გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2018
საქმის ნომერი
080210017001959956
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
16.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210017001959956

N2/1525-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

9 იანვარი 2018 წ ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

 

მოსარჩელე - ც---- ცხ-----ე;

წარმომადგენელი - ნინო თურქაძე;

 

მოპასუხე – მ--- ბუ----ე;

წარმომადგენელი - ნინო გოგოლაძე;

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება;

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მ--- ბუ----ეს ც---- ცხ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება 4071 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლი თანასაკუთრების უფლებით ასევე რეგისტრირებულია მისი მეუღლის გ--- რო-----ის სახელზე. უძრავი ქონების იმ ნაწილში, რომელიც ეკუთვნის მას, საცხოვრებლად შევიდა გ--- რო-----ის შვილი ბიძინა რო-----ე ოჯახით. მას შემდეგ რაც გარდაიცვალა ბიძინა რო-----ე, მისი მეუღლე და შვილები კვლავ აგრძელებდნენ უკანონოდ ცხოვრებას მის ფართში და მხოლოდ 2014 წელს გამოასახლა პოლიციამ. 2000 წლის მდგომარეობით მისი საცხოვრებელი ფართის ღირებულება შეადგენდა 4071 ლარს, ხოლო 2017 წლის მდგომარეობით 2800 ლარია. იგი საცხოვრებლად უვარგისია, გაფუჭებულია იატაკი და კედლები, განადგურებულია საოჯახო მოხმარების ნივთები. მოპასუხემ არ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, რის გამოც მიმართა სასამართლოს.

2. მოპასუხის პოზიცია.

2.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ფაქტობრივი გარემოებები.

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონების, მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელი ძევრი, საკადასტრო კოდით N33.14.37.028, მესაკუთრეებად რეგისტრირებულია გ--- რო-----ე (მიწის ნაკვეთი და სახლის ნაწილი, ფართით 88.80 კვ.მ.) და ც---- ცხ-----ე (სახლის ნაწილი ფართით 69.60 კვ.მ.). ასევე დადგენილია, რომ მესაკუთრეები იყვნენ მეუღლეები, ხოლო მოპასუხე მ--- ბუ----ე არის გ--- რო-----ის რძალი (პირველი ქორწინებიდან შვილის მეუღლე).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს. ფ. 14–15);

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. დადგენილია, რომ მეუღლესთან უთანხმოების გამო ც---- ცხ-----ე 1988 წლიდან აღარ ცხოვრობს მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ამასთან, მას თავისი კუთვნილი ფათრის გასაღები გადაეცა 2015 წელს პოლიციის მიერ, თუმცა უძრავ ქონებას არც ამის შემდეგ დაუფლებია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

– ოქმის თერჯოლის შს რ/სამმართველოში გასაუბრების შესახებ;

– ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 სეტემბრის გადაწყვეტილება;

– შს თერჯოლის რაიონული სამმართველოს მიმართვა;

 

3.2.2. დადგენილია, რომ ც---- ცხ-----ის და გ--- რო-----ის კუთნილ სახლში, მას შემდეგ რაც მოსარჩელემ დატოვა აღნიშნული ქონება, ცხოვრებას აგრძელებდა გ--- რო-----ე და მისი შვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად. მოპასუხემ არ დაადასტურა ის გარემოება, რომ მისი ოჯახი სრულად სარგებლობდა ც---- ცხ-----ის კუთვნილი ფართით, თუმცა განმარტა, რომ მოსარჩელის კუთვნილი სამი ოთახიდან, ორი ოთახს იყენებდნენ გ--- რო-----ის კუთნილი ფართში შესასვლელად, სხვა მხრივ მათ მოსარჩელის ქონებით არ უსარგებლიათ და არც ზიანი მიუყენებიათ მისთვის. რაც შეეხება ც---- ცხ-----ეს, მას არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება რომლითაც დადასტურდებოდა, მოპასუხის მხრიდან მისი კუთვნილი ქონების დაზიანება, ან ხელშეშლა კუთვნილი ფართით სარგებლობაში. ამასთან, სასარჩელო განცხადება ეყრდნობა აუდიტორულ შეფასებას, რომლითაც ც---- ცხ-----ის მოსაზრებით, დადასტურებულია მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: თერჯოლის რაიონის ს.პ.ს. ინვენტარიზაციის ბიუროს დირექტორმა 2000 წლის აგვისტოს თვეში წერილობით აცნობა თერჯოლის რაიონის ადვოკატურის გამგეს, რომ ც---- ცხ-----ის კუთვნილი ფართი შეფასდა 4071 ლარად. შპს „ლუსა–აუდიტის“ მიერ 2017 წლის 04 მაისს შედგენილი აუდიტორული დასკვნით კი ც---- ცხ-----ის საცხოვრებელი ფართის ღირებულება შეადგენს 2800 ლარს. ამავე დასკვნით სახლის ნაწილი, რომელსაც ფლობს ც---- ცხ-----ე მოითხოვს შეკეთებას და უვარგისია საცხოვრებლად. წარმოდგენილი დოკუმენტებით გაურკვეველია, კონკრეტულად რა არის დაზიანებული და რა მიზეზით, ხომ არაა გამოწვული სახლის ღირებულების შემცირება ობიექტური გარემოებებით, რადგან დასკვნები შედგენილია 17 წლიანი ინტერვალით და ბუნებრივია ამ პერიოდში ადგილი ექნებოდა როგორც ბუნებრივ ცვეთას, ასევე ეკონომიკური გარემოებების ცვლილებებს, რაც აისახება უძრავი ქონების ღირებულებაზეც. ასევე გაურკვევლია ზიანის ოდენობა, რადგან 4071 ლარის და 2800 ლარის სხვაობა 1271 ლარია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ წარმოადგია მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა ზიანის არსებობა და მოპასუხის ბრალეულობა არასასურველი შედეგის დადგომაში, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

4.1. სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა-ახსნა განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალო კოდექსის 992–ე მუხლი.

6. სამართლებრივი შეფასება.

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში მოცემულია დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, კერძოდ, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს პირის პასუხისმგებლობას. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ იკვეთება რაში გამოიხატება ც---- ცხ-----ისათვის მიყენებული ზიანი, რადგან გაურკვეველია, როგორ მდგომარეობაში იყო ც---- ცხ-----ის კუთვნილი ფართი 1988 წელს, როდესაც მან დატოვა საცხოვრებელი სახლი და კონკრეტულად რა შეიცვალა მას შემდეგ. რაც შეეხება აუდიტის შეფასებას უძრავი ქონების ღირებულების 1271 ლარით შემცირების თაობაზე 2000 წლიდან 2017 წლამდე, სასამართლო ვერ განიხილავს ზიანის დამადასტურებელ გარემოებად, რადგან ფასის ცვლილება დამოკიდებულია ბევრ ობიექტურ ფაქტორზე, რომელიც შესწავლილი და გაანალიზებული უნდა იქნას სპეციალისტის მიერ, არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით.

 

ასევე განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება მოპასუხე მხარის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი, რასაც შესაძლო გამოეწვია ზიანი. არაა წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ცხადი გახდებოდა, რომ მ--- ბუ----ემ დააზიანა მოსარჩელის კუთვნილი ქონება ან ხელი შეუშალა ც---- ცხ-----ეს ესარგებლა თავისი კუთვნილი უძრავი ქონებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები ზიანის არსებობის და მოპასუხის ბრალეულობის შესახებ, რაც გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებას.

7. საპროცესო ხარჯები.

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 122 ლარი, ვინაიდან მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ც---- ცხ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. ც---- ცხ-----ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 122 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. მხარეებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე