განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160100117002188371
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/252-17 23 იანვარი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031011117002)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: ნათია მიქელაძე
სხდომის სახე : ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: სოფიკო ფცქიალაძე
დაცვის მხარე:
ადვოკატი: არჩილ ცაგურია
ბრალდებული: რ------ ა-–---ი
მამის სახელი: ალი
დაბადებული: 1986 წლის 30 აგვისტო
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, სოფელი შულავერი
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2017 წლის 30 ოქტომბერს, ღამის საათებში, მარნეულის რაიონის სოფელ იმირში, კარიერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა რ------ ა-–---მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, სახის არეში ხელისა და ფეხის არაერთჯერადი დარტყმით, ასევე ზურგის არეში ფეხის არაერთჯერადად დარტყმით იძალადა მისი მეუღლის-ხ--–---ა ი-----–----ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის N006493117 დასკვნის თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით ხ--–---ა ი-----–---- 30.10.2017 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულად მკურნალობდა 31.10.2017 წლიდან 02.11.2017 წლამდე და დაუდგინა: თავის ტვინის შერყევა, სისხლჩაქცევები სახეზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, დაზიანების არასრული მორფოლოგიური აღწერილობის გამო.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: მოწმეების: ზენფირა ი-----–----ს, ასიფ კურბანოვის, გიულნარა ა-–---ას, ვიკტორ ისმაილოვის, და თავად დაზრალებულის ხ--–---ა ი-----–----ს გამოკითხვის ოქმები, ხ--–---ა ი-----–----ს სამედიცინო დოკუმენტაციით დადგენილია, რომ აღნიშნული დაზიანებები ხ--–---ა ი-----–----ს მიაყენა რ------ ა-–---მა.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა რ------ ა-–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა რ------ ა-–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ რ------ ალივის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმეების: ზენფირა ი-----–----ს, ასიფ კურბანოვის, გიულნარა ა-–---ას, ვიკტორ ისმაილოვის, და თავად დაზრალებულის ხ--–---ა ი-----–----ს გამოკითხვის ოქმები, ხ--–---ა ი-----–----ს სამედიცინო დოკუმენტაციას და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა რ------ ა-–---ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, რ------ ა-–---ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ რ------ ა-–---მა ხ--–---ა ი-----–----ს მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ რ------ ა-–---მა ძალადობა განახორციელა მეუღლის მიმართ, ძალადობა გამოხატული იყო მძიმე ფორმებში, კერძოდ კი მან ხელ-ფეხით არაერთხელ დაზიანებები მიაყენა ხ--–---ა ი-----–----ს.
აღნიშნული ცხადყოფს, რომ სასჯელის მიზანი ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია ისეთი სასჯელით, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან ვერ იქნება მიღწეული, თუმცა ასევე სასამართლო ითვალისწინებს, რომ რ------ ა-–---ი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და მიიჩნევს, რომ მას სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე). სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6. ნივთმტკიცების საკითხი:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი შავი ფერის პლასტმასის დეტალი და მინის ნამსხვრევები განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ------ ა-–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) თვის ვადით.
რ------ ა-–---ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან და შესახლებულ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. მასვე სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 16 ნოემბრიდან 2018 წლის 12 იანვრის ჩათვლით.
რ------ ა-–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
განაჩენის აღსრულება დაევალოს შესაბამის რაიონულ სამმართველოს.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ბედი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
შავი ფერის პლასტმასის დეტალი, მინის ნამსხვრევები განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე