განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2018
საქმის ნომერი
190100117002187250
თარიღი
17.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1/604-17

(№078120815003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

18 მაისი, 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი,ბრალდების მხარე: პროკურორი - გიორგი ღონღაძე, სტაჟიორ-პროკურორი სალომე ქემაშვილი

 

დაცვის მხარე: ადვოკატი: ემზარ პაქსაძე

 

ბრალდებული - რეზო მიქელაძე, დაბადებული 1990 წლის 25 იანვარს, პირადი N52001022092, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: წალკის რაიონი, სოფელი იმერა.

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

სხდომის სახე: ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

 

ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ დაადგინა:

 

2015 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, კოდა-ფარცხისი-წალკის საავტომობილო გზის მე-8 კილომეტრზე, სოფელ კოდადან წალკის მიმართულებით ,,GINAF"-ის მარკის სატვირთო ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით - TGS-999, მოძრაობდა რეზო მიქელაძე, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები, დაუგორდა ავტომანქანა და გადავარდა ხევში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რეზო მიქელაძის მგზავრი დავით ინასარიძე მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა, რეზო მიქელაძის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებებს (12.08.2015;13.08.2015), დაზარალებულის უფლებამონაცვლე მთვარისა ინასარიძის ჩვენებას, მოწმეების - ლიანა ლაზიაშვილის და დავით ნებულიშვილის ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სქემას და ფოტოსურათებს (12.08.2015), დავით ინასარიძის გვამის სამედიცინო ექსპერტიზის N004747615 დასკვნას (16.10.2015), სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N2294/სტ დასკვნას (08.12.2015), სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N007004016 დასკვნას (28.11.2016) და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, 2018 წლის 08 იანვარს გამართულ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარემ უდავოდ სცნო, დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველო სსსკ-ის მე-9 მუხლის შესაბამისად საქმის განხილვა მიმდინარეობდა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

ამავე კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის უნდა არსებობდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ მიერ დანაშაულის ჩადენაში.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო პრაქტიკის თანახმად ტრანსპორტის მოძრაობის და უსაფრთხოებისგან ექსპლოატაციის წესის დარღვევა ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დანაშაულს წარმოადგენს. ამ დანაშაულის საშიშროების მაღალი ხარისხი განპირობებულია ტრანსპორტის უსაფრთხო ფუნქციონირების წესების დაუცველობით, რის შედეგადაც ზიანი ადგება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

 

ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების (ან ექსპლუატაციის) წესის დარღვევის ფაქტი იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, ხოლო მოცემული შემთხვევისათვის კი, გამოიწვია თუ არა ამ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღსანიშნავია, რომ ნორმა ბლანკეტურია და ზოგადად მიუთითებს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე, კონკრეტული წესი კი რეგულირებულია 2014 წლის 1 მარტის კანონით ,,საგზაო მოძრაობის” შესახებ, რომლის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს

 

სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ხოლო დამატებითი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მოცემულ შემთხვევაში დავით ინასარიძის სიცოცხლე.

დანაშაულის საგანს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალება, რომლის არასწორმა ექსპლუატაციამ გამოიწვია მართლსაწინააღმდეგო შედეგი.

 

დანაშაულის სუბიექტი არის ის, ვინც მართავს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას იმის მიუხედავად აქვს თუ არა მას ტრანსპორტის, ან მოცემული სახის ტრანსპორტის მართვის უფლება, ე.ი. სახეზეა საერთო ამსრულებელი. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს: 1. ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესების დარღვევას; 2. მძიმე შედეგს, კერძოდ, ადამიანის სიცოცხლის მოსპობას. 3. წესების დარღვევის ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირს.

 

სუბიექტური მხრივ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გაუფრთხილებელია, შეიძლება განხორციელდეს თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.

 

საქმეში არსებული დაზარალებულის უფლებამონაცვლე მთვარისა ინასარიძის ჩვენების, მოწმეების - ლიანა ლაზიაშვილის და დავით ნებულიშვილის ჩვენებების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, სქემასა და ფოტოსურათების, დავით ინასარიძის გვამის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2015 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, კოდა-ფარცხისი-წალკის საავტომობილო გზის მე-8 კილომეტრზე, სოფელ კოდადან წალკის მიმართულებით ,,GINAF"-ის მარკის სატვირთო ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით - TGS-999, მოძრაობდა რეზო მიქელაძე, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები, დაუგორდა ავტომანქანა და გადავარდა ხევში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რეზო მიქელაძის მგზავრი დავით ინასარიძე, მიღებული დაზიანებების შედეგად, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

 

სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ საქმეში არსებობს რეზო მიქელაძის დამნაშავედ ცნობის შესახებ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის გამოც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

რეზო მიქელაძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, დამამძიმებელი გარემოებები არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ასევე ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

რეზო მიქელაძე, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს, ყველა შემთხვევაში ვალდებული იყო უზრუნველეყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა. საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ა/საგზაო შემთხვევის გამომწვევი და მძღოლის მიერ უსაფრთხო მართვის რაიმე ობიექტური გარემოება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გარემოებამ ასახვა უნდა ჰპოვოს ბრალდებულის მიმართ სასჯელის ობიექტურობასა და სამართლიანობაზე.

 

იმის გათვალისწინებით, რომ რეზო მიქელაძის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, აღიარებს ბრალად შერაცხულ ქმედებას, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, რომ პრეტენზია არ აქვს ბრალდებულის მიმართ, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, სამართლიანობის პრინციპის დაცვით რეზო მიქელაძეს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელის სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

რეზო მიქელაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რეზო მიქელაძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობითად, 04(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე, აეკრძალოს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება 01(ერთი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად რეზო მიქელაძეს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. რეზო მიქელაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს, საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, განაჩენით დადგენილი ჯარიმის სრულად გადახდის შემდგომ.

 

3. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი