გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2018
საქმის ნომერი
160210017002082360
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
29.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160210017002082360

N 2/878-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 იანვარი 2018 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი ნათია მიქელაძე

მოსარჩელე - ა------–------------ პ/ნ (1----------)

წარმომადგენელი - მარინა ქობულაძე

მოპასუხე - ა--–------------ი პ/ნ (1----------)

წარმომადგენელი - აიდა აკოფიანი

თარჯიმანი - სუსანა მარტიაშვილი;

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1.1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.1. მოსარჩელე - ა------–------------ს პ/ნ (1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ბოლნისის რაიონი, სოფელი მამხუტი, საკადასტრო კოდით 8-----------, მოპასუხე ა--–------------ის პ/ნ (1----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და უძრავი ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის დაბრუნება (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-19).

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე ა------–------------ს სახელზე აღრიცხულია უძრავი ქონება, მდებარე ბოლნისის რაიონი, სოფელი მამხუტი, საკადასტრო კოდით 8----------- (დაზუსტებული ფართობი 698 კვ.მ). აღნიშნული შენობა წარმოადგენდა საქონლის ფერმას, რომელიც კანონიერი გზით, აუქციონის მეშვეობით სახელმწიფოსგან შეიძინა მოსარჩელე-ა------–- ჩ--------მა. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებას მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოპასუხე ა--–------------ი, რომელიც რამდენიმე წელია მითითებულ შენობაში უკანონოდ ცხოვრობს და შეტანილი აქვს საყოფაცხოვრებო ნივთები, საჭირო ავეჯი, ინახავს პირუტყვს და ეზოში ჰყავს რამდენიმე ოჯახი ფუტკარი.

მოპასუხე მხარე მესაკუთრის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებს დაკავებულ ფართს რის გამოც მოსარჩელე აღნიშნული ფართით ვერ სარგებლობს (იხ. სარჩელი ს.ფ.2-19).

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იყიდა მოსარჩელე მხარისაგან. მოპასუხე ა--–------------ს უხდიდა თანხას გარკვეული დროის მანძილზე, რათა აღნიშნული ქონება გადაეფორმებინა თავის სახელზე. მოსარჩელემ მიითვისა მოპასუხის მიერ არაერთხელ გადახდილი თანხა, ქონება არ გადაუფორმა, ამიტომ ა--–------------მა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა ბოლნისის რაიონყლ პროკურატურას. მოპასუხე 1991 წლიდან თავის ცოლშვილთან ერთად ცხოვრობს აღნიშნულ შენობა ნაგებობაში გააკეთა კაპიტალური რემონტი, გაარემონტა ფერმა და ჩარგო დაახლოებით 100 ძირი ხე .

 

2018 წლის 23 იანვარს სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და განმარტა, რომ ა------–------------ს მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რადგან მან მოპასუხისაგან მიითვისა თანხა. აქედან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა არაკანონიერია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე ა--–------------ი ბოლნისის რაიონი, სოფელ მამხუტში მდებარე შენობაში ცხოვრობს ცოლშვილთან ერთად შეტანილი აქვს საყოფაცხოვრებო ნივთები და შესაბამისად, ფლობს მას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს მოპასუხე, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 23.01.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.2. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოცემული დავის განხილვის დროისათვის მოპასუხის მიერ შეტანილია განცხადება ბოლნისის რაიონულ პროკურატურაში, სადაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 23.01.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.3. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბოლნისის რაიონი, სოფელი მამხუტი მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით 8-----------, აღრიცხულია მოსარჩელე ა------–------------ს საკუთრების უფლება.

 

უძრავ ქონებაზე ა------–------------ს საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია კანონიერი გზით, აუქციონის მეშვეობით სახელმწიფოსგან შეძენა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 13-14);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ა--–------------ი ბოლნისის რაიონი სოფელ მამხუტში მდებარე უძრავ ქონებას ფლობს ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა------–------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება. შესაბამისად, ა------–------------ს სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი არის ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ა------–------------ წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს და მოპასუხე ფლობს ა------–------------ს რეგისტრირებულ ნივთს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე არის სადავო სახლის არამართლზომიერი მფლობელი. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება არის ნივთზე ყოვლისმომცველი იურიდიული ბატონობა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი მესაკუთრეს ანიჭებს თავისი საკუთრების როგორც განკარგვის ისე სარგებლობის ყოვლისმომცველ უფლებას.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სადავო ნივთს ფლობს კანონისმიერი და სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან მის ნივთზე მოპასუხის მფლობელობის განხორციელებისადმი თმენის ვალდებულების არსებობას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ საფუძვლიანია და არ არსებობს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ა------–------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე ა------–------------ს სასარგებლოდ მოპასუხე ა--–------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს ბოლნისის რაიონი, სოფელ მამხუტში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 8-----------.

 

3. მოპასუხე ა--–------------ს ა------–------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120(ასოცი) ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეა ლეონიძე