განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/639-17
(№078151117002)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 იანვარი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: გიორგი ღონღაძე,დაცვის მხარე:
ბრალდებული მ--------------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-----------------------------–--
ადვოკატი: ნანა ჯახველაძე,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ.თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 45-ე კილომეტრზე, მ--------------–---–მა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილი ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 46OC561313 წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, მ--------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ა-–--------------------–---- პატაკს, და თანდართული მასალებს, მოწმეების: დ------------------ს და ჯ-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებს, მ--------------–---–ის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობას ნომრით - 46OC561313, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N1289/დტ დასკვნას, მ--------------–---–ის მიერ საზღვრის კვეთის დოკუმენტს და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2018 წლის 11 იანვარს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა, ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება. დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების დასადგენად, მნიშვნელოვანია დოკუმენტი იყოს ოფიციალური, არ უნდა შეესაბამებოდეს ამ ტიპის დოკუმენტისთვის დადგენილ სტანდარტს და პირმა, გაცნობიერებული აქვს რომ ფლობს ყალბ ოფიციალურ დოკუმენტს, უნდა გამოიყენოს იგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართვის მოწმობის საფუძველზე პირი იძენს უფლებას და ეკისრება მოვალეობა, ამავე დოკუმენტის საფუძველზე, იგი ურთიეთობაში შედის მესამე პირებთან, დოკუმენტი გაცემულია სახელმწიფო ორგანოს მიერ, რეგისტრირებულია შესაბამისი ნომრით და წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, დოკუმენტის სიყალბე გამოიხატება მასში, რომ რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 46OC561313 არ არის რეგისტრირებული მ--------------–---–ის სახელზე რუსეთის ტერიტორიაზე, 2017 წლის 3 ნოემბრის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N1289/დტ დასკვნით: მძღოლის მოწმობა ნომრით 46OC561313, შევსებული მ--------------–---–ის სახელზე, დამზადებულია სტამბური წესით, თუმცა არ შეესაბამება ანალოგიური სახის ნამდვილი დოკუმენტის ბლანკს. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში იგულისხმება ასეთი დოკუმენტის წარდგენა იმ პირისათვის ვისაც შემოწმების უფლება აქვს ანდა მისი ოფიციალური წარდგენა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
მ--------------–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის მრავალსულიანი ოჯახის წევრი, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის დროს - არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
მ--------------–---–ას მიმართ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ამდენად, მ--------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს სსკ-ს 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა. რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს 500 ლარით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
მ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული მართვის მოწმობა 46OC561313, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სსკ-ს 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.
2. მ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და და და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით, გადაწყვეტილების აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული მართვის მოწმობა 46OC561313, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე