გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.01.2018
საქმის ნომერი
130310117002145151
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-102-2017

(130310117002145151)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 იანვარი, 2018 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მევლუდ ხათაშვილი

სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი

მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - გ------ კ-----ე

მოპასუხეები - მ--- კ-----ე, მ----- ფ--–-------–---–ი, შპს „გ------------“, ი/მ ბ---- კ-----ე

წარმომადგენლები - გ--------- ა-------, ო-----ი პ-------

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ--- კ-----ის, მ----- ფ--–-------–---–ის, ი/მ ბ----ი კ-----ის, შპს „გ------------“-ის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ი/მ ბ---- კ-----ე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 1996 წლის 14 ივნისიდან. მისი იურიდიული მისამართია ხაშურის რაიონი სოფელი ც--------ა. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, ი/მ ბ---- კ-----ის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 28783,39 ლარს, რომელიც წარმოშობილია 2007 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის დეკლარაციებისა და 2008 წლის წლიური დეკლარაციის საფუძველზე. 2010 წლის 05 ოქტომბერს ბ---- კ-----ის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლება, ხოლო 2014 წლის 12 ნოემბერს გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება, თუმცა ბ---- კ-----ის სახელზე მიმდინარე პერიოდისათვის უძრავ-მოძრავი ქონება არ ირიცხება.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ ი/მ ბ---- კ-----ემ 2008 წლის 15 დეკემბერს განცხადებით მიმართა საგადასახადო ორგანოს საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. 2012-2013 წლებში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების თანახმად, შეძენილი აქვს ავტომანქანისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილები და 2014-2015 წლების სასაქონლო ზედნადებების თანახმად, შეძენილი აქვს 6219 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები. 2014 წლის 07 მარტს თავისი შვილის მ--- კ-----ის სახელზე შეიძინა VAN HOOL 3B2014 მარკის ნახევრად მისაბმელი სახ. ნომრით HH838, ხოლო 2015 წლის 21 ოქტომბერს მის სახელზე გააფორმა ავტომანქანა DAF TE95XF, სახ. ნომრით GA477GA და მ--- კ-----ის სახელით გააგრძელა საქმიანობა, კერძოდ, მისი სახელით შემოიტანა რუსეთიდან 2016 წლის 11 და 20 თებერვალს დახერხილი ხის მასალა, რომლის წარმომადგენელი საბაჟოზეც არის თვითონ. იმავე რიცხვებში გაუკეთა რეალიზაცია და შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა.

 

როგორც მოსარჩელე უთითებს, მ--- კ-----ის სახელზე რუსეთიდან შემოტანილი დახერხილი ხის მასალის რეალიზაციის შემდგომ, 2016 წლის 24 თებერვალს ი/მ ბ---- კ-----ემ სამეწარმეო რეესტრში დაარეგისტრირა შპს „გ------------“, რომლის დირექტორი და 1000/0-იანი წილის მფლობელია მისი მეუღლე მ----- ფ--–-------–---–ი. შპს „გ------------“-ის იურიდიული მისამართია ხაშურის რაიონი სოფელი ც--------ა, ხოლო ელექტრონული ფოსტის მისამართად მითითებულია ბ---- კ-----ის ელექტრონული ფოსტა.

 

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით შპს „გ------------“-ის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 53942,8 ლარს, რომელიც წარმოშობილია 2017 წლის 25 მარტის საბაჟო დეკლარაციის, 2017 წლის 23 მარტის წლიური დეკლარაციის და მიმდინარე წლის 15 აპრილის დღგ-ის დეკლარაციის საფუძველზე. 2017 წლის 28 მარტს მის ქონებაზე რეგისტრირებულია გირავნობა/იპოთეკის უფლება, ხოლო 2017 წლის 03 მაისს გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N077-153 ბრძანება, თუმცა მიმდინარე პერიოდისათვის მის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ირიცხება.

 

საკონტროლო სალარო აპარატის მონაცემების თანახმად, 2016 წლის იანვარში და თებერვალში სამეწარმეო საქმიანობიდან ნაღდი ანგარიშსწორებით შპს „გ------------“-ის მიერ მიღებულმა თანხამ შეადგინა 240044,55 ლარი, ხოლო გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების თანახმად 2017 წლის მარტში რეალიზებული აქვს 48657,08 ლარის საქონები, ამასთან მის მიერ აღნიშნული პერიოდიდან დღემდე ბიუჯეტში გადახდილი აქვს მხოლოდ 11921,61 ლარი.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ ი/მ ბ----ი კ-----ის მიერ აღიარებული საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდგომ საქმიანობის შეჩერება, თავისი შვილის მ--- კ-----ის სახელით სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელება და ამის შემდგომ შპს „გ------------“-ის მეშვეობით იგივე საქმიანობის გაგრძელება, მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ბ---- კ-----ემ, მ--- კ-----ემ, მ----- ფ--–-------–---–მა და შპს „გ------------“-მა, სარჩელი არ ცნეს და შესაგებელში მიუთითეს, რომ მ--- კ-----ე არ არის ბ---- კ-----ის შვილი. მოპასუხეებს ერთმანეთის სამეწარმეო საქმიანობასთან არ აქვთ შეხება. 2017 წლის 07 ნოემბრის N025-531 ბრძანების საფუძველზე ბ---- კ-----ის ქონებას მოეხსნა ყადაღა და მას ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ ერიცხება. სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ მ--- კ-----ე, ი/მ ბ---- კ-----ე და შპს „გ------------“ საქმიანობდნენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. მოპასუხეთა შორის კონტროლს დაქვემდებარებული რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობა არ არსებობს, ბ---- კ-----ე მომსახურებას უწევდა შპს „გ------------“-ს და ამისათვის მას მიღებული აქვს საფასური. ბ---- კ-----ეს სამშენებლო მასალები შეძენილი აქვს პირადი მიზნებისათვის - სახლის რემონტისათვის. რაც შეეხება საბაჟოზე წარმომადგენლობას, ბ---- კ-----ე არის პროფესიით მძღოლი და ხშირად ხდება, რომ მძღოლებს აძლევენ მინდობილობას საბაჟო ტერმინალისათვის.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირი საქმეში არ ჩაბმულა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. ბ---- კ-----ე და მ----- ფ--–-------–---–ი არიან მეუღლეები, ხოლო კ-----ე მ--- არის არა ბ---- კ-----ის შვილი, არამედ მისი ძმის - ბ------ კ-----ის შვილი. მოპასუხე მხარე ამას სადავოდ არ ხდის (იხ. შესაგებლებზე დართული პირადობის, დაბადების და ქორწინების მოწმობები, ასევე, ამონაბეჭდი შს სამინისტროს ვებგვერდიდან info.mia.ge და 2018 წლის 26 იანვრის სხდომის ოქმი).

 

4.2. ი/მ ბ---- კ-----ე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 1996 წლის 14 ივნისიდან, იურიდიული მისამართია ხაშური, სოფელი ც--------ა (იხ. ბ---- კ-----ის შესაგებლის მე-19 ფურცელი). 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, ი/მ ბ---- კ-----ის საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 28783,39 ლარს (ს.ფ 33).

 

4.3. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, ი/მ ბ---- კ-----ის ქონებაზე 2008 წლის 27 თებერვლის N077-1 შეტყობინებით და 2010 წლის 05 აგვისტოს N077-663 შეტყობინებით რეგისტრირებული იყო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2014 წლის 12 ნოემბერს მის მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N077-153 ბრძანება (ს.ფ 36; 39).

 

4.4. 2017 წლის 8 ნოემბრის მდგომარეობით, ბ---- კ-----ეს საგადასახადო დავალიანება აღარ ერიცხება. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 7 ნოემბრის N025-531 ბრძანებით გაუქმებულია იმავე სამსახურის 2014 წლის 12 ნოემბრის N077-153 ბრძანება ბ---- კ-----ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და მისი ქონების მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად (იხ. N077-153 ბრძანება და 2017 წლის 8 ნოემბრის შედარების აქტი - ბ---- კ-----ის შესაგებლის მე-20-21-ე ფურცლები).

 

4.5. ბ---- კ-----ემ 2012 წლის 7 დეკემბერს და 2013 წლის 13 თებერვალს 764 ლარად შეიძინა ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები. 2014-2015 წლების სასაქონლო ზედნადებების თანახმად, მას შეძენილი აქვს 6219 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები (ს.ფ. 73-80).

 

4.6. 2014 წლის 07 მარტიდან მ--- კ-----ის სახელზე რეგისტრირებულია VAN HOOL 3B2014 მარკის ნახევარმისაბმელი სახ. ნომერი HH838, ხოლო 2015 წლის 21 ოქტომბრიდან - უნაგირა საწევარი DAF TE95XF, სახ. ნომრით GA477GA. (ს.ფ. 41; 51-52). ამ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით, 2015-2017 წლებში ადმინისტრაციული სახდელი დადებული აქვთ ბ---- კ-----ეს, მ---, კ-----ეს და ი-–-- ტ-------ეს (იხ. ამონაბეჭდი შს სამინისტროს ვებგვერდიდან info.mia.ge).

 

4.7. საბაჟო ტერმინალში მ--- კ-----ის წარმომადგენლად ერთხელ ფიქსირდება ბ---- კ-----ე, ორჯერ ბ------ კ-----ე, ხოლო ერთხელ თვითონ მ--- კ-----ე (ს.ფ. 38).

 

4.8. მ--- კ-----ეს 2017 წლის 29 ნოემბრისათვის ერიცხებოდა ბიუჯეტის მიმართ საგადასახადო დავალიანება 681,71 ლარის ოდენობით. 2018 წლის 12 იანვრის მდგომარეობით მ--- კ-----ეს დავალიანება აღარ გააჩნია (იხ. 2017 წლის 29 ნოემბრის და 2018 წლის 12 იანვრის შედარების აქტები).

 

4.9. 2016 წლის 24 თებერვალს სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა შპს „გ------------“, რომლის დირექტორი და 1000/0-იანი წილის მფლობელია მ----- ფ--–-------–---–ი, იურიდიული მისამართია ხაშურის რაიონი სოფელი ც--------ა. საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ხე-ტყით ვაჭრობა (ს.ფ 24-25; 82-96).

 

4.10. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, შპს „გ------------“-ის საგადასახადო დავალიანება შეადგენს 53942,8 ლარს. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 მაისის N025-229 ბრძანებით შპს „გ------------“ -ის ქონებას დაედო ყადაღა. მოპასუხე მხარე აღიარებს დავალიანების არსებობას (ს.ფ. 32, 44, ასევე, 2018 წლის 26 იანვრის სხდომის ოქმი).

 

4.11. საწარმოს წარმომადგენლად საბაჟო ტერმინალში ფიქსირდება ბ---- კ-----ე, რომელიც ასევე, დაფიქსირებულია სერგო ლომიძის და შპს „ც--------ას“ წარმომადგენლად (ს.ფ 38).

 

4.12. ბ---- კ-----ეს შპს „გ------------“-ისაგან 2016-2017 წლებში მომსახურების ასანაზღაურებლად მიღებული აქვს ფულადი თანხები (იხ. ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადის შესახებ, 3 ფურცლად).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსით.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

7.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

7.4. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდებისთვის.

 

7.5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

7.6. სასამართლო განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები. ცრუმაგიერ პირებად აღიარების აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

7.7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამასთან, „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-167-165(კ-17)).

7.8. გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

7.9. უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

7.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება, გათვალისწინებით უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას.

 

7.11. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლებას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, თუმცაღა იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს ქმნის მხოლოდ სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში.

 

7.12. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ გახდება ამგვარი აღიარების საკმარისი საფუძველი, რადგან სახეზე არ არის გადასახადის გადამხდელის სხვა პირისგან განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა.

 

7.13. მოსარჩელის მიერ არ არის დასახელებული გარემოებები თუ რატომ არის შეუძლებელი მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა ან რა კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობა და შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ფიზიკურ პირებთან მიმართებით მოსარჩელეს არც კი მიუთითებია და შესაბამისად, არც წარმოუდგენია მტკიცებულებები მათი ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობის, ასევე, ამ პირების მოპასუხე იურიდიული პირისაგან გაუმიჯნაობის შესახებ. მხოლოდ ის, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები ერთმანეთის ნათესავები არიან, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მათი ერთმანეთისაგან განსახვავება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

7.14. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები იმის უტყუარად დასადასტურებლად, რომ მოპასუხე მხარეთა ქმედება მიმართული იყო გადასახადის გადახდევინებისაგან თავის არიდებისაკენ და ეს იყოს განზრახი და ერთობლივი.

 

7.15. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს, მის მიერ მოპასუხეებად დასახელებული პირები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, მიაჩნია რა ურთიერთდამოკიდებულ პირებად, აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი იმავდროულად მიაჩნია ცრუმაგიერ პირებად, რასაც არ იზიარებს სასამართლო, ვინაიდან, სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები.

7.16. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ი/მ ბ---- კ-----ეს და მ--- კ-----ეს დღეის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება აღარ ერიცხებათ. ამდენად, მოსარჩელის პოზიცია, რომ ამ პირთა დავალიანების გადახდისაგან თავის ასარიდებლად მოპასუხეებმა განახორციელეს გარკვეული ღონისძიებები დაუსაბუთებელია. საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მაშინ აქვს ინტერესი გადასახადის გადამხდელის და მე-3 პირის ერთიმეორის ცრუმაგიერად აღიარებისათვის, როდესაც არსებობს გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომლის გადახდევინებისათვისაც აღსრულება უნდა მიექცეს მე-3 პირის ქონებაზე. ამ შემთხვევაში ი/მ ბ---- კ-----ის და მ--- კ-----ის - როგორც გადასახადის გადამხდელთა მიმართ, ამგვარი ინტერესი გამორიცხულია, რადგან მათ დავალიანება აღარ გააჩნიათ.

7.17. რაც შეეხება შპს „გ------------“-ის დავალიანებას და მისი გადახდისაგან თავის არიდებას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სარჩელის დასასაბუთებლად მოსარჩელე უთითებს, მ----- ფ--–-------–---–ი არის შპს „გ------------“-ის დამფუძნებელი და დირექტორი და ბ---- კ-----ის მეუღლეა, ხოლო ბ---- კ-----ე წარმოადგენდა საწარმოს საბაჟოზე. მოსარჩელემ მხარემ ვერ შეძლო რაიმე მტკიცებულების წარმოდგენა, რომ ადგილი ჰქონდა მოპასუხეთა საქმიანობის ურთიერთაღრევას. ასევე, არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა, რომ ბ---- კ-----ე და მ--- კ-----ე ახორციელებდნენ იგივე საქმიანობას (ხე-ტყით ვაჭრობას), რასაც შპს „გ------------“. მხოლოდ ნათესაური კავშირის არსებობა ავტომატურად არ ადასტურებს ცრუმაგიერობას, სხვა მყარი მტკიცებულებების გარეშე. როგორც მოპასუხე უთითებს, ბ---- კ-----ე პროფესიით მძღოლია და მძღოლებს კომპანიები ხშირად აძლევენ მინდობილობებს საბაჟოზე გარკვეული მოქმედებების განსახორციელებლად. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, დგინდება, რომ ბ---- კ-----ე საბაჟოზე წარმოადგენდა არამხოლოდ შპს „გ------------“-ს, არამედ, ასევე, სერგო ლომიძეს და შპს „ც--------ას“. აღნიშნული ამყარებს მოპასუხეთა პოზიციას. გარდა ამისა, ბ---- კ-----ეს შპს „გ------------“-ისაგან მომსახურების სანაცვლოდ მიღებული აქვს გარკვეული ანაზღაურება (წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები), რაც მეტყველებს იმაზე, რომ მხარეთა შორის იყო სრულიად ფორმალური სამოქალაქო ურთიერთობები.

7.18. ბ---- კ-----ეს ფაქტობრივად 2008 წლიდან შეწყვეტილი აქვს ეკონომიკური საქმიანობა. შპს „გ------------“ კი დაფუძნებულია 2016 წლის თებერვალში. დამაჯერებლობას მოკლებულია, რომ ეს საწარმო, 8 წლის შემდეგ დაფუძნებულია ბ---- კ-----ის საქმიანობის შემდგომი გაგრძელების მიზნით. მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ ბ---- კ-----ე 2008 წლის შემდეგაც აგრძელებდა ეკონომიკურ საქმიანობას. წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები 2012-2013 წლებში 764 ლარის ღირებულების ავტომანქანის ნაწილების და 6219 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები შეძენის შესახებ არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს ნივთები ბ---- კ-----ის მიერ შეძენილია სამეწარმეო საქმიანობისათვის და არა პირადი მოხმარებისათვის. ჯერ ერთი მისი რეალიზაციის ან სხვაგვარი სამეწარმეო მიზნით გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის, მეორეც ერთობლიობაში ისინი არ არის დიდი ღირებულების მქონე. ამასთან, სამშენებლო მასალები მისი ოდენობიდან გამოდინარე ერთი საცხოვრებელი სახლისთვისაა განკუთვნილი და დამაჯერებელია მოპასუხე მხარის განმარტება, რომ ეს ნივთები შეძენილია სახლის გასარემონტებლად.

7.19. მოსარჩელე მოთხოვნის დასასაბუთებლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბ---- კ-----ე ერთხელ საბაჟოზე წარმოადგენდა მ--- კ-----ეს, ასევე უთითებს, ბ---- კ-----ის მიერ მ--- კ-----ის კუთვნილი ავტომანქანის ფაქტობრივ ფლობაზე (ანუ გულისხმობს, რომ რეალური მესაკუთრე ბ---- კ-----ეა) და ამას ადასტურებს ბ---- კ-----ის დაჯარიმებით ამ ავტომანქანის მართვისას. როგორც სასამართლომ დაადგინა ბ---- კ-----ე მ--- კ-----ეს საბაჟოზე წარმოადგენდა ერთხელ, ერთხელ თვითონ მ--- კ-----ე ახორციელებდა თავის უფლებამოსილებებს, ორჯერ კი ბ------ კ-----ე იყო მისი წარმომადგენელი. რატომ ადასტურებს ეს ფაქტი მოპასუხეთა ცრუმაგიერობას მოსარჩელე ვერ ასაბუთებს მაშინ, როდესაც უფრო მეტჯერ სხვა პირი წარმოადგენდა მ--- კ-----ეს. ამავე დროს მ--- კ-----ის ავტომანქანასთან დაკავშირებით დაჯარიმებულია არა მხოლოდ ბ---- კ-----ე, არამედ, ასევე, მესაკუთრე მ--- კ-----ე და სულ სხვა პირი ი-–-- ტ-------ეც. რატომ უნდა ჩაითვალოს ავტომანქანის ფაქტობრივ მფლობელად ბ---- კ-----ე და არა მაგალითად ი-–-- ტ-------ე, მოსარჩელე ვერ ადასტურებს.

7.20. გარდა იმისა, რომ არ არის დასაბუთებული მოპასუხეთა საქმიანობის ურთიერთაღრევა, ასევე არ არის მითითებული და შესაბამისად წარმოდგენილი მტკიცებულებები თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა გადასახადის გადახდისაგან თავის არიდება, ვინ და რა სარგებელი მიიღო გადასახადის გადახდის თავიდან არიდების შედეგად. ასევე, არ არის დადასტურებული შპს „გ------------“-ის შექმნა იმ მიზნით, რომ სხვა მოპასუხეთა დავალიანების გადაუხდელად გაგრძელებულიყო სამეწარმეო საქმიანობა. მხოლოდ ის, რომ საწარმოს პარტნიორი და დირექტორი ბ---- კ-----ის მეუღლეა, არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ადგილი აქვს ცრუმაგიერ მფლობელობას. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება, რომ ბ---- კ-----ე რაიმე ფორმით (ფორმალურად თუ ფაქტობრივად) მონაწილეობს ამ საწარმოს მართვაში. საწარმოსაგან გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურების მიღება ადასტურებს არა ამ საწარმოს მართვაში მონაწილეობას, არამედ მასთან სამოქალაქოსამართლებრივი (მაგ. შრომითი ან სხვაგვარი) ურთიერთობის არსებობას.

 

7.21. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

7.22. მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, კოსტავას ქ. N15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი