განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2018
საქმის ნომერი
190100118002247278
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1/13-18

(№021141217001)

განაჩენი

საქართველოს სახელით

30.01.2018 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისსხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი

ბრალდების მხარე: პროკურორი ქეთევან სონიძე,დაცვის მხარე: ადვოკატი ზურაბ დალაქიშვილი,ბრალდებული: ელმან მირზოევი

მამის სახელი: თენგიზი

დაბადებული: 25.07.1985 წ.

პირადი ნომერი: 12001028150

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრირებული ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქ. #47-ში;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

თარჯიმანი: ორხან რამაზანოვი,სხდომის სახე: ღია.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

2017 წლის 14 დეკემბერს, ღამის დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. გარდაბანში, აღმაშენებლის ქ. #12-ში მდებარე ტოტალიზატორ "ლიდერბეთში" ელმან მირზოევმა, რომელსაც სამუშაო საათების დასრულების გამო ოპერატორმა უარი უთხრა მორიგი ბილეთის გაცემაზე, მუშტის ერთჯერადი დარტყმის შედეგად დააზიანა ტელევიზორი, რითაც ტოტალიზატორ "ლიდერბეთს" მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი - 400 ლარის ოდენობით.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

სასამართლოს დასკვნა, ელმან მირზოევის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ფორმა №1, შეტყობინება მომხდარი დანაშაულის თაობაზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის №1198/ტრ 1781/ს დასკვნა, მოწმეების ავთანდილ ჯიმშიტაშვილის, თათია ხარაიშვილის, სალომე ჯანაშვილის, გიორგი ჩიქოვანის გამოკითხვის ოქმები და ბრალდებულის გამოძიებისას მიცემული აღიარებითი ჩვენება.

 

ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებები მხარეებს სასამართლოში 2018 წლის 17 იანვარს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულმა ელმან მირზოევმა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ტოტალიზატორ "ლიდერბეთში" ტელევიზორი განზრახ არ დაუზიანებია, მუშტი კედელს მოუქნია და შემთხვევით ტელევიზორს მოხვდა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, დაცული მტკიცებულებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის უნდა არსებობდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ მიერ დანაშაულის ჩადენაში.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა. დანაშაულებრივი ქმედება მიეკუთვნება ქონებაზე არაანგარებით ხელყოფას, რა დროსაც დაზარალებული მხარე განიცდის მნიშვნელოვან ზიანს და მოკლებულია შესაძლებლობას გამოიყენოს თავისი ქონება მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით ანდა სარგებელი მიიღოს მისგან.

 

დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რასაც მატერიალური ღირებულება გააჩნია. დანაშაულის ხელყოფის საგანი შესაძლებელია იყოს უძრავი ქონებაც.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება რეალიზებულ იქნეს გარეგანი ზემოქმედებით, რის შედეგადაც წყდება მისი ფიზიკური არსებობა, ანდა გამოუსადეგარი ხდება მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისათვის, რადგან კარგავს თვისობრივ განსაზღვრულობას.

 

დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით. ქმედების ჩამდენ პირს გაცნობიერებული აქვს რომ მართლსაწინააღმდეგოდ აყენებს ზიანს სხვის ქონებას, ითვალისწინებს მის შედეგს და სურს მისი დადგომა, ან ითვალისწინებს შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას, არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.

 

დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს შერაცხადი, თოთხმეტ წელს მიღწეული პირი.

 

4. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის და შეფასებისას სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის შუამდგომლობას, რომ ბრალდებულ ელმან მირზოევს ტელევიზორის დაზიანების განზრახვა არ ჰქონია. სასამართლო თვლის, რომ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით დადასტურდებულია დანაშაულის განზრახვის არსებობა მის ქმედებაში, კერძოდ:

 

საქმეში გამოკითხული მოწმეების სალომე ჯანაშვილის, ავთანდილ ჯიმშიტაშვილის, გიორგი ჩიქოვანის და თათია ხარაიშვილის გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, დადასტურებულია, რომ ინციდენტის დროს ელმან მირზოევმა ჯერ ხელი დაარტყა კედელს, ხოლო შემდეგ მოუქნია და დაარტყა კედელზე ჩამოკიდებულ ტელევიზორს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ელმან მირზოევი ითვალისწინებდა შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას, არ სურდა, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას (არაპირდაპირი განზრახვა), რის შედეგადაც გარეგანი ზემოქმედებით, მუშტით დარტყმით დააზიანა და ფიზიკურად მიზნობრივად გამოუყენებელი გახადა ტოტალიზატორი "ლიდერბეთის" კუთვნილი ტელევიზორი, რითაც ამ უკანასკნელს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ელმან მირზოევის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება, დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის, ზიანის ანაზღაურების ფაქტორის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ელმან მირზოევს უნდა დაენიშნოს სსკ-ს 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობითი სასჯელი ისეთი ზომით, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას. ამავე დროს უნდა განესაზღვროს დამატებითი სასჯელი ჯარიმის სახით.

 

აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ელმან მირზოევის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს (გადაუხდელია).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული:

 

- "ლიდერბერთის" კუთვნილი ტელევიზორი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს გარდაბნის რ-ნულ სამმართველოში).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ელმან მირზოევი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად ელმან მირზოევს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. ელმან მირზოევის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული:

 

- "ლიდერბერთის" კუთვნილი ტელევიზორი დაუბრუნდეს დაზარალებულს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს გარდაბნის რ-ნულ სამმართველოში).

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი