გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.01.2018
საქმის ნომერი
010310017001853971
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №(3/184-2017)010310017001853971

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლაშა თავართქილაძე

სხდომის მდივანი - ნათია ზოიძე

 

მოსარჩელე - ლე------------------ე

 

მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

წარმომადგენელი - სალომე გაბრიჩიძე, სალომე მეხუზლა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 10 მარტის N184888 განკარგულება ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინარული ღონისძიების გამოყენების შესახებ“;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წარმომადგენლებმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ ლე------------------ე არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პატიმარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 2 მარტს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის მერაბ ხალითბას და ინსპექტორ-კონტროლიორის ზაზა შავაძის მიერ შედგენილი იქნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი, მასზედ, რომ 2017 წლის 2 მარტს დაახლოებით 15:35 საათზე, სარეჟიმო კორპუსის №113-ე საკანში განთავსებული მსჯავრდებული ლე------------------ე, როდესაც გამოყვანილი იქნა მსჯავრდებულთა შემოწმება-დათვალიერების ოთახში, სასამართლო პროცესზე გაყვანის მიზნით, მსჯავრდებულმა არ მისცა საშუალება მისი სრული შემოწმება-დათვალიერების შესახებ და სრულად უმიზეზოდ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა მორიგე ჯგუფის წევრებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის 02.03.2017 წ. ოქმი;

- დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების გაცნობის 02.03.2017 წ. ოქმი;

- ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის შესახებ 02.03.2017 წ. ოქმი.

- N3 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი ბადრი ბოლქვაძის ახსნა-განმარტება;

- N3 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი ზურაბ ტრაპაიძის ახსნა-განმარტება;

- N3 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის მერაბ ხალითბას პატაკი MOC 9 17 00163657.

 

3.1.3. 2017 წლის 10 მარტს N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებულ იქნა N184888 განკარგულება ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინარული ღონისძიების გამოყენების შესახებ“, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ლე------------------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი - შეეზღუდა სატელეფონო საუბრის უფლება 1 (ერთი) თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 10 მარტის N184888 განკარგულება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.სასამართლო განმარტავს, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონის ტექსტიდან გამომდინარე, ნორმა განსაზღვრავს თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება, შეფასება და ა.შ. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს მოსარჩელის განთავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნეს გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, მათ შორის ყურადღებას იმსახურებს მოწმეთა ჩვენებები, რომელთა ახსნა-განმარტებები, მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს საქმის მტკიცებულების მნიშვნელოვან წყაროს. ამასთან, მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია ფაქტებს უნდა ეხებოდეს, მოწმის აზრს, დასკვნებს როგორც წესი არ აქვს მნიშვნელობა საქმისათვის.

 

გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მუშაკი მოვლენებს აღიქვამს პროფესიული მოვალეობების შესრულების ძალით. მას კანონის საფუძველზე აქვს მინიჭებული წესრიგისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევის მართლზომიერების შეფასების უფლებამოსილება. სხვა მოწმის ჩვენებისაგან, ახსნა-განმარტებისაგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებს ეხება, სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, როგორც წესი, შეიცავს არა მხოლოდ ცნობებს გარკვეული მოვლენების მიმართ, არამედ აგრეთვე დასკვნებს და განმარტებებს მათ შესახებ, მისი ჩვენების ღირებულება განისაზღვრება არა მხოლოდ პროფესიული მოვალეობის აღსრულების შედეგად ცნობილად გამხდარი ფაქტების მიუკერძოებელი გადმოცემით, არამედ ამ ფაქტების ახსნის, ფაქტებიდან დასკვნის გამოტანის უნარით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირმა - N3 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა ბადრი ბოლქვაძემ განმარტა, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულის გაყვანის და შემოყვანის დროს, დაწესებულების მიერ ხორციელდება მსჯავრდებულის/ბრალდებულის სრული შემოწმება. ასევე აღნიშნა, რომ 2017 წლის 2 მარტს სარეჟიმო კორპუსის №113-ე საკანში განთავსებული მსჯავრდებული ლე------------------ე, მისი სრული შემოწმება-დათვალიერების მიზნით გაყვანილი იქნა მსჯავრდებულთა შემოწმება-დათვალიერების ოთახში, რადგან უნდა მომხდარიყო მისი სასამართლო პროცესზე გაყვანა, რა დროსაც ლე------------------ემ სრულად უმიზეზოდ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა მორიგე ჯგუფის წევრებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულ ლე------------------ეს მხრიდან, 2017 წლის 2 მარტს ადგილი ქონდა დისციპლინური დარღვევის 02.03.2017 წ. ოქმში აღწერილ ქმედებებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

- მოწმის ჩვენება (იხ. 2017 წლის 14 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლე------------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- ,,პატიმრობის კოდექსი”;

- საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N109 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციური დაწესებულების დებულება“;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 10 მარტის N184888 განკარგულება ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინარული ღონისძიების გამოყენების შესახებ“ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2.სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ,,პატიმრობის კოდექსის” XIV თავი, რომლის მე-80 მუხლის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამავე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ასეთ ქმედებად გათვალისწინებულია განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი. ამავე საკანონმდებლო აქტის 82-ე მუხლი კი ითვალისწინებს დისციპლინური სახდელის სახეებს, რომლის პირველი ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახეა - სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ,,პატიმრობის კოდექსის“ 84-ე მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში ადმინისტრაცია ადგენს ოქმს. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. დაწესებულების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა. მითითებული ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად კი, განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N109 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციური დაწესებულების დებულებაზე“, რომლის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დებულება სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მოსამსახურეთათვის, დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულებისათვის / მსჯავრდებულებისათვის და ყველა იმ პირისათვის, რომელიც შედის/იმყოფება დაწესებულების ტერიტორიაზე. ამავე დებულების მე-3 მუხლის განსაზღვრავს დაწესებულების ამოცანებსა და ფუნქციებს. კერძოდ, ხსენებული ნორმის 1-ლი პუნქტის თანახმად, დაწესებულების ამოცანებია:

ა) პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების აღსრულების უზრუნველყოფა; ბ) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულთათვის; გ) დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დ) მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შემცირების ხელშეწყობა; ე) მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების ფუნქციებია:

ა)დაწესებულებაში ბრალებულთა მიერ პატიმრობის, ხოლო მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდისთვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვებით უზრუნველყოფა;

ბ)ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კონტაქტის - პაემნის, სატელეფონო საუბრის, მიმოწერის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

გ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა;

დ) დაწესებულების ტერიტორიასა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, დაწესებულების დღის განრიგისა (შემდგომში - დღის განრიგი) და სამართლებრივი რეჟიმის დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ე) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ზ) დაწესებულებაში, უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირთა, მათი ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფელისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება;

თ) დებულების მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დაწესებულების ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ან აკრძალვა, დაწესებულებაში გარეშე პირების შესვლის შეჩერება, მათ მიერ შესაბამისი ტერიტორიის დატოვების უზრუნველყოფა;

ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვა;

ლ) დისციპლინური სახდელის სახეებისა და წახალისების ფორმების გამოყენება;

მ) დაწესებულებაში განთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბრალდებულებსა/ მსჯავრდებულებსა და იმ პირებზე ზრუნვა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;

ნ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში, მათი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება;

ო) დაწესებულების საქმიანობასთან, აგრეთვე, საქართველოში პატიმრობისა და საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორისათვის (შემდგომში - დეპარტამენტის დირექტორი) წარდგენა;

პ) დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების ორგანიზება;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

მითითებული დებულების მე-8 მუხლი განსაზღვრავს სასჯელაღსრულების დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის - სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ძირითად ამოცანებს, რომელსაც მიეკუთვნება: ა) დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობა; ბ) დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება; გ) დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებული ოქმების შედგენა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირებისთვის მიმართვა. ამავე დებულების 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია დაიცვას დებულებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და დაწესებულების მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები. მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდებულს /მსჯავრდებულს ეკრძალება სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება.

 

აღნიშნული დებულების მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება: ა) დაწესებულებაში მიღებისას; ბ) დაწესებულებიდან გაგზავნისას; ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სრული პირადი შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. სრული პირადი შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო მუშაკი, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, სრული შემოწმებისას მოწმდება ფეხისა და ხელის თითებს შორის ადგილები, ტერფის გულები, ხელის მტევანი ორივე მხრიდან, კანის საფარი, ყურის ნიჟარები, იღლიები, პირის ღრუ, ცხვირის ნესტოები და სხვა ადგილები, ივარცხნება თმები თავზე. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის თამბაქოს ნაწარმი, მუშტუკი და სხვა საგნები.

 

ყურადსაღებია ასევე ის გარემოებაც, რომ ,,პატიმრობის კოდექსის“ 75-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებისას ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულების უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ აცნობს ბრალდებულს მის უფლებებსა და მოვალეობებს მისთვის გასაგებ ენაზე.

 

ამასთან, საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N109 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა განზრახი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე ლახავს სხვა პირის ღირსებასა და ხელშეუხებლობას. კერძოდ: ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვას. მითითებული დებულების 79-ე მუხლი ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელის სახეებს, 80-ე მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური სამართალწარმოების წესს, ხოლო ამავე დებულების 81-ე მუხლი არეგულირებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების მიღების წესსა და პროცედურას, რაც განსაზღვრულ იქნა ,,პატიმრობის კოდექსის” XIV თავის შესაბამისად.

 

საქმეზე დადგენილია, რომ 2017 წლის 2 მარტს დაახლოებით 15:35 საათზე სარეჟიმო კორპუსის №113-ე საკანში განთავსებული მსჯავრდებული ლე------------------ე, მისი სრული შემოწმება-დათვალიერების მიზნით გაყვანილი იქნა მსჯავრდებულთა შემოწმება-დათვალიერების ოთახში, რადგან უნდა მომხდარიყო მისი სასამართლო პროცესზე გაყვანა, რა დროსაც ლე------------------ემ სრულად უმიზეზოდ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა მორიგე ჯგუფის წევრებს. შესაბამისად, მსჯავრდებულმა ლე------------------ემ ჩაიდინა განზრახი ქმედება, რითაც შელახა სხვა პირის ღირსება, ასევე დაარღვია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულება. ამასთან, აღნიშნული ქმედებით ზიანი მიადგა სხვა პირის ღირსებას, დაწესებულების წესრიგსა და უსაფრთხოებას. 2017 წლის 10 მარტს N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებულ იქნაN184888 განკარგულება ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინარული ღონისძიების გამოყენების შესახებ“, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ლე------------------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი - შეეზღუდა სატელეფონო საუბრის უფლება 1 (ერთი) თვის ვადით.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 2 მარტის N184888 განკარგულება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლე------------------ეს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 %, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე გადახდილი არ არის. შესაბამისად ლე------------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლე------------------ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე მხარეს - ლე------------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლაშა თავართქილაძე