გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.01.2018
საქმის ნომერი
140310017002202191
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
17.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310017002202191

საქმე № 3/335-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 იანვარი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი: ა-- კ----------–-

 

მოპასუხე: ნ----- დ---–-–---–ი

 

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

სოციალური დახმარების სახით გაცემული თანხის - 144 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.

 

სარჩელის თანახმად, მ------- დ---–-–---–ი (პირ. № 5----------) იღებდა სოციალურ დახმარებას - პენსიას, რომელიც გარდაიცვალა 2017 წლის 10 მაისს; მისი ბარათის მეშვეობით მ------- დ---–-–---–ის კუთვნილი პენსია 180 ლარის ოდენობით მიიღო ნ----- დ---–-–---–მა (პირ. № 5----------).

 

მან მოსარჩელისათვის წარდგენილი განცხადებით აღიარა აღნიშნული ფაქტი და აიღო ვალდებულება, დაებრუნებინა უკან, თუმცა ამ თანხიდან მან დააბრუნდა მხოლოდ 36 ლარი. მოსარჩელე ითხოვს დარჩენილი თანხის - 144 ლარის უკან დაბრუნებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; შესაბამისად, მისი პოზიცია ამ სარჩელზე სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მ------- დ---–-–---–ი 2006 წლიდან იღებდა სოციალურ დახმარებას, რაც შეწყდა 2017 წლის 2 ივნისიდან მისი გარდაცვალების გამო.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.2. მ------- დ---–-–---–ი გარდაიცვალა 2017 წლის 10 მაისს.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, გარდაცვალების მოწმობა.

 

3.2.3. მ------- დ---–-–---–ის ბარათის მეშვეობით მისი კუთვნილი პენსია 180 ლარის ოდენობით მიიღო ნ----- დ---–-–---–მა, საიდანაც დააბრუნა 36 ლარი.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, გადახდის ქვითარი.

 

3.2.4. ნ----- დ---–-–---–მა აღიარა ფულადი ვალდებულების არსებობა.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, 2017 წლის 17 ივლისის განცხადება ფულადი დავალიანების არსებობის აღიარების შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხე იღებდა სხვა, გარდაცვლილი პირის კუთვნილ სოციალურ დახმარებას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი”, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება პენსიონერის გარდაცვალებისას ამ საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

 

,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის” (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის № 46/ნ ბრძანებით) მე-10 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის მიხედვით, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

როგორც აღინიშნა, გარდაცვლილი მ------- დ---–-–---–ის ბარათის მეშვეობით მისი კუთვნილი პენსია 180 ლარის ოდენობით მიიღო ნ----- დ---–-–---–მა, საიდანაც მან ნებაყოფლობით დააბრუნა 36 ლარი.

 

მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხეს არ ქონდა უფლება, მიეღო გარდაცვლილი პირის კუთვნილი პენსია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 180 ლარი, საიდანაც 36 ლარი დაბრუნებული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო დარჩენილი 144 ლარი ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის უკანონო ქმედებამ.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი ნ----- დ---–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. ნ----- დ---–-–---–ს დაეკისროს მ------- დ---–-–---–ის პირად ანგარიშზე ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული და მიღებული პენსიის - 144 (ასორმოცდაოთხი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302009921.

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი