის მოწმობა სერია: BXXN0----- (გაცემის თარიღი 11:06:2014) კატეგორია A1, A, B. ი-----–ი გ------ეს მძღოლის სტაჟი B კატეგორია ითვლება 2013 წლის 05 თებერვლიდან დღემდე, ხოლო A1, A კატეგორიით 2014 წლის 22 მაისიდან დღემდე. უკრაინის შსს ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მონაცემთა შესაბამისად 2017 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით ი-----–ი ჯ------–ის ძე გ------ე არ ირიცხება მართვის ნებართვის ჩამორთმეულ მძღოლების სიაში; მოპასუხის მიერ მხოლოდ ფორმალურად ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნულს სასამართლო ადგენს 2017 წლის 26 ივლისის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის შინაარსიდან გამომდინარე სადაც მოსარჩელის წარმომადგენელი ასაბუთებს მართვის მოწმობის შეცვლის კანონიერებას, ხოლო მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების ვადების შესახებ, თუმცა აღნიშნულის შინაარსიც გაურკვეველია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ი-----–ი გ------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონი; ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონი; ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" 1968 წლის 08 ნოემბრის ვენის კონვენცია; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანება ,,სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ";
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მათი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.” ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შესაბამისად, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის №MIA7--------74 გადაწყვეტილებით ი-----–ი გ------ეს უარი ეთქვა მართვის მოწმობის შეცვლაზე იმ საფუძვლით, რომ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" 1968 წლის 8 ივნისის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კონვენციის მონაწილე მხარეები არ არიან ვალდებულნი აღიარონ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში იმ პირებზე გაცემული ეროვნული ან საერთაშორისო მართვის მოწმობების ნამდვილობა, რომელთაც მართვის მოწმობის გაცემის დროს მათ ტერიტორიაზე გააჩნდათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან რომლებიც მათ ტერიტორიაზე მუდმივ საცხოვრებლად გადავიდნენ მართვის მოწმობის გაცემის შემდეგ. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ი-----–ი გ------ის სახელზე 2014 წლის 11 ივნისს უკრაინის სახელმწიფო ავტოინსპექციის 2303 ცენტრის მიერ გაიცა A1, A, B კატეგორიის მართვის მოწმობა ლიცენზიის ნომერი BXX0-----, მართვის მოწმობის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2044 წლის 11 ივნისი. ამასთან უკრაინის შსს ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მონაცემთა შესაბამისად 2017 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით ი-----–ი ჯ------–ის ძე გ------ე არ ირიცხება მართვის ნებართვის ჩამორთმეულ მძღოლების სიაში. მოსარჩელეს საცხოვრებელი ადგილი აქვს საქართველოში.
,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარებას, მართვის უფლების მინიჭებასა და გაუქმებას, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენას, აგრეთვე მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემას (მათ შორის, შეცვლასა და აღდგენას) და გაუქმებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო), ხოლო ამავე მუხლის მეშვიდე პუნქტის მიხედვით ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
,,სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანების 48-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მოქმედების ვადას და შეცვლის წესს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობით: ა) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ კალენდარული წლის განმავლობაში მისი საქართველოში პირველად შემოსვლიდან არაუმეტეს ერთი წლისა, საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღოს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლმა; ბ) მართვის უფლების მისაღები გამოცდის გარეშე შეცვალოს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობით, მაგრამ არაუგვიანეს შესაცვლელი მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვისა.
დასახელებული მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარმოადგინოს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
ბ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა;
გ) მართვის მოწმობის დასტური;
დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.
იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ ინფორმაციას, სააგენტოს უფლება აქვს, გამოსაკვლევი გარემოების დაზუსტების მიზნით, მოსთხოვოს პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელესთვის დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა არ მოუთხოვია. მართვის მოწმობის შეცვლაზე უარის თქმის საფუძვლად მოპასუხემ მიუთითა მხოლოდ მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქონა საქართველოში. აღნიშნული კი იმ მოთხოვნათა ჩამონათვალში არ არის რაც მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარედგინოს.
დასახელებული ბრძანების 48-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლა არ განხორციელდება, თუ: ა) ამოწურულია შესაცვლელად წარმოდგენილი, უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მართვის მოწმობის მოქმედების ვადა; ა1) დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს შესაცვლელი, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის სააგენტოსათვის ჩაბარებას; ბ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოება, რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის პირს უკრძალავს სატრანსპორტო საშუალების მართვას; გ) საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობაში მითითებული კატეგორიის/ქვეკატეგირიის იდენტური კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებას ან მოწმობით განსაზღვრული კატეგორიებიდან/ქვეკატეგორიებიდან ითვალისწინებს, მხოლოდ რომელიმეს და დაინტერესებული პირი უარს აცხადებს მართვის მოწმობის ნაკლები კატეგორიით/ქვეკატეგორიით მიღებაზე; დ) დაინტერესებული პირის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენა; ე) თუ არსებობს საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოება, რომელიც ზღუდავს უცხოეთში გაცემული მძღოლის მოწმობის შეცვლას; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
დადგენილია, რომ მოპასუხეს არცერთი დასახელებული საფუძვლით მოსარჩელესთვის მართვის მოწმობის შეცვლაზე უარი არ უთქვამს. უფრო მეტიც ასეთის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოშიც არ წარმოდგენილა.
,,საგზაო მოძრაობის შესახებ" 1968 წლის 08 ნოემბრის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით ამ მუხლის დებულებები ხელშემკვრელ მხარეებს არ ავალდებულებს აღიარონ მოქმედად ნაციონალური მძღოლის მოწმობები, რომლებიც გაცემულია სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე იმ პირებისთვის, რომელთა ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი მძღოლის ამ მოწმობის გაცემის მომენტისათვის მათ ტერტორიაზე იყო ან რომლებმაც ამ მოწმობის გაცემის შემდეგ გადაიტანეს საკუთარი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი მათ ტერიტორიაზე.
"საგზაო მოძრაობის შესახებ" 1968 წლის 08 ნოემბრის ვენის კონვენციას საქართველო შეუერთდა 1993 წელს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო განმარტავს, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლის მე-6 პუნქტი რეკომენდაციული ხასიათისაა და არ წარმოადგენს მავალებელ ნორმას, რომელიც კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იხელმძღვანელონ ამ მუხლის დებულებებით, კერძოდ საქართველოს შესაბამისმა ორგანომ არ აღიაროს ნაციონალური მძღოლის მოწმობები იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოწმობები გაცემულია სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც მათი საცხოვრებელი ადგილი საქართველოა, ან მაშინ თუ მოწმობებიც გაცემის შემდეგ საცხოვრებლი ადგილი გახდა საქართველო. მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე განმარტებული იქნა, რომ მართვის მოწმობის გაცემის დროისათვის ი-----–ი გ------ე პროფესიული საქმიანობის გამო იმყოფებოდა უკრაინაში, ხოლო მოცემული მომენტისათვის ცხოვრობს საქართველოში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ წარმოადგენს ხელისშემშლელ გარემოებას უკრაინული მართვის მოწმობა შეეცვალა ქართული მართვის მოწმობით. უფრო მეტიც საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მმართველობის ღონისძიების განხორციელებისას შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ხელშეკრულების კონკურენციის რიგითობას, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ მოდიან წინააღმდეგობაში 1968 წლის 08 ნოემბრის ვენის კონვენციასთან.
ადმინისტრაციული ორგანო ი-----–ი გ------ის განცხადების და შემდეგ საჩივრის განხილვის დროს მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა-შეფასება უმნიშვნელოვანეს პროცედურულ სტადიას წარმოადგენს და სწორედ მასზეა დამოკიდებული გამოცემული აქტით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა. რამდენადაც სწორედ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მოწესრიგებისთვის სამართლის ნორმის შეფარდება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების სისწორის, კანონშესაბამისობის დასაბუთება. ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეფასება საერთოდ გამორიცხავს მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებას. მაშინ, როცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით კოდექსის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით აღიარებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან. კანონის წინაშე თანასწორობა, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებული კონკრეტული უფლებაა, ხოლო მეორე მხრივ, ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპია, რომელიც განსაზღვრავს ძირითადი უფლებებით სარგებლობის ზოგად წესს, უზრუნველყოფს უფლება-თავისუფლებათა განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე და იცავს ადამიანს უთანასწორო მოპყრობისაგან. კანონის წინაშე თანასწორობის ეს ზოგადი დებულება გულისხმობს სახელმწიფო აპარატის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას, დაუშვებელია ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე პირთა, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ასევე ადმინისტრაციული ორგანოსათვის, კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-14 მუხლიც რომლის თანახმად, „ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად“.
ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად, ამ მოთხოვნის დარღვევა სახეზეა მაშინ, როდესაც იკვეთება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი მხარის შეზღუდვის ან მისთვის უპირატესობის მინიჭების გონივრული, საქმის არსიდან გამომდინარე საფუძველი. ამასთან აშკარაა შეუსაბამობა განხორციელებულ ღონისძიებასა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შორის. სასამართლოს მოსაზრებით, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. სასამართლო იცავს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტების აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა, მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობას, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას.
სასამართლომ მოპასუხე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტებით ასევე გამოთხოვილი ინფორმაციით (მართალია მოპასუხემ არ დაასახელა საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მქონე პირთა შესახებ ინფორმაცია) გამოარკვია, რომ უცხოური მართვის მოწმობები შეიძლება შეიცვალოს ქართული მართვის მოწმობებით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში და დროებით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მეოთხე მუხლით გათვალისწინებულ თანასწორობის პრინციპს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ამგვარი გადაწყვეტილების მიღება არის დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგება ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მიზანს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იდენტურ შემთხვევაში სხვადასხვა პირთა მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას. საგულისხმოა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 11 დეკემბრის №MIA 1 1702969615 წერილის შინაარსი, რომელიც წარმოადგენს სასამართლოს განჩინების პასუხს, რომლითაც მოპასუხისგან გამოთხოვილი იქნა ბოლო ორი წლის მანძილზე სსიპ მომსახურების სააგენტოსთვის მართვის მოწმობის შეცვლის მოთხოვნით მიმართვიანობისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებიდან და ასევე საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მქონე პირზე მართვის მოწმობის შეცვლის შესახებ ინფორმაცია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული წერილის შინაარსით სადაც მიუთითებს მართვის უფლების მქონე პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის დაუმუშავებლობის შესახებ, მოპასუხემ არ გასცა პასუხი სასამართლოს განჩინებას იმის შესახებ, რომ განხორციელდა თუ არა საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მქონე პირზე სხვა ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობის შეცვლა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის №MIA7--------74 გადაწყვეტილება ი-----–ი გ------ის წარმომადგენლის ზ------ რ---–---–ის მიერ ადმინისტრაცილი საჩივრით გასაჩივრებული იქნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს №MIA01--------2 გადაწყვეტილებით მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ი-----–ი გ------ე არის საქართველოს მოქალაქე და მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" 1968 წლის 08 ნოემბრის ვენის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოა, როგორც საქართველო, ასევე უკრაინა.
დასახელებული გადაწყვეტილება გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე; ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნაზე უკრაინაში გაცემული ,,A1", ,,A", ,,B" კატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა; 2017 წლის 26 ივლისის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის შინაარსიდან გამომდინარე დადგენილია, რომ მოპასუხემ ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა სრულიად ფორმალურად, მოსარჩელის წარმომადგენელი ასაბუთებს მართვის მოწმობის შეცვლის კანონიერებას, ხოლო მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების ვადების შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–ი გ------ის სარჩელი საფუძვლიანია, გასაჩივრებული სადავო აქტები არ არის მიღებული ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანება ,,სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ" დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას არ შეამოწმა გასაჩივრებული სამართლებრივი აქტის კანონიერება და მიზანშეწონილობა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ ზემოთ დასახელებულ სამართლებრივ ნორმებთან რის გამოც იგი ბათილად ინდა იქნეს ცნობილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
საქართველოს ადმინისტრაციულის საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით რის გამოც, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2, მე-4, მე-10, მე-12, მე-19 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. ი-----–ი გ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის №MIA 7--------74 და სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს №MIA01--------2 გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალოს ი-----–ი გ------ის სახელზე გაცემული უკრაინული მართვის მოწმობის ქართულით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
2. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) 14 დღის ვადაში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი