განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1/569-16
(N078041215001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 იანვარი 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე პროკურორი გიორგი ღონღაძე,ბრალდებული: დავით სარიევი, დაბადებული 1981 წლის 26 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 22001004244, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თეთრიწყაროს რაიონის სოფელი კოდა,ადვოკატი: ლალი ბიწოშვილი,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეშვიდე ნაწილები, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2015 წლის 04 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში გამავალი კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე, ,,ოპელის" მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით - QQ-142-SS, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდის მიმართულებით მოძრაობდა დავით სარიევი, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოება, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ: ,,მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება’’ და გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლში, სადაც მას შეეჯახა შემხვედრად მოძრავი მაია კობახიძის მართვის ქვეშ მყოფი ,,ნისან იქსტრაილის’’ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით ,,QRR-088’’. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალნენ დ.სარიევის მგზავრები - ლელა ხაჭაპურიძე, ნინო კოსტანაშვილი და თამარ ედიშერაშვილი, მაია კობახიძემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ამ უკანასკნელის მგზავრებმა - ინგა კუხალაშვილმა და ნათელა კობახიძემ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს:
ბრალდებულმა დავით სარიევმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ამ დრომდე აქვს ამნეზია, დეტალურად არ ახსოვს რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, არ არის დარწმუნებული, რომ რასაც იტყვის იქნება სიმართლე, ამიტომ თავი შეიკავა ჩვენების მიცემისაგან.
2015 წლის 4 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთის ტერიტორიაზე, სადაც გზის სავალი ნაწილი არის ასფლატირებული და უდეფექტო, გაყოფილია უწყვეტი ღერძულა ხაზით და განკუთვნილია ორმხრივად მოძრავი ავტომობილებისათვის. მას ორივე მხრიდან ესაზღვრება 3,5 მ-ის გვერდულა კოდიდან წალკის მიმართულებით სავალი ნაწილის მარჯვენა გვერდულის მიღმა არის 6,0მ-ის ვაკისი. ათვლის წერტილად აღებული იქნა კილომეტრაჟის აღმნიშვნელი საგზაო ნიშანი, ათვლის წერტილიდან 177,0 მ-ის დაშორებით, ვაკეზე განლაგებულია ახალგაზრდა გოგონას გვამი. ათვლის წერტილიდან 172,0 ბ-ის დაშორებით კოდიდან წალკის მიმართულებით სავალი ნაწილის მარჯვენა გვერდულზე განლაგებულია ასევე ახალგაზრდა გოგონას გვამი, მის უკან ამავე გვერდულზე განლაგებულია ”ოპელის” მარკის ავტომობილი, რომელსაც დაზიანებული აქვს მარჯვენა გვერდითა მხარე. ათვლის წერტილიდან 223,0 მ-ის დაშორებით, წალკიდან კოდის მიმართულებით სავალი ნაწილის მარჯვენა გვერდულზე განლაგებულია ახალგაზრდა გოგონას გვამი. ათვლის წერტილიდან 186,0 მ-ის დაშორებით, კოდიდან წალკის მიმართულებით სავალ ნაწილზე, წინა მხარით, მარჯვენა გვერდულისაკენ მიმართლად განლაგებულია ნისანის მარკის ავტომობილი, რომელსაც დაზიანებული აქვს წინა ნაწილი, ავტომობილებს შორის მანძილია 31,0 მ. კოდიდან წალკის მიმართულებით სავალ ნაწილზე მიმოფანტულია წვრილი მინისა და პლასტმასის ნამსხვრევები, რომელიც ასევე აღენიშნება წალკიდან კოდის მიმართულებით სავალ ნაწილზე, სავალ ნაწილზე ასევე არის სითხის ჩამონაღვენთი. აღნიშნული სავალი ნაწილის მთლიანი სიგანეა 8,0 მ. კოდიდან წალკის მიმართულებით სავალი ნაწილის სიგანეა 4,0 მ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შემდგენი გამომძიებელი რომან ღვინჯილია, რომელმაც განმარტა, რომ 2015 წლის 4 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. სოფელ ასურეთის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით, განყოფილებაში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა შეჯახებული მანქანები და გვამები. პირადად მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და შეადგინა ნახაზი. ასევე ჩაატარა სხვა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები. მოწმეები დაკითხა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამავე მიზეზით მტკიცებულებების ნაწილი მოპოვებულ იქნა რამდენიმე თვის ინტერვალით. ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა ავტომანქანების შეჯახების კუთხის დადგენის მიზნით და ასევე საჭით მართვის მექანიზმისა და სამუხრუჭე სისტემების გამართულობასთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე, მისი მისვლისთანავე მოვიდა რამდენიმე სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლებმაც დაზიანებულები ცოცხალი პიროვნებები გადაიყვანეს მარნეულის საავადმყოფოში, შემთხვევის ადგილი მდებარეობს სოფელ ასურეთის ტერიტორიაზე დაუსახლებელ ადგილას სოფელ კოდიდან წალკის მიმართულებით სავალ გზაზე. გამოძიებით დადგინდა, რომ ამ გზაზე მოძრავ ნისანის მარკის ჯიპს მართავდა მაია კობახიძე, ხოლო ოპელის მარკის მანქანას - დავით სარიევი. შეჯახების შემდეგ მანქანების განლაგება ასეთი იყო: მაია კობახიძის მანქანა გაჩერებული იყო წალკის მიმართულებით, წინა მხარით მიმართული აღნიშნული სავალი ნაწილის გვერდულისაკენ, ხოლო ოპელის მარკის ავტომობილის წინა ნაწილი წალკისკენ მიმართულად, წალკის მიმართულების სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს არსებულ ვაკეზე იყო განლაგებული. ავტომობილებს შორის დაშორება იყო 31 მეტრი. ოპელის ავტომობილს მარჯვენა გვერდითა მხარე ჰქონდა დაზიანებული, ნისანის ავტომობილს დაზიანებული ჰქონდა წინა მხარე, გაჩერებული იყო ზედ ღერძულა ხაზთან, უკანა ნაწილით ოდნავ გადასული იყო წალკიდან კოდისკენ მიმართულების სავალ ნაწილზე, ხოლო წინა მიმართულებით მიმართული იყო წალკისკენ. შეჯახების ადგილი უნდა ყოფილიყო სავალი ნაწილის შუა მონაკვეთი, წალკის მიმართულებით, ამ შემთხვევაში მაია კობახიძის სამოძრაო ზოლში. მაია კობახიძის მანქანას დაზიანება ჰქონდა წინა ნაწილში, სხვა სახის დაზიანება გვერთით ან უკანა ნაწილში არ აღენიშნებოდა. კოდიდან წალკის მიმართულებით სავალ ნაწილზე, სადაც კონკრეტულად შემთხვევის ადგილი მდებარეობს, არის სწორი გზა, არანაირი მოსახვევი არ არის. მოსახვევი არის შემთხვევის ადგილიდან უკან კოდის მიმართულებით დაახლოებით 200-300 მეტრის მანძილზე. დავით სარიევის მოძრაობას რაც შეეხება, წალკის მიმართულებით არის ხიდი, ხიდი იწყება ზედ დაღმართის დასასრულთან, გზა მიდის პირდაპირ, გზა არის ოდნავ დაკლაკნილი, მისი მოძრაობის მიხედვით მან მარცხნივ უნდა შეასრულოს მანევრი, რომ სწორად დადგეს გზაზე, ციცაბო დაღმართი არის ხიდთან და მოსახვევი არის იქამდე, მაგრამ ამ კონკრეტულ ადგილზე არ არის დიდი დაღმართი. აღნიშნული შეჯახება სწორ ზედაპირზეა მომხდარი. მ.კობახიძე მოძრაობდა წალკის მიმართულებით, დ.სარიევი - კოდის მიმართულები. არცერთი მძღოლისთვის მანქანების მოძრაობა შეუმჩნეველი არ უნდა დარჩენილიყო, გზას არაფერი ეფარება. შემთხვევის ადგილის დათვალიერება იწყება 20:25 წუთზე და მთავრდება 20:45 წუთზე. შემთხვევის ადგილზე ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, ძირითადად გამვლელები, გზა გადაკეტილი იყო მოძრაობა შეფერხდა. ერთი გარდაცვლილი იყო სარიევის მანქანის წინ, მეორე მიცვალებული მანქანიდან მარჯვენა მხარეს ფერდობზე იყო, მესამე იყო წალკის მიმართულებით სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს გვერდულზე. დავით სარიევი მანქანაში იჯდა უგონო მდგომარეობაში. სისხლის ნიმუშები ორივე მძღოლისგან აიღო, განყოფილებაში 5 თვე ინახებოდა და შემდეგ გადააგზავნა ექსპერტიზის ჩასატარებლად. ნიმუშები სტერილურად ინახებოდა. გვიან გადაგზავნის მიზეზი საქმეთა სიმრავლე იყო, ამასთან ელოდებოდა დაზიანებული პირების გამოჯანმრთელებას.
2015 წლის 5 დეკემბერს მაია კობახიძისა და დავით სარიევისაგან, აღებული იქნა სისხლის ნიმუში. 2016 წლის 25 ივლისის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით: ”მაია კობახიძის სისხლის ნიმუშში” არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი. 2016 წლის 25 ივლისის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით: დავით სარიევის სისხლის ნიმუშში” არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი.
დაზარალებულმა მაია კობახიძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2015 წლის 4 დეკემბერს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, დედასთან, ინგა კუხალაშვილთან და ნანა გოცირიძესთან ერთად, თბილისიდან მიდიოდა სოფელში მისი ნისანის მარკის მანქანით, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს. სოფელ ასურეთთან მიახლოებისას, შენიშნა საპირისპირო მხარეს მოძრავი მანქანა, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა. დაახლოებით 4-5 მეტრის დაშორებით, მძღოლი გადმოვიდა მის სავალ გზაზე და შეეჯახნენ ერთმანეთს. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, გაცნობიერებაც ვერ მოასწრო რა მოხდა. თავად 70კმ/სთ მოძრაობდა და დავით სარიევისთვის არანაირი საფრთხე არ შეუქმნია, რატომ გადმოვიდა იგი მის სავალ ზოლში მისთვის უცნობია და ვერ ხსნის. შეჯახების ადგილი ოდნავ დაქანებულია, ბრალდებული აღმართზე მოდიოდა, მაგრამ არა ისეთზე, რომ მანქანამ სწრაფად სიარული ვერ შეძლოს. ზოგადად შემთხვევის შემდეგ განვითარებული მოვლენები ცუდად ახსოვს, ახსოვს, რომ გონება დაკარგა და იყვნენ გარდაცვლილები, თუმცა არცერთი მათგანი ახლოდან არ უნახავს. შეჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მკურნალობის ხარჯები მისთვის არ აუნაზღაურებია არავის.
დაზარალებულმა ინგა კუხალაშვილმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მაია კობახიძის მანქანით მიდიოდა სოფელში, იგი მძღოლის გვერდით წინა მარცხენა სავარძელზე იჯდა. საჭეს მაია კობახიძე მართავდა და თავის სამოძრაო ზოლში მიდიოდა, მან დავით სარიევის მანქანა თავდაპირველად დაახლოებით 20 მეტრის დაშორებით შენიშნა, იგი უცბად ამოვარდა აღმართზე, შემდეგ მათ მხარეს გადმოვიდა და შეეჯახნენ ერთმანეთს. მაია კობახიძე სწრაფად არ მოძრაობდა, არც რაიმე საფრთხე შეუქმნია მეორე მანქანისთვის. შეჯახება ისე სწრაფად მოხდა, დაყვირებაც ვერ მოასწრო. მანქანაში მის გარდა კიდევ სამი ადამიანი იჯდა, ნასვამი არცერთი არ ყოფილა, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ. შეჯახება დაახლოებით საღამოს 19 საათიდან 20 საათამდე მოხდა. ამ დროს შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ეს ორი მანქანა მოძრაობდა, შემდეგ გამვლელი მანქანები გაჩერდნენ. შეჯახების შედეგად მას ორი ნეკნი დაესხვრა, მკურნალობის ხარჯები არ აუნაზღაურებიათ.
დაზარალებულმა ნათელა კობახიძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შვილთან მაია კობახიძესა და კიდევ ორ ქალბატონთან ერთად, თბილისიდან მიდიოდა სოფელში და სოფელ ასურეთის ე.წ. დაჩების სიახლოვეს, შეეჯახა საპირისპირო მხარეს მოძრავი მანქანა. შეჯახების შედეგად დაზიანებები მიიღო ოთხივე მგზავრმა. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ნანა გოცირიძემ, რომელმაც ასევე განმარტა, რომ მაია კობახიძე მოძრაობდა მის სავალ ზოლში, დასაშვები სიჩქარით და შეეჯახა საპირისპირო მხარეს მოძრავი მანქანა, რომელიც მათ სავალ ზოლში გადმოვიდა.
2016 წლის 11 იანვრის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით: წარმოდგენილ ავტომობილზე ოპელი სახ. NQQ-142-SS არსებული დაზიანებები თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის, ავტომობილზე ნისანი სახ. NQRR-088 არსებული დაზიანებები განვითარებულია მათი როგორც რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედების, ასევე თერმული ზემოქმედების შედეგად. წარმოდგენილი ავტომობილების როგორც საჭის მართვის მექანიზმები, ასევე სამუხრუჭე სისტემები გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. შეჯახების მომენტისათვის ავტომობილების გრძლივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე შეადგენდა დაახლოებით 80 გრადუსს.
მოწმე დავით გველესიანმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და გასცა შესაბამისი დასკვნა, რომლის რეალობასაც ადასტურებს. შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ოპელი QQ-142-SS-ის მძღოლის მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება საქართველოს კანონის ”საგზაო მოძრაობის შესახებ” 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. მოცემულ კონკრეტულ პირობებში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ნისანი QRR-088-ის მძღოლი ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებში საქართველოს კანონის ”საგზაო მოძრაობის შესახებ” მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების შეჯახებისაგან წარმოქმნილი ჩამონაყარი მთლიანად აღმოჩენილ იქნა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ”ნისანის” სამოძრაო ზოლში, აღნიშნული ნათლად მიუთითებს, რომ შეჯახება მომხდარია კოდიდან წალკის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა სამოძრაო ზოლში, მოცემულ შემთხვევაში ავტომობილ ”ნისანის” სამოძრაო ზოლში. გარდა ამისა, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების შეჯახების კუთხიდან გამომდინარე, ავტომობილი ”ოპელი” უნდა ყოფილიყო მოცურებულ მდგომარეობაში, სხვა შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებათა შეჯახება მოცემული კუთხით (80 გრადუსი) გამორიცხული იქნებოდა. დავით გველესიანმა დამატებით განმარტა, რომ ავტომობილი ნისანი მოძრაობდა თავის სამოძრაო ზოლში, ხოლო ავტომანქანა ოპელი მოცურებულ მდგომარეობაში გადადიოდა თავისი სავალი ზოლიდან საპირისპიროდ მომავალ საავტომობილო ზოლში. ოპელი უნდა ყოფილიყო მოცურებული, ხოლო ნისანი მოძრაობდა თავის სავალ ზოლში. ნისანს შეიძლება ემოძრავა 70 კმ სიჩქარით ან მეტით. შეჯახება მოხდა ნისანის წინა ნაწილით ავტომობილი ოპელის მარჯვენა ნაწილთან.
ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა მოწმეები, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე შეჯახების შემდეგ. მოწმე თეიმურაზ გეგეშიძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ კოდიდან ასურეთის მიმართულებით მოძრაობდა და როდესაც გზის იმ ადგილას მივიდა, შეჯახება უკვე მომხდარი იყო. მანქანიდან ქალები გადმოდიოდნენ, ყვიროდნენ, უთხრეს, რომ ავარია მოუვიდათ, დაგვეჯახნენო. მეორე, ოპელის მარკის მანქანა გზიდან გადასული იყო, მარჯვენა მხარეს გოგო იწვა ძირს. ორი გამვლელი ბიჭის დახმარებით ეს გოგო გადმოიყვანეს და უკვე გარდაცვლილი იყო. ცოტა მოშორებით კიდევ ორი გოგო იყო გარდაცვლილი. ადგილზე მოვიდნენ პოლიციის და სამედიცინო დახმარების მანქანები. დავით სარიევის მანქანა ცხვირით წალკისკენ იდგა, გზის კიდეზე, თითქმის გადასული იყო ხევში. დათო მანქანში იჯდა და უგონოდ იყო. ნისანის მარკის მანქანა გზაზე იდგა, ცხვირით წალკის მიმართულებით, 45 გრადუსით გვერდულად. ერთ ქალბატონს გული წაუვიდა. მეორეს სისხლი მოსდიოდა. ავარია როგორ მოხდა მათ არ უთქვამთ, მხოლოდ ყვიროდნენ. დავიღუპეთ და დაგვღუპაო. კარი გააღო და მაია კობახიძემ უთხრა ჰაერი არ მყოფნისო და ძირს დაწვა. დათოს მანქანას დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა მხარე, იგი აღმართზე მიდიოდა, კობახიძის მანქანას წინა ნაწილით იყო შეჯახებული, ის დაღმართზე მოდიოდა. გზის ის მონაკვეთი, სადაც შეჯახება მოხდა, სწრაფად არ უნდა იმოძრავო, რადგან მოსახვევია და მანქანების მძღოლები ერთმანეთს კარგად ვერ ხედავენ. მას არ შეუძლია იმის თქმა რომელი მანქანა გადავიდა სხვის სამოძრაო ზოლში.
2.2. რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
2016 წლის 8 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: ნინო კოსტანაშვილის სიკვდილის მიზეზია პოლიტრავმა - ჩონჩხის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა შინაგანი ორგანოების დაზიანებით. სიკვდილის დადგომიდან გასული უნდა იყოს დაახლოებით 2-4 საათი. გვამზე აღინიშნება: თავის ქალას სარქველისა და ფუძის ძვლების მოტეხილობები სისხლჩაქცევებით თავის ტვინსა და ღრუში და თავის ტვინის დაზიანებით, ნეკნების ორმხრივი მრავლობითი მოტეხილობა ფილტვების დაზიანებით, მარცხენა ლავიწის ძვლის ამოვარდნილობა, კეფის და კისრის პირველი მალის შესახსრების გადახსნა ზურგის ტვინის დაზიანებით, კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობა, ღვიძლის გასკდომა, აორტის გაგლეჯვა, დაჟეჟილი ჭრილობა თავის მიდამოში, მრავლობითი ნაჭდევები სხეულზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში და ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, უშუალო კავშირშია სიკვდილის დადგომასთან.
2016 წლის 8 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: თამარ ედიშერაშვილის სიკვდილის მიზეზია პოლიტრავმა - ჩონჩხის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა შინაგანი ორგანოების დაზიანებით. სიკვდილის დადგომიდან გასული უნდა იყოს დაახლოებით 6-8 საათი. გვამზე აღინიშნება: თავის ქალას სარქველისა და ფუძის ძვლების მოტეხილობები ტრავმული სისხლჩაქცევებით თავის ტვინსა და ღრუში და თავის ტვინის დაზიანებით, ღვიძლის, ელენთისა და მარცხენა თირკმლის გასკდომა, ნეკნების მრავლობითი ორმხრივი მოტეხილობა ფილტვების დაზიანებით, მკერდის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა წინამხრის ძვლების მოტეხილობა, კისრისა და გულმკერდის მალების მრავლობითი მოტეხილობა ზურგის ტვინის დაზიანებით, მრავლობითი ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და დაჯეჟილი ჭრილობები სხეულზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში და ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, უშუალო კავშირშია სიკვდილის დადგომასთან.
2016 წლის 5 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: ლელა ხაჭაპურიძეს სიკვდილის მიზეზია სისხლნაკლებობდა, განვითარებული სხეულის ბლაგვი ტრავმის შედეგად ჩონჩის ძვლების მრავლობითი მოტეხილობითა და შინაგანი ორგანოების დაზიაენებით, სიკვდილის დადგომიდან გასული უნდა იყოს დაახლოებით 2-4 საათი. გვამზე აღინიშნება: ნეკნების მრავლობითი ორმხრივი მოტეხილობა ორივე ფილტვის დაზიანებით, ელენთისა და ღვიძლის გასკდომა, დიაფრაგმის გაგლეჯვა, დაჟეჟილი ჭრილობა თავისა და სახის მიდამოში, მრავლობითი ნაჭდევები სხეულზე, დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში და ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, უშუალო კავშირშია სიკვდილის დადგომასთან.
2016 წლის 8 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით მაია კობახიძეს 2015 წლის 4 დეკემბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულად მკურნალობდა 04.12.2015 წელს, დაუდგინდა პოლიტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ტრავმული ჰემოპნევმონიით, ორმხრივი ფილტვების დაჟეჟილობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ნაჭდევები სხეულზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მონაცემებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.
2016 წლის 8 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ინგა კუხალაშვილი მკურნალობდა სტაციონალურად 04.12.15წ-დან 05.12.15წ-მდე, დაუდგინდა მარჯვენა მეორე და მესამე ნეკნების მოტეხილობა, ექსკორაციები სხეულზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით.
2016 წლის 8 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით ნათელა კობახიძე მკურნალობდა სტაციონალურად 04.12.15წ-დან 05.12.15წ-მდე, დაუდგინდა მარჯვენა მტევნის მეხუთე მეტაკარპალური ძვლის მოტეხილობა, მარჯვენა წვივის ნაჩხვლეტი ჭრილობა. მოტეხილობა განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლი მოშლის გამო, ხოლო ნაჩხვლეტი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმართელობის მოუშლელად.
2016 წლის 8 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: დავით სარიევი 04.12.2015 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონალურად მკურნალობდა 04.12.2015 წლიდან 26.01.2016 წლამდე და დაუდგინდა: ქ/ტვინის ღია ტრავმა, ქალასარქველის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები. თ.ტ დაჟეჟილობა, მარჯვნივ საფეთქლის არის ეპიდურული ჰემატომა. სუბარაქნოიდური სისხლჩაქცევა. გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვენა ლავიწის ძვლის მოტეხილობა, ფილტვის დაჟეჟილობალ მარჯვენამხრივი ჰიდროთორაქსი, ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, მარჯვენა მენჯის ძვლების მოტეხილობა, ყვრიმალის ძვლების მოტეხილობა, გავის ძვლის მოტეხილობა, წელის პირველი-მეორე მალის განივი მორჩის მოტეხილობა, ბოქვენის და საჯდომის ძვლის მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. 2015 წლის 5 დეკემბრის კომპიუტერული ტომოგრაფიით:, დავით სარიევის ტვინის ნივთიერებაში გამოხატულია რამდენიმე მცირე კონტუზიის კერა; გამოხატულია ეპიდურული, სუბდურული და საბარაქნოიდური ჰემორაგიის კტ სურათი; ვლინდება ქალას ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ისახება გულმკერდის ტრავმის კტ სურათი.
მოცემულ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების რეალობა დაადასტურეს ექსპერტებმა: გიორგი ოქრუაშვილმა და ალექსი ბარათაშვილმა. რომელმაც გასცა ორი დასკვნა ნათია კობახიძეზე და მაია კობახიძეზე. მაია კობახიძეს აქვს მძიმე სახიფათო დაზიანება, დიმიტრი ლაბაძემ ჩაატარა ტრასოლოგიური ექსპერტიზა ნისანის წინა მხარე კონტაქტში იყო მოსული ოპელის მარჯვენა მხარეს, ხოლო ალექსი ბარათაშვლმა ჩაატარა და გასცა შესაბამისი დასკვნები ინგა კუხალაშვილის, ნინო კოსტანაშვილის და თამარ ედიშერაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე გიორგი კოსტანაშვილმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნინო კოსტანაშვილი მისი შვილი იყო. მომხდარი საგზაო შემთხვევის შესახებ პოლიციის თანამშრომლისგან შეიტყო. მიაჩნია, რომ საქმეზე გამოძიება ტენდენციურად წარიმართა და შეჯახება გამოწვეულია უმეტესად მაია კობახიძის ან ორივე მძღოლის ბრალეულობით. გზის იმ მონაკვეთში, სადაც შეჯახება მოხდა, როგორც წესი ორივე მიმართულებით მოძრავი მძღოლი არღვევს წესებს და გადადის საპირისპირო ზოლში. დავით სარიევის მიმართ პრეტენზია არ აქვს.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ბელა ჭაბუკიანმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ამ საგზაო შემთხვევას მისი შვილი შეეწირა, იგი დავით სარიევის მანქანაში იჯდა და სამსახურიდან მოდიოდა. მისთვის ცნობილია, რომ ორივე მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო და მაია კობახიძეც დამნაშავეა, თუმცა მას მფარველები ჰყავს ხელისუფლებაში და ამიტომ არ მიეცა პასუხისგებაში. ეჭვს იწვევს შემთხვევის ადგილის მოსუფთავება შეჯახებიდან ძალიან მოკლე დროში, ასევე მაია კობახიძისთვის ექსპერტიზის 5 თვის შემდეგ ჩატარება, ყოველივე აფიქრებინებს, რომ მის მიმართ გამოძიება არ არის ობიექტური. ითხოვს სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას და მაია კობახიძის პასუხისგებაში მიცემას, დამნაშავე პირების მკაცრად დასჯას.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე გოდერძი ყვავილაშვილმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გარდაცვლილი თამარ ედიშერაშვილი მისი მეუღლეა, რომელიც შემთხვევის დღეს დავით სარიევის მანქანით, თეთრიწყაროს საკრებულოდან ბრუნდებოდა. მომხდარი შეჯახების შესახებ იმ დღესვე შეიტყო და ვარაუდობს, რომ გამოძიება ხელს აფარებს მაია კობახიძეს, ამიტომ უარი თქვა საქმის მასალების გადაცემაზე, არ ენდობა გამოძიებას და ითხოვს მაის კობახიძის დასჯას. საგზაო მოძრაობის წესები მან დაარღვია და თავდაპირველად იგი გადავიდა დავით სარიევის სავალ ზოლში. შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, თუმცა ამაზე ყველა საუბრობს, რომ ეს ასე მოხდა. დავით სარიევი მანქანას სწრაფად არ მართავს, იგი ძალიან წესიერი ადამიანია და საგზაო მოძრაობის წესებს არ დაარღვევდა. კობახიძე მოდიოდა თბილისიდან, ხოლო დავით სარიევი წალკიდან. მისი მანქანა უფრო მეტად არის დაზიანებული, რაც იმას გულისხმობს, რომ მას შეეჯახა კობახიძის მანქანა და არა პირიქით. დავით სარიევის მიმართ პრეტენზია არ აქვს.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების (ან ექსპლუატაციის) წესის დარღვევის ფაქტი იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ხოლო მოცემული შემთხვევისათვის კი გამოიწვია თუ არა ამ ქმედებამ სამი ადამიანის სიკვდილი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება. აღსანიშნავია, რომ ნორმა ბლანკეტურია და ზოგადად მიუთითებს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე, კონკრეტული წესი კი რეგულირებულია ”საგზაო მოძრაობის” შესახებ საქართველოს კანონით, რომლის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
აღნიშნული ნორმის გაანალიზებით ნათელი ხდება, რომ მოცემული მუხლით სამართლებრივი სიკეთის დაცვის ობიექტს წარმოადგენს საზოგადოებრივი უშიშროება, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რა დროსაც ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ქმედების სუბიექტური მხარეც, კერძოდ, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს მხოლოდ გაუფრთხილებობით (თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით). ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია კუმულაციურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1) ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, 2) დამდგარი შედეგი, კერძოდ, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, ადამიან(ებ)ის სიცოცხლის მოსპობა, და 3) მიზეზობრივი კავშირის წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის.
სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომელსაც ევროპული კონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის პრაქტიკაში ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა (ბუზურტანოვა და ზარხმატოვა რუსეთის წინააღმდეგ (Buzurtanova and Zarkhmatova v. Russia), განაცხადი no. 78633/12 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 101). მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (ჰაასი და საბო უნგრეთის წინააღმდეგ (Haász and Szabó v. Hungary), განაცხადი no. 11327/14 და 11613/14 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 49). (იხ. mutatis mutandis, ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).
ბრალდების მხარემ 2015 წლის 4 დეკემბერს, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, ნისანისა და ოპელის მარკის მანქანების შეჯახების დროს, ოპელის მარკის მანქანის მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 33-ე მუხლის დარღვევის დასადგენად და დავით სარიევის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოადგინა მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი მასზე დართული ნახაზით. მოწმეების ჩვენებების მიხედვით ირკვევა, რომ მაია კობახიძე, მოძრაობდა ნისანის მარკის ა/მანქანით, თავის სამოძრაო ზოლში დაახლოებით 70 კმ/სიჩქარით, ხოლო დავით სარიევი საპირისპირო მხარეს მოძრაობდა ოპელის მარკის მანქანით. მოწმეთა ჩვენებები, რომ დავით სარიევი გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი, გადმოვიდა მაია კობახიძის სავალ გზაზე და შეეჯახა მაია კობახიძის მანქანას, დადასტურებულია ასევე ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით. აღსანიშნავია, რომ მითითებული ექსპერტიზა ადგენს შემთხვევის დროს განვითარებულ მექანიზმს და მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, იძლევა შესაძლებლობას დადგინდეს თუ რა ვითარებაში მოხდა შეჯახება. დასკვნის მიხედვით, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ოპელი QQ-142-SS-ის მძღოლის მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება საქართველოს კანონის ”საგზაო მოძრაობის შესახებ” 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. მოცემულ კონკრეტულ პირობებში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ნისანი QRR-088-ის მძღოლი ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებში საქართველოს კანონის ”საგზაო მოძრაობის შესახებ” მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების შეჯახებისაგან წარმოქმნილი ჩამონაყარი მთლიანად აღმოჩენილ იქნა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ”ნისანის” სამოძრაო ზოლში, აღნიშნული ნათლად მიუთითებს, რომ შეჯახება მომხდარია კოდიდან წალკის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა სამოძრაო ზოლში, მოცემულ შემთხვევაში ავტომობილ ”ნისანის” სამოძრაო ზოლში. გარდა ამისა, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების შეჯახების კუთხიდან გამომდინარე, ავტომობილი ”ოპელი” უნდა ყოფილიყო მოცურებულ მდგომარეობაში, სხვა შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებათა შეჯახება მოცემული კუთხით (80 გრადუსი) გამორიცხული იქნებოდა. ექსპერტიზის დასკვნაში განვითარებული მსჯელობა ასევე სრულად შეესაბამება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და მასზე დართულ ნახაზს. ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული სქემით, შემთხვევის შემსწრე მოწმეების, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია რომ ბრალდებულმა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართვლოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნები, 2015 წლის 4 დეკემბერს, თეთრიწყაროს რაიონიოს სოფელ ასურეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ ლელა ხაჭაპურიძე, ნინო კოსტანაშვილი, თამარ ედიშერაშვილი, ხოლო მაია კობახიძემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ინგა კუხალაშვილმა და ნათელა კობახიძემ კი მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები.
როგორც აღინიშნა, ბრალდებულმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავი შეიკავა ჩვენების მიცემისაგან, თუმცა დაცვის მხარის პოზიცია ბრალდებასთან მიმართებით იყო შემდეგი სახის: დაცვის მხარის განმარტებით, გზის მონაკვეთი სადაც შემთხვევის ადგილი მდებარეობს, რთული მოსახვევით გამოირჩევა, რამაც გამოიწვია ის, რომ თავდაპირველად მაია კობახიძემ, რომელიც მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით და დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში, გადაკვეთა ღერძულა ხაზი და გადავიდა დავით სარიევის სამოძრაო ზოლში, ხოლო ეს უკანასკნელი იძულებული იყო შეჯახების თავიდან ასაცილებლად გადასულიყო მაია კობახიძის გზაზე, თუმცა მაია კობახიძე კვლავ დაბრუნდა მის სამოძრაო ზოლში და მოხდა შეჯახება. შესაბამისად, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა პროვოცირებული იყო მაია კობახიძის მიერ და მისმა არასწორმა მანევრმა გამოიწვია მანქანების შეჯახება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა ერთი მხრივ მიმართული იყო დაზარალებულად ცნობილი მაია კობახიძის პასუხისმგებლობის დადგენისა და მეორე მხრივ, ბრალდებულის მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაში, სასჯელის გადავადების ან გათავისუფლებისკენ. სასჯელთან მიმართებაში დაცვის მხარეს წინასასამართლო სხდომის გამართვამდე წარმოდგენილი ჰქონდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 8 სექტემბრის დასკვნა, რომლის თანახმად, დავით სარიევს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. სასამართლოს მხრიდან დაცვის მხარისათვის არაერთი შეთავაზებისა, რომ წარმოედგინა დავით სარიევის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის უახლესი დასკვნა, მხარემ წარმოადგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №100 და ისიც დასკვნითი სიტყვების განხილვის ეტაპზე, რა დროსაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ცნობის დასაშვებობის საკითხზე, ვინაიდან მტკიცებულებათა გამოკვლევა ამ დროისთვის დასრულებული იყო. ამასთან, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ფორმა №100 არ წარმოადგენს ექსპერტიზის დასკვნას და არ არის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს სასჯელის გადავადებას ან მისი შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებას. შესაბამისად, სასამართლომ სათანადო მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო, ვერ იმსჯელა სასჯელის გადავადების საკითხზე, თუმცა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინა სასჯელის დანიშვნის დროს.
რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას შემთხვევის ადგილის დათვალიერების თაობაზე, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: საქმის არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე დაცვის მხარემ მოითხოვა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, თუმცა განმარტა, რომ თავად ჩაატარებდა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებას და შემდგომში გადაეწყვიტა სასამართლოს მტკიცებულების დასაშვებობისა და შ/ადგილის დათვალიერების საკითხი. დაცვის მხარემ მითითებული საგამოძიებო მოქმედების ოქმი წარმოადგინა შუამდგომლობის განხილვიდან 1 წლის შემდეგ, შუამდგომლობაში მხარე არ უთითებდა პირს, რომელიც შეიძლებოდა დაკითხულიყო მოწმის სახით დოკუმენტის ავთენტურობასთან დაკავშირებით, ბრალდებულის პოზიცია იმ დროსაც იყო იმგვარი, რომ მას არ ახსოვდა საქმის დეტალები და ჩვენებას მისცემდა იმ შემთხვევაში თუ გაიხსენებდა დეტალებს, გარდა აღნიშნულისა დაცვის მხარემ რეალურად ჩაატარა არა შემთხვევის ადგილის დათვალიერება (წარმოდგენილი ოქმით შეუძლებელი იყო დადგენილიყო შ/ადგილი), არამედ საგამოძიებო ექსპერიმენტი, ოქმში მითითებული იყო ბრალდებულის ვერსია მოვლენათა შესაძლო განვითარების შესახებ, ბრალდებული განმარტავდა, რომ მან ნაწილობრივ აღიდგინა თუ რა მოხდა შემთხვევის ადგილზე და ასახა ოქმში. იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა თუ რატომ იყო მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმი საქმის განხილვის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ წარმოდგენილი, შუამდგომლობაში არ მიუთითა პირი, რომელიც უნდა დაკითხულიყო მოწმის სახით საგამოძიებო მოქმედების ირგვლივ (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ასეთი ჩანაწერი გაკეთდა სხდომაზე, რომლის ანალოგიური ასლი არ ჰქონდა ბრალდების მხარეს), ნაცვლად შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა, ვინაიდან წარმოდგენილი ოქმით რეალურად ჩატარებული იყო საგამოძიებო ექსპერიმენტი, ისეთი პირის მონაწილეობით, რომელიც განმარტავდა, რომ არ ახსოვდა რა მოხდა შ/ადგილზე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა.
სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს, სასამართლო მხარეთა მონაწილეობით იკვლევს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და აძლევს მათ სამართლებრივ შეფასებას, მტკიცებულებათა მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა და სასამართლოს ეკრძალება მოიპოვოს მტკიცებულება რომელიმე მხარის სასარგებლოდ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დავით სარიევი გადავიდა მაია კობახიძის სავალ გზაზე და არა პირიქით. დაცვის მხარე როგორც წესი თავისი პოზიციის გასამყარებლად უთითებდა, რომ ”ამის შესახებ ყველამ იცოდა” და ბრალდების მხარე დაინტერესებული იყო მაია კობახიძისათვის პასუხისმგებლობის არიდებით, თუმცა შემთხვევის ადგილზე მომხდარი შეჯახების მექანიზმი, გზაზე დატოვებული ჩამონაყარი, შეჯახებული მანქანების დაზიანების ადგილი, განხილულ მტკიცებულებებთან ერთად, მიუთითებს, რომ შეჯახება მოხდა მაია კობახიძის სავალ ზოლში, სწორედ ამიტომ მაია კობახიძის მანქანა დაზიანებულია წინა მხრიდან, ხოლო დავით სარიევის მანქანა დაზიანებულია მარჯვენა ნაწილში, რა დროსაც იგი ან მოცურებულ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, როგორც ექსპერტმა განმარტა, ან ცდილობდა თავის სავალ გზაზე გადასვლას და ვერ მოასწრო შეჯახების გამო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დავით სარიევმა ჩაიდინა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
დავით სარიევს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აქვს მკვეთრად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა სასამართლო ვერ იმსჯელებს სასჯელის გადავადების საკითხზე, ვინაიდან დაცვის მხარემ არ წარმოადგინა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა 2018 წლის მდგომარეობით, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ დავით სარიევს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სასჯელის ჰუმანურობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და მისი პიროვნების, ასევე დამდგარი მძიმე შედეგის გათვალისწინებით, უნდა განესაზღვროს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, ასევე 03 (სამი) წლით უნდა ჩამოერთვას საქმიანობის (ა/მანქანის) მართვის უფლება.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
დავით სარიევის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან საქმეზე ამოღებულია დაზარალებულისა და ბრალდებულის ავტომანქანები, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მფლობელებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს, ხოლო სისხლის ნიმუშები უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დავით სარიევი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეშვიდე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. მასვე, 3 (სამი) წლით ჩამოერთვას საქმიანობის (ა/მანქანის მართვის) უფლება.
2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დავით სარიევს დაეწყოს სასამართლო სხდომის დარბაზში მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 იანვრიდან.
3. დავით სარიევის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე, საჯარომო ავტოსადგომზე მოთავსებული ოპელის მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით QQ-142-SS, ნისან იქსრტაილის მარკის ავტომობილი, სახ/ნომრით QRR-088, დაუბრუნდეს მათ მფლობელებს, ხოლო მ.კობახიძის და დ.სარიევის სისხლის ნიმუშები, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გამომძიებელთან, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე