გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.01.2018
საქმის ნომერი
140310117002201638
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 14031011700--01638

საქმე № 3/334-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო შავდათუაშვილი

 

მოსარჩელე: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”

წარმომადგენელი: გ------ კ------

 

მოპასუხეები: ინდ. მეწარმე გ------- ს------–ი, ზ---- მ---------ე, ნ---- შ--------–---–ი

წარმომადგენელი: ზ------ გ--------–---

 

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

ინდ. მეწარმე გ------- ს------–ის, ზ---- მ---------ისა და ნ---- შ--------–---–ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, ინდ. მეწარმე გ------- ს------–ზე (საიდენტ. კოდი 5----------) ირიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება; მან ეკონომიკური საქმიანობა შეწყვიტა 2017 წლის ივლისში; მისი ფაქტობრივი სამეწარმეო საქმიანობის ადგილი გორი, მ–-------ის გამზ. № 81ა-ა, რაც ეკუთვნის ზ---- მ---------ეს (პირ. № 5----------); ამ უკანასკნელმა დაარეგისტრირა სამეწარმეო რეესტრში ინდ. მეწარმედ გ------- ს------–ი, მისგან მიიღო სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა და მისი სახელით გააგრძელა სამეწარმეო საქმიანობა თავის საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ობიექტში, ხოლო საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ, მოახიდნა გ------- ს------–ის სახელზე რიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაცია და სავაჭრო ობიექტი გააქირავა; ზ---- მ---------ე იგივე საქმიანობას იგივე ადგილზე ახორციელებდა 2013 წლის 25 ნოემბრამდე თავისი დის - ნ---- შ--------–---–ის (პირ. № 5----------) სახელით - ამ უკანასკნელის სახელზე რიცხული 4 ცალი საკონტროლო სალარო აპარატი დაარეგისტრირა გ------- ს------–ის სახელზე, 2014 წლის 14 მარტს - 3 ცალი საკონტროლო სალარო აპარატი და იმავე დღეს ნ---- შ--------–---–ის სახელით შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა; ინდ. მეწარმე გ------- ს------–მა 2017 წელს სამეწარმეო საქმიანობიდან მიიღო 2 323 752 ლარი, ბიუჯეტში გადაიხადა მხოლოდ 109,55 ლარი მაშინ, როდესაც მისმა მინდობილა პირმა, საწარმოს ფაქტობრივმა მმართველმა - ზ---- მ---------ემ 2017 წლის 31 იანვარს შეიძინა ძვირადღირებული ავტომანქანა; ამავე დროს, ნ---- შ--------–---–თან და გ------- ს------–თან დასაქმებული იყო ერთი და იგივე ფიზიკური პირი - ხ------- ლ---------------.

 

ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიუთითებს მოპასუხეთა მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის თავის არიდებაზე.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ მოპასუხეები ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი პირები არიან; მტკიცებულება, რომ ამ პირთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა შეუძლებელია, არ წარმოდგენილა; მათ არაფერი გაუკეთებიათ, რათა თავიდან აერიდებინათ გადასახადის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის. მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებები არ იძლება მათ ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. გ------- ს------–ი ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდა 2013 წლის 12 ნოემბერს; მისი იურიდიული მისამართი გორი, ბ----ს ქ. № 8/57-ია.

 

მტკიცებულება: 2013 წლის 12 ნოემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.2.2. ინდ. მეწარმე გ------- ს------–მა 2013 წლის 25 ნოემბერს გასცა მინდობილობა ზ---- მ---------ეზე, იმოქმედოს მისი სახელით, მათ შორის სამეწარმეო საქმიანობაში;

 

მტკიცებულება: მინდობილობა.

 

3.2.3. ნ---- შ--------–---–ი ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდა 2009 წლის 20 მაისს, მისი იურიდიული მისამართი გორი, ნ--------ის ქ. № 9/14-ია, ხოლო რეგისტრაცია გაუქმდა 2016 წლის 19 აგვისტოს.

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდები h-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------.

 

3.2.4. გორში, მ–-------ის გამზ. № 18-ში მდებარე უძრავი ქონება№ 6--0--0--0---0--0-- და 6--4--1--2-- საკადასტრო კოდებით ირიცხება ზ---- მ---------ის სახელზე;

 

მტკიცებულება: 2014 წლის 16 ოქტომბრისა და 2017 წლის 11 ივლისის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელის - ინდ. მეწარმე გ------- ს------–ის დანარჩენი მოპასუხეებისაგან განსხვავება შეუძლებელია და მათ თავი აარიდეს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, არ დასტურდება.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე; განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეები არიან ურთიერთდამოკიდებული პირები ამ მუხლის ,,ე)” (ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს) და ,,თ)” (პირები ნათესავები არიან) ქვეპუნქტების საფუძველზე;

 

იმავე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას; ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

ამ მუხლის შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის უნდა არსებობდეს ამავე მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებულ ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის;

 

მოცემულ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ მოპასუხეებს შორის იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები, არ დასტურდება.

 

საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომ ინდ. მეწარმე გ------- ს------–ს ან ზ---- მ---------ეს გააჩნდათ მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებულ ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის სხვა მოპასუხე ფიზიკურ პირებთან მიმართებაში.

 

როგორც აღინიშნა, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას ან ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას;

 

საქმის მასალებით კი, მოპასუხეები წარმოადგენენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ფიზიკურ პირებს;

 

ის ფაქტი, რომ მოპასუხეები გ------- ს------–ი და ნ---- შ--------–---–ი იმავე ფაქტობრივ მისამართზე იმავე სახის სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ, დადასტურების შემთხვევაშიც არ ქმნის მათ ურთიერთდამოკიდებულ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, რადგან ცალკე აღებული ეს ქმედებები, სხვა გარემოებების გარეშე, წარმოადგენს ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას;

 

აღნიშნული მსჯელობისა და ამგვარი დასკვნის უმთავრესი საფუძველია ის, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.

 

მოსარჩელის მხრიდან კი არ წარმოდგენილა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მისცემდა იმის მყარად დასკვნის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის განსხვავება შეუძლებელია დანარჩენი მოპასუხეებისაგან.

 

მართალია, გ------- ს------–ისაგან ზ---- მ---------ეს მიღებული აქვს მინდობილობა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის, თუმცა რატომ არის ამ პირთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა შეუძლებელი, სარჩელში მითითებული არაა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ფიზიკური პირები - ზ---- მ---------ე და ნ---- შ--------–---–ი არიან ერთმანეთის ნათესავები, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოდგენილა, თუმცა, ამ ფაქტის დადასტურებულად ჩათვლის შემთხვევაშიც, ვერც ეს ფაქტი გახდება ურთიერთდამოკიდებულ პირებად მათი ცნობის საფუძველი, რადგან, როგორც აღინიშნა, არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად (ცრუმაგიერი მფლობელობა), თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები; გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.

 

როგორც აღინიშნა, საქმეზე წარმოდგენილი არ არის არც ერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობაზე და ამ გაუმიჯნაობის პირობებში განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მოპასუხეებად დასახელებული პირები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და ,,თ” ქვეპუნქტზე დაყრდნობით, მიაჩნია რა ურთიერთდამოკიდებულ პირებად, აღნიშნულიდან გამომდინარე ისინი იმავდროულად მიაჩნია ცრუმაგიერ პირებად, რაც გაზიარებული ვერ იქნება; ამ მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობა სახეზეა მაშინ, როდესაც ერთი პირის მიერ მეორე პირის კონტროლი წინ უსწრებს მათ შორის განხორციელებულ კონკრეტულ საქმიანობას და თვითონ ეს კონკრეტული საქმიანობა არ განიხილება ერთი პირის მიერ მეორის კონტროლად; მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხეთა კონტროლს დაქვემდებარებული რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობის არსებობა ერთმანეთს შორის, თუმცა, ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც, არ არსებობს მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის საკმარისი საფუძველი, ვინაიდან, სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები.

 

სასამართლოს აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, თუნდაც დადასტურდეს გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ნათესავების მიერ იგივე საქმიანობის განხორციელება იგივე მისამართზე, მხოლოდ ეს ფაქტი ვერ გახდება ცრუმაგიერ პირებად მოპასუხეთა აღიარების ერთადერთი და საკმარისი საფუძველი, რადგან სახეზე არ არის დასახელებული ორი კუმულაციური პირობიდან არც ერთი - პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირები გამოყენებული უნდა იყვნენ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

წარმოდგენილი მასალების შეფასებით და ანალიზით მოპასუხეთა ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა სამეწარმეო საქმიანობაში, გადასახადის გადამხდელის - ინდ. მეწარმე გ------- ს------–ის განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა დანარჩენი მოპასუხეებისაგან არ დგინდება;

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნოს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს;

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასებების უდიდესი და ძირითადი ნაწილი სარჩელში გადატანილია შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2017 წლის 13 ოქტომბრის № 125313-21-05 მიმართვიდან, რომელიც, თავისი ფორმითა და შინაარსით, მხოლოდ მიმართვაა და არ წარმოადგენს მასში მოყვანილი ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელ უტყუარ და საკმარის მტკიცებულებას.

 

მოცემულ სარჩელზე უტყუარად დასტურდება მხოლოდ სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. - 3.2.4. პუნქტები), რომელიც არ იძლევა სარჩელით მოთხოვნილი ცრუმაგიერ პირებად აღიარებაზე მსჯელობის საფუძველს.

 

აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

სარჩელი, ძირითადად, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოპასუხეები ერთმანეთის ნათესავები არიან და ისინი ერთი და იგივე ადგილზე ერთი სახის სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.

 

როგორც აღინიშნა, ნათესაური კავშირის, აგრეთვე ერთი და იგივე ადგილზე ერთი სახის სამეწარმეო საქმიანობის გაწევის, ერთი პირის ორ მოპასუხესთან დასაქმების, ნ---- შ--------–---–ისა და გ------- ს------–ის სამეწარმეო საქმიანობის ზ---- მ---------ის მიერ ფაქტობრივად განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოდგენილა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

 

ყოველივე აღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ თუნდაც ერთი და იგივე ადგილზე მოპასუხეთა მიერ იგივე საქმიანობის განხორციელება (დადასტურების შემთხვევაში) მოხდა ფორმალურად, შემხვედრი დაკმაყოფილების გარეშე, შესაძლო საგადასახადო მოთხოვნების მოლოდინის პროცესში, მითითებული პირები საერთო ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთმანეთისაგან განსხვავება და წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” სარჩელი ინდ. მეწარმე გ------- ს------–ის, ზ---- მ---------ისა და ნ---- შ--------–---–ის მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი