განაჩენი

სისხლის სამართლის 26.01.2018
საქმის ნომერი
080100117002078792
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
26.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/699-17 (N041210717004)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

15.01. 2018 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნანა გაბედავა

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი ნ---- ზ-------–---–ი

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული ს-----–--- ჯ------ე

მამის სახელი: ა-–----------

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ნ---------–-–---–-ს ქ. N-1/20

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, რ------ის ქ. N30

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ს-----–--- ჯ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 21 ივლისს, ქუთაისში, რ------ის ქ. N-30-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ს-----–--- ჯ------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლის დედას - რ------- მ--–--------ს. ს-----–--- ჯ------ის ქმედების შედეგად რ------- მ--–--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულ რ------- მ--–--------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ რძალთან, ს-----–--- ჯ------ესთან კონფლიქტურ ურთიერთობაში იმყოფებოდა, რადგან რძალი მას ფულის აღებას აბრალებდა. შემთხვევის დღეს ის იმყოფებოდა საკუთარ სახლში, იჯდა სავარძელში და მობილური ტელეფონით ესაუბრებოდა შვილს, რომელიც საბერძნეთში არის წასული. ამ დროს მასთან მივიდა ს-----–--- ჯ------ე და დაუწყო ჩხუბი, რადგანაც ფიქრობდა, რომ ის ს-----–---ს რძალს ესაუბრებოდა და ს-----–---ს მიმართ ახელებდა. ამაზე გაბრაზებულმა ს-----–--- ჯ------ემ ხელიდან გამოსტაცა ტელეფონი და ჩაარტყა თავში, შემდეგ მუჭი დაარტყა თვალში, სახეც დაუკაწრა ფრჩხილებით, შემდეგ ხელები მოჰკიდა კისერში და დახრჩობით ემუქრებოდა. მას სახიდან სისხლი წამოუვიდა და დაზიანებული ადგილები ძალიან სტკიოდა, თუმცა, ს-----–---სათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ამის შემდეგ მეზობელთან გავიდა, რომელმაც სისხლი ჩამობანა სახიდან და მან მეზობელთან გასვლის შემდეგ პოლიციაში დარეკა, რადგანაც მისი მობილური ამ თავდასხმის შედეგად დაზიანდა. პოლიცია მალევე მივიდა და ის დაკითხეს (სასამართლო სხდომის ოქმი).

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2017 წლის 21 ივლისს ტელეფონის ნომრიდან 2------- 17:30 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების ოპერატიულ მორიგეს დაუკავშირდა მოქალაქე რ------- მ--–--------ი, მცხოვრები ქ. ქუთაისი, რ------ის ქ. N30-ში, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა რძალმა ს-----–--- ჯ------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ითხოვა დახმარება. (ტომი 1. ს.ფ. 2)

 

სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელ ა---– ბ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე, ქ. ქუთაისში, რ------ის ქ. N30-ში გავიდა შეტყობინების საფუძველზე, სადაც შეტყობინების ავტორმა რ------- მ--–--------მა დაუდასტურა შეტყობინებაში დასახელებული გარემოებები და განაცხადა, რომ მისმა რძალმა ს-----–--- ჯ------ემ მას ხელი დაარტყა სახის არეში და ტუჩზე. დაზარალებულს მართლაც აღენიშნებოდა სიწითლე თვალბუდის და ტუჩის არეში. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა ს-----–--- ჯ------ე, რომელიც აცხადებდა, რომ მან მხოლოდ ტელეფონი წაართვა რ------- მ--–--------ს და სავარაუდოდ სახეზე დაზიანება ტელეფონის სადენზე წამოდების შედეგად ჰქონდა მიღებული, ვინაიდან მას არ დაურტყამს (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უდავო მტკიცებულად ცნო ბრალდებულმა და უარი განაცხადა ექსპერტის დაკითხვაზე, რის გამოც აღარ მომხდარა მისი გამოკვლევა.

 

უდავოდ ცნობილი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №004305917 დასკვნით დადგენილია, რომ 21.07.2017წ. 20:06-20:17 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე რ------- მ--–--------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ტ.1 ს.ფ. 9-11).

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სასამართლოს შეფასებით, დამაჯერებლობასაა მოკლებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან წინააღმდეგობაში მოდის დაცვის მხარის პოზიცია წარდგენილ ბრალდებაში ს-----–--- ჯ------ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული, ურთიერთთავსებადი და სარწმუნო მტკიცებულებების ანალიზი სრულიად გამორიცხავს ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას.

ოჯახში ძალადობა:

სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.

სასამართლოში გამოკვლეულ საკმარის მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერება და განსახილველი შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენათა ქრონოლოგიურ, ლოგიკურ ჯაჭვში შეფასება საფუძველია იმისა, რომ სასამართლოს დაედგინა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი, არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც სასამართლოს უდავოდ დადგენილ ფაქტად მიაჩნია ს-----–--- ჯ------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლო კრიტიკულად აფასებს დაზარალებულის ჩვენებას, ვინაიდან რძალ-დედამთილი კონფლიქტურ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ამ ფაქტამდეც და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რ------- მ--–--------ის ჩვენება, სრულ თანხვედრაშია როგორც მოწმე ა---– ბ------ს ჩვენებასთან, ისე ბრალდებულის მიერ უდავოდ ცნობილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან.

ბრალდებულის პოზიცია, რომ დაზარალებულმა დაზიანება მის მიერ ტელეფონის წართმევის პროცესში შემთხვევით მიიღო, არადამაჯერებელია და წინააღმდეგობაში მოდის როგორც დაზარალებულის ჩვენებასთან, ისე დაზიანებების სახეობასა და სიმრავლესთან, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

საქმეზე ასევე არ არსებობს მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხავი რაიმე გარემოება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს-----–--- ჯ------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ს-----–--- ჯ------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან(პირველად არის სამართალში) გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სამართლიანი ზომით დანიშვნით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს-----–--- ჯ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ოდენობით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

ს-----–--- ჯ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ს-----–--- ჯ------ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე